ძიუდო: ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა!

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 11:39

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!

ბილალ ეიელსალმანი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სიუაბულელა მაბულუ (სამხრეთი აფრიკა), რაიან ვარგასი (აშშ) და ბაულ ანი (სამხრეთი კორეა) - ნახევარფინალამდე ვაჟამ ესენი დაამარცხა, იქ კი მომავალ გამარჯვებულთან, იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთ სამხრეთკორეელს ლი-ჰვან კიმს სძლია.

აბე, როგორც ვთქვით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში იაპონელმა რუს მიხაილ პულიაევს აჯობა. მეორე ბრინჯაოს მედალს ისრაელის ნაკრების წევრი ტალ ფლიკერი დაეუფლა, რომელმაც უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას მოუგო.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო ვაჟასთვის 2017 წელს მესამე მედალია: თებერვალში მან ჯერ პარიზის გრანდ სლემზე დაიკავა მესამე ადგილი, ორ კვირაში კი დიუსელდორფის გრან პრი მოიგო.

„ეს მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პირველობას, ოქროს მედალს ვგეგმავდი, მესამე ადგილი მაინც მისაღებად მიმაჩნია. ვეცდები მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენო", - განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც შარშან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მარგველაშვილის მესამე ადგილით კმაყოფილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე: „ვაჟას გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. მთელი ტურნირის მანძილზე მან ერთადერთი შეცდომა დაუშვა და დასანანია, რომ მოდუნება წაგებად დაუჯდა... ვთვლი, რომ მან ჭკვიანურად იჭიდავა და კარგი იქნება თუ მომავალში ასე გააგრძელებს ასპარეზობას".

შეგახსენებთ: მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ბუდაპეშტის ტატამზე ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა, თუმცა ის ნაადრევად გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.

დღეს, 30 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს ნაკრების ორი წევრი იბრძოლებს: ვაჟებში ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), გოგონებში კი მარიამ ჯანაშვილი (57კგ).

წაკითხულია 755 ჯერ

Related items

  • საქართველოს 23-წლამდე ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია!

    საქართველოს U23 ნაკრები ძიუდოში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ძიუდოს ფედერაციაში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, ფინალურ ორთაბრძოლაში საქართველო ეთერ ლიპარტელიანმა დააწინაურა, შემდეგ რუსებმა ორი შეხვედრა მოიგეს, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტებმა ზედიზედ 3 ბრძოლა წარმატებით დაასრულეს. ჯერ ნიკა ხარაზიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა მოიგეს, ბოლოს კი, გადამწყვეტ ბრძოლაში საბა ინანეიშვილმა იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სომხიშვილის შეხვედრა თითქმის 10 წუთი გაგრძელდა და ქართველმა რუს მეტოქეს გაფრთხილებებით აჯობა. მანამდე კი ქართველებმა საფრანგეთისა და უნგრეთის ნაკრებებს სძლიეს.

    მას შემდეგ, რაც გუნდური შეჯიბრებები შერეული სისტემით (ბიჭები და გოგონები) ტარდება, საქართველოს ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.

    უნდა აღინიშნოს, რომ რომ საქართველომ ინდივიდუალურად ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

    ოქრო - ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ილია სულამანიძე (-100კგ),

    ვერცხლი - ალეკო მამიაშვილი (-73კგ), ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ),

    ბრინჯაო - გიორგი თუთაშვილი (-66კგ), გიორგი ჩიქოვანი (-100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ).

    შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის უნგრეთში გაიმართა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ლაშა გურულმა მოკრივეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

    საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა, რომელიც ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატზე 7 წარმომადგენლით წარსდგა, ორი ბრინჯაოს მედალი დაიბევა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, პირველი, ვინც საპრიზო ადგილამდე გაიკვალა გზა სახილ ალახვერდოვია (48 კგ). მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება. ქულებით დაამარცხა ინდოელი გოვინდ საჰანი. მეოთხედფინალში ასევე ქულებით მოუგო ყირგიზ მირლან ტურკბაის და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რაც გარანტირებულ ბრინჯაოს მედალს უდრის.

    ასევე მესამე ადგილი აქვს გარანტირებული ლაშა გურულს (67 კგ). საქართველოს ნაკრების წევრმა პირველ შეხვედრაში ქულებით დაამარცხა ბაჰამელი რაშილდ უილიამსი, შემდეგ - სლოვაკი მიხალ ტაკაჩი და ირანელი ამირ მაღსუდი მალი. ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში  კუბელ კევინ ბრაუნ ბაზას მოუგო და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი დაიბევა. სამწუხაროდ, გურული ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლას ტრავმის გამო გამოტოვებს. ასე რომ, პირველი მედალი მის ანგარიშზეა.

    „მადლობა ღმერთს, რომ მედალი მოვიპოვე. სავარაუდოდ ოპერაციას გამიკეთებენ. ყველაფერი კარგად იქნება  - ბრინჯაოს მედალი მოპოვებულია", - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში აცხადებს ლაშა გურული.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში შეიძლება 2 წელიწადში ერთხელ გაიმართოს

    უეფა-ს ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის ოთხწლიანი ციკლის ნაცვლად ორწლიან ციკლში ჩატარების წინადადება, მათში შეშფოთებას იწვევს და რომ ეს საკითხი მოითხოვს ფართო კონსულტაციებს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ უეფამ და მისმა 55 წევრმა, 14 სექტემბერს ჩატარებულ სხდომაზე მოითხოვეს, სპეციალური შეხვედრა დაგეგმონ, რომელზედაც თავიანთ შეშფოთებას დააფიქსირებენ ამ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით უეფა-ს დღემდე ფიფა-სგან რაიმე პასუხი არ მიუღია.

    გლობალური ფეხბურთის განვითარების დირექტორის არსენ ვენგერის მიერ მამაკაცთა და ქალთა შორის ფეხბურთში დასახული საერთაშორისო მატჩების განრიგის შესაბამისობის განხილვის მიზნით, ფიფა მომავალ ხუთშაბათს, 30 სექტემბერს, სპეციალურ შეკრებას გამართავს.

    როგორც ცნობილია, 1930 წლიდან დაწყებული მამაკაცთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ (მხოლოდ 1942 და 1946 წლებში მეორე მსოფლიო ომის გამო გაუქმდა), ხოლო ქალებს შორის კი 1991 წლიდან იმართება.

     

  • ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა

    ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონითი კატეგორიაში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. 

    დაძაბულ ფინალურ ორთაბრძოლაში ლაშა ბექაურმა გერმანიის ნაკრების ძიუდოისტი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი "ვაზარით" დაამარცხა. 

    ლაშა ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელ პიოტრ კუჩერასთან ორთაბრძოლაში ჯერ "ვაზარი" გააკეთა, შემდეგ კი შეხვედრა შებოჭვით დაასრულა. მეორე ტურში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელთან, ლი კოხმანთან "ვაზარით" აგებდა, თუმცა ჩამორჩენა "ვაზარითვე" გააბათილა და შემდეგ ავასატე იპონით (წმინდა გამარჯვება) დაამარცხა.

    მეოთხედფინალში ლაშას მეტოქე უზბეკეთის წარმომადგენელი დავლათ ბობონოვი იყო. 21 წლის ქართველმა უზბეკ ძიუდოისტს ჰანსოკუ-მაკეთი სძლია. ნახევარფინალში კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ძიუდოისტი, მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.

    შეგახსენებთ, რომ ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ამ დროისათვის ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი მოიპოცეს.

     

  • თბილისში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა /გრანდ სლემი/ ძიუდოში

    დღეს, 26 მარტს თბილისში სტარტი აიღო თბილისის ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა /გრანდ სლემი/ ძიუდოში.

    ქართველი ძიუდოისტებისთვის სტარტი ძალიან დამაიმედებელი იყო. მამაკაცებში 66-კგ წონით კატეგორიაში საკუთარი პირველი შეხვედრები სამივე ქართველმა ძიუდოისტმა მოიგო. ვაჟა მარგველაშვილს, ბაგრატ ნინიაშვილს და ბექა წიფიანს მეოთხედფინალში გასასვლელად თითო გამარჯვება სჭირდებათ. მარგველაშვილი და ნინიაშვილი კი გასვლის შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ ნახევარფინალის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან, 60კგ-ში ლაშა ჩადუნელმა პირველი წრე გაიარა, შაქრო შათირიშვილი კი გრანდ სლემს გამოეთიშა.

    რაც შეეხებათ მანდილოსნებს, 52კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა პირველი ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ტურნირს დაემშვიდობნენ.

    თემურ ნოზაძეს (60) და ეთერ ლიპარტელიანს (57) ჯერ პირველი შეხვედრებიც არ ჩაუტარებიათ.

    ტურნირში 80 ქვეყნის 464 ძიუდოისტი მონაწილეობს, მათ შორის 211 ქალბატონია. წინასწარი შეხვედრები 09:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება. 

    თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 28 მარტს დასრულდება.

     

     

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური