იან კელი - საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 სექტემბერი 2017 12:16

საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა იან კელიმ გმირთა მოედანზე, აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გვირგვინით შემკობისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

იან კელის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ მომავალზე. ჩვენი პროგრამების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ეხება. თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა და ამერიკელებმა საკუთარი თავისუფლებისთვის გაიღეს. საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა, როდესაც ცდილობს აფხაზეთის რეინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში, ახორციელებს საგანმანათლებლო, სავაჭრო და ჯანდაცვის პროექტებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამგვარ მიდგომას“, – განაცხადა იან კელიმ. 

წაკითხულია 485 ჯერ

Related items

  • ნიკოლოზ სამხარაძე: პირველი ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია

    საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 
    კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციაა. 
    ამ მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებაში და დეოკუპაციაში“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 
    მისივე თქმით, პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები იქნას მიღწეული. 
    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რაზეც მეათე მოწვევის პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას.
    ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებაზეც.
    ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების“ საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ გაწევრიანების წინ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის უკვე არსებობს.
    ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც ბოლო წლებში ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. მეათე მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამერიკის შეერთებული შტატების უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მიღწევაში და ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებსა და ორმხრივ ურთიერთობებში მეგობრობის ჯგუფებს“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

    ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციურ პარტიებს ანტიამერიკული და ანტიევროპული კამპანიის დაგმობისკენ და საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

    მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, დაგმონ ეს კამპანია და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვას“,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

  • ეუთო-ს სხდომაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ვ. პუტინსა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ა. ბჟანიას შორის სოჭში გამართული შეხვედრის გამო

    2020 წლის 12 ნოემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ანგარიშით წარდგნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან, ჯიჰან სულთანოღლუ, რუდოლფ მიხალკა და ტოივო კლაარი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა პრეს-სამსახურში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, მომხსენებლებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და მის ფარგლებში არსებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობაზე და მწუხარება გამოთქვეს, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის გამო, ვერ მოხერხდა მოლაპარაკებების რაუნდის ჩატარება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ პირისპირ შეხვედრა დეკემბერში მოხერხდება.

    ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ისაუბრეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვაზე.

    ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვის შემთხვევებზე, რაც ზოგ შემთხვევაში, ტრაგიკულად დასრულდა. საპასუხო განცხადებაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში ქეთევან ციხელაშვილმა დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობა, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების გადასაჭრელად.

    ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა დისკუსიების მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ლტოლვითა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება - ხელშესახები პროგრესის არარსებობაზე, რუსეთის დესტრუქციული მიდგომის გამო, რომელიც ახდენს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებას.

    ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება, რომ მიმდინარე წელს ვერ მოხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდის გამართვა და გამოთქვა იმედი, რომ თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევით, მორიგი რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართება.

    საქართველოს ელჩი პოზიტიურად გამოეხმაურა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მუშაობის აღდგენას და აღნიშნა, გალის შეხვედრების დაუყოვნებლივ და ფუძემდებლურ პრინციპებზე დაყრდნობით აღდგენის აუცილებლობა.

    საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

    ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის დაკეტვასა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც ახალგორში 16 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაც ვერ მოახერხეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გადაუდებელი მკურნალობისთვის.

    საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ამა წლის ივლისში, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას, და მოითხოვა მისი და რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

    მუდმივ საბჭოზე, საქართველოს ელჩმა სთხოვა პარტნიორებს, დამატებით აღმოუჩინონ დახმარება გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და ითანამშრომლონ ამ მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიასთან.

    ელჩმა შეშფოთება გამოთქვა ადგილზე არსებული მძიმე ვითარების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ასლან ბჟანიას შორის დღეს სოჭში გამართული შეხვედრის გამო, რაც ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ უგულვებელყოფას, რითაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი.

    ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების პრინციპის ცალმხრივად დადასტურებას და განხორციელებას, მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტურად გამოყენებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

    ელჩმა ისაუბრა ასევე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენაზე, რაც სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კომპონენტს წარმოადგენს და მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ამ ინციატივის მხარდაჭერისთვის.

    გამოსვლის დასასრულს ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ თავისი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას.

    სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიისა და უკრაინის დელეგაციებმა.

    გამომსვლელებმა ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნეს, რომ არსებული კონფლიქტის მოგვარება უნდა მოხდეს ხსენებული პრინციპების დაცვით.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას.

    აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. აშშ-ის წარმომადგენელმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და მოუწოდა რუსეთს ამ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ.

  • საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ, გარემოსთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებზე

    საპროექტო ტერიტორიის უკანონოდ ჩამორთმევის შემდეგ მთავრობას არ უზრუნია მის მართვაზე 

    საქართველო, თბილისი, 2020 წლის 15 ოქტომბერი – შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) აცხადებს, რომ ანაკლიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის  მოსახლეობა გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშე დგას, რადგან პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობას არ უზრუნია საპროექტო ტერიტორიის მართვაზე.

    პროექტის განვითარების პროცესში, კონსორციუმს მომზადებული ჰქონდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პრინციპების  გათვალისწინებით, რაც მოიცავდა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის, არამედ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ, ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის ღონისძიებებს.

    2018 წელს კონსორციუმმა საპროექტო ტერიტორიაზე განახორციელა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, რისთვისაც კონსორციუმს მიღებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვები.

    მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს უკვე ნათელი იყო მთავრობის აქტივობა ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ, კონსორციუმი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები, და ამავდროულად დაეცვა გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან. კონსორციუმს მთავრობის მხრიდან დასამტკიცებლად მომზადებული ჰქონდა აღნიშნული საკითხის მართვის გეგმა, რის ხარჯსაც რასაკვირველია მთლიანად გაიღებდა კომპანია.     

    კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში მთავრობამ მფლობელობაში დაიბრუნა საპროექტო ტერიტორია, რითაც კონსორციუმს წაერთვა ტერიტორიაზე წვდომა და მას აღარ შეეძლო შემუშავებული გეგმების განხორციელება. მთელი პასუხისმგებლობა ტერიტორიის მართვაზე გადავიდა სახელმწიფოზე.

    უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობას კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები.

    კონსორციუმის განცხადების თანახმად, „მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე, არ განუხორციელებია რა არანაირი შემარბილებელი ღონისძიება. თავისი უმოქმედობით სახელმწიფო რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენებს გარემოს, როცა ასე მიშვებული აქვს საპროექტო ტერიტორია. კონსორციუმი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. საპროექტო ტერიტორიის მიმართ ასეთი უყურადღებობით საერთოდ ეჭვქვეშ დგას მთავრობის ინტერესი, რომ განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა. მთავრობა თავს არიდებს თავისი მოვალეობების შესრულებას.“   

    დამატებითი დეტალები ანაკლიის პორტის პროექტისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://anakliadevelopment.com

  • ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხში და ასევე მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანს-მ. ჩავუშოღლუ

    აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი საკმარისია „სომხეთის არმიის მოსაგერიებლად“, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თურქეთი გაუწევს მას სამხედრო დახმარებას, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ კორესპონდენტთან საუბრისას.

    „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხში და ჩვენ მართლები ვართ. სწორედ ასევე ვუჭერთ მხარს აზერბაიჯანს. თუკი საჭირო გახდება, დავეხმარებით, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ აზერბაიჯანს შესაძლებლობები ყოფნის. ჩვენ მათთან სამხედრო თანამშრომლობა გვაქვს და ბრძოლის ველზე ჩვენ გავუწევთ დახმარებას, თუკი ასეთი აუცილებლობა იქნება“ - განუცხადა სააგენტო „ანადოლუს“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

    მ. ჩავუშოღლუმ იქვე დასძინა, რომ სომხეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს თავისი შეტევებით და ამაზე მას საჭიროა პასუხის გაცემა.

  • ანაკლიის პორტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ მიმართული კამპანიის დეტალები ცნობილია

    მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი პროექტის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, რამაც საქართველოს ეკონომიკური სარგებელი დააკარგინა

    თბილისი, საქართველო, 2020 წლის 9 სექტემბერი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ (ADC) დღეს გააზიარა დამატებითი დეტალები საქართველოს მთავრობის კამპანიის შესახებ, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმართული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის გასაჩერებლად - ახდენდა რა პოტენციური ინვესტორების, დამფინანსებლების, კონტრაქტორებისა და მომწოდებლების დემოტივირებას.

    კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით შემდეგი განცხადება ვრცელდება:

    ასეთი მასშტაბის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა; კერძოდ, ინვესტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების წახალისება, მხარდაჭერა ნებართვებისა და სავალდებულო თანხმობების მოპოვებაში, განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი და სხვა; ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ასევე - მიწის გამოყოფა და გზითა და რკინიგზით უზრუნველყოფა. მსოფლიო ეკონომიკაში იშვიათია შემთხვევა, რომ მთავრობამ ოპონირება გაუწიოს მის მიერვე დამტკიცებულ პროექტს.

    საქართველოს მთავრობის კამპანიამ, რომლითაც კონსორციუმს ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში,  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და მის როლს რეგიონში.

    საქართველოს მთავრობის კონკრეტულ ქმედებებს თუ გადავხედავთ, ეს არის მიზანმიმართული და კარგად ორკესტრირებული კამპანია პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თავდაპირველად მთავრობა თვითონ უჭერდა მხარს, თუმცა შემდეგ მისი განადგურება გადაწყვიტა - მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გავლენით.

    მთავრობამ სხვადასხვა არგუმენტები გამოიყენა პროექტში ჩართული სხვადასხვა  ინვესტორის, დამფინანსებლისა თუ პარტნიორის მიმართ, თუმცა, მისი მიზანი იყო ერთი: დაეფრთხო ყველა, ვისაც შეიძლებოდა ჰქონოდა ინტერესი პროექტთან მიმართებაში და ამით დაესვა წერტილი პროექტისთვის.

    ეს მხოლოდ დამთხვევაა, რომ მინისტრები (და მათ შორის ორი პრემიერ-მინისტრიც), რომლებმაც გააჟღერეს თავიანთი მხარდაჭერა პროექტის მიმართ ან გამოთქვეს წუხილი პროექტის ირგვლივ წარმოშობილ წინააღმდეგობებზე, მალევე გადადგნენ ამგვარი განცხადებების გაკეთებიდან?

    მთავრობის ქმედებების გამო საქართველოსთვის მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ანაკლიის პორტისა და მასთან ასოცირებული სპეციალური ეკონომიკური ზონის დანაკარგები. მთავრობის ქმედებები აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს - მაშინ, როცა საქართველოს ჰაერივით სჭირდება უცხოური ინვესტიციები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს არსებული, თითქმის 2 მილიარდიდან, 1.3 მილიარდამდე შემცირდა ; 2020 წლის პირველ კვარტალში კი მხოლოდ 171.8 მილიონს შეადგენდა[1]. ეს არის კატასტროფული ვარდნა, თანაც კოვიდ-19-ით გამოწვეულ კრიზისამდე. როგორც ევროპული პოლიტიკური ანალიზის ცენტრის წარმომადგენელმა, აშშ-ის გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, „მთავრობამ მხოლოდ თავისი თავი უნდა დაადანაშაულოს“[2].   

    ზოგიერთი მაგალითი, თუ როგორ ცდილობდა მთავრობა კონსორციუმისა და ანაკლიის პორტის პროექტის მოხრჩობას:

    2017 წლის ნოემბერი

    • ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კონსორციუმთან შეხვედრა ითხოვა ანაკლიის პორტის პროექტის განსახილველად და განაცხადა, რომ ფოთის პორტის გაფართოებით იგივე მიზნის მიღწევა შეიძლებოდა გაცილებით ნაკლები დანახარჯით.

    2018 წლის ივნისი

    • ქართული ოცნების 12 ივნისის კრებაზე, რომელსაც პარტიის 100-ზე მეტი ოფიციალური პირი ესწრებოდა, პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანაკლიის პორტის მხარდამჭერ მოქმედებებში და ახლო კავშირში კონსორციუმის ინვესტორ მამუკა ხაზარაძესთან. ბატონი კვირიკაშვილი ამ შეხვედრიდან მეორე დღეს თანამდებობიდან გადადგა. 

    2018 წლის ოქტომბერი

    • 2019 წლის თებერვალში კონსორციუმისთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის ოქტომბერში აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისში, გიორგი გახარიამ (მაშინდელმა შსს მინისტრმა) აშშ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ იყო საქართველოს ინტერესებში.

    2019 წლის იანვარი

    • SSA Marine-მა, რომელიც ანაკლიის პორტის ოპერატორად იყო შერჩეული და ასევე პროექტის პოტენციურ ინვესტორს წარმოადგენდა, კონსორციუმს აცნობა იმ საფრთხის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა სავარაუდოდ ფოთის პორტის გაფართოებას უჭერდა მხარს (2013-2014 წლებში საქართველოს მთავრობის დაკვეთით განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოთი ვერ დააკმაყოფილებდა საქართველოსთვის საჭირო ღრმაწყლოვანი პორტის კრიტერიუმებს, ამიტომაც მაშინ თვითონვე აირჩია საქართველოს მთავრობამ ანაკლია. მოგვიანებით კი მთავრობამ მიდგომა შეცვალა და მისი მხრიდან ფოთის გაფართოების თაობაზე გამოხატული მხარდაჭერა გახდა მკაფიო სიგნალი საინვესტიციო წრეებისთვის, რომ მთავრობა არ უჭერდა მხარს ანაკლიას).  

    2019 წლის თებერვალი

    • ევროპის ერთ-ერთმა სუვერენულმა ბანკმა (development bank) კონსორციუმს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ ვეღარ დააფინანსებდა პროექტს - მთავრობის ნეგატიური ქმედებებისა და ფოთისკენ გადახრილი მხარდაჭერის გამო.

    2019 წლის თებერვალი

    • ევროპის მეორე სუვერენულმა ბანკმაც განუცხადა ADC-ს, რომ მისი პარტნიორი ინსტიტუტის მსგავსად, ისიც უარს ამბობს პროექტში მონაწილეობაზე - ზემოხსენებული მიზეზით, ვინაიდან სახელმწიფომ აშკარად შეცვალა მისი მხარდაჭერა ანაკლიიდან ფოთის მიმართულებით.

    2019 წლის მარტი

    • ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში მინისტრის მოსმენაზე, ძირი გამოუთხარა SSA Marine-ს, როგორც პოტენციურ ინვესტორსა და პორტის ოპერატორს, როდესაც განაცხადა, რომ კომპანიას არ გააჩნდა გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები. ეს მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ასევე დაარღვია საინვესტიციო ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის ვალდებულებები.

    2019 წლის აპრილი

    • SSA Marine-მა შეატყობინა ADC-ის, რომ ის აჩერებდა აქტივობებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

    2019 წლის აპრილი

    • ბატონმა გიორგი ქობულიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, განაცხადა “Forbes Week”-ში, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული უარყოფითი საჯარო და მედია განცხადებები ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ბიზნეს გარემოზე საქართველოში. აღნიშნული ინტერვიუს შემდგომ ის რამდენიმე დღეში გადადგა.

    2019 წლის მაისი

    • ამერიკულმა დიდმა კერძო საინვესტიციო კომპანიამ, რომელიც მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე იყო ADC-სთან, რათა მონაწილეობა მიეღო პროექტში, განუცხადა ADC-ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა კომპანია გააფრთხილეს, რომ ისინი განზე გამდგარიყვნენ პროექტიდან.

    2019 წლის ივნისი

    • პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, აშშ-ში სავაჭრო ვიზიტის დროს, ვაშინგტონში ცალ-ცალკე შეხვდა SSA Marine-ის, აშშ-ის კერძო საინვესტიციო ფირმის ხელმძღვანელობას, რომელიც დაინტერესებული იყო პროექტში ინვესტიციით, და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს. პრემიერ მინისტრთან გვერდით მდგომმა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, გამოხატა მხარდაჭერა ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით და განაცხადა რომ „ეს გააძლიერებს საქართველოს კავშირებს თავისუფალ ეკონომიკასთან და არ მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“. საქართველოში დაბრუნებისთანავე, ბატონმა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა, რამაც პროექტი კვლავ ჩააყენა გაურკვეველ მდგომარეობაში. 

    2019 წლის სექტემბერი

    • თბილისში გამართულ შეხვედრაზე, ჰონგ კონგში დაფუძნებულ უმსხვილეს კერძო საინვესტიციო ჯგუფს, რომელსაც გააჩნია ცენტრალური აზიის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო სინერგია, და რომელიც განიხილავდა პროექტში შემოსვლას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ცქიტიშვილმა მკვახედ უთხრა, რომ მთავრობას არ სურდა მათი მონაწილეობა პროექტში. ამავე შეხვედრაზე ქალბატონმა ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის აშკარა წინააღმდეგობა SSA Marine-ის პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

    2019 წლის სექტემბერი

    • გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტის ვიცე სპიკერმა, იცრუა როდესაც თქვა რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კერძო საინვესტიციო ჯგუფი არის „რუსული კომპანია“, რაც მიზნად ისახავდა, დაემცირებინა ეს კომპანია ან გამოეწვია შემდგომი დაბნეულობა მთავრობის პოზიციასთან დაკავშირებით პროექტის მიმართ.

    2019 წლის სექტემბერი

    • ADC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან შეხვედრისას პრემიერ მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ „საკითხები უნდა დაცხრეს“, მანამ სანამ ის შეძლებს დაარწმუნოს დიდი პოტენციური ამერიკული ინვესტორი, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს ანაკლიის პროექტს, რაც საბჭოს წევრის მიერ აღქმულ იქნა, რომ ეს იყო პირობა, რომ ADC-ისა და ბატონ ხაზარაძეს შეეწყვიტა მთავრობის საჯაროდ კრიტიკა, ხოლო მთავრობა ADC-ის კრიტიკას შეწყვეტდა.
    • ასევე, იგი სამეთვალყურეო საბჭოს დაპირდა, რომ მთავრობა მისცემდა მას ამერიკული ინვესტორისთვის „მხარდაჭერის წერილს“, რაც არასდროს განხორციელებულა, მიუხედავად იმისა, რომ ADC დათანხმდა მთავრობის მოთხოვნას.   

    2019 წლის სექტემბერი

    • აშშ-ის დელეგაცია (რომელიც მონაწილეობას იღებდა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ დასპონსორებულ მე-5 ყოველწლიურ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე) შეხვდა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს. დელეგაციის წევრებმა ბატონ ხაზარაძეს უთხრეს, რომ პრემიერ მინისტრმა გახარიამ მათ უთხრა, რომ ანაკლიის პროექტი არ იყო კომერციულად მომგებიანი, რაც სინამდვილეში ასე არ არის.

    2019 წლის ოქტომბერი

    • ფადი ასლიმ, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავჯდომარემ საქართველოში, განაცხადა მედიაში, რომ „არავინგანახორციელებს ინვესტირებას ანაკლიის პროექტში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილს სურს მისი განადგურება“.

    ზემოთ თქმული არის მხოლოდ ნაწილი იმ შემთხვევებისა, სადაც საქართველოს მთავრობა აქტიურად უთხრიდა ძირს პროექტს და ADC-ის მიერ პროექტის განვითარებას. ADC ყველა მტკიცებულებას წარადგენს საარბიტრაჟო დავაში, რათა დაადასტუროს რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ აღნიშნულის განსახორციელებლად.

    შემდგომი დეტალები ანაკლიის პროექტის და ADC-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://anakliadevelopment.com

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური