საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 11:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. 

საუბრის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რეგიონული სატრანსპორტო პროექტები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები იყო. 

პრემიერ-მინისტრმა  სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა. 

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონული სატრანსპორტო პროექტების აქტივიზაციით და ვფიქრობ, ეს ორმხრივი ინტერესის საგანია. ამიტომაც, ჩვენ ვიმყოფებით აქ, რათა განვიხილოთ ეს პროექტები. მოხარული ვართ, რომ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ვაფასებთ თურქმენეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თურქმენეთის პოზიციას საერთაშორისო პლატფორმებზე. გილოცავთ "აზიადა 2017"-ის წარმატებულ ორგანიზებას და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ასეთი ღონისძიებები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ სპორტის განვითარებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. მადლობას გიხდით გახსნის ცერემონიაზე მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, საქართველო ამ ღონისძიებაზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ამ მხრივ არსებობს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენი მიზანია, არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება, რათა განვავითაროთ სატრანზიტო პროექტები. "აბრეშუმის გზის" წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაცილებით მაღალ ხარისხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა  ასევე ისაუბრა კულტურულ-ჰუმანიტარულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. 

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება თურქმენეთის პრეზიდენტმა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რაც აისახა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებზე.

"ჩვენ მადლობელი ვართ, რომ მხარს უჭერთ თურქმენეთის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის საერთაშორისო ინიციატივებს, ღია კარის პოლიტიკას, ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება სატრანზიტო დერეფნის განვითარება და ა.შ. არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია და მადლობას გიხდით, რომ დღეს გაიმართება მისი მომდევნო სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები", - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი კვირიკაშვილი მეხუთე აზიური თამაშების "აზიადა 2017"-ის გახსნაზე აშხაბადში კიდევ ერთხელ მიიწვია და აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ასევე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი.

წაკითხულია 455 ჯერ

Related items

  • პრემიერ-მინისტრი 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მქონე ჩემპიონებს შეხვდა

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. პრემიერმა ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.

    აღსანიშნავია, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, 2019 წელს, ექვსივე სპორტსმენმა ქვეყანას ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო ჩემპიონის მედალი მიუტანა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა მათგანს წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტული მიანიჭა.
    გიორგი გახარიამ, ჩემპიონებს ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის და მისი პოპულარიზაციისთვის დიდი მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

  • "სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე", - გიორგი გახარია

    რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
     
    მთავრობის მეთაურის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით.
     
    „დღეს აღვნიშნავთ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, რაც ძალზედ სიმბოლურია. ასევე სიმბოლურია, რომ ამ ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც მე მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს. ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი დაახლოებით 4, 5 მილიონი დოლარია, ისევე როგორც, საქართველოს მხარემ მილიონი ლარი დახარჯა, იმისათვის, რომ ყველაფერი აღგვეჭურვა უმაღლეს დონეზე. ეს კეთდება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების, ჩვენი ჯარისკაცების ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, პირველ რიგში, იზრუნოს თავის ჯარისკაცებზე. განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაც არის ოკუპირებული, განსაკუთრებით სახელმწიფო, რომელმაც სულ რამდენიმე წლის წინ იწვნია, რას ნიშნავს ჯარისკაცები, რომლებიც პირდაპირ საომარ მოქმედებებში არიან ჩართულები და განსაკუთრებით, სახელმწიფო, რომლის ჯარისკაცებიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
     
    პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.
     
    „ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის, ისევე, როგორც კეთდება იმ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებისთვის, რომლებთან ერთადაც თქვენ დღეს მხარდამხარ იბრძვით სამშვიდობო მისიებში და რომლებთან ერთადაც ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
     
    „პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ქალბატონ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ჩვენს სტუმრებს. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მინისტრს, რომელმაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა. მაგალითად, მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე და ეს ბატონი ირაკლის დამსახურებაა. თითოეულ თქვენგანს, პირველ რიგში, მსურს გისურვოთ მშვიდობა და ჯანმრთელობა. მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მეგობრების ქვეყნებში მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრები უბრალოდ არ გვჭირდებოდეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    წეროვანში დღეს, რეგიონში უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

  • თურქმენეთის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს თურქმენეთის პრეზიდენტისგან გამოგზავნილი ოფიციალური წერილი გადასცა

    2020 წლის 10 იანვარს, "ორბელიანის" საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბ-ნი დოვლეტ მურატოვის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, მის აღმატებულება, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან.

    შეხვედრის დასაწყისში, თურქმენეთის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მოწვევის წერილი და ოფიციალური მიწვევა, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში „ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და მისი მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარება“, რომელიც ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს ეძღვნება, და რომელიც ჩატარდება აშხაბადში, 2020 წლის 11-12 დეკემბერს.

    საუბრის დროს მხარეებმა აღნიშნეს მუდმივი ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ხორციელდება თურქმენეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით და მიზნად ისახავს მშვიდობის, საერთაშორისო უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას.

    შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

     

  • გაერო-ს ეგიდით მიღებული რეზოლუცია ”თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის” თაობაზე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მსოფლიო პოლიტიკაში, აცხადებს თურქმენეთის ელჩი საქართველოში

    1995 წლის 12 დეკემბერი თურქმენეთის ხალხის თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. ოცდახუთი წლის წინ, გაეროს 185 წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერით მიღებული სპეციალური რეზოლუცია ”თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის” თაობაზე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მსოფლიო პოლიტიკაში. ამის შესახებ თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დოვლეტ მურატოვმა განაცხადა საელჩოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

    მისივე თქმით, თურქმენეთი არ შედის არც ერთ სამხედრო ბლოკში, რაც სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. „მიმდინარე წელს შესრულდა 25 წელი მას შემდეგ რაც თურქმენეთმა მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით წელს თურქმენეთში დაგეგმილია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება“, - აღნიშნა თურქმენეთის ელჩმა.

    გარდა ამისა, დ. მურატოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 12 დეკემბერი არის ნეიტრალიტეტის გამოცხადების საერთაშორისო დღე, ხოლო 2020 წელი აღიარებულია მსოფლიოში ნეიტრალიტეტის და მშვიდობის საერთაშორისო წლად.

    „იმ ძალისხმევიდან გამომდინარე, რასაც თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი ეწევა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განსამტკიცებლად, მიმდინარე წელი ასევე გამოცხადდა როგორც „თურქმენეთი - ნეიტრალიტეტის სამშობლო“- დაამატა ბატონმა ელჩმა.

    ამ დღესასწაულის დაწესების ინიციატივა გამოთქვა თურქმენეთის სახელმწიფო მეთაურმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა 2015 წლის 12 დეკემბერს აშხაბადში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე.

    თურქმენმა დიპლომატმა ასევე დაამატა, რომ დღეისათვის თურქმენეთის ნეიტრალიტეტი მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. მისი ძირითადი პრინციპები სრულად შეესაბამება გაეროს სტრატეგიულ მიზნებს ცენტრალურ აზიაში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის მშვიდობისა და თანამშრომლობის ზონად გადაქცევას, კონტინენტური სტაბილურობის მძლავრ კავშირს. ამ კონტექსტში გაეროს ყოველთვის შეუძლია იმედი ჰქონდეს თურქმენეთის მხარდაჭერის.

    „ნეიტრალიტეტის იურიდიული სტატუსი თურქმენეთის ხალხის მშვიდობისმოყვარე ტრადიციების უმაღლესი გამოვლინებაა და, რა თქმა უნდა, ითვლება ფენომენად საერთაშორისო სამართლის სისტემაში. ნეიტრალიტეტს პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი განიხილავს, როგორც გეოპოლიტიკური ინტერესების გაერთიანების მექანიზმს, მნიშვნელოვან ფაქტორს რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ცივილიზებული დიალოგის კონსტრუქციულ საფუძველს“, - ხაზი გაუსვა დოვლეტ მურატოვმა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • გიორგი გახარია როვნაგ აბდულაევს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

    საუბრისას ხაზი გაესვა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

    აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თერჯოლასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას, სადაც უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

    შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური