საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება ლიტვასთან - 79:77

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:09

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ლიტვის ნაკრები 79:77 დაამარცხა! საქართველოს და ლიტვის ნარკების ბოლო დაპირისპირებები უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ასე იყო ახლაც და საბედნიეროდ გამარჯვებული ამჯერად საქართველო გამოვიდა, რომელმაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში განცდილი მწარე მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო! თამაშის საწყისი წუთები და მეორე ნახევარიც ლიტვის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიმეტრიდანაც კარგად თამაშობდა და სამწამიანშიც აგროვებდა ქულებს, ძირითადად იონას ვალანჩუნასის დახმარებით.

ამ ყველაფერს გიორგი ცინცაძის ტრამვა დაემატა და ისე ჩანდა, რომ ჩვენი გუნდი მატჩის გადარეჩენას ვერ შეძლებდა. მაგრამ, საოცარი, ზღაპრული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ვერც მოტეუნასმა და ვერც კუზმინსკასმა ვერ შეაჩერეს, ორივემ მატჩი 4-4 პერსონალური შენიშვნით დაასრულა. თორნიკემ 29 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

მესამე პერიოდის მიწურულს ზუროსმა მოედანზე ორი მაღალი - ფაჩულია და შერმადინი შემოუშვა, რამაც გაამართლა - ის მონაკვეთი საქართველომ მოიგო და საერთოდაც ბერძენმა სპეციალისტმა მთელი თამაში უმაღლეს დონეზე წარმართა, ლიტველთა თავკაცს დაინიუს ადომატისს ულაპარაკოდ აჯობა. საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო მოხსნებში 32:38, უარესი ბალანსი ჰქონდა სამქულიანებში 3:8, მაგრამ თამაში მაინც მოიგო. მოიგო გამართული, დალაგებული დაცვის ხარჯზე.

ჩვენს გუნდს ასეთი მაღალი დონის თამაში დაცვაში აქამდე არ უჩვენებია, რაც ცხადია ილიას ზუროსის დამსახურებაა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.

ლიტვის დამარცხება, რომელიც ჩვენი ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით არის ჩამოსული აბსოლუტურად ცვლის საერთო სურათს ბ-ჯგუფში და ჩვენს გუნდს აძლევს საუცხოო შანსს, რომ პლეი ოფში ბევრად უკეთესი ადგილით გავიდეს. ეს კი თავის მხრივ პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის წინაპირობაა. თუმცა, მანამდე ჯგუფური ეტაპის 4 თამაშია, რომელიც საქართველომ ასევე მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს.

ხვალ, 1 სექტემბერს გუნდები ისვენებენ. 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს უკრაინას იოლად 75:63 მოუგო. თელ ავივში ისტორიულ შეხვედრას 400-მდე ქართველი დაესწრო და საქართველოს ნაკრებს უქომაგა. ქართველი კალათბურთელები ტრიბუნებიდან გაამხნევეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, ყველა ვინც მოედანზე იყო 100% დაიხარჯა. ცინცაძის დაშავების შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ძირითადი ხუთეულის წევრებს სათამაშო დრო კიდევ უფრო გაეზარდათ და გარკვეულწილად გავრისკეთ იმაზე გათვლით, რომ ხვალ დასვენების დღეა და იმედია ბიჭები ძალების აღდგენას მოასწრებენ. ეს გამარჯვება კარგია, მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ, წინ კიდევ 4 მძიმე მატჩია და ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანი გასვლაა.  მადლობა კიდევ ერთხელ გუნდს ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის"

ლექსო მაისურაძე

წაკითხულია 629 ჯერ

Related items

  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მონაწილეა. ყატარის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურხიში 8 დეკემბერს გაიმართა. დღეს კი ცნობილი გახდა მატჩების კალენდარი. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სულ რვა შეხვედრას ჩაატარებს.

    ჩვენი გუნდი შესარჩევ რაუნდს 2021 წლის, 25 მარტს შვედეთთან მატჩით იწყებს და 2021 წლის, 11 ნოემბერს შვედეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

    B ჯგუფის კალენდარი
    • 25 მარტი
      შვედეთი - საქართველო
    • 28 მარტი
      საქართველო - ესპანეთი
    • 31 მარტი
      საბერძნეთი - საქართველო
    • 2 სექტემბერი
      საქართველო - კოსოვო
    • 5 სექტემბერი
      ესპანეთი - საქართველო
    • 9 ოქტომბერი
      საქართველო - საბერძნეთი
    • 12 ოქტომბერი
      კოსოვო - საქართველო
    • 11 ნოემბერი
      საქართველო - შვედეთი
  • სულ ზევით, ზევით – საქართველოს ნაკრები ევროპაში წონას და პრესტიჟს იმატებს

    საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ფინეთში ჩატარებული ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მეორე მატჩიც მოიგო და E ჯგუფს კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს. და ეს მაშინ, როცა ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის სტატუსის გამო განაღდებული აქვს, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი სახელიანი სერბეთის ნაკრები ჯგუფში ჩვენს ზურგსუკანაა და კონტინენტის პირველობაზე გასასვლელად იბრძვის.

    2 დღის წინ ფინეთთან მოგებულ მატჩში ილიას ზუროსმა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაამტკიცა, რომ გუნდის შერჩევა და თამაშის წაყვანა კარგად ეხერხება. ძირითადი შემადგენლობის 7 კალათბურთელის გარეშე მოთამაშე ქართველებმა მასპინძელ ფინეთს მოუგეს, 2 დღეში ის შვეიცარიაც დაამარცხეს, რომელმაც ქალაქ ესპოოს არენაზე 28 ნოემბერს სერბეთს 92:90 სძლია.

    ფინეთში მოპოვებულ ორივე გამარჯვებაში უდიდესი იყო საქართველოს სუპერლიგის მოთამაშეების წილი. ჩვენს გუნდში 3 გამოკვთილი ვარსკვლავი თამაშობდა – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, დანარჩენები კი სუპერლიგის წიაღიდან იყვნენ, რომლებმაც თავი ფინეთთან გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთხელ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინეს.

    შენგელიას მარჯვენა ფეხი აწუხებდა და ილიას ზუროსმა მხოლოდ 20 წუთი ათამაშა. მწვრთნელმა ისე გაუნაწილა თორნიკეს სათამაშო დრო, რომ გუნდის კაპიტანი და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი მოედანზე იმ დროს ყოფილიყო, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დრო იყო მატჩის დასაწყისი, შუაწელი და რაღა თქმა უნდა, ბოლო წუთები. შენგელიამაც, ფინეთთან მატჩის მსგავსად, შეხვედრის ბოლო წუთზე მებრძოლი სული გამოავლინა, ბურთი შვეიცარიელებს აართვა და ზუსტი საჯარიმოებით საქართველოს ნაკრებს მოგება გაუნაღდა.

    შენგელიაზე მთელი 9 წუთით მეტი ითამაშა და “ცხუმ-აფხაზეთის” ფორვარდმა ალექსანდრე ფევაძემ, რომელიც კვლავ ძალიან სარგებლიანი იყო. ჩვეული სიდინჯით და კვლავ საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა გივი ბაქრაძე, რომელსაც ბურთი ხომ საიმედოდ გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე და შედეგიანადაც უტევდა.

    ბექა ბექაურმა სანაკრებო კარიერაში უმეტესი – 18 წუთი ითამაშა და 2 სამქულიანი ჩააკალათა, საბა ლობჯანიძემ კი 12 წუთში კარგი დაცვა ითამაშა, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს ნაკრებმა, რის ფონზეც შვეიცარიელებმა მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ შორი სროლებით სძლიეს 2 დღის წინ შვეიცარიელებმა სერბეთს, როცა 23 ცდიდან 13 სამიანი ჩააგდეს. ილიას ზუროსმა კარგი დასკვნები გამოიტანა აღნიშნული მატჩიდან და შვეიცარიელებს სამქულიანების სასროლი სივრცეები ხომ გადაუკეტა და მეტოქეს სწორედ შორი სროლებით გატეხა. თად მაკფადენმა, რომელმაც ფინეთთან 6 ცდიდან ყველა სამიანი ააცილა, შვეიცარიასთან 9-დან 6 ჩააგდო.

    წინა მატჩში ტრავმირებულმა მერაბ ბოქოლიშვილმა შვეიცარიასთან სასტარტოში დაიწყო და გუნდს საწყის წუთებში დაცვითი მუხტი შემატა, ხოლო ილია ლონდარიძემ, რომელიც ფინეთთან მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, იმ 3 წუთში, რაც მოედანზე იყო, თავი არ შეურცხვენია.

    დაბოლოს გიორგი კორსანტია, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანი იყო. არასრულ 13 წუთში კორსანტიამ 9 ქულა მიითვალა და ქართველების დაცვით ჯაჭვშიც მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა.

    საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკი დიდი პატივისცემით დატოვა. ილიას ზუროსს და მის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მოგებული ფინური ბაბლის შემდეგ პრესტიჟი კიდევ უფრო მოემატა და ევროპაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. საქართველო უმიზნებს მომავალი ბაბლის მასპინძლობას, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლო კვირაში გაიმართება და რის ფარგლებშიც ზუროსის გუნდს სერბეთთან და ფინეთთან დაპირისპირება მოუწევს. ქართველებს, რომლებსაც ევრობასკეტის საგზური ჯიბეში აქვთ,  1 მოგება ჯგუფში პირველ ადგილს გაუნაღდებს. ასეთ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურებს E ჯგუფიდან 2-3 ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

    კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

  • ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში აღარ უხელმძღვანელებს

    ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

    2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

    ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი - ოფის ფინალში ითამაშა.

    ვლადიმირ ვაისის მატჩების სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში - 16/15/16.

    გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

    რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

    39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, აღნიშნულია სფფ-ს განცხადებაში.

  • საფრანგეთი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

    საფრანგეთი დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს საქართველოს ახლადარჩეულს პრეზიდენტს,  სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. საფრანგეთი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს  ახლადარჩეულ  პრეზიდენტთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეუძლია იქონიოს ჩვენი იმედი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მტკიცე მხარდაჭერის კუთხით“ - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
     

  • საქართველო ელიტ-რაუნდშია!

    საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში მონტენეგრო 2:0 დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.

    გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. გოლებით ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩნენ.
    ტურის მეორე შეხვედრაში იტალიამ ლატვია 1:0 დაამარცხა და საქართველოსთან ერთად ჯგუფიდან გასვლა იტალიელებმაც ვადამდე გაინაღდეს.

    შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი 30 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

    საქართველო U17 - მონტენეგრო U17

    თბილისი, „მიხეილ მესხი“

    საქართველო U17: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი (73’ გაგუა), დავითაშვილი (80+3’ მოისწრაფიშვილი), აბზიანიძე (65’ ლორდქიფანიძე), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი

    სათადარიგო შემადგენლობა: კუტალაძე, ბაქრაძე, ჯანგველაძე, ლომთაძე, შვარცი

    მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

    მონტენეგრო U17: რადულოვიჩი, პუპოვიჩი, რადენოვიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, პ. ვუკჩევიჩი, ბოჟოვიჩი (65’ მიკიჩი), დრინჩიჩი, ი. ვუკჩევიჩი (76’ შიმუნი), გასევიჩი (41’ მუზუროვიჩი), დინოსა

    სათადარიგო შემადგენლობა: ჟივანოვიჩი, მუდრეშა, კრივოკაპიჩი, ვუიანოვიჩი, დუბლიევიჩი

    მთავარი მწვრთნელი: ბორის მილიჩკოვიჩი

    მსაჯები: გლენ ნიბერგი (შვედეთი), ფრედერიკ კლივერი (შვედეთი), იაშარ აბასოვი (აზერბაიჯანი), რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

    გაფრთხილება: 2’ დავითაშვილი, 19’, 31’ ოსმანოვიჩი, 21’ მილიკიჩი, 27’ რადენოვიჩი, 62’ აბზიანიძე, 64’ ვუკჩევიჩი

    გაძევება: 31’ ოსმანოვიჩი

    გოლები: 1:0 დავითაშვილი (28), 2:0 კვარაცხელია (46)


    იტალია U17 - ლატვია U17 1:0 

    თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

    იტალია U17: რუსო, ბარაზეტა, ლეონე (70’ სანდრი), არმინი, სერპე, გიაბუა, ვერგანი, რიკარდი, ბუა (80+1’ პონსი), გრეკო, ფაგოლი (65’ კორტინოვისი)

    სათადარიგო შემადგენლობა: გელმი, მიკელოტი, გისლანდი, ტონინი, ივერუ, პეტრელი

    მთავარი მწვრთნელი: კარმინე ნუნძიატა

    ლატვია U17: დუბოდელოვსი, ტრუსკოვსკისი, ლიბეკსი, ოზოლინში, ვარსლავანსი, ვილერსი (80+1’ კარტიშოვსი), მაგრინსი, კალნინში (41’ კრიუკოვიჩსი), სიდოროვსი (64’ ვილიუმსონსი), ფედოროვიჩსი, კირკილსი

    სათადარიგო შემადგენლობა: სოროკინსი, გრიგორიევსი, ჟურავლიოვსი, ილჟინსი, ბამბალსი, სილვესტროვსი

    მთავარი მწვრთნელი: იგორს სტეპანოვსი

    მსაჯები: ერიკ ლამბრეხტსი (ბელგია), კარელ დე როკერი (ბელგია), ლევან ვარამიშვილი (საქართველო), გიორგი კიკაჩეიშვილი (საქართველო)

    გაფრთხილება: 52’ ლეონე, 73’ ლიბეკსი, 80+4’ ვერგანი

    გოლი: 1:0 ფაგოლი (19)

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური