Invictus Games-ში მონაწილე ქართველი სამხედროები სამშობლოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 12:13

კანადაში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაში „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დახვდა, წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელის კიდევ ერთხელ გატანისთვის მადლობა გადაუხადა. ჯარისკაცებთან დასახვედრად აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა ჩიქოვანი და ზაალ კაპანაძე, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე მივიდნენ.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა კანადაში მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მათ გამარჯვება საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ატაშემ, ვიცე–პოლკოვნიკმა დევიდ ეთელმაც მიულოცეს.

საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 6 სახეობაში იასპარეზა: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობდნენ. მათ პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში იმყოფებოდნენ.

ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე, წელს დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია გაემგზავრნენ.

დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია და სპორტულ აქტივობებში ჩართულობა თავდაცვის უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს. 

წაკითხულია 415 ჯერ

Related items

  • მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა

    საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.

    მათივე ინფორმაციით, ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს. 

    მე-12 ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

    „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.

  • „ჩემი სამშობლო თურქეთია, თუმცა ჩემი მეორე სამშობლო საქართველოა“ - აცხადებს „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტი

    დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (MÜSİAD), რომელიც 1990 წლიდან ფუნქციონირებს თურქეთში,  2018 წლის 22 აპრილს თბილისში წარმომადგენლობა გახსნა.„მუსიად თბილისის“ პრეზიდენტიამუსტაფა ოზგურ იუჯელი, რომელიც  დიდი ხანია უკვე საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს. „მუსიად თბილისის“ მთავარ მიზანს საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს.

    „მე პატარა ქართველი ვარ კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი“. დუტუ მეგრელის ამ ლექსით დაიწყო „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ საუბარი. „რაღა თქმა უნდა ჩვენი დედა-სამშობლო თურქეთია, თუმცა ჩვენი მეორე დედა-სამშობლო საქართველოა. ზუსტად ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ როდესაც თურქეთში მივემგზავრებით, რამოდენიმე კვირის შემდეგ საქართველოში დაბრუნების სურვილი გვიჩნდება“-ამაყად აცხადებს მუსტაფა ოზგურ იუჯელი და ამბობს, რომ ზუსტად ასევე ემართება ყველა თურქს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.

    რაც შეეხება „მუსიად თბილისისს“ და მის საქმიანობას, მუსტაფა ოზგურ იუჯელის თქმით, „მუსიად თბილისის“ მთავარ მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. „ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ასევე, ორგანიზაცია მზად არის ეს პროექტები წარუდგინოს „მუსიადის“ ასოციაციის წევრებს, რომლებიც 74 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მათ ინვესტირება განახორციელონ საქართველოში“, - აღნიშნა „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა. 

    მისივე თქმით,  „MÜSİAD“-ის საქართველოში შემოსვლის მიზეზიპირველ რიგში ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, ძმობის, ურთიერთპარტნიორობის და ბიზნესში თანამშრომლობის ამაღლება და გაღრმავებაა. „ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანია და საქართველოს ყველა კუთხეში ინვესტიციების მოსაზიდად ვიმუშავებთ, ამავდროულად ბიზნესმენებთან ვაპირებთ ვიყოთ მჭიდრო კავშირში, რათა მოხდეს პროექტების შემუშავება და მათი განხორციელება. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სამთავრობო დაწესებულებებთან, რომ მოხდეს ინვესტიციების მოზიდვა და საწარმოების ამუშავება. მსოფლიო მასშტაბით, ბიზნესმენებს, რომლებიც არიან ასოციაცია „MÜSİAD“-ის წევრები ხელს შევუწყობთ, რათა საქართველოში მოახდინონ ინვესტიციების ჩადება და ფულის დაბანდება“, - ხაზი გაუსვა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ.

    „მუსიად თბილისის“ პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე და განაცხადა, რომ იქ ხაზგასმით ითქვა, რომ „მუსიადი“ უნდა გახდეს ერთგვარი „კარები“ საქართველოსთვის მსოფლიოში გასასვლელად. „ჩვენ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავიშურებთ, ამ იდეის განხორციელებისათვის“, - აღნიშნა მან.

    გარდა ამისა, მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის ნოემბერში სტამბოლში დაგეგმილი „MÜSİAD“-ის დიდი საერთაშორისო გამოფენის თაობაზე, სადაც „მუსიად თბილისის“ სრული დაფინანსებით, რამოდენიმე ქართველი ბიზნესმენიც შეძლებს  მონაწილეობის მიღებას. „აღნიშნულ ღონისძიებაში 7500 კაცს ველოდებით მსოფლიოს 124  ქვეყნიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა სექტორი და ეს არის ბიზნესმენებისათვის უნიკალური შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და გააცნონ იგი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს“, - დასძინა მუსტაფა ოზგურ იუჯელიმ.

    რაც შეეხება საქართველოსთან ერთობლივი პროექტების შემუსავების საკითხს, „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტი ძალიან ოპტიმალურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ქართულ მხარესთან ბევრი საინტერესო პროექტების განხორციელება იგეგმება. „უახლოესი პროექტი, რომლის ორგანიზებასაც ვაპირებთ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში თბილისში, ბიზნეს-ფორუმის გამართვას გულისხმობს. ბიზნეს-ფორუმში არა მარტო ქართველი და თურქი ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმატებული ბიზნესმენებიც იქნებიან“, - აღნიშნა „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტმა.

    მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ „მუსიად თბილისი“ არა მარტო ეკონომიკური კუთხით ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან, არამედ ეს თანამშრომლობა  კულტურის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებსაც მოიცავს. „ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ და გვსურს დავეხმაროთ მათ ცხოვრების დონის ამაღლებასა და პირობების გაუმჯობესებაში. თურქეთი დიდი ქვეყანაა და მეტი შესაძლებლობები გააჩნია, რათა დაეხმაროს პატარა საქართველოს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს თანამეგობრობის რიგებში“, - ამბობს „მუსიად თბილისის“  პრეზიდენტი და საქართველოს დიდი მეგობარი მუსტაფა ოზგურ იუჯელი.

    აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთი არის გლობალური მოთამაშე, რაზეც ზეგავლენას ახდენს მისი კარგი ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან. ამ თვალსაზრისით მსოფლიოსთვის სამაგალითო მეგობრული ურთიერთობა თურქეთს  მის მოძმე ქვეყანასთან - საქართველოსთან აქვს. დღეისათვის თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიულ დონეზეა. 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და იგი პირველ ადგილზეა ყველაზე დიდ ინვესტიციების მქონე ქვეყნებს შორის.

    ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

  • ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს

    საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს.

    ომბუდმენის მიერ გავრცელებული ინფრომაციიდან ირკვევა, რომ ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს.

     


    "2017 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელეს. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ ჰანოვერისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 63 მოქალაქის დაბრუნების პროცესს დაესწრნენ.

     

    პროცესს კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

    დასაბრუნებელი პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა.

    დადებითად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გერმანიის მხრიდან განხორციელდა დეპორტაციის ადგილმდებარეობის ცვლილება. კერძოდ, დიუსელდორფის ნაცვლად, დასაბრუნებელი პირების დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაბრუნებელი პირების განთავსების პირობები. კონკრეტულად, ჰანოვერში აეროპორტის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი ფართი, თავისუფლად იყო ხელმისაწვდომი საკვები და დასაბრუნებელ პირებს (ესკორტის თანხლებით) პირველად მიეცათ მოსაწევად სპეციალურ ტერიტორიაზე გასვლის შესაძლებლობა.

    ასევე დადებითად უნდა შეფასდეს ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს მისცეს საქართველოში სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს პრობლემის სისტემურ გადაჭრას. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მოახდინონ კომუნიკაცია ფრონტექსისა და დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის განმახორციელებელი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კავშირი საქართველოში გამომგზავრებამდე”- აღნიშნავს ომბუდსმენი.

  • „საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]

    დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კანადაში, „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებული ქართველი სამხედროების გამამხნევებელ შეძახილს შეუერთდა. ვიდეოს პრინცი ჰარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

    Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა. 

    შეგახსენებთ, კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების Invictus Games-შიდაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. 

     

  • ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 10 აგვისტოს დაკრძალავენ

    ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 10 აგვისტოს საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

    მდინარი ბებიაშვილი საკუთარ სახლში, ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში უკვე გადაასვენეს.

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა.

    შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე ბებიაშვილი (23.10.1991) გარდაიცვალა. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური