მოიხდის თუ არა საჯაროდ ბოდიშს რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ეკა მაღრაძე?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 03 სექტემბერი 2017 11:43

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის 9–საათიან „კურიერში“ ცესკოს მიერ შესყიდვების წარმოებასთან დაკავშირებულ სიუჟეტში დაშვებულ უზუსტობებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.

შარაბიძემ რუსთავი 2-ზე 9 საათიან გამოშვებაში გასულ ინფორმაციას შესყიდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია იმიჯისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობის გამო მიმართავს სასამართლოს ჟურნალისტის - ეკო მაღრაძის წინააღმდეგ.

„სიუჟეტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, რომელიც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს. აქედან გამომდინარე, ცესკო მიმართავს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამრთლოს, რათა მას დაევალოს სიუჟეტში აღნიშნული არასწორი ფაქტების საჯაროდ უარყოფა“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

მისივე თქმით, „გუშინ 9 საათიან კურიერში გავიდა ჟურნალისტ ეკო მაღრაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი ცესკოს საარჩევნო შესყიდვებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავდა არსებით ფაქტობრივ უზუსტობებს. კონრეტულად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში გაცხადდა, რომ ცესკო ტენდერებს ფაქტობრივად აღარ ატარებს და მომსახურებას ყიდულობს იმ კომპანიებისგან, რომელსაც ხელმძღვანელობა თავად არჩევს. რაც მცდარია, ვინაიდან შესყიდვებისთვის ხდება ფასთა წინასწარი კვოტირებები, ასევე ხდება შესასყიდი პროდუქციის შესწავლა წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით“.

„სულ 2017 წლის მანძილზე, არასაარჩევნო პერიოდში, გამოცხადდა 76 ტენდერი, რომელთაგანაც არ შედგა 26 ტენდერი, მათ შორის ორჯერ გამოცხადების შემდგომ 6 ტენდერი, ხოლო წარმოქმნილი ეკონომია 177 ათას ლარს შეადგენს. რაც შეეხება საარჩევნო პერიოდის შესყიდვებს, იგი ხორციელდება კონკრეტული წლის საარჩევნო ბიუჯეტიდან და საარჩევნო კოდექსის 52–ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს ასეთი შესყიდვები, გამომდინარე საარჩევნო პროცესების მნიშვნელობიდან და შესაბამისი ვადებიდან. ასე რომ, საარჩევნო პერიოდში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება აბსოლუტურად ეჭვგარეშეა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაასახელა შესყიდვის კოდები და არა ის, თუ რა იქნა რეალურად შესყიდული, მაგალითად, საბიუჯეტო სპეციფიკიდან გამომდინარე კოდს ქვია „საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები“, თუმცა, რეალურად, შესყიდულია საარჩევნო უბნებზე ბიულეტენის კონვერტები, ხოლო სახელმწიფო კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში A4 ფორმატის ქაღალდი, რომლითაც მარაგდება ცესკო, საოლქო საარჩევნო კომისიები, ცესკოს სტამბა საარჩევნო დოკუმენტაციის, მათ შორის, ამომრჩეველთა კედლის სიების დასაბეჭდად“, – თქვა შარაბიძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული შესყიდვების ყველა ხელშეკრულება საჯაროდ ხელმისაწვდომია და, შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს, მით უმეტეს სიუჟეტის ავტორს, შეეძლო ამ დოკუმენტების სრულად ნახვა.

„ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რაც ყველაზე სამწუხაროა, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა დაასახელა აბსოლუტურად მცდარი თანხა, ნაცვლად საკომუნიკაციო სტრატეგიის და სარეკლამო კამპანიის კონცეფციის შექმნისათვის გადახდილი 77.974,97 ლარისა დასახელდა 793 ათასი ლარი, როგორც დახარჯული კველვებსა და სტატისტიკებში, ანუ 10 ჯერ მეტი თანხა სულ სხვა მიზნობრიობით“, – აღნიშნა შარაბიძემ.

ჩვენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას დავუკავშირდით მიმდინარე დავის ეთიკის ჭრილში შეფასებისთვის. ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა განაცხადა, რომ მას ეს სიუჟეტი ნანახი არ აქვს და ვერ გააკეთებს კომენტარს კონკრეტულ სიუჟეტზე, ვინაიდან ამ საკითხზე შეიძლება განცხადება შევიდეს ქარტიაში და თუ ორგანიზაციამ წინასწარ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება მიმართვას ქარტიისადმი.

„მე ვუშვებ იმას, რომ ცესკომ შეიძლება მომართოს ქარტიას და მე ვფიქრობ ეს სწორი იქნება. თუკი მას მიაჩნია, რომ „რუსთავი 2“–მა დაარღვია ქარტიის რომელიმე პრინციპი და მათ აქვთ პრეტენზია, აუცილებლად უნდა მომართონ ქარტიას. ქარტია არის თვითრეგულირების ორგანო და თუკი ცესკო მომართავს ამ ორგანოს, ცხადია საბჭო იმსჯელებს ამ მასალის შესახებ და დაადგენს, იყო თუ არა დარღვევა ქარტიის რომელიმე პრინციპის“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა. 

წაკითხულია 891 ჯერ

Related items

  • მედიაჰოლდინგმა „ჯორჯიან თაიმსმა“ წლის პიროვნება გამოავლინა

     

    მედიაჰოლდინგმა „ჯორჯიან თაიმსმა“ წელს პირველად, ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა და წლის პიროვნება, წლის პოლიტიკოსი, წლის ანტიგმირი, წლის დიპლომატი,წლის მედიკოსი, წლის ბიზნესმენი, წლის კულტურის მოღვაწე, წლის სპორტსმენი, წლის პროფესია, წლის პოლიტიკური მოვლენა და წლის პრობლემა გამოავლინა.

     

    გამოკითხვაში წამყვანი მედიასაშუალებების 29 საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტი მონაწილეობდა. ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა 11 ნომინაციაში საკუთარი ფავორიტები დაასახელეს.

     

    მედიაგამოკითხვის მიხედვით, წლის ადამიანი ილია მეორე გახდა.

    წლის პოლიტიკოსად  მედიის წარმომადგენლებმა  ხმათა უმრავლესობით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია დაასახელეს.  

    წლის ანტიგმირ ჟურნალისტების უმრავლესობის აზრით  გუბაზ სანიკიძე.

    მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ გამოკითხვის მიხედვით, წლის დიპლომატი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გახდა.

    წლის მედიკოსად ჟურნალისტებმა ხმათა უმრავლესობით, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი დაასახელეს.

    წლის ბიზნესმენად ჟურნალისტებმა „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე მიიჩნიეს.

    გამოკითხის მიხედვით, წლის კულტურის მოღვაწე ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი გახდა.

    წლის საუკეთესო სპორტსმენად ჟურნალისტებმა კალათბურთელი თორნიკე შენგელია აღიარეს.

    წლის პროფესიად გამოკითხვის მიხედვით ჟურნალისტებმა მედიკოსი დაასახელეს.  

    წლის პოლიტიკურ მოვლენად  ქართველმა ჟურნალისტებმა დავით-გარეჯის საკითხი მიიჩნიეს. წლის პრობლემად ხმათა უმრავლესობით, ახალი კორონავირუსი დასახელდა.

    „2020 წელი, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც  საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ეს განპირობებულია როგორც მსოფლიო პანდემიით, ისე - ლოკალური პოლიტიკური პროცესებით. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები ფრონტის წინა ხაზზე ვართ, ისევე, როგორც პოლიციელები და მედიკოსები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი კოლეგები გამოგვეკითხა და მათ მიერ შეფასებული მოვლენები გაგვეცნო საზოგადოებისთვის. ჟურნალისტების შერჩევისას ვიხელმძღვანელეთ მათი გამოცდილებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ყველა წამყვანი მედისაშუალების წარმომადგენლებმა“, - განაცხადა მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა, მალხაზ გულაშვილმა.

    მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ 2020 წლის გამოკითხვის მიხედვით, ჟურნალისტების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

    გაგაცნობთ პირველ სამეულს.

    წლის პიროვნება

    ილია მეორე - 10 ხმა

    თენგიზ ცერცვაძე - 8 ხმა

    ლევან რატიანი - 7 ხმა

    წლის პოლიტიკოსი

    გიორგი გახარია - 15 ხმა

    ირმა ინაშვილი - 3 ხმა

    ალეკო ელისაშვილი - 1 ხმა

    წლის ანტიგმირი

    გუბაზ სანიკიძე - 13 ხმა

    მიხეილ სააკაშვილი - 10 ხმა

    გიგი უგულავა - 1 ხმა

    წლის დიპლომატი

    აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი - 12 ხმა

    ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი - 1 ხმა

    საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი - 1 ხმა

    წლის მედიკოსი

    ლევან რატიანი - 12 ხმა

    თენგიზ ცერცვაძე - 8 ხმა

     

    ამირან გამყრელიძე - 5 ხმა

    წლის ბიზნესმენი

    სოსო ფხაკაძე (ვისოლი) - 11 ხმა

    თემურ ჭყონია (კოკა-კოლა) - 5 ხმა

    ვახტანგ ბუცხრიკიძე (თიბისი) 3 ხმა

    წლის კულტურის მოღვაწე

    ილიკო სუხიშვილი - 9 ხმა

    ნანი ბრეგვაძე - 8 ხმა

    ბუბა კიკაბიძე - 1 ხმა

    წლის სპორტსმენი

    თორნიკე შენგელია (კალათბურთი) - 7 ხმა

    ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი) - 5 ხმა

    ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) - 4 ხმა

    წლის პროფესია

    ექიმი - 18 ხმა

    პოლიციელი - 9 ხმა

    მეხანძრე - 3 ხმა

    წლის პოლიტიკური მოვლენა

    დავით-გარეჯი - 9 ხმა

    საპარლამენტო არჩევნები - 8 ხმა

    მთიანი ყარაბაღის ომი

    წლის პრობლემა

    კორონავირუსი - 24 ხმა

    უმუშევრობა - 4 ხმა

    ტერიტორიული მთლიანობა - 1 ხმა

     

    წყარო: მედიაჰოლდინგი  „ჯორჯიან თაიმსი“

     

     

     

     

     

     

  • ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

    იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საკუთარი კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ცესკოში უკვე მესამე დღეა გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი დილის 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე აფიქსირებენ მოქალაქეების მოთხოვნებს.

    შესაბამისი უწყების მიერ გადმოცემული მონაცემების მიხედვით, 25 ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 9000-მდე პირია რეგისტრირებული ბაზაში, რომლებიც არიან საარჩევნო ასაკის მქონე და კენჭისყრის დღისთვის იქნებიან თვითიზოლაციაში. ამასთან, აღნიშნული მონაცემები 26 ოქტომბრის მდგომარეობით დამატებით განახლდება.

    აღსანიშნავია, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 1500-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება.

    შეგახსენებთ, რომ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

    შეგახსენებთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 7000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები. აღსანიშნავია, რომ სატელეფონო შეტყობინება ეგზავნება ყველა პირს, რომელთაც მითითებული აქვთ საკონტაქტო ინფორმაცია.

    მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდებიან თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამება გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს. შემდგომში ცესკოს განკარგულებით მტკიცდება ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე მიეწოდება საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს.

    საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე იწურება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ მათ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

  • ცესკოს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

    მარკ კლეიტონი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა. თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ ბრიტანეთის ელჩს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების თაობაზე. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა.

    ბრიტანეთის ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა დააკვირდეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და არჩევნებზე მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.

    დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა როგორც პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსსა და მისი შესრულების მნიშვნელობაზე, ისე ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილ ქცევის კოდექსზე. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტები დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მათი შესრულება საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება

    სოციალურ ქსელებში პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. საუბარია იმაზე, რომ თითქოს აღნიშნულ დაწესებულებებში იგეგმება ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა რაოდენობის ხელოვნური ზრდა პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საშუალებით.

    გვინდა განვმარტოთ, რომ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად გაიზარდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა წრე. აღნიშნული ცვლილება წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს არა მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირებს, არამედ მათაც ვისაც მძიმე დანაშაულისთვის შეეფარდათ სასჯელი. შესაბამისად, ცხადია, აღნიშნული განაპირობებს გასულ წლებთან შედარებით ხმის უფლების მქონე პირთა განსხვავებულ რაოდენობრივ მაჩვენებელს. 

    ამასთან აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის მიხედვით იმ ამომრჩეველთა სიას,  რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან ადგენს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე დარჩა 16 დღე, ეს მონაცემები ჯერ არ არის გადმოცემული და შესაბამისად ოფიციალურად არ არის ცნობილი.

    აქვე განვმარტავთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ხმის მიცემის უფლების მქონე პირები, მიუხედავად მათი განთავსების ადგილისა, ხმას აძლევენ პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამასთან, მაჟორიტარის არჩევის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ემთხვევა იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომლის ტერიტორიაზეც პენიტენციური დაწესებულება მდებარეობს.

  • თამარ ჟვანია: საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები

    „საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.

    მისი თქმით, ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით.

    „მინდა მოვუწოდო მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ. მივმართავ თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ ცივილიზებული ფორმები. აღნიშნული კონფლიქტის შედეგად დაშავდნენ მათ შორის მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და მისი ოჯახის წევრი, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამ ძალადობის დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. დაუშვებელია ამ ფორმებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა. ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები რეაგირებისა და პრევენციის მიზნით. თავის მხრივ ყველა პოლიტიკურმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას. საარჩევნო ადმინისტრაცია ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ისეთ ქმედებას რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას“, - წერს თამარ ჟვანია.

ბიზნეს ნიუსი

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასა...

პოპულარული

« აგვისტო 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური