საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება ლიტვასთან - 79:77

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:09

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ლიტვის ნაკრები 79:77 დაამარცხა! საქართველოს და ლიტვის ნარკების ბოლო დაპირისპირებები უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ასე იყო ახლაც და საბედნიეროდ გამარჯვებული ამჯერად საქართველო გამოვიდა, რომელმაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში განცდილი მწარე მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო! თამაშის საწყისი წუთები და მეორე ნახევარიც ლიტვის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიმეტრიდანაც კარგად თამაშობდა და სამწამიანშიც აგროვებდა ქულებს, ძირითადად იონას ვალანჩუნასის დახმარებით.

ამ ყველაფერს გიორგი ცინცაძის ტრამვა დაემატა და ისე ჩანდა, რომ ჩვენი გუნდი მატჩის გადარეჩენას ვერ შეძლებდა. მაგრამ, საოცარი, ზღაპრული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ვერც მოტეუნასმა და ვერც კუზმინსკასმა ვერ შეაჩერეს, ორივემ მატჩი 4-4 პერსონალური შენიშვნით დაასრულა. თორნიკემ 29 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

მესამე პერიოდის მიწურულს ზუროსმა მოედანზე ორი მაღალი - ფაჩულია და შერმადინი შემოუშვა, რამაც გაამართლა - ის მონაკვეთი საქართველომ მოიგო და საერთოდაც ბერძენმა სპეციალისტმა მთელი თამაში უმაღლეს დონეზე წარმართა, ლიტველთა თავკაცს დაინიუს ადომატისს ულაპარაკოდ აჯობა. საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო მოხსნებში 32:38, უარესი ბალანსი ჰქონდა სამქულიანებში 3:8, მაგრამ თამაში მაინც მოიგო. მოიგო გამართული, დალაგებული დაცვის ხარჯზე.

ჩვენს გუნდს ასეთი მაღალი დონის თამაში დაცვაში აქამდე არ უჩვენებია, რაც ცხადია ილიას ზუროსის დამსახურებაა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.

ლიტვის დამარცხება, რომელიც ჩვენი ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით არის ჩამოსული აბსოლუტურად ცვლის საერთო სურათს ბ-ჯგუფში და ჩვენს გუნდს აძლევს საუცხოო შანსს, რომ პლეი ოფში ბევრად უკეთესი ადგილით გავიდეს. ეს კი თავის მხრივ პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის წინაპირობაა. თუმცა, მანამდე ჯგუფური ეტაპის 4 თამაშია, რომელიც საქართველომ ასევე მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს.

ხვალ, 1 სექტემბერს გუნდები ისვენებენ. 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს უკრაინას იოლად 75:63 მოუგო. თელ ავივში ისტორიულ შეხვედრას 400-მდე ქართველი დაესწრო და საქართველოს ნაკრებს უქომაგა. ქართველი კალათბურთელები ტრიბუნებიდან გაამხნევეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, ყველა ვინც მოედანზე იყო 100% დაიხარჯა. ცინცაძის დაშავების შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ძირითადი ხუთეულის წევრებს სათამაშო დრო კიდევ უფრო გაეზარდათ და გარკვეულწილად გავრისკეთ იმაზე გათვლით, რომ ხვალ დასვენების დღეა და იმედია ბიჭები ძალების აღდგენას მოასწრებენ. ეს გამარჯვება კარგია, მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ, წინ კიდევ 4 მძიმე მატჩია და ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანი გასვლაა.  მადლობა კიდევ ერთხელ გუნდს ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის"

ლექსო მაისურაძე

წაკითხულია 772 ჯერ

Related items

  • ფეხბურთში ერთა ლიგის 2022 წლის კალენდარი ცნობილია

    საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე ცნობილი გახდა. „ჯვაროსნები“ C ლიგის „დ“ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი ნაკრების მეტოქეები იქნებიან ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი.

    საქართველოს ნაკრები იწყებს და ამთავრებს გიბრალტარით. 6 მატჩისთვის უეფა-მ სულ ორი სანაკრებო „ფანჯარა“ დააწესა – ივნისსა და სექტემბერში.

    ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ნაკრები 10 დღეში, 2-12 ივნისს მიყოლებით 4 მატჩს ჩაატარებს.

    აღსანიშნავია, რომ ასეთი დაძაბული და რთული გრაფიკი ეროვნულ გუნდს არასოდეს ჰქონია.

             2 ივნისი

    საქართველო – გიბრალტარი

    5 ივნისი

    ბულგარეთი – საქართველო

    9 ივნისი

    ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო

    12 ივნისი

    საქართველო – ბულგარეთი

    23 სექტემბერი

    საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

    29 სექტემბერი

    გიბრალტარი – საქართველო

    წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს

    კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელიც 2 წელი გაგრძელდება და ევროპის 32 ქვეყნის ნაკრებიდან 12 საუკეთესოს შეარჩევს, რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" კალათბურთის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, პირველი ფანჯრის მატჩები 25, 26, 28 და 29 ნოემბერს ჩატარდება და მათი რაოდენობა ჯამში 32 იქნება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 26 ნოემბერს, თბილისში, უკრაინასთან გამართავს, ხოლო 29-ში ქალაქ ხაენში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

    ტურნირის ორგანიზატორმა ფიბა-მ პირველი ფანჯრის 32 შეხვედრიდან განსაკუთრებით საინტერესოები გამოარჩია. ათეულში შეყვანილია ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება, რომელიც 29 ნოემბერს, ანდალუსიის დიდი ისტორიის მქონე პატარა ქალაქ ხაენში გაიმართება.

    აი, რას წერს ამ მატჩის შესახებ ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი: “ეს პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის კიდევ ერთი დამაინტრიგებელი მატჩია. ესპანეთი აშკარად გადახალისების რეჟიმშია, რამდენიმე გამოცდილმა კალათბურთელმა კალათბურთელმა სანაკრებო კარიერა დაასრულა და მათ შორის ძმები გასოლებიც არიან. ამდენად, აუცილებელია საერთაშორისო მატჩების გამოცდილება ახალგაზრდა კალათბურთელებმაც მიიღონ. უდავოა, რომ მათთვის საქართველო სერიოზული ტესტი იქნება, მითუმეტეს, რომ ამ ნაკრებს ფავორიტებთან მოგების გამოცდილება აქვს. ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მათ სტუმრად სერბეთსაც კი მოუგეს. საინტერესოა, რომ ესპანეთი და საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც შეხვდებიან, A ჯგუფის მასპინძელი კი სწორედ თბილისია”.

    ისტორიულად, საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს სლოვენიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ. ის მატჩი ესპანელებმა დამაჯერებლად – 83:59 მოიგეს. 

    ფიბა-ს აზრით, ნოემბრის ფანჯრის დროს, საქართველო-ესპანეთის მატჩის გარდა, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ეს მატჩები: სერბეთი-ლატვია, ხორვატია-სლოვენია, დიდი ბრიტანეთი-საბერძნეთი, შვედეთი-ფინეთი, საფრანგეთი-მონტენეგრო, რუსეთი-იტალია, ბელარუსი-თურქეთი, პოლონეთი-გერმანია, ჩეხეთი-ლიეტუვა. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის ნაკრები მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლში 26 ნოემბერს ჩაერთვება, როდესაც თბილისში უკრაინას მიიღებს. ამავე დღეს ესპანელები ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრებიან. 29-ში, ესპანეთი-საქართველოს გარდა, G ჯგუფში კიდევ ერთი თამაშია: უკრაინა-ჩრდილოეთ მაკედონია. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის.

    გიორგი ოთინაშვილი

  • ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება. ხაზი გაესვა, ორმხრივი ურთიერთობების უაღრესად მაღალ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.
    საუბარი შეეხო ლიეტუვის დელეგაციებთან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მუდმივი მხარდაჭერისა და საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციების ინიცირებისთვის.
    ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ლიეტუვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას. COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 ათასი დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
    ხაზი გაესვა ლიეტუვის მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხილულ იქნა შემდგომი ერთობლივი საქმიანობისა და კოორდინაციის ძირითადი მიმართულებები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ემზადება და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატოს მომავალ სამიტზე, რომლის დღის წესრიგში შეტანილია საქართველოს საკითხი და გამოითქვა იმედი, რომ სამიტის დეკლარაციაში აისახება ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
    შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს, რომელსაც ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში პირადად გაეცნო. გიტანას ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
    შეხვედრას ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, პრეზიდენტის კაბინეტის მთავარი მრჩეველი იევა ულჩიცკაიტე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში სკირმანტე სტრაიგიენე, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კომუნიკაციის საკითხებში რამინტა სტანაიტიტე-ჩესნულიენე, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში ლევან ღვაჩლიანი ესწრებოდნენ.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური  

  • საქართველომ ფინეთს მე-3 პერიოდში 19 ქულა გაუბათილა

    ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის 4 გამარჯვებით დაწყების შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ბოლო 2 შეხვედრა წააგო და E ჯგუფში საბოლოოდ მე-2 ადგილი დაიკავა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ჟურნალისტი იტყობინება.

    აღნიშნული ადგილი ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოუტანდა, თუმცა ილიას ზუროსის გუნდს  ეს მისია თამაშების დაწყებამდე შესრულებული ჰქონდა, რადგან ჩვენი ქვეყანა მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და ისევე როგორც გერმანიას, იტალიასა და ჩეხეთს, კონტინენტის პირველობაზე თამაში საქართველოსაც გარანტირებული აქვს. 

    ბოლო 2 მატჩი საქართველომ თბილისში გამართა. ესე არ იყო თავიდან დაგეგმილი, თუმცა ფიბა-ს კოვიდ-პანდემიის გამო ფორმატის შეცვლა მოუხდა და იზოლირებულ გარემოში, ეგრედწოდებული “ბაბლის” სისტემით უკვე მეორე ფანჯარა ჩაატარა. პირველ იზოლირებულ ფანჯარაში, გეხსომებათ, ზუროსის გუნდმა ფინეთში ორივე მატჩი მოიგო (ფინეთი და შვეიცარია დაამარცხა), მეორე “ბაბლს” კი თბილისმა უმასპინძლა და საკუთარ კედლებში საქართველოს არ გაუმართლა. ჩვენმა გუნდმა ვერ შეკრიბა ოპტიმალური შემადგენლობა და პლუს ამას, პირველ მატჩში დაშავდა კონერ ფრენკამპი – ახალი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი, რომელმაც სერბეთთან მატჩი ვერ ჩაამთავრა და, ცხადია, ფინეთთნაც ვერ ითამაშა.

    ფრენკამპის ტრავმის შემდეგ ჩვენი გუნდის უკანა ხაზი მთლიანად სუპერლიგის მოთამაშეების იმედად დარჩა. ძირითადი გამთამაშებლის ამპლუა მწვრთნელებმა “ვერას” წევრ გივი ბაქრაძეს უბოძეს, რომელთან ერთადაც სასტარტოს უკანა ხაზში რუსთაველი მერაბ ბოქოლიშვილი დადგა. საქართველოს ნაკრებს თავიდან გაუჭირდა ფინელებთან პაექრობა, რადგან სკანდინავიელებს შორი სროლები წაუვიდათ, დაცვაში კი უფრო მობილურად თამაშობდნენ და სწრაფ კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ. 

    პირველ პერიოდში ფინელებმა 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს და დამსახურებულად გალიდერდნენ – 30:17. მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრების დაცვა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და ფინელებს პერიმეტრიდან ჩაგდება გაუჭირდათ.

    ბოლო წუთებზე ზუროსის გუნდს არაერთხელ ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, მოსაგებ ბრძოლაში ისევ ჩაბმულიყო, თუმცა ხან არ გაუმართლა, ხანაც ტექნიკური ხარვეზი დაუშვა და ფინელებმა გამარჯვება გაინაღდეს – 78:70 (სტატისტიკა). სკანდინავიელთაგან 14-14 ქულით საუკეთესო შედეგი ელიას ვალტონენმა და ერიკ მერფიმ აჩვენეს. 

    საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულა და 5 მოხსნა დუდა სანაძემ მოაგროვა, ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე კი 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. 4-დან 3 სამიანი ჩააგდო და 9 ქულას გაიფორმა მიხეილ ბეიშვილმა, მერაბ ბოქოლიშვილი კი ჩვენს ნაკრებს 6 ქულით შეეწია.

    შედეგად, E ჯგუფში 4 მოგება და 2 მარცხი საქართველომ და სერბეთმა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე სერბეთი პირველ ადგილზე გავიდა. სანამ საქართველო 2022 წელს ევრობასკეტს უმასპინძლებდეს, ჩვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში მომავალ აგვისტოში ჩაებმება.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მონაწილეა. ყატარის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურხიში 8 დეკემბერს გაიმართა. დღეს კი ცნობილი გახდა მატჩების კალენდარი. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სულ რვა შეხვედრას ჩაატარებს.

    ჩვენი გუნდი შესარჩევ რაუნდს 2021 წლის, 25 მარტს შვედეთთან მატჩით იწყებს და 2021 წლის, 11 ნოემბერს შვედეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

    B ჯგუფის კალენდარი
    • 25 მარტი
      შვედეთი - საქართველო
    • 28 მარტი
      საქართველო - ესპანეთი
    • 31 მარტი
      საბერძნეთი - საქართველო
    • 2 სექტემბერი
      საქართველო - კოსოვო
    • 5 სექტემბერი
      ესპანეთი - საქართველო
    • 9 ოქტომბერი
      საქართველო - საბერძნეთი
    • 12 ოქტომბერი
      კოსოვო - საქართველო
    • 11 ნოემბერი
      საქართველო - შვედეთი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური