საერთო ჯამში დადებითი დინამიკა გვაქვს-გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 11:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ,,უკვე მეოთხე დღეა, ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა.

აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზების მეშვეობით, შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება. გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი.

აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა. მათთან ერთად, ვინც აქამდე მუშაობდა ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლოს გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს, უკვე გაერთიანებული ძალებით გვექნება, მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.

მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ. წუხელ საღამოს ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება. პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში, საფრთხე არავის ემუქრება. ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ მუშაობას დღეს, ხვალ და ორი დღის შედეგებით ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გადავტეხავთ ამ სიტუაციას და გადავალთ ცეცხლის საბოლოდ ჩაქრობის ეტაპზე.

არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც, ისე რომ არ გართულდეს. ეს არის ერთ-ერთი ზონა რომელზეც კონცენტრირება ხდება. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, ერთი აქამდე არსებული ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე. დანარჩენ ზონებზე საჯარისო ნაწილსა და ცოცხალ ძალას განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კომბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას.

წაკითხულია 634 ჯერ

Related items

  • პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

    გაეროს გენდერის თემატური ჯგუფის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პოლიტიკასა და არჩევნების პროცესში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ დისკუსიას დაეთმო. ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, ასევე პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის,საბინე მახლის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

    პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ფორუმის მნიშვნელობაზე, შეხვედრაზე განსახილველ თემაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

    ქალთა ძალადობა პოლიტიკაში ეს ის საკითხია, რომელიც სამწუხაროდ, სიახლეს არ წარმოადგენს. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა და მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში ვხვდებით მსგავს შემთხვევებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ხელი შევუწყოთ ქალთა ჩართულობას და მათ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალებას კი, პრევენციაზე ზრუნვა და დროული რეაგირება წარმოადგენს. აუცილებელია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა შეიმუშაონ შესაბამისი მექანიზმები, რაც პოლიტიკაში მოღვაწე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოახდენს და მათ უფლებების დაცვა უზრუნველყოს“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

    შეხვედრაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სახალხო დამცველის მოადგილემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა, ასევე შვედეთის სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის სამეფოს და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ისაუბრეს.

    შეხვედრა პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელზეც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ და პარლამენტის წევრებმა ნინო წილოსანმაირმა ინაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში მონაწილე ქალების მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე ისაუბრეს. საკანონმდებლო ორგანოდან მაღალი დონის შეხვედრას პარლამენტის წევრები ენძელა მაჭავარიანი და ეკა ბესელია დაესწრნენ.

    დისკუსიის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას და წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ.

     

     
  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
    გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

    "ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

    შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

    ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

    პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

    მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

    საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

    საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. 

    პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, რასაც ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც ადასტურებს.

    “სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, რაც ვფიქრობ, ჩვენს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია. საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    თბილისის საკრებულოში სომხეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ახალქალაქში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.

    პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

  • საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ თარიღზე მისი ვიზიტი სიმბოლურია. „ჩვენ ერთდროულად მოგვიწია დამოუკიდებლობის და პირველი რესპუბლიკის გამოცხადება. ეს თარიღი სულ ორიოდე დღის წინ ვიზეიმეთ საქართველოში და ჩვენთან ერთად ბრძანდებოდა სომხეთის პრეზიდენტი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სომხეთის სტაბილურობა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდის მოვლენებს. სომეხმა ხალხმა გამოავლინა ერთობის და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რის შედეგადაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები გისურვოთ.

    დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ, ახალი სტიმული მივცეთ ორმხრივ ურთიერთობებს ქვეყანასა დ ხალხთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. გიდასტურებთ პირადად ჩემს და ჩემი მთავრობის მზადყოფნას ამისთვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ჩვენთვის ისტორიული და ადამიანური საფუძველი აქვს. ჩვენი ხალხები ღრმა ფესვებით არიან დაკავშირებულნი და ეს კავშირი განუყოფელია. სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში შედგა.

    ეს გამოხატავს არა მხოლოდ ჩემი ხალხის, არამედ ჩემს პირად დამოკიდებულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. გულწრფელად გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. ჩვენმა ქვეყანამ საიუბილეო ღონისძიებებში პრეზიდენტის დონეზე მიიღო მონაწილეობა, რაც იმის დასტურია, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ ამ თარიღს. დარწმუნებული ვარ, რევოლუციის შედეგად, სომხურ-ქართული ურთიერთობები განვითარების დიდ პერსპექტივას შეიძენს. ახალი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად. ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გავაღრმავოთ და მეგობრული ფონი შევქმნათ. ჩვენ გვინდა, საქართველო ვიხილოთ ძლიერი და მდგრადი", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური