ინტერვიუ წარმატებულ ახალგაზრდასთან ნოდარ თათვიძესთან

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017 15:42

ნოდარ თათვიძე 2011 წლიდან აქტიურად გამოჩნდა ტელევიზიების ეკრანებზე სტუდენტთა უფლებების დამცველად, მან ჩამოაყალიბა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და ამის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად იცავდა სტუდენტთა უფლებებს, ახლა კი ნოდარი ტელე-კომპანია თრიალეთის თბილისის ოფისის აღმასრულებელი დირექტორია.

ნოდარ პირველ რიგში მოგესალმებით. რატომ გადაწყვიტეთ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბება და რამდენად დიდი როლი ითამაშა ლიგამ თქვენს ცხოვრებაში?

მოგესალმებით, მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის, რაც შეეხება შეკითხვას, საქართველოს სტუდენტთა უფელების ლიგის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი იყო, რომ საქართველოში სტუდენტთა უფლებები ყოფილიყო დაცული და ახალგაზრდული ცხოვრება უფრო მეტად განვითარებული, ლიგამ ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა ახალგაზრდებითვის, მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი თუ სხვადასხვა აქტივობები უკავშირდება და სწორედ ამიტომ 4 000-ზე მეტი წევრი გააერთიანა ორგანიზაციამ. რა თქმა უნდა ლიგამ დიდი როლი ითამაშა ჩემ ცხოვრებაში და კარიერაში. მე მეამაყება ის, რაც მე და ჩემმა თანაგუნდელებმა განვახორციელეთ ორგანიზაციაში და რა თქმა უნდა თავისთავად არც თუ ისე ხანმოკლე მუშაობამ ორგანიზაციაში მომცა დიდი გამოცდილება და ეს გამოცდილება მე დღეს ძალიან მეხმარება სხვადასხვა საქმიანობაში და კარიერულ წინსვლაში.

ნოდარ დღეს თქვენ ხართ ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის აღმასრულებელი დირექტორი. პირველ რიგში მაინტერესებს როგორ მოხვდით ტელეკომპანიაში? 

პირველ რიგში ვიტყვი რომ ტელეკომპანიებთან ურთიერთობა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაში დავიწყე, ჩვენ ორგანიზაციაში ბევრი აქტივობა გვქონდა და მიწევდა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში როგორც მედიასთან ურთიერთობა ამავდროულად სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობა, მათ შორის თქვენს საინფორმაციო სააგენტო ‘’News Day Georgia’’-სთან. ასევე რამდენიმე წლის წინ მქონდა საავტორო გადაცემა ''ახალგაზრდული აქცენტები'', რომელიც გადიოდა ტელეკომპანია "სტარვიზიაზე" და რომელიც საკმაოდ კარგი რეიტინგით სარგებლობდა, მოკლედ ტელევიზიის სივრცე ჩემთვის უცხო არ იყო. ხოლო რაც შეეხება ტელეკომპანია თრიალეთს, თბილისის ოფისის დირექტორის ვაკანსია ვნახე ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს ვებ-გვერდზე, გავაგზავნე რეზიუმე და გასაუბრების საფუძველზე დავიკავე აღნიშნული პოზიცია ტელეკომპანიაში.

რა ღონისძიებებს ატარებთ ტელე-რადიო კომპანია თრიალეთში?

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკვე არსებული გადაცემების უფრო მეტად განვითარებაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი პროდუქტი მოვარგოთ თანამედროვე სტანდარტებს.ჩვენ ასევე პერიოდულად ვაცხადებთ სტაჟირების კონკურსს და ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას გაიარონ სტაჟირება ჩვენთან და ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ ჟურნალისტებად. გვაქვს როგორც გასართობ-შემეცნებითი ამავდროულად პოლიტიკური გადაცემები.ჩვენ გადაცემებში ვეხებით ყველანაირ თემას როგორიცაა: განათლება, კულტურა, სპორტი, მედიცინა და ა.შ. შესაბამისად ტელეკომპანია თრიალეთი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და ჩვენი ტელევიზიის რეიტინგი დღითი დღე იზრდება.

რა პროფესიის ხართ და ასევე რამდენადაც ვიცი თქვენ ატარებდით ტრენინგებს სტუდენტებისთვის, რა თემებზე უზიარებდით მათ თქვენს გამოცდილებას?

მე საჯარო მმართველობის დოქტორანტი ვარ, სტუდენტობის პერიოდში სწავლის პარალელურად ჩამიტარებია არაერთი ტრენინგი ახალგაზრდებისთვის, როგორიცაა მოტივაცია, ლიდერული უნარჩვევები, სტუდენტთა უფლებები და ა.შ. მე ზოგადად ვარ ის ადამიანი,რომელიც ყოველთვის შეძლებისდაგვარად ცდილობს ახალგაზრდების გვერდით ყოფნას და ზრუნავს მათ წარმატებაზე, ეს ასე იყო საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგაშიც და ტელეკომპანია თრიალეთშიც ასეა, მე ვცდილობ მაქსიმალურად ვიზრუნო ჩვენს სტაჟიორებზე და მათ კარიერულ წინსვლაზე.

როგორც დოქტორანტი გაქვთ თუ არა რაიმე გეგმები მომავალში აკადემიურ სფეროსთან დაკავშირებით?

პირველ რიგში ჩემი მიზანია წარმატებით დავიცვა საჯარო მმართველობის დოქტორის ხარისხი და პარალელურ რეჟიმში ვგეგმავ ლექციების წაკითხვას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

რამდენად რისკიანი ადამიანი ხართ?

ვფიქრობ საკმაოდ რისკიანი ადამიანი ვარ, მიმაჩნია, რომ ადამიანი თუ არ არის რისკიანი, მას გაუჭირდება დასახული მიზნების და ზოგადად წარმატების მიღწევა. 

რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი მიღწევებით?

ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება წინ მაქვს და ახლა საუბარი მიღწევებით კმაყოფილებაზე ნაადრევია. ბევრ რამეს ვგეგმავ ცხოვრებაში, რომელზე საუბრისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

რამდენად დატვირთული ხართ და როგორია თქვენი დღის რეჟიმი?

მეტად რთული კითხვაა, ჩემი დღის რეჟიმი დილით რვა საათზე იწყება და ღამის ორ ან სამ საათზე მთავრდება. გადატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა ვახერხებ განტვირთვას და თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ ქალაქგარეთ.

ნოდარ თქვენს პირად ურთიერთობებში რა ხდება?

ესეც ცოტა რთული კითხვაა, ზოგადად არ მიყვარს პირად ურთიერთობებზე საუბარი შესაბამისად შევიკავებ ვრცლად საუბრისგან თავს, თუმცა მოკლედ შემიძლია გითხრათ ამ ეტაპზე საინტერესო და მნიშვნელოვანი არაფერი.

ნოდარ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გისურვებთ წარმატებას!

წაკითხულია 1929 ჯერ

Related items

  • ნოდარ თათვიძე აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

    საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი ნოდარ თათვიძე ულოცავს აბიტურიენტებს სტუდენტობას და უსურვებს მათ წარმატებებს.

    „ვულოცავთ აბიტურიენტებს სტუდენტობას და ვუსურვებთ წარმატებებს!.. სტუდენტებისთვის სასურველი გარემოს შექმნა და ამ პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უფრო მეტად განვითარებისთვის..იმედი გვაქვს, რომ ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან სტუდენტურ ცხოვრებაში" - განაცხადა, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა ნოდარ თათვიძემ.

  • ნოდარ თათვიძე ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს ეხმაურება

    საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი ნოდარ თათვიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ახალგაზრდული საბჭოს შექმნას. ის მიესალმება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას ახალგაზრდულ საბჭოსთან დაკავშირებით და ღიად უცხადებს მხადაჭერას აღნიშნულ საკითხში. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ პრემიერმა ახალგაზრდული საბჭოს შექმნის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის საკითხები, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდაა, რომლებსაც დროთა განმავლობაში არ მიეცათ პოლიტიკური განვითარების საშუალება და აუცილებელია ამ ახალგაზრდების გაერთიანება იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც დღეს პოლიტიკურად წარმატებულები არიან. ნოდარ თათვიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას 2011 წლიდან ხელმძღვანელობს. ორგანიზაციამ 4000-ზე მეტი წევრი გააერთიანა და 700-ზე მეტი საპატიო მეგობარი (მსახიობები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ახალგაზრდები და სხვა). საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდასთან ერთად სხვადასხვა ახალგაზრდულ საკითხებზე, არაერთი კარგი პროექტი აქვს განხორციელებული. შესაბამისად საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის დამფუძნებელმა, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა აღმოაჩინა მთელი ამ დროის განმავლობაში და სწორედ ამ მიზეზის გამო საუბრობს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რომ ხელი არ შეეწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს ახალგაზრდულ ცხოვრებას სჭირდება უფრო მეტად განვითარება და გაჯანსაღება. ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ახალგაზრდული ცხოვრების განვითარება უნდა იყოს მთავარი მიზანი. ნოდარ თათვიძე სწორედ ამის გამო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და უცხადებს სრულ თანადგომას.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა 2011 წელს ჩამოაყალიბა ნოდარ თათვიძემ და მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად ხელმძღვანელობს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში არაერთი სასიკეთო პროექტი განხორციელებულა. ნოდარი დღეს საჯარო მმართველობის დოქტორანტია და დღესაც აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდებთან ურთიერთობას. საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა დღეს-დღეობით მთელი საქართველოს მაშტაბით აერთიანებს 4000-ზე მეტ წევრს და 700-ზე მეტ საპატიო მეგობარს.

  • "მე ვხედავ ქართულ-კორეული თანამშრომლობის გაძლიერების უდიდეს პოტენციალს“ - კიმ სე ვუნგი

    სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისითაც. უკანასკნელ ხანს ქართულ-კორეულ ურთიერთობები შესამჩნევად ვითარდება და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და მის საქმეთა დროებით რწმუნებულს ბატონ კიმ სე ვუნგს. ჩვენ ვთხოვეთ მას ესაუბრა ქართულ-კორეული ურთიერთობების ესახებ, რაზეც  ბატონი კიმ სე ვუნგი სიამოვნებით დაგვთანხმდა. გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

    ბატონო ელჩო, თქვენ ახლახანს ჩამოხვედით საქართველოში. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

    მანამ სანამ ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებდეთ, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ მე ბაქოში ვმუშაობდი და მაშინ მომეცა პირველად საშუალება მომენახულებინა თქვენი ლამაზი ქვეყანა. რაღა თქმა უნდა საქართველოს შესახებ მე ადრეც ბევრი მსმენია. რაც მთავარია ვიცოდი იოსებ სტალინის, ქართული ღვინის, ნატურალური პროდუქტებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. და უნდა აღინიშნოს მთავარი - საქართველოში ცხოვრობს უაღრესად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი.

    რა სხვაობაა 10 წლის წინ ნანახსა და დღევანდელ საქართველოს შორის?

    რაც პირველ რიგში აშკარად თვალშისაცემია, ეს არის ეკონომიკური წინსვლა და ვიზიტორების შესამჩნევი რაოდენობის ზრდა. გასული წლის მონაცემებით ეს იყო დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი, რაც 2,5 ჯერ აჭარბებს საქართველოს მოსახლეობას.  

    რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების თაობაზე?

    რომ შევხედოთ ამ საკითხს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ-ჯერობით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ  „დღეის მონაცემებით არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების უდიდესი პოტენციალი. პირველ რიგში თქვენი ქვეყანა სწრაფადგანვითარებადი ქვეყანაა. როგორც იცით კორეაც სამოქალაქო ომის შემდეგ გაძლიერდა ეკონომიკურად. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას ეკონომიკურ აღმასვლაში. რაღა თქმა უნდა ჩვენთვის საინტერესოა ინვესტიციების განხორციელება თქვენი ქვეყნის ეკონომიკაში“. აი სულ რამოდენიმე ხნის წინ სეულში საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლი ტე-ჰომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „კორეის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხების გამოყოფის შესახებ“.

    აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან (EDCF) საქართველოსთვის სესხების გამოყოფის ძირითად პრინციპებს. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომში კორეის „ექსიმბანკის“ მეშვეობით, კორეის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდიდან სესხები მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შეთანხმების ფარგლებში ყოველი პროექტის დაფინანსების მიზნით, გაფორმდება დამატებითი ხელშეკრულებები, რომლითაც განსაზღვრული იქნება სესხის ფინანსური პირობები. შესაბამისად, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.

    „აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კორეა მზად არის განიხილოს ყველა თქვენი წინადადება ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების თაობაზე“.

    ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პოლიტიკურ დონეზე თანამშრომლობის განვითარებასაც. როგორც იცით 2016 წელს ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერი შეხვდა ერთმანეთს და ისაუბრეს ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. 2017 წელს თბილისში ფართოდ ავღნიშნეთ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე.

    ქართულ-კორეულ ურთიერთობებში, თანამშრომლობის კუთხით  რომელ პროექტს გამოყოფდით?

    რაღა თქმა უნდა პირველ რიგში ეს არის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს რეალობაში სტრატეგიული მნიშვნელობის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის - „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობას გულისხმობს. პროექტს განახორციელებს სს „ნენსკრა ჰიდრო“, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის - K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ყოველწლიურად 1'200.00 გიგავატ.სთ ელექტროენერგიით მოამარაგებს, რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ხორციელდება ე.წ. BOT (Build-Operate-Transfer) სქემით, რომელიც ჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 36 წელიწადში მის საქართველოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს. ელექტროენერგიის გამომუშავებას ჰესი 2020 წლიდან დაიწყებს, ხოლო მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.

    ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოს წარმატებული მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რომელიც თქვენს ქვეყანასა და მოსახლეობას ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისა და ადგილობრივი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს.

    გარდა ამისა, უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 115 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით მეტია, ვიდრე 2017 წელს. რა თქმა უნდა ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა ურთიერთობების გაზრდის პოტენციალი სახეზე გვაქვს. ასევე ინვესტიციების საერთო მოცულობამ 40 მილიონ დოლარს მიაღწია და ასევე 6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

    სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ იზრდება ორ ქვაყანას შორის ტურისტული მიმოსვლის პოტენციალი. 2017 წელს მაგალითად, 7,2 ათასი კორეელი ტურისტი ესტუმრა საქართველოს. გასულ წელს კი ეს ციფრი გაორმაგდა და 13 ათასს მიაღწია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ეს პირველი შედეგია სხვა ქვეყნებთან შედარებით, როცა ტურისტების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ეს ფაქტი კი იმაზე მეტყველებს, რომ კორეაში  საქართველოს მიმართ ინტერესი მკვეთრად იზრდება. და არა მარტო საქართველოს მიმართ. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ კორეის მოქალაქეებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. მაგალითად, გასულ წელს, 50 მილიონი კორეის მოსახლეობიდან 25 მილიონმა იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებში. „კორეელი მოსახლეობის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ისინი ეძებენ ახალ, საინტერესო ქვეყნებს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო მათი ინტერესების სფეროშია მოქცეული“, - აცხადებს კორეელი დიპლომატი.

    ტურისტების რაოდენობის ზრდას საქართველოში ასევე ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის დაწყება. გასულ წელს სეულსა და თბილისს შორის სამი ჩარტერული რეისი შესრულდა, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი გაორმაგდება. ასევე საუბარია პირდაპირი ავიარეისის (სეული-თბილისი-სეული) გახსნაზეც და ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

    როგორ ვითარდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განათლების სფეროში?

    დიახ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება, სადაც 60 ქართველი სტუდენტი ეუფლება კორეულ ენას. რაღა თქმა უნდა მათ სურვილი აქვთ, სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრონ კორეაში და გააგრძელონ სწავლა კორეის რომელიმე სასწავლებელში. გასულ წელს, კორეის საელჩომ საქართველოში გამოყო სტიპენდია და 3 ქართველო სტუდენტი გააგზავნა კორეაში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე მიმდინარე წელსაც არანაკლებ 3 სტუდენტს გავუშვებთ კორეაში ჩვენი სახელმწიფოს სრული დაფინანსებით. გარდა ამისა, არსებობს კორეის განათლების სამინისტროსთან არსებული ენის შემსწავლელი განათლების საერთაშორისო ცენტრიც, რომელიც ასევე იწვევს სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად. ასევე გვაქვს კორეული ენის შემსწავლელი აკადემიაც, რომელიც არა მარტო იწვევს სტუდენტებს, არამედ თვითონვე აგზავნიან პროფესორ-მასწავლებლებს, რათა სხვა ქვეყნებში შეასწავლონ კორეული ენა სტუდენტებს. საქართველოსთან დაკავშირებით უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ მიმდინარე წელს ისინი გამოაგზავნიან მასწავლებელს, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში შეასწავლის კორეულ ენას ქართველ სტუდენტებს.  კორეელი პროფესორი ორი წლის განმავლობაში დარჩება საქართველოში სამუშაოდ.

    ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მალე ილიას უნივერსიტეტშიც გაიხსნება კორეული ენის შემსწავლელი განყოფილება. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ კორეა პოპულარული ხდება და საქართველოში ინტერესი კორეული ენის შესწავლის მიმართ, ისტორიის, მუსიკისა და ტრადიციების მიმართ მკვეთრად იზრდება.

    რაც შეეხება კულტურის სფეროში თანამშრომლობას აქაც ურთიერთობა მეტად ნაყოფიერად ვითარდება. გასულ წელს ჩატარდა კორეული კულტურის ფესტივალი, ხოლო მოგვიანებით საქართველოში მომუშავე კორეელებმა (რომელთა რიცხვი 120-მდეა) თავისუფალ უნივერსიტეტში ჩაატარეს მუსიკალური ფესტივალი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არა მარტო ქართველები სწავლობენ კორეულ ენას, არამედ კორეელმა სტუდენტებმაც დაიწყეს სეულში ქართული ენის შესწავლა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ელჩს კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილს. სწორედ მან გაუკეთა აღნიშნულ კურსებს ორგანიზება. მისასალმებელია, რომ საქართველო-კორეას შორის ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება. იმედი მაქვს ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კულტურული ღონისძიებების რაოდენობაც მკვეთრად გაიზრდება.

    რაც შეეხება მიმდინარე წლის გეგმებს. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით რომ გვითხრათ?

    მიმდინარე წელს თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვა და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროდან აუცილებლად დაესწრება მაღალი რანგის ჩინოვნიკი.  გარდა ამისა, 2019 წლის პირველ ნახევარში გაიმართება მაღალი დონის ვიზიტი ერთ-ერთი მინისტრის დონეზე.

    ჩვენი საუბრის დასასრულს არ შეიძლება არ შევეხოთ კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების საკითხს. რას აკეთებს ამ კუთხით კორეის მთავრობა?

    როგორც იცით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელშეწყობით მიმდინარეობს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის. იმედი გვაქვს ეს შეხვედრები 2019 წელსაც გაგრძელდება. ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ განიარაღებისა და მშვიდობის შენარჩუნების პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს. დარწმუნებულნი ვართ ჩვენი პარტნიორების ერთიანი ძალისხმევით მივაღწევთ იმ სანუკვარ მიზანს, რასაც მშვიდობის დამყარება ჰქვია. აქვე სიამოვნებით მინდა ავღნიშნო და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც მხარს უჭერენ სამშვიდობი პროცესს და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებას. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენის მხრიდან ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოწესრიგებას.

    ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

  • ნოდარ თათვიძე მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული დრაგედიის გამო

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ თათვიძე მწუხარებას გამოთქვამს გუშინ თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. "სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს! საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ ახალგაზრდები გვერდით დგომისთვის!'' - აცხადებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ნოდარ თათვიძე.

  • საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა - საქართველოს პრეზიდენტი

    საქართველოსთვის ჩინეთის განვითარება იშვიათი და დიდი შესაძლებლობაა და არა გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

    პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში გააღრმავოს. „ჩვენ ჩინეთის განვითარებას ვუყურებთ როგორც მსოფლიოსთვის იშვიათ და დიდ შესაძლებლობას, გამოწვევის ნაცვლად. სწორედ ამიტომ საქართველომ ხელი მოაწერა გასულ წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.

    საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოთამაშეა გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და ხელს უწყობს მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას.„როდესაც ვსაუბრობთ სხვადსხვა ერებს შორის ეკონომიკურ ან კულტურულ დიალოგზე, არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ჩინეთი, რომელიც ეკონომიკურად, დემოგრაფიულად და სამხედრო თვალსაზრისით ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სწორი მიმართულებით ვითარდება. მისი თქმით, ორ ქვეყანას აკავშირებს ნდობაზე დაფუძნებული, პროდუქტიული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პარტნიორობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია, გაერო-ში ჩინეთის როლის გათვალისწინებით.

    საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ჩინეთთან ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ შესახებ. „თუ შეხედავთ ინიციატივის „ერთი სარტყელის, ერთი გზის“ ფარგლებში პროექტებს, აღმოაჩენთ უამრავ მარშრუტს. თუმცა საქართველოს გზა ყველაზე მარტივი და საინტერესოა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა შეუძლია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური