საგარეო უწყება - საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017 12:14

საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განაცხადეს.

„საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება ესპანეთის სამეფოში მშვიდობიანად დარეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობის, კონსტიტუციისა და სამართლის პრინციპების სრული დაცვით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის (5,34 მილიონი) 42,3%-ს შეადგენს.

წაკითხულია 659 ჯერ

Related items

  • მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა

    მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი, ესპანეთის ქალაქ ლეონეში მცხოვრები სატურნინო დე ლა ფუერტე, 113 წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს ახალი ამბების ბიულეტენით, გინესის რეკორდების წიგნში შემავალი და გუშინ სახლში გარდაცვლილ სატურნინოს,  12 თებერვალს 113 წელი შეუსრულდებოდა. იგი დაიბადა ესპანეთში მეფე ალფონსო XIII-ის (1886-1941) მეფობის დროს და 1918 წელს ევროპას მასიურად მოდებული და მეტად მძვინვარე ესპანური გრიპიც გადაიტანა.

    იგი თვითმხილველი იყო 1923 წლის პრიმო დე რივერას დიქტატურისა, მეორე რესპუბლიკისა (1931-1939), სამოქალაქო ომისა (1936-1939) და ფრანკოს დიქტატურისა (1939-). 1975).  დე ლა ფუერტე გახდა ქალაქ ლეონში პირველი ადამიანი, ვისაც ჩაუტარდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა. დედამიწის უხუცესი ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც 8 შვილი, 14 შვილიშვილი და 22 შვილიშვილი ჰყავს, დღეს გაიმართება.

  • საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა - დ. ზალკალიანი

    2021 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ვიცე- პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის ეკონომიკურ სხდომას პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა.   დავით ზალკალიანის  თქმით, ამაზე  მიანიშნებს ორმხრივი  ვიზიტების მაღალი დინამიკა .
    „დღეს განსახილველი საკითხები ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ძალიან აქტუალურია ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა  ასევე ორმხრივ ფორმატებში გვექნება საუბარი იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გაჟღერებული, განსაკუთრებით სამხრეთ-კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივასთან დაკავშირებით.“-განაცხადა ზალკალიანმა.
    სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც,   ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია

  • ​საქართველოს საგარეო უწყების განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია "აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების - რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები", გაუქმებას (дезавуировать).

    2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.

    ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

    აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

    ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

  • საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდთან დაკავშირებით

    2021 წლის 7-8 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარ თემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე-ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
    საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე. ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის „პროგრამის” განხორციელებისა და საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელთა მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში შთანთქმაა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს.
    საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხი. მათ ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციაზე, უკანონო სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევებზე, ასევე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული. ქართველი მონაწილეების მხრიდან აღინიშნა აგრეთვე, რომ სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მცოცავი ოკუპაცია მზარდ რისკებს ქმნის კონფლიქტის ფართო ესკალაციის მიმართულებით.
    საქართველოს დელეგაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას. ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც მწვავედ დასვეს ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემა და ხაზი გაუსვეს საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას.
    საქართველოს დელეგაციამ კვლავ მოითხოვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულება და ისაუბრა აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხზე.
    მოლაპარაკებებზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები. კვლავაც მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა. ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე, კოდორის ხეობის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას.
    საქართველოს დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის 2 წლის განმავლობაში ჩაკეტვისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის უაღრესად მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ახალგორის რაიონში შექმნილმა ჰუმანიტარული კრიზისმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი სახლების დატოვება და რაიონის დაცარიელება გამოიწვია. ხაზი გაესვა ორივე რეგიონში დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობოდ გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
    საქართველოს დელაგაციამ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგის გაძლიერების საჭიროებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს ინკლუზიური სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობა.
    საგნობრივი განხილვა შედგა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზებზე, მათ შორის, 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენაზე. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენენ და შესაძლებელს გახდიან ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრების შეყოვნების გარეშე განახლებას.
    მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა.
    მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა დღის წესრიგის მთავარი თემები, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულება და მას პირნათლად ასრულებს. ამასთან, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გააქტიურებული მილიტარიზაცია, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რფ-ის სამხედრო სისტემაში ინტეგრაცია ისევე, როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებად და ძალის გამოყენების მუქარად შეაფასა. ამ კონტექსტში მან ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების უპირობო გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებით.
    რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე. საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.
    ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა მედიცინის სფეროს ექსპერტთა ტექნიკური შეხვედრა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებულ თემებზე. ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა სამუშაო ქვე-ჯგუფის შეხვედრა გადაადგილების თავისუფლების საკითხებზე, რა დროსაც მონაწილეებმა მოსაზრებები გაცვალეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე.
    ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, ანიკა სოდერს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში.

    მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.

    ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

  • ჩინეთმა 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას 1,5 მილიარდი დოზა Covid-19 ვაქცინა მიაწოდა

    ფოტო: თომას პეტერ/როიტერი/

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა დღეს განაცხადა, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩინეთმა 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწოდა 1,5 მილიარდი დოზით Covid-19 ვაქცინა. ამის შესახებ ჩინეთის ახალი ამბების სააგენტო "სინხუა" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ვ. ვენბინის თქმით, ვაქცინის წარმოების შესაძლებლობების გაზრდით, ჩინეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა მსოფლიოს და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს მიაწოდოს კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტური Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

    როგორც ვ. ვენბინმა აღნიშნა დღევანდელ პრესკონფერენციაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ ვაქცინები უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის და ძალისხმევას არ იშურებს ვაქცინების მოსახლეობისთვის მისაწოდებლად მსოფლიოს მასშტაბით.

    ჩინეთის მთავრობის სიტყვები არ განსხვავდება საქმისგან, აცხადებს ვ. ვენბინი. „მხოლოდ გასულ კვირაში ჩვენ მივაწოდეთ 60 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა განვითარებად ქვეყნებს აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და ევროპაში. 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩინეთმა მიაწოდა 1,5 მილიარდი დოზის ვაქცინა 100-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს“, - აღნიშნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური