"საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია"- ჯანელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:30

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე პირველი სტრატეგიული დიალოგი გაიმართა. დიალოგის პირველი სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა: „საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია, როგორც ეს ასახულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში. ჩვენ ჩართულნი ვართ ევროკავშირის კრიზისი მართვის ოპერაციებში და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროპასა და მთელ მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. იმედი გვაქვს, რომ უფრო მჭიდრო თანაქმედების გზით, ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ საკუთარი ადგილი ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში და უფრო ეფექტიანად შევიტანოთ წვლილი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებაში. აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია შემდგომშიც ითანამშრომლოს საქართველოსთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს რეგულარული დიალოგი როგორც ამ ფორმატში, ისე ასოცირების საბჭოს ფარგლებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოების განზომილებაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობას.“- განაცხადა მინისტრმა სხდომის გახსნისას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ერთობლივი ინტერესის საკითხებზე მიზნობრივი დიალოგის დაწყებას „ამ ურთიერთდაკავშირებულ, კონკურენტულ და რთულ სამყაროში, ისეთი გამოწვევები, როგორიცაა კონვენციური და ჰიბრიდული ომი, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, კიბერ-დანაშაული, ტერორიზმი და ორგანიზებული დანაშაული, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური ხდება, შეუძლებელია გადაწყდეს თანამშრომლობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის გარეშე-“დასძინა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში ევროკავშირის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების ინსტიტუტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თავმჯდომარეობა, ჩართულობის პოლიტიკა აღიარებისა და ფინასური დახმარების გარეშე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული დიალოგის დაწყების ინიციატივით დეკემბერში, ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომაზე გამოვიდა, რის შემდეგაც საკუთარი ხედვა და ზოგადი მიზნები წარადგინა.

წაკითხულია 53 ჯერ

Related items

  • სამხრეთ კავკასია და კრიზისი საქართველოში: ევროკავშირი ნიშნავს ახალ სპეციალურ წარმომადგენელს

    2017 წლის 13 ნოემბერს ევროკავშირის საბჭომ ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
    ბ-ნი კლაარი მხარს დაუჭერს რეგიონულ თანამშრომლობას და იმუშავებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და საქართველოს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებაზე.
    კერძოდ, სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს და შეასრულებს თანათავმჯდომარის ფუნქციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლებიც საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის შედეგებს ეხება. ტოივო კლაარი შეცვლის ელჩს ჰერბერტ ზალბერს (ეროვნებით გერმანელი), რომელსაც ეს პოსტი 2014 წლის 8 ივლისის შემდეგ ეკავა.
    ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკას და ინტერესებს კონკრეტულ რეგიონებში და ქვეყნებში, და ჩართულია ევროკავშირისთვის პრობლემურ საკითხებში. ის აქტიურ როლს ასრულებს მშვიდობის, სტაბილურობის და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში.

  • ევროკავშირი ხელს უწყობს ქართული მოდის პოპულარობას მთელ მსოფლიოში

    ევროკავშირი მსოფლიოს უდიდესი ბაზარია და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ამ ქვეყნების კომპანიებს ახალ პერსპექტივებს სთავაზობს. თბილისში მდებარე მოდის სახლი „მატერია“ ერთ-ერთი მათგანია, აღნიშნულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოქვეყნებული სტატიაში.
    მოდის სახლი, რომელიც თავის მომხმარებლებს მაღალი კლასის ტანსაცმლის ხაზს და უფრო ხელმისაწვდომ პროდუქტებს სთავაზობს, საკუთარ ტანსაცმელს ასევე საქართველოს სხვადასხვა საჯარო უწყებებზე ყიდის, რომელთა შორის არის არმია, პოლიცია, ფოსტა და მრავალი სხვა.
    ის მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს რაგბის ფედერაციასთან ფორმების საწარმოებლად როგორც ეროვნული გუნდის იუნიორი მოთამაშეებისთვის, ისე რაგბის არაერთი სხვა კლუბისთვის, რომელთა შორის არის გორის „ჯიქი“, საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული.
    კომპანიამ უზრუნველყოფილი დაფინანსება მიიღო საკუთარი აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის და დანერგა ჯანმრთელი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სათანადო პრაქტიკა ახალი ტანსაცმლის ფაბრიკისთვის, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. ეს დაეხმარება მოდის სახლს სრულად ისარგებლოს ექსპორტის პერსპექტივებით. კომპანია იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business)-ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკრედიტო ხაზით ისარგებლა.

  • მიხეილ ჯანელიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა

    საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსთან.
      
    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
     
    შეხვედრაზე ყურადღება ასევე  გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე. UNHCR-ის წარმომადგენლის მხრიდან, აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე, დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
     
    შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ UNHCR-ის ოფისს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში მიმდინარე ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას.

  • ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები საქართველოში

    დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროპის საბჭომ წარმოადგინეს 2015-2017 წლებში განხორციელებული რვა ერთობლივი პროექტის შედეგები, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% ევროკავშირმა დააფინანსა, ხოლო 10% - ევროპის საბჭომ. პროექტები ევროპის საბჭომ განახორციელა.

    ქვეყნის სპეციფიკაზე მორგებულმა პროექტებმა ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერებას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლებას; ინტერნეტის თავისუფლების დაცვას; ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.

    “მსგავსი პროექტები და ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში გასატარებელი რეფორმებისათვის, განსაკუთრებით, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის,” - აღნიშნა დავით ზანკალიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

    შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ განაცხადა: "დღეს ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სამწლიან მჭიდრო თანამშრომლობას და შედეგები ძალიან პოზიტიურია. „პარტნიორობამ კარგი მმართველობისთვის“ საშუალება მისცა ევროპის საბჭოს და ევროკავშირს, ეთანამშრომლა რიგ ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამინისტროებსა და საჯარო დაწესებულებებთან, მედიასა და იურისტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შედეგად, გაფართოვდა ქართველ პარტნიორთა შესაძლებლობები, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა, ბევრ სფეროში გაძლიერდა დემოკრატია და კანონის უზენაესობა.” ბატონმა ურსემ ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და სხვა მხარეებთან.

    საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსმა,  ვინსენტ რეიმ დასძინა: „ეს პროექტები და თანამშრომლობა ეფუძნება ჩვენს საერთო მიზანს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამის ევროპულ ფასეულობათა დამკვიდრებას. ჩვენ უკვე დავდეთ ხელშესახები შედეგები რვა სფეროში - დაწყებული ციხეებში გაუმჯობესებული ჯანდაცვით და დამთავრებული სამართლის სფეროს სპეციალისტების ტრენინგებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, მედიის სფეროს რეგულაციაზე პასუხისმგებელი პირების ტრენინგების ჩათვლით.“

    პროექტების შედეგების მიხედვით:

    • 1300-ზე მეტმა იურისტმა (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი) გაიღრმავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დებულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა;
    • განახლდა ელექტრონული საგამოცდო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ელექტრონულად ჩატარებას და შედეგების ავტომატურ შეფასებას;
    • 100-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოლონ კულტურულ და გენდერულ სტერეოტიპებს და როგორი პასუხისმგებლობით გააშუქონ წინასაარჩევნო კამპანია, ასევე რეგიონული მაუწყებლობების მისიასა და როლზე;
    • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს გაეწიათ საექსპერტო დახმარება სტრატეგიების შემუშავებაში, კერძოდ, ციხეებში ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისა და პენიტენციურ სისტემაში კრიზისების მართვის კუთხით;
    • სამართლებრივი მხარდაჭერა გაეწია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2017 წლის სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებს;
    • ჩატარდა ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამი სესია;
    • მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რაც 2018 წელსაც გაგრძელდება, როდესაც დასრულდება ეროვნული მექანიზმის შემუშავების რისკების შეფასება.

    2014 წლის აპრილში, ევროკავშირი და ევროპის საბჭო შეთანხმდნენ მიზანმიმართულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებთან, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მათი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. 8 ადგილობრივი პროექტის გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობს 14 რეგიონულ პროექტში.

    მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://partnership-governance-eu.coe.int

  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის საბჭო წარადგენს ინფორმაციას 2015-2017 წლებში საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროექტების შედეგების შესახებ

    პარასკევს, 3 ნოემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროპის საბჭო მედიის წარმომადგენლებს საქართველოში განხორციელებული ერთობლივი პროექტების შედეგების შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ.

    2015-2017 წლებში საქართველოში რვა პროექტი განხორციელდა, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო 10% კი - ევროპის საბჭოს მიერ. პროექტები შეეხებოდა (1) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; (2) ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას; (3) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელშეწყობას; (4) ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესება; (5) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; (6) მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას; (7) ინტერნეტ თავისუფლების დაცვას (8) ასევე არჩევნების მხარდაჭერას.

    ამ პროექტების გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობა მიიღო 14 რეგიონალურ ინიციატივაში.

    დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვინსენტ რეი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, კრისტიან ურსე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელძღვანელი, ინგა კუბეცია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ‘პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის’ ეროვნული კოორდინატორი გახსნიან პრეზენტაციათა ნაწილს და მედიის კითხვებს უპასუხებენ.

    პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს, 2017 წლის 3 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისში, 26 მაისის მოედანი 1. უზრუნველყოფილი იქნება ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური