საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 03 სექტემბერი 2017 11:30

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს (როგორც კონკურსის წესით არჩეულ ისე, უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს), საუბნო კომისიაში მიღებული ანაზღაურების გამო სახელმწიფო დაფინანსება არ შეუწყდებათ.

კონკრეტულად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეყვანილ პირებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დასაქმდებიან, საარჩევნო კომისიაში მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება; ასევე, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი პირებს, რომლებიც იღებენ სოციალურ პაკეტს საქართველოს მთავრობის  დადგენილების შესაბამისად.   

ანალოგიური წესი ვრცელდება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებსა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ წარმომადგენლებზე.

ზემოაღნიშნული რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-4  პუნქტის შესაბამისად.

 

წაკითხულია 730 ჯერ

Related items

  • ევროკავშირი შინაგან საქმეთა ფონდებიდან დამატებით 420 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას გეგმავს

    16 მარტს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ საბჭოს მოლაპარაკების მანდატზე, რომლის მიზანიცაა წარადგინოს წინადადება 2014-2020 წლების შინაგან საქმეთა ფონდსა და 2021-2027 წლების თავშესაფრის, მიგრაციის და ინტეგრაციის ფონდში შესწორების შესატანად. შესწორება, რომლის მიღებაც დაჩქარებული პროცესის ფარგლებში განიხილება, შექმნის დამატებით რესურსებს უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამოქცეული ლტოლვილების  მისაღებად.

    შეთავაზებული ტექსტი ერთი წლით ახანგრძლივებს 2014-2020 წლების შინაგან საქმეთა ფონდს და ხელმისაწვდომს ხდის თავშესაფრის და მიგრაციის დაუხარჯავ ფონდებს, რომლებიც სხვა მიზნებისთვის იყო განსაზღვრული. ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, გადაუდებლად გამოიყენონ თანხები ომიდან გამოქცეული ადამიანების უზარმაზარ ნაკადთან გასამკლავებლად. 

    აღნიშნულის საშუალებით, გამოუყენებელი ფონდებიდან დამატებით დაახლოებით 420 მილიონი ევრო გახდება ხელმისაწვდომი.

  • ცესკოს განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით ემიგრანტების საარჩევნო უფლების თაობაზე

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა გამოავლინა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მორიგი ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოში დღეს ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ ინტენსიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ამომრჩეველთა ერთიან სიაში ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. აღნიშნული პირი მოუწოდებს ემიგრაციაში მყოფ პირებს, რომ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და იმ შემთხვევაში თუ სიაში საკუთარ მონაცემებს აღმოაჩენენ ახლობლებს თხოვონ აღნიშნულის გამო არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე დაწერონ საჩივრები. აღნიშნულმა პოსტმა მიიღო საკმაოდ მასშტაბური ხასიათი, ამ დროისთვის ის უკვე გაზიარებულია 50-მდე ფეისბუქ ჯგუფში, სადაც ძირითადად ემიგრანტები არიან გაწევრიანებულები.

    „ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმის მიუხედავად არის თუ არა ის საქართველოში. ამასთანავე მათ უნდა ჰქონდეთ რეგისტრაცია საქართველოში და ფლობდნენ ვალიდურ დოკუმენტს.  საზღვარგარეთ მყოფ პირებს სიაში მათი მონაცემების გასწვრივ მითითებული აქვთ, რომ იმყოფებიან საზღვარგარეთ. არსებობს გარკვეულ პირთა წრე, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი არ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და მათ შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ამდენად თავისთავად ის ფაქტი, რომ ემიგრაციაში მყოფი ამა თუ იმ პირის მონაცემები არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ მიუთითებს რაიმე დარღვევაზე. უფრო პირიქით ამ გზით ამომრჩევლის საარჩევნო უფლება არის დაცული, ვინაიდან წინასწარ არ არის ცნობილი კონკრეტული პირი როდის დაბრუნდება საქართველოში და იმ შემთხვევაში თუ ის ქვეყანაში  დაბრუნდება არჩევნების დღეს, მას უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან არასწორია მითითება ახლობლების მიერ საჩივრის დაწერასთან დაკავშირებით, ვინაიდან   საარჩევნო კანონმდებლობით არჩევნების დღეს ამომრჩეველი არ წერს საჩივარს.

    ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე იმყოფება კომისიის 17 წევრი, მათ შორის პარტიების წარმომადგენლები. ასევე პროცესის მიმდინარეობას აკვირდება სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები. ამდენად თითოეული ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა ყველა მათგანის ჩართულობით არის უზრუნველყოფილი.

    საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ დღეს გავრცელებული  ინფორმაციის მიზანი შესაძლოა იყოს ემიგრანტების შეცდომაში შეყვანა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია.

    მივმართავთ თითოეულ ემიგრანტს ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავიანთი სტატუსთან დაკავშირებით სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდნენ ცესკოს კონტაქტ ჰაბის მეშვეობით ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 “- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ბრიფინგზე.

  • განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლის პროცესთან დაკავშირებით

    10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადაითვალა. აქედან 360 საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე არის გადათვლილი, აღნიშნული უბნები, როგორც არაერთხელ გავავრცელეთ ინფორმაცია, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით გამოვლინდა.

    ამ მონაცემებიდან, გამოიკვეთა, რომ 66,7%-ში არ დაფიქსირდა ცვლილება, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები; რასაც არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

    194 საარჩევნო უბნის მონაცემი, საოლქო საარჩევნო კომისიების ინიციატივით ან საჩივრის საფუძველზე გადათვალეს.

    257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები კი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადამოწმდა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ რეკომენდაციის სახით გააცნო საზოგადოებას და საოლქო საარჩევნო კომისიებს.

    წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ინფორმაციას სწორედ ამ 257 საუბნო საარჩევნო კომისიის მიხედვით.

    შედეგების გადათვლის საფუძველზე, 197 უბანზე ცვლილება არ განხორციელებულა; რაც შეეხება 60 საუბნო საარჩევნო კომისიას, - მცირედი ცვლილება შეეხო ნამდვილ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს.

    • ჯამურად, 60 უბანზე საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ - 53 ხმა;
    • მერობის კანდიდატებს დააკლდათ 5 ხმა და მოემატათ - 41ხმა;
    • მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13 ხმა და მოემატათ - 82 ხმა; 

    ამ მონაცემებს არსებულ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

    ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 9 ოქტომბერს გადათვალეს 257 საუბნო საარჩევნო კომისიების ის შედეგები, სადაც უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით, ან ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები, სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები. მაშინ როცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს რეკომენდაციის საფუძველზე კონკრეტული საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლის თაობაზე გადაწყვეტილება, სწორედ ზემოხსენებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ. ამიტომ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცესკოს მითითებით გადათვლილია უბნების შედეგები, სადაც მცირე რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები, არასწორია.

    საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესის შესახებ ეცნობა სარჩევნო სუბიექტებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს,  რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე. აქედან გამომდინარე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ და დაკვირვებოდნენ გადათვლის პროცესს.

    რამდენიმე საარჩევნო ოლქში არ შედგა კვორუმი (ანუ კომისიის შემადგენლობის სრული უმრავლესობა არ გამოცხადდა) და რიგ შემთხვევებში პარტიული ნიშნით დანიშნულმა კომისიების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გადათვლის საკითხს; რის გამოც ვერ განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციის შესაბამისად.

    საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,  რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია, ხოლო არჩევნების შედეგების მიმართ იყოს მაღალი ნდობა.

    როგორც საქალაქო, ისე რაიონულ სასამართლოებში მიმდინარეობს უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა და საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს სასამართლო გადაწყვეტილებების შესაბამისად.

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

    ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა იყო ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის გიორგი სიორიძის და სახელმწიფო ინსპექტორის შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს გაიმართა.

    შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მზადების პროცესზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო კაბინების განახლების საკითხზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ მათი დიზაინი შეიცვალა, ამომრჩევლის ხმის ფარულობა კვლავ დაცულია.  მისივე განცხადებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე კენჭისყრის დღეს თითოეული ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები მაქსიმალურად იყოს დაცული, ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

    „საარჩევნო ადმინისტრაცია ამუშავებს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ამომრჩევლის ერთიანი სიების ფორმირებას, შესაბამისად ჩვენთვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს წარმოადგენს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა და ამ მხრივ შესაბამისი გარანტიების შეთავაზება, რა მიმართულებითაც ჩვენ არაერთ საქმიანობას ვახორციელებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ჩართულობა, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციებს გათვალისწინება იმისთვის, რომ ეს დაცულობის ხარისხი კიდევ უფრო მეტად იყოს გაზრდილი.“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

    როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, მისი უწყება აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან როგორც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ისე სამართლებრივ ნაწილშიც.

    „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლობა არის  არსებითად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში და კენჭისყრის დღეს, ვინაიდან ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა არის არსებითი მნიშვნელობის საკითხი. არჩევნების დღეს გვეყოლება გამოყოფილი ერთი პირი, რომელიც იქნება საკონტაქტო პირი როგორც ამომრჩეველთან, ისე საარჩევნო ადმინისტრაციასთან,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ შეხვედრის შემდეგ.

    შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სახელმწიფო ინსპექტორის იურიდიული სამსახურის უფროსი ლანა ღუნაშვილი ესწრებოდნენ.

  • საუბნო საარჩევნო კომისიებზე დღეს მორიგი ზეწოლა განხორციელდა

    არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს სრული დატვირთვით, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს; ჩვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას.

    დღეს საბურთალოს საარჩევნო ოლქის  76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე (ორივე უბანი განთავსებულია ერთ სკოლაში), კანონდარღვევით შეიჭრა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის) კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს იმ მიზეზით, თითქოს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დიდი რაოდენობით, ვადების დარღვევით იყო შეტანილი; ასევე პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აპელირებდა იმაზე, რომ უბნის წევრები ვარჯიშობდნენ ვაზელინის გამოყენებით მარკირების სითხის მოშლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მივიდა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და აუხსნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ინვენტარი და მათ შორის მარკირების სითხეც, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, საჭირო რაოდენობით იყო მიტანილი და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, პარტიის წარმომადგენელმა გააგრძელა  შეურაცხმყოფელი განცხადებები, რის გამოც ოლქის თავმჯდომარეს მოუხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ოლქის თავმჯდომარეს ასევე უწოდებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს და გაურკვეველი მიზეზების გამო საპატრულო პოლიციას სთხოვდნენ მარკირების სითხის ამოღებას. პარალელურად, სოციალურ ქსელში “facebook”-ი ვრცელდებოდა დისკრედიტაციული დეზინფორმაცია ზემოაღნიშნულ ორ უბანზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე.

    ცალსახად ვაცხადებთ, რომ კანონმდებლობით არ არსებობს სპეციალური ვადები მარკირების სითხის უბნისთვის გადასაცემად. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად ნაწილდება კენჭისყრის დღისთვის აუცილებელი ინვენტარი, მათ შორის მარკირების სითხე, საარჩევნო დოკუმენტაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები და ა.შ. ამ თემით მანიპულირება კი ჩართული მხარეებისგან წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ ხელისშეშლას და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური