„საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით“ - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:33

საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის პირველი მიმოხილვის დასრულებას და მის პოზიტიურ შედეგებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები აბსოლუტურად იმ ჩარჩოებშია, რომელიც განსაზღვრული იყო, ხოლო ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა დაგეგმილს გადააჭარბა.

„ჩვენ, წლის ბოლოსთვის გვექნება ეკონომიკის უფრო მაღალი რეალური ზრდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ეს არის ძალიან პოზიტიური ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გადახედა ზრდის მაჩვენებლებს და პროგნოზი 4,3%-მდე აწია, თუმცა ჩვენ ცოტა უფრო მაღალ ზრდას ველოდებით წლის ბოლომდე. ეკონომიკურმა გუნდმა, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობით, ძალიან ეფექტურად იმუშავა. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფისკალური მენეჯმენტის სისტემით. ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ის კრიზისი, რომელიც რეგიონში იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველომ წარმატებით გადალახა. დღეს არის საკმაოდ დიდი გაჯანსაღების ტენდენცია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, რა თქმა უნდა, რეგიონშიც, მაგრამ საქართველო გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ზრდის მაჩვენებლით და ფისკალური მენეჯმენტის საუკეთესო ხარისხით. რა თქმა უნდა, ეს არის მთავრობის, ასევე - ეროვნული ბანკის და კოორდინირებული კარგი მუშაობის დამსახურება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წაკითხულია 20 ჯერ

Related items

  • "მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი"- გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გარემო უპრეცენდენტოდ მშვიდი იყო.

    როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა.

    "ჩვენს ქვეყანაში ტარდება მნიშვნელოვანი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

    მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი, მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, რაც იმას მოწმობს, რომ ქართული ოცნების სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება"- აღნიშნა პრემიერმა.

  • საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, MSC სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს

    საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

    განიხილება შესაძლებლობა, ამ მიზნით გამოყენებული იყოს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია", ან „საქართველოს ევროპული გზა", რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ღონისძიებები კიდევ უფრო გაამდიდრებს.  

    აღნიშნული შესაძლებლობა პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაიმართა.  საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობს. გლობალურ ფორუმზე, რომელიც მიუნხენში  2018 წლის თებერვალში გაიმართება, გიორგი კვირიკაშვილი უკვე მიწვეულია.

    მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რამდენიმე ათწლეულია, უსაფრთხოების პოლიტიკაზე მსჯელობისთვის უმთავრეს გლობალურ ფორუმს წარმოადგენს. ყოველი წლის თებერვალში, კონფერენცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის,  თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს - მსოფლიო ლიდერებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

    მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა. 

  • გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს საქართველოში შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

    მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

    პრემიერ-მინისტრმა უნგრეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას. ელჩმა გამოთქვა უნგრული მხარის დაინტერესება, საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.

    შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრო.

  • გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკაში არსებული დინამიკა ძალიან სახარბიელოა, მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დინამიკა

    ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში, ბეტონის ფილების მწარმოებელი ქარხნის - "მეგაპროდაქშენის" გახსნაზე განცხადა.

    როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას, თან ახლავს ასეთი ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. მისივე თქმით, აღნიშნული საწარმო ნამდვილად არის ტექნოლოგიური ცვლილების მომტანი მშენებლობის სფეროში.

    პრემიერის განცხადებით, აღნიშნული საწარმო შეიქმნა ორი საწარმოს ბაზაზე, რომელთაგანაც თითოეული იყო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი.

    კვირიკაშვილის თქმით, ორივე საწარმოს ფინანსურ კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდა დახმარება. 

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომლებსაც აღნიშნული საწარმო აწარმოებს, „იქნება ძალიან ინტენსიურად გამოყენებული მშენებლობის პროცესში, ვინაიდან მას ხარისხის მაჩვენებლები აქვს ძალიან სახარბიელო იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მშენებლობის პროცესში“.

    "ჩვენ ძალიან დიდი ზრდა გვაქვს მშენებლობის სექტორში. მთლიანად ეკონომიკაში დინამიკა დღეს ძალიან სახარბიელოა. 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ბოლოს ჩვენ დავასრულებთ 36%-იანი ზრდით მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში. ხოლო 2018 წელს 2016 წლის ბაზასთან შედარებით არის 89%-იანი ზრდა, თითქმის გაორმაგება არის ინფრასტრუქტურის ხარჯების. 1 მლრდ 830 მლნ ლარის ხარჯია ჩადებული 2018 წლის ბიუჯეტში მარტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მარტო სახელმწიფოს მხრიდან. ამას დაემატება კერძო სექტრის მზარდი დინამიკა. ანალიზის შედეგად, რომელიც შეუძლია ყველა თქვენგანმა ნახოს, ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს დღეს კერძო სექტორს. ანუ ეს ზრდა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, 89%-იანი ზრდა შარშანდელ მონაცემთან შედარებით გაცილებით დიდ ეფექტს მოიტანს კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციების კუთხით. ჩვენ თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიდის, ასევე დასრულდა იურიდიული პროცესი ანაკლიის პორტის მოსამზადებელი სამუშაოების. ფინანსურ ინსტიტუტებთან თითქმის ბოლომდეა მისული საქმე და დეკემბერში იწყება უკვე ფიზიკური მშენებლობა ანაკლიის პორტის, რაც კიდევ უფრო დიდ დინამიკას მოიტანს და ასეთი ტიპის საწარმოების პროდუქციაზე გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნა იქნება. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის დინამიკა და შესაძლებლობები, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას, გაზარდონ მასშტაბები, შემოიტანონ წამყვანი კომპანიების დანადგარები, ისეთი როგორცაა იტალიური დანადგარები ამ საწარმოში და დამერწმუნეთ, რომ ეს აუცილებლად მოიტანს დიდ უკუგებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრთან

    საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

    საუბრისას მხარეებმა დადებითად შეაფასეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებული დინამიკა და ამ მხრივ არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

    ყურადღება დაეთმო სარკინიგზო და გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრმა საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

    მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ახალი აბრეშუმის გზის  პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე. პრემიერ-მინისტრმა ყაზახური დელეგაცია თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია.

    ყაზახურმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა „ექსპო 2017"-ში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ მასშტაბურ გამოფენაზე საქართველო ღირსეულად იყო წარმოდგენილი.

    საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განსახილველ საკითხებს, რომლის მეცხრე სხდომა დღეს თბილისში გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური