თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ბრიჯიტ ბრინკთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017 11:11

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP) გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. საუბარი შეეხო ერთობლივ წვრთნებს, Noble Partner-სა და Agile Spirit-ს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ გლობალური უსაფრთხოების დამყარების პროცესში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა მზარდი და სტრატეგიულია: „გვქონდა ძალიან საინტერესო და საფუძვლიანი საუბარი. მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის ცალკეული ასპექტები. განსაკუთრებით ხაზი გავუსვით იმ მზარდ დინამიკას, რომელიც თავდაცვის სფეროში გვაქვს როგორც ორმხრივი, ისე მრავალეროვნული თანამშრომლობის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს მართლაც ნაყოფიერი და მზარდი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, მომავლის გეგმებზეც ვიმსჯელეთ, კერძოდ, ყველაზე ამბიციური პროგრამის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მოსამზადებელ ეტაპებზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მომავალი წლიდან სამი წლის განმავლობაში ეს პროგრამა წარმატებულად. ასე რომ, დინამიკა პოზიტიური და მზარდი, მხარდაჭერა ძალიან ძლიერია “, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

წაკითხულია 405 ჯერ

Related items

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

    გამოსვლა დღეს 15 საათზე დაიწყება საფრანგეთის დროით.

    საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

    ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარადგენს.

    ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

    ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტითავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • „ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება“

    იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრები გამართა. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს ფოგომ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პარტნიორობის სტრატეგიული ასპექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებზე გამახვილდა.

    „განვიხილეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში ნატოსთან ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაძლიერებას, რაც ასახული იქნება ერთობლივ სწავლებებსა და უფრო მეტ სამხედრო ხომალდების ვიზიტებში, რაც უზრუნველყოფს ჩვენი რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და იმ სტრატეგიული ამოცანის შესრულებას, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის უზრუნველყოფა და მასში სრულფასოვანი გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს მიერ ერთობლივად შემუშავებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის შემადგენელი ნაწილია. ადმირალი ფოგო საქართველოში ნატო-საქართველოს სწავლებაზე იმყოფებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კი, ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში ვიზიტამდე შეხვედრებს ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობაში მართავდა. აღნიშნულ დისკუსიებს და შეხვედრებს მეთოდური და მიზანმიმართული ხასიათი აქვს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სტრატეგიული  მზადყოფნისა და ტოტალური თავდაცვის ამოცანების განხორციელებიდან გამომდინარე, ქართული მხარე ნატოს გაერთიანებულ სარდლობაში უწყებათაშორისი შერეული დელეგაციით იყო წარმოდგენილი: შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი და მისი მოადგილე რამაზ პაპიძე. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მიიღეს მონაწილეობა.

  • საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დელეგაცია ეწვია

    3-5 ივნისს საქართველოს ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი უნითი დოუ ეწვია.

    ვიზიტის ფარგლებში ბოცვანას დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს შეხვდება.

    უნითი დოუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. ბოცვანას დელეგაცია ასევე მოინახულებს წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთის მიმდებარე საოკუპაციო ხაზს.

    ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებასა და ორმხრივი მხარდაჭერის გამოვლენას.

  • სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოეწერა

    საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდა. 

    შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ისაუბრეს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმის და ამ ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების მიერ დაყენებული საკითხების მნიშვნელობაზე, ასევე - გაზრდილ სარკინიგზო გადაზიდვებზე, რაც ადასტურებს ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას და ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებას.

    დიალოგის თემები იყო რეგულარული ავია-ფრენების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურება.

    მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების სარგებელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში „შუა დერეფანს“ პრიორიტეტს მიანიჭებს. 

    შეხვედრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

    „ამ ხელშეკრულების მომზადებისთვის დიდი სამუშაო გასწია ბევრმა ადამიანმა და მადლობა მათ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

    მაია ცქიტიშვილმა ლი სიაოპენი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის ფორუმზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა 2015 და 2017 წლებში გამართულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობისათვის. 

    თავის მხრივ, ლი სიოპენმა მაია ცქიტიშვილი დაპატიჟა მომავალ წელს ტრანსპორტის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

    „საქართველოს რკინიგზამ წელს, პირველ კვარტალში, 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ტრანსპორტის  მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდების განხილვაზე იმუშავებს, რაც გვაიმედებს რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. 

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური