დაჭრილმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 28 სექტემბერი 2017 11:52

კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარალიმპიური თამაშები „Invictus Games“-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

ქართველი სამხედროების ნაკრების თამაშს თავდაცვის მინისტრი ლიტვიდან გულშემატკივრობდა. ლევან იზორიამ გამარჯვება ქართველ სამხედროებს მატჩის დასრულებისთანავე ვილნიუსიდან მიულოცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთის გარდა სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.

წაკითხულია 449 ჯერ

Related items

  • თავდაცვის მინისტრმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენისა და დაჯილდოების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ახალი ინიციატივა ჯარისკაცებს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გააცნეს. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.
    ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებში ჩამოყალიბებული შერჩევის საბჭოს მიერ გამოვლენილ 5 საუკეთესო სამხედროს სერტიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გამარჯვებულები საუკეთესო ოცეულის მეთაურის, საუკეთესო ათეულის მეთაურის, საუკეთესო უმცროსი ოფიცრის, საუკეთესო სერჟანტისა და საუკეთესო კაპრალის კატეგორიებში დაასახელეს. სამხედროების დაჯილდოება სამ თვეში ერთხელ მოხდება.
    ახალი პროექტის მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებაა, რაც უწყების სამოქმედო დოკუმენტში „მინისტრის ხედვა 2020“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საუკეთესო სამხედროების შერჩევა სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის - დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხდება. სპეციალური კომისია ყველა ქვედანაყოფიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საუკეთესო რიგითებს, კაპრალებს, სერჟანტებსა და უმცროს ოფიცრებს გამოავლენს.

  • დაჭრილი ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ
    ქართველი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში მიმდინარე „საზღვაო ქვეითთა კორპუსის“ თამაშებში წარმატებით ასპარეზობენ.
    ასპარეზობის მეცხრე დღეს ქართველმა ჯარისკაცებმა პარასპორტის სხვადასხვა სახეობებში უკვე 9 მედლის მოპოვება შეძლეს. ველოსპორტში ჯონი თოფურია ორი ოქროს მედლით, ხოლო გოგიტა ხოზრევანიძე და ალუდა სეთურიძე ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ. წარმატებით იასპარეზა რეზო გორგაძემ, რომელმაც ველოსპორტში ორი ბრინჯაოს მედალი, ხოლო მშვილდით სროლაში ერთი ვერცხლი მოიპოვა. მშვილდით სროლაში ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ალეკო გითოლენდიაც.
    პენდელტონის საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საერთაშორისო თამაშები 24 - თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით იმართება. ტურნირში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროები სპორტის 8 სახეობაში ასპარეზობენ: მჯდომარე კალათბურთი, ცურვა, სროლა, მშვილდოსნობა, ნიჩბოსნობა, ეტლით სირბილი, ველოსპორტი. ტურნირისთვის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა.
    აღნიშულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ.
    ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.
    ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, აშშ-ში „საზღვაო ქვეითთა“ თამაშებში შარშანაც იასპარეზეს და 20 მედლის მფლობელები გახდნენ.
  • თავდაცვის მინისტრი გერმანიაში ქართველი სამხედროების წვრთნას დაესწრო

    „ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“,  - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მან ამერიკელ გენერლებთან ერთად გადასროლისწინა სწავლებების საქართველოში ჩატარების შესაძლებლობები განიხილა. პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება, რაც ინფრასტრუქტურის შექმნასა და კვალიფიციურ კადრების  ითვალისწინებს.   

    თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერლებთან ერთად ჰოჰენფელსში, აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) 22-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა შემაჯამებელ სწავლებას დაესწრო. საწვრთნელ ბაზაზე სტუმრობისას  ლევან იზორიას წვრთნების მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გადასროლისწინა სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სწავლების ხელმძღვანელობისგან ქართველი სამხედროების დონე დადებითად შეფასდა.  

    22-ე ბატალიონი გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ერთთვიან გადასროლისწინა მომზადებას გადის, საბოლოო შეფასების შემდეგ კი ქვედანაყოფი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გაემგზავრება.

  • მისიებში მყოფი სამხედროების შვილებისთვის "მხიარული სტარტები“ გაიმართა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ დარბაზში „მხიარული სტარტები“ გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მოსამსახურე სამხედროების შვილებმა მიიღეს.

    6-დან 16 წლის ასაკის ბავშვები, ერთმანეთს ექვს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ, რის შემდეგაც „მხიარულ სტარტებში“ მონაწილე ბავშვებს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიგელები, ბრენდირებული მაისურები, კეპები და სხვადასხვა საჩუქრები გადასცა. ლევან იზორიას განცხადებით სამხედროების შვილებზე ზრუნვა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სპორტული შეჯიბრის დასრულების შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართა.

    ღონისძიება „მხიარული სტარტები“ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის (FRG) ფარგლებში დაიგეგმა. პროგრამის მიზანია საერთაშორისო მისიებში მყოფი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებზე ზრუნვა, მათი მხარდაჭერა კრიზისულ სიტუაციებში და მათთვის სხვადასხვა უნარების განვითარებაზე ზრუნვა.

    თავდაცვის მინისტრთან ერთად ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და აშშ-ის საელჩოსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის (FRG) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 23 თებერვლიდან ამოქმედდა.

  • „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა

    „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.

    კონცერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ სახის ღონისძიებები მრავალეროვნულ სწავლებაში ჩართული სამხედროების დამეგობრებას ხელს შეუწყობს.

    საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქართველი მომღერლები - ოთო ნემსაძე, სოფო ბედია, ნუცა ბუზალაძე, ასევე ხალხური ანსამბლის - „არსიანის“ წევრები წარსდგნენ. მომღერლებმა საკუთარი რეპერტუარიდან ქართული და უცხოური, ხოლო ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.

    სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი და გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენშტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ დღეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა და 12 აგვისტოს დასრულდება.

    სწავლებაში, რომელსაც საქართველო მესამედ მასპინძლობს, ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა.

    „ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, სამხედრო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური