საცნობარო ტური "მე ვირჩევ" იმერეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 11:11

არასამთავრობო ორგანიზაცია ICDI ახალი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „მე ვირჩევ!“ იწყებს იმერეთის რეგიონის 6 ოლქის ჩართვას წინასაარჩევნო ინფორმირების, ყველასთვის საინტერესო, ნოვატორულ, საგანმანათლებლო, საცნობარო ტურში.

ჩვენ ერთად მოვივლით ქალაქებს: ზესტაფონს, ხარაგაულს, საჩხერეს, ჭიათურას, ტყიბულს, თერჯოლას და ადგილობრივ მოსახლეობას გავუზიარებთ ცოდნას, რათა მათი უპირატესი ხმის უფლება დაცული იყოს! რათა მათთვის ნათელი გახდეს არჩევნებზე მისვლის აუცილებლობა და აქტივობის მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, იმ საინფორმაციო ტექსტური მასალებით, რომლებიც მოვამზადეთ და ვიდეო კლიპის მეშვეობით, რომელიც მთელ იმერეთს მოუწოდებს მაღალი აქტივობისკენ, მივცეთ სტიმული ადგილობრივ ამომრჩეველს, მოახლოვებულ დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსიროს გადაწყვეტილება.

თითოეულ ოლქში ჩვენი ძალისხმევით და უაღრესად დიდი ენთუსიაზმით, მოეწყობა სიმულაციური თამაშები, კონკურსები და ვიქტორინები, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას და არჩევნების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, ადგილობრივი ტელევიზია გააშუქებს სახალისო ვიდეო-ანიმაციას.

ღია ცის-ქვეშ მოეწყობა საჯარო-საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან და დარიგდება საინფორმაციო მასალები. საინფორმაციო მასალები აქტუალურ თემებზე უკვე მზადაა. მაგალითად: არჩევნების მნიშვნელობა, აქტიური მოქალაქეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები, ამომრჩეველთა უფლებები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, კენჭისყრის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

იმისათვის, რომ ახალი თაობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესში პროექტმა მათ წახალისებაზეც იზრუნა და ჩვენი სლოგანით: „შენი ხმა რეგიონის განვითარებისთვის“, ჩვენი სახელწოდებით - „მე ვირჩევ“ და ორგანიზაციის დასახელებით - ICDI მაისურები ლოზუნგით -ნუ დარჩები სახლში! კეპებით, ბლოკნოტებით, ბუშტებით ხელდამშვენებულები ჩავალთ!

პროექტი ხორციელდება სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ უკვე მზად ვართ თქვენთან შესახვედრად!

#იმერეთი - შენ ირჩევ! მე ვირჩევ! ჩვენ ვირჩევთ! შენი ხმა რეგიონის განვითარებისთვის!!!

 

წაკითხულია 380 ჯერ

Related items

  • 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

    დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

    ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

    ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

    ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

    საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.

    ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.

    საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

    შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

    საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

    დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. ცესკოს მედია ცენტრში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

    და ბოლოს, შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ დღეს არის უქმე, არასამუშაო დღე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

    ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას, რაც ამომრჩევლებს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური ავღანეთში

    ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტურში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა. პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგების დათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.

    ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა.

    II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.

    საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა,  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

    სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

    არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

    „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

  • ცესკოს თავმჯდომარის შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი

    28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს.

    არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. 

    არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის  55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.

    ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

    ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877, რომელშიც შედიან საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები,  მათ შორის  14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე. საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს არაერთი სერვისი შესთავაზა ამ არჩევნებისთვის, რომლითაც საერთო ჯამში ამომრჩევლებმა მილიონზე (1 182 031) მეტჯერ გადაამოწმეს სიაში მონაცემები. ამომრჩეველთა სიები დაბეჭდილია და მათი საჯარო ვერსიები უკვე გამოკრულია საუბნო საარჩევნო კომისიებში. 

    28 ოქტომბერს, დილის 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად. საარჩევნო ოლქებს უკვე გადაეცათ ბიულეტენები, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის (4) დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური). აქტიურად მიმდინარეობს საარჩევნო დოკუმენტაციისა და შესაბამისი მასალების უბნებზე გადაცემის პროცესი. უბნები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

    თითოეულ საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა. ამომრჩევლებისთვის ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრულია კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის, უბნების 1/3-ზე მეტი, 1264 საარჩევნო უბანია ადაპტირებული და აღნიშნული ამომრჩევლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ხმის მიცემის სპეციალური კაბინები.

    28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების  შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 7 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში). საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს, მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე, გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

    საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნოლოგიური სერვისებით 2018 წელს სარგებლობდნენ პოლიტიკური პარტიები და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები, რომლებიც ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის მეშვეობით ნიშნავდნენ საარჩევნო კომისიებში წევრებს, სუბიექტის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს. 

    აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.  საარჩევნო პროცესს გააშუქებს  125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი; აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.

    შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს  კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია. მოვუწოდებთ საარჩევნო უბანზე მყოფ უფლებამოსილ პირებს, არ გამოცხადდნენ   პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო/სააგიტაციო ატრიბუტიკით უბანზე.

    28 ოქტომბერს ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში და არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დასრულებამდე.

    ასევე, შევახსენებთ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას; ხოლო თუ არ მოხდება საჩივარზე შესაბამისი რეაგირება, განმცხადებელს შეუძლია იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივრით დაუყოვნებლივ მიმართოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. კანონმდებლობის თანახმად, ცესკოში წარდგენილი ნებისმიერი საჩივარი, რომელიც შეეხება საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებს, დარჩება განუხილველი.

    28 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

    შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა ხდება ცესკოში არსებულ შედეგების შეჯამების ცენტრში, სადაც ოპერატორებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები სპეციალურ პროგრამაში შეყავთ.

     

    ამასთან, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურად ესწრებიან ცესკოს სხდომებს,  ახორციელებენ ცესკოს საქმიანობის მონიტორინგს და მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ შედეგების შეჯამების პროცესში, კონკრეტულად, მათი დამკვირვებლები ცესკოს ოპერატორებთან ერთად სურვილის შემთხვევაში განახორციელებენ საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

    აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ დააკვირდეს ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე მოხდება.

    24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი - 2 51 00 51 და ონლაინ ჩათი. ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შესაძლებლობა აქვს ჟესტურ ენაზე ვიდეო ზარით მიიღოს სასურველი ინფორმაცია.  სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვან ამომრჩევლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

    28 ოქტომბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი, სადაც მედიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. დღის განმვალობაში მედიაცენტრში პერიოდულად გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები.

    საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია კანონმდებლობის შესაბამისად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით მოემსახუროს ამომრჩევლებს; მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს საზოგადოებრივი ინტერესებისადმი პატივისცემით, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ  საარჩევნო პროცესს, იმოქმედონ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებასა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელებას.

  • ცესკო ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას აგრძელებს

    საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო ბარათების დარიგება დაიწყო

    ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის აგრძელებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. 28 სექტემბრიდან 3 637-მა საუბნო საარჩევნო კომისიამ დაიწყო ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების დარიგება. ბარათის მეშვეობით თითოეულ ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნების, ასევე მისი საარჩევნო უბნის შესახებ ინფორმაცია და საჭიროებისას გადაამოწმოს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემები.

    ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს ცესკოს ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდა ამომრჩევლებს შესთავაზა - „ახალგაზრდების საარჩევნო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ინიციატივა შესთავაზა ახალგაზრდა ამომრჩევლებს. 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 45 000-ზე მეტი ახალგაზრდა, ისინი, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში, უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან, ამომრჩევლის ბარათთან ერთად, ასევე მიიღებენ წერილობით მიმართვას არჩევნების მნიშვნელობისა და მათი მონაწილეობის შესახებ. რაც შეეხება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათს, თუ 8 ოქტომბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს ბარათს, მას შეუძლია დაუკავშირდეს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ან საკუთარი მონაცემები დამატებით გადაამოწმოს ცესკოს მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ელექტრონული სერვისის საშუალებით. თუ ამომრჩეველი აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, მას შეუძლია 10 ოქტომბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს“ - განუცხადა მედიას ანა მიქელაძემ.

    რაც შეეხება რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს: საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ შეახსენებს მათ, რომ 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროებისას გაიარონ შესაბამისი პროცედურები - „მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ, როგორც ელექტრონულად შეთავაზებული სერვისების საშუალებით, ისე უშუალოდ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოკრულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია. ამომრჩეველთა სიები ხელმისაწვდომია  ქართულ და ასევე, შესაბამისი უბნებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე“ - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

    დღევანდელი დღის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 3 503 113 ამომრჩეველი. ცესკოს მიერ შეთავაზებული ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების სერვისებით 1-ლი აგვისტოდან 1-ელ ოქტომბრამდე 700 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.

    შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 

    2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური