თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 14:31

საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) დაჯილდოების ცერემონიას ვაშინგტონში 2 ოქტომბერს უმასპინძლა. თამარ ჟვანიას ჯილდო IFES-ის პრეზიდენტმა ბილ სუინიმ გადასცა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ IFES-ის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე ჯუდი ბლექი, კონგრესმენი დევიდ პრაისი და ამერიკის შტატების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ლუის ალმაგრო, მათ ჩარლზ მანატის დემოკრატიის ჯილდო გადაეცათ.

ბაქსტერის ჯილდო, რომელიც 9 წლის წინ IFES-ში დაარსდა, საარჩევნო ადმინისტრაციებში იმ ადამიანების წარმატებულ საქმიანობას აღნიშნავს, რომლებიც  ყოველდღიურ პრაქტიკაში უწყობენ ხელს ადგილობრივი საარჩევნო პროცესების განვითარებას, გამჭვირვალობას და შემდეგ უკვე ამ პროცესების მდგრადობის შენარჩუნებას (ჯო სი ბაქსტერი თავად ამ პრინციპებს ემსახურებოდა წლების განმავლობაში IFES-ის უფროსი მრჩევლის რანგში).

ის პირადი და პროფესიული მიღწევები, რაც დადებით გავლენას ახდენს ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაზე, ეფექტური ადმინისტრირება, მოქალაქეების უფლებების დაცვა განვითარებად ქვეყნებში, დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობა - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რითაც ფასდებიან ბაქსტერის ჯილდოს ნომინანტები.

IFES-ი, 2009 წლიდან დღემდე, დაჯილდოების ცერემონიით აღიარებს იმ პროფესიონალების გამორჩეულ მიღწევებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ყოველთვის ცდილობენ ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლებას და დემოკრატიას.

აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) 1995 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარებას. ორგანიზაცია მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით არაერთი ერთობლივი მასშტაბური და წარმატებული პროექტი განხორციელდა. დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით 1987 წლიდან დღემდე IFES-ი საკუთარ საქმიანობას 145 ქვეყანაში ახორციელებს.

თამარ ჟვანია საარჩევნო ადმინისტრაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს და აქტიურად უწყობს ხელს საარჩევნო გარემოს განვითარებას; არის რამდენიმე წარმატებული საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მაქსიმალურ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში.

ასევე, მისი ინიციატივით დაინერგა თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიები საარჩევნო ადმინისტრაციაში. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისებით მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა. სწორედ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობის პერიოდში ცესკომ მიიღო ორი საერთაშორისო ჯილდო, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე: 2015 წელს ცესკომ არჩევნების მართვის ნომინაციაში გაიმარჯვა. უკვე 2016 წელს, რიგით მეცამეტე საერთაშორისო სიმპოზიუმზე საარჩევნო ადმინისტრაციამ გაიმარჯვა ნომინაციაში „უმცირესობების ჩართულობა“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ლიდერად დასახელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო გარემოს შექმნაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ თამარ ჟვანია 30-ზე მეტ ქვეყანაში უწევდა არჩევნებს მონიტორინგს დამკვირვებლის რანგში; საჯარო სამსახურში კარიერული საქმიანობის დაწყებამდე იყო საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი, სადაც ევროკავშირის პროექტების ფარგლებში შექმნა და დანერგა საარჩევნო გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების, პოლიტიკის განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით. UNDP-ის პროექტის მართვის ფარგლებში, თამარ ჟვანია აქტიურად უწევდა ტექნიკურ მხარდაჭერას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას.

ის, ასევე ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) და ხელს უწყობდა მიუკერძოებელ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას და საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია, - ცესკო, მისი აპარატი და თითოეული საოლქო საარჩევნო კომისია ულოცავს ცესკოს თავმჯდომარეს ამ წარმატებას, რაც არის მისი როგორც ეფექტური ლიდერის და ხელმძღვანელის დამსახურება და რაც, ერთობლივ, გუნდურ საქმიანობას ეფუძნება.

ჯო სი ბაქსტერის ჯილდოს მიღება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა.

წაკითხულია 493 ჯერ

Related items

  • ცესკოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გაიმართა.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მისიის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

    თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების შესახებ. მან ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა ეუთო/ოდირის იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2020 პარლამენტის არჩევნებისთვის გაითვალისწინა.

    კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი იყო. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას და ა.შ.

    დღეს გამართულ შეხვედრაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) პარლამენტის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი, მოადგილე ლუსინე ბადალიანი, მისიის წევრები არჩევნების ანალიტიკოსი პიტერ მიხალიკი და სამართლებრივი ანალიტიკოსი მარლა მორი მონაწილეობდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან კი შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და პრეს-სპიკერი ესწრებოდნენ.

  • ცესკოს თავმჯდომარე ჯანდაცვის სამინისტროს და ლუგარის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც ის სავალდებულო წესები და რეკომენდაციები განიხილეს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის მდივან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს და „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ცესკოს წევრი გიორგი ძაგანია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

    შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის შესაძლებლობები და რისკები, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება. ამ საკითხებზე დღეს გამართული მსჯელობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის   ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ  სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან განიხილება.

    ცესკომ სწორედ ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად უკვე შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში შედიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • ოქროს ბრენდთან ერთად PSP „ფარმაციის ექსპერტის“ ჯილდო გადაეცა

    19 აპრილს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი მეთოთხმეტედ გაიმართა  საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საერთაშორისო პალატის, შვეიცარია საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ევროპის ფონდის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით. 

    ნომინაციაში ფარმაცევტული კომპანია ნომერ პირველი ოქროს ბრენდი უკვე მეთოთხმეტედ გადაეცა PSP-ს. ამასთან, კომპანია PSP-ს 25 წლიანი წარამტებული საქმიანობის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის „ფარმაციის ექსპერტის“ წოდება და ჯილდო გადაეცა.

    „ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიციას და პირველობას PSP 25 წელია სტაბილურად ინარჩუნებს, „ფარმაციის ექსპერტის“ წოდება ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. კომპანიის 6000-მდე თანამშრომლის დიდი დამსახურებაა თითოეული მიღწევა, ამიტომ ექსპერტად აღიარება დამატებით პასუხისმგებლობას და გვძენს და გვიბიძგებს კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი და სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელს“- აცხადებენ PSP-ში.

    ბრენდების ნომინირება მათი ცნობადობის,  ხარისხის და პიარ და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული  მუშაობის გათვალისწინებით ხდება. ორგანიზატორების მიერ დაკვლევაში მონაწილეობა მიიღო 100 ექსპერტმა (ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტები,  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ მასწვალებლები  კონსალტინგური ჯგუფები, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები); ამასთან,  გუგლის კითხვარის მეშვეობით გამოკითხულ იქნა-2000 ადამიანი.

  • ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

    თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

    რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

  • ლიბერთიმ საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის გამარჯვებული მასწავლებლები დააჯილდოვა

    8-9 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მაიკროსოფტისა და ლიბერთის მხარდაჭერით მეხუთე საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბება და განვითარება გახლდათ.

    კონფერენციაში დარგის ექსპერტები, ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს აქტიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და საქართველოში ციფრული კულტურის დამკვიდრების მიმართულებით.  

    ,,მეხუთე წელია, რაც  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციის სპონსორები ვართ  და  წელსაც ვაგრძელებთზოგადი განათლების განვითარების მხარდაჭერას. ამ კონფერენციის მიზანი მასწავლებლებს შორის ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკისა და  ინოვაციური იდეების ურთიერთგაზიარებაალიბერთის რჩეულები წელსაც პედაგოგები გახდნენ, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს”განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

    ლიბერთი ხარისხიანი განათლებისა და პედაგოგების ხელშეწყობის მიზნით არაერთ საგანმანათლებლო პროექტშია ჩართული. მათ შორისაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სხვადასხვა კონფერენციები და კონკურსები.

     

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური