„ჩინელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ქართველი ვეტერანების თავდადებას და მუდამ აღფრთოვანებული იქნება მათი პატრიოტიზმით“, - ჩინეთის ელჩი, ბატონი ძი იენჩი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ორშაბათი, 04 სექტემბერი 2017 11:00

„ბევრი ქართველი ჯარისკაცი შორეულ ჩინეთში, ჩინელი სამხედროების მხარდამხარ იბრძოდა. მათ ერთად დაამარცხეს იაპონელი აგრესორი და დიდი წვლილი შეიტანეს ფაშიზმზე გამარჯვებაში“. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ, ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში მონაწილე ქართველი ვეტერანებისათვის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინელი ხალხი არასდროს დაივიწყებს ქართველი ვეტერანების თავდადებას და მუდამ აღფრთოვანებული იქნება მათი პატრიოტიზმით, სამართლიანობითა და თავგანწირვით. „ჩინელი ხალხი ძლიერ აფასებს თქვენ მიერ გაღებულ სისხლსა და ჯაფას, რომლითაც გამოიბრძმედა ჩინელ და ქართველ ხალხს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა. ჩინელი ერი თქვენი მადლობელია“, - აღნიშნა ძი იენჩიმ. 
სულ საქართველოში 6 ვეტერანია და მათგან მხოლოდ 2-მა შესძლო ჩინეთის საელჩოში მისვლა და აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. თუმცა, შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს დარჩენილი 4 ვეტერანის ოჯახის ახლობლებმა და წევრებმაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი ვეტერანის ნიკოლოზ თორაძის შვილმა გოგი თორაძემ ელჩს მამის ჯილდო აჩვენა, რომელიც მისივე თქმით, მამამისს გაწეული ღვაწლისათვის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყოფილმა ლიდერმა მაო ძედუნმა პირადად გადასცა.
ჩინელმა დიპლომატმა ქართველ ვეტერანებს სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადასცა. გარდა ამისა ელჩმა მათ ოფიციალური სიტყვითაც მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩინეთის საელჩოში. გასული წლის სექტემბერში, ჩვენ ვეტერანთა კავშირში შევხვდით ერთმანეთს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კიდევ ერთხელ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. პირველ რიგში, მინდა გულითადი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გამოვხატო აქ დამსწრე ვეტერანების მიმართ, რომლებიც ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდნენ. გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას! 
დღეს ჩინელი ხალხის იაპონელ დამპყრობლებზე და მსოფლიოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავს აღვნიშნავთ. ეს მთელი მსოფლიოს ერებისთვის ღირსშესანიშნავი თარიღია. 72 წლის წინ, ამ ომმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა და 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩინელმა ხალხმა თოთხმეტწლიანი უმძიმესი ომის პერიოდი გამოიარა, რომლის დროსაც დაიღუპა და დაშავდა 35 მილიონი კაცი, ხოლო პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა 600 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მხოლოდ ასეთი მსხვერპლის ფასად შეძლო ჩინეთმა იაპონელი აგრესორების დამარცხება. დიდი სისხლის ღვრის ფასად აღმოსავლეთის ფრონტზე მოახდინა ისტორიული სასწაული და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე საყოველთაო გამარჯვებასა და ომისშემდგომ სამშვიდობო წესრიგის დამყარებაში.
საქართველომ ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფაშიზმის წინააღმდეგ ომში. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/5წავიდა ფრონტზე, მათგან 350 ათასმა კაცმა საკუთარი სიცოცხლეც გასწირა.

წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნება. 25 წლის მანძილზე ორმხრივი ურთიერთობა სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდებოდა. პოლიტიკაში ვინარჩუნებთ ურთიერთპატივისცემასა და თანასწორუფლებიანობას, ეკონომიკაში - თანამშრომლობასა და ერთობლივ განვითარებას; რაც შეეხება ჰუმანიტარულ სფეროს, მუდამ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას, ვაძლიერებთ კონტაქტებსა და მიმოსვლას; საერთაშორისო საკითხებშიც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. მან სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთი საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი გახდა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის მხრივ თანამშრომლობაც კარგად დაიწყო. ამ პროექტს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მომავალში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში. ჩვენ გვაქვს მიზეზი გვჯეროდეს, რომ ორმხრივი ძალისხმევის შედეგად სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კიდევ უფრო ნაყოფიერი და რეალური სარგებლის მომტანი იქნება ჩინელი და ქართველი ხალხისთვის. ჩინეთის საელჩოს თითოეული თანამშრომელი მზადაა თავისი წვლილი გაიღოს ჩინეთისა და საქართველოს თანამშრომლობისა და მეგობრობის შემდგომი გამტკიცებისთვის. 
ჩვენი საელჩო ვეტერანებისადმი პატივის მისაგებ ღონისძიებას ყოველ წელს მართავს. ამით გვსურს გამოვხატოთ ჩინელი ერის მადლიერება. თქვენთან შეხვედრა ყოველთვის უზომოდ მიხარია და თან განცდებით მავსებს. დრო არავის ინდობს, ვეტერანები ერთმანეთის მიყოლებით სამუდამოდ გვტოვებენ. წელს ჩვენ გვერდით აღარ არიან ანა ფიცხელაური და მატევოსან აუმენაკი. მინდა მოვიხსენიო ისინი და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. აქ მყოფ ვეტერანებს კი ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. „თქვენ ჩაუყარეთ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობას საფუძველი და ჩვენ აუცილებლად მოვუფრთხილდებით ამ ძვირფას მეგობრობას, გადავცემთ მომავალ თაობებს და კიდევ უფრო გავაღრმავებთ მას“, - დასძინა ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ.

ავთანდილ ოთინაშვილი

წაკითხულია 729 ჯერ

Related items

  • ლაშა დარსალია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    2019 წლის 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ლი იანთან.
    შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის საკითხები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი ასპექტების მნიშვნელობას, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს გააჩნიათ მარავალხრივი ფორუმების ფარგლებში და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქა.
    გარდა აღნიშნულისა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთოებების გაღრმავებას და მნიშვნელოვან მიღწევებს.
    ქალბატონმა ლი იანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
    ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჩინეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების იმედი როგორც საერთაშორისო და რეგიონულ, ასევე ორმხრივ დონზე.

  • საფრანგეთის ელჩის შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან

    2019 წლის 14 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ბ-მა დიეგო კოლასმა საფრანგეთის რეზიდენციაში ძირითადი ქართული მედიასაშუალებების წარმომადგენლები მიიღო.

    ჟურნალისტებთან გამართული ეს პირველი შეხვედრა გახლდათ შესაძლებლობა, რომ მომხდარიყო აზრთა გაცვლა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გამართულიყო მსჯელობა პრესის თავისუფლების, ამჟამინდელი მედია ლანდშაფტის შესახებ, ასევე მოსმენილიყო ამ დარგის პროფესიონალთა წუხილი.

    თავის წარდგენის შემდეგ, ბ-მა კოლასმა სტუმრებს საქართველოში მისი საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამ პრიორიტეტებს შორისაა საქართველოს ევროპასთან კონკრეტული დაახლოების მხარდაჭერა, ასევე დემოკრატიული პრინციპების განვითარება, სახელდობრ ადამიანის უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება და სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა. პრიორიტეტები აგრეთვე მოიცავს ქვეყანაში ფრანგული ენის სწავლების გაძლიერებას, როგორც ევროპისკენ და საუნივერსიტეტო სწავლებისა და ხარისხიანი სამუშაო ადგილებისკენ გახსნილობას.

     https://bit.ly/355wWgt

  • საფრანგეთის ელჩი საქართველოში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვია

    საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის გენერალური მდივანი კატრინ გუტერო, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მხატვარი ლევან მოსიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვივნენ.
    საპატიო სტუმრები საჯარო სკოლაში იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან. საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მოსწავლეები აპრობილებული ფრაგნგული ენის სახელმძღვანელოებით და საკითხავი ლიტერატურით დაასაჩუქრა.
    სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ყველა სტუმარს განათლების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
    დიეგო კოლასმა და გიორგი გოგილაშვილმა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლოდ ფრანგული კულტურის ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.
    ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივისცემის ნიშნად საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს.
    ლევან მოსიაშვილმა საფრანგეთის ელჩს საკუთარი ფერწერული ტილო უსახსოვრა.
    სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში ფრანგულ-ქართული ასოციაციის-„საქართველოს ცენტრში“ დამფუძვნებლის ჟერარ ჟერმანის და მხატვრის ლევან მოსიაშვილის დაფინანსებით და თაოსნობით, მოსწავლეები ფრანგულ ენას ეუფლებიან. წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენას საფუძვლიანად შეისწავლიან, შეუძლიათ განათლება საფრანგეთში მიიღონ.

  • ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი

    17 ოქტომბერს, თბილისში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა საკანალიზაციო სისტემის ინსპექტირების ვიდეოთვალის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი, რომელიც საკანალიზაციო სისტემის გაბიდვნის და დაზიანების აღმოჩენის საშვალებას იძლევა არხის გათხრისა და მოასფალტებული ზედაპირის დაზიანების გარეშე.

    ეს, 300 000 ევროს ღირებულების სისტემა, პირველია საქართველოში, რომელსაც ჩეხური კომპანია „Zikmund“-ი პროექტ „Aid for Trade”-ის ფარგლებში საჩუქრად გადასცემს საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას, და ასევე ჩაატარებს უფასო ტრეინინგს მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით.

    საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში ზაზა სიხარულიძემ, კომპანიის თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა.

    ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ეს პროექტი ქართული და ჩეხური კომპანიების წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და შევეცდებით ასეთი სახის თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ, რათა მან სხვა სფეროებიც მოიცვას“, - დასძინა პ. მიკისკამ.

    თავის მხრივ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ტექნიკურ საკითხებში მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს და კომპანია „Zikmund“-ის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისათვის და დაამატა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზად არის გააგრძელოს და კიდევ უფრო გააფართოვოს თანამშრომლობა ჩეხურ კომპანიასთან.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის შეხვედრა

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

    თავდაცვის მინისტრმა ყურადღება აზერბაიჯანთან ურთიერთობაზე, ასევე სამმხრივ ფორმატში - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა.
    ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატთან სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებაც ისაუბრა.
    შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ფუად იბრაჰიმოვი და საელჩოს წარმომადგენელი დაესწრო.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური