საინფორმაციო ბრიფინგი მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 18:41

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესახებ ისაუბრა, რომლებიც კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დადგენილებით მიიღო და აღნიშნა, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის პროცედურული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის. შესაბამისად, ეს მასალები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია 73 საარჩევნო ოლქში დროებითი წევრების არჩევის შესახებ - „ცესკომ 73-ვე საარჩევნო ოლქში აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი, მეექვსე წევრები. საერთო ჯამში, 73 ვაკანტურ ადგილზე სულ 134 განაცხადი იყო შემოსული და კონკურსში მონაწილეობას 134 კანდიდატი იღებდა. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე, უშუალოდ,  ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. სტატისტიკურად დამუშავებული ინფორმაცია არჩეული წევრებისა და მათი გამოცდილების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ცესკომ უმოკლეს ვადებში რეგისტრაციაში გაატარა  5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რათა მათ პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდათ,“-აღნიშნა ანა მიქელაძემ.  

მან არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და საინიციატივო ჯგუფებს შეახსენა, რომ დღეს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციისადმი მომართვის ბოლო ვადაა. „ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში მიმართავს მათ, დროულად განახორციელონ კანონით გათვალისწინებული პროცედურები,“ - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

 

წაკითხულია 576 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გვსურს, მოგაწოდოთ შუალედური ინფორმაცია გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ.

    საქმის მოცულობისა და ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების ინტენსივობის გათვალისწინებით, საქმეზე გაფართოვდა საგამოძიებო ჯგუფის შემადგენლობა და სისხლის სამართლის საქმეზე ამჟამად გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.
     
    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ყველა შესაძლო ვერსიაზე.
     
    სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
     
    ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ იაკობ ბრეგვაძის მიერ "112"- ში განხორციელებულ ზარს, სადაც ის იძახებს პოლიციის ეკიპაჟს და ასევე, ვასაჯაროებთ "112"- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარს იაკობ ბრეგვაძესთან, სადაც ოპერატორი ბრეგვაძის ლოკაციის დაზუსტებას ცდილობს.
     
    რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
     
    როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.
     
    სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:
     
    საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:
     
    • გამოკითხულია 93 პირი;
    • გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან - ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
    • ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;
    • მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;
    • ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი;
    • საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.
     
    ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.
     
    აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას.
    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად.
    შსს-ს პრეს-რელიზი
  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

    დღეს სამინისტროში გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი. მისი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
    2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.
    ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
    მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4- დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.
    გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
    დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი , დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
    ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან, განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

     

     
  • ცესკოს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. თამარ ჟვანია ცესკოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით იქნა არჩეული.

    თამარ ჟვანიამ კენჭისყრაში მონაწილე 9 წევრიდან 8 მათგანის მხარდაჭერა მიიღო.

    რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ ბოჟაძეს ხმა კომისიის ერთმა წევრმა მისცა, მარიამ შელეგიას კი - არცერთმა.

    კენჭისყრაში მონაწილეობა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არ მიუღიათ. საკუთარი ხმის უფლების გამოყენებაზე უარი განაცხადა ასევე თამარ ჟვანიამ.

  • საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

    საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

    სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

    საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

    არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

    „იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

    მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

  • ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

    პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოგიდგენთ ინფორმაციას გარკვეული პროცედურებისა და ვადების შესახებ.

    იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ კენჭისყრაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული.

    საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში და არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უკვე შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებებს/დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge  და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

    საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების სიის ცესკოსთვის გადაცემის ბოლო ვადა დაკავშირებულია არჩევნების მეორე ტურის თარიღთან და მას ცესკო განსაზღვრავს 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამების საფუძველზე.   აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები არაუგვიანეს 8 ნოემბრისა შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქებში. შესაბამისად, ცესკო გეგმავს უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურისთვის საჭირო პროცედურები და  ვადები.

    ამასთან, ცესკო პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, ოფიციალურად, განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის თარიღს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური