ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 21:39 ნორვეგია

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:47

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.

პრეზიდენტის თასს, რომელიც ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასულ გუნდებს შორის თამაშდება, ნორვეგიის ან სერბეთის ნაკრები აღმართავს, ქართველ ჭაბუკებს კი შანსი აქვთ სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავონ.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 12:17 წააგეს, მეორე ნახევარი კი უფრო დიდი სხვაობით - 9:22. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ასე თუ ისე ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, სკანდინავიელებმა ზედიზედ ოთხი შეტევა დააგვირგვინეს ზუსტი ტყორცნით და მას შემდეგ მხოლოდ ზრდიდნენ უპირატესობას. მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი, რომელიც უდავოდ საუკეთესო იყო პირველ ტაიმში - ათამდე შეტევა მოიგერია, მეორე ტაიმში ნორვეგიელთა ზუსტ ტყორცნებს ვეღარ უმკლავდებოდა. ნათელია: საქართველოს ნაკრების დაცვამ კიდევ ერთი შეხვედრა ჩააგდო, ასეთ დროს კი მეკარეზე აუგის თქმა შეცდომაა.

ქართველმა ჭაბუკებმა პირველ ტაიმში ვერაფერი მოუხერხეს ნორვეგიელთა მარცხენა მცველს, მე-8 ნომერით მოთამაშე სინდრე ჰელდალს. ნორვეგიელთა ჩვიდმეტი გოლიდან რვა მისი იყო. გოლების უმეტესობა ჰელდალმა ერთი და იმავე კომბინაციის შემდეგ გაიტანა: მოგერიებული შეტევის შემდეგ ის უმალ წინ გარბოდა და ხანდოლიშვილის კართან კუთხიდან შეჭრილი, გრძელ გადაცემებს ბურთის ზუსტი ტყორცნით აგვირგვინებდა. შესვენების შემდეგ ლიდერის როლი მე-10 ნომერმა, ოლაფ რიხტერ ჰოფსტადმა იტვირთა - მან შეხვედრა თერთმეტი გოლით დაასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ნორვეგიის ნაკრების მეკარე ემილ ხერი იმსგარდი და მასპინძელთა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიორგი ტიელიძე დაასახელეს. ტიელიძემ ექვსი გოლი გაუტანა სტუმრებს.

„ჩილესთან წაგების შემდეგ გაგვიჭირდა სათამაშოდ განწყობა, თან ტრავმებმაც შეგვაწუხა... ამ თამაშზე ბევრს ვერაფერ ვიტყვი, წავაგეთ და ეს საწყენია... ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის გამოცდილება მგონია, რომელსაც ბიჭები მსოფლიო ჩემპიონატით იღებენ. იცით, რომ ჩვენი გუნდი პირველად მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში... ჩვენ მსოფლიო ხელბურთის საუკეთესო გუნდებს ვხვდებით, ეს კი უკვე მიღწევაა", - განაცხადა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.

„აუცილებლად უნდა შევაქო ჩვენი მცველები, მათ დღეს დიდებულად ითამაშეს, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მთლიანობასი მეორე ნახევარი გაცილებით კარგად ჩავატარეთ, რამაც განაპირობა კიდეც დიდი ანგარიშით გამარჯვება. ვეცდებით პრეზიდენტის თასი მოვიგოთ, ამ წუთიდან ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ესაა", - ასეთი იყო ნორვეგიის ნაკრების თავკაცის ანსტეინ ენგრავსლიას მატჩისშემდგომი კომენტარი.

წაკითხულია 601 ჯერ

Related items

  • ერთა ლიგის წილისყრა: საქართველოს მეტოქეები ცნობილია

    24 იანვარსშვეიცარიიის ქალაქ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად  გაირკვა, რომსაქართველოს ეროვნული ნაკრები ნაკრების D ლიგის 1 ჯგუფში - ანდორასყაზახეთისა და ლატვიის წინააღმდეგ იასპარეზებს

    წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა.  

    წილისყრის დაწყებამდე, ნაკრები გუნდების წარმომადგენლებს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ ერთა ლიგის თასი წარუდგინა.

    ერთა ლიგაზე ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

    ლიგა

    პირველი ჯგუფიგერმანია, საფრანგეთი, ოლანდია

    მეორე ჯგუფიბელგია, შვეიცარია, ისლანდია

    მესამე ჯგუფიპორტუგალია, იტალია, პოლონეთი

    მეოთხე ჯგუფიესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

    ლიგა:

    პირველი ჯგუფისლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი

    მეორე ჯგუფირუსეთი, შვედეთი, თურქეთი

    მესამე ჯგუფიავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია

     მეოთხე ჯგუფიირლანდია, დანია, უელსი

    ლიგა:

    პირველი ჯგუფიალბანეთი, ისრაელი, შოტლანდია

    მეორე ჯგუფი: ესტონეთიფინეთისაბერძნეთიუნგრეთი

     მესამე ჯგუფი: ნორვეგიაკვიპროსიბულგარეთისლოვენია

    მეოთხე ჯგუფიმონტენეგეროლიტვასერბეთირუმინეთი

    ლიგა:

    პირველი ჯგუფი:ანდორაყაზახეთილატვიასაქართველო

    მეორე ჯგუფი:  სან მარინომოლდოვალუქსემბურგიბელორუსი

    მესამე ჯგუფი: კოსოვომალტაფარერებიაზერბაიჯანი

    მეოთხე  ჯგუფი: გიბრალტარილიხტენშტეინისომხეთიმაკედონია

    უეფას ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება და ოთხი ლიგის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

  • ძიუდო: ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა!

    უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!

    ბილალ ეიელსალმანი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სიუაბულელა მაბულუ (სამხრეთი აფრიკა), რაიან ვარგასი (აშშ) და ბაულ ანი (სამხრეთი კორეა) - ნახევარფინალამდე ვაჟამ ესენი დაამარცხა, იქ კი მომავალ გამარჯვებულთან, იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთ სამხრეთკორეელს ლი-ჰვან კიმს სძლია.

    აბე, როგორც ვთქვით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში იაპონელმა რუს მიხაილ პულიაევს აჯობა. მეორე ბრინჯაოს მედალს ისრაელის ნაკრების წევრი ტალ ფლიკერი დაეუფლა, რომელმაც უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას მოუგო.

    მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო ვაჟასთვის 2017 წელს მესამე მედალია: თებერვალში მან ჯერ პარიზის გრანდ სლემზე დაიკავა მესამე ადგილი, ორ კვირაში კი დიუსელდორფის გრან პრი მოიგო.

    „ეს მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პირველობას, ოქროს მედალს ვგეგმავდი, მესამე ადგილი მაინც მისაღებად მიმაჩნია. ვეცდები მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენო", - განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც შარშან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

    მარგველაშვილის მესამე ადგილით კმაყოფილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე: „ვაჟას გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. მთელი ტურნირის მანძილზე მან ერთადერთი შეცდომა დაუშვა და დასანანია, რომ მოდუნება წაგებად დაუჯდა... ვთვლი, რომ მან ჭკვიანურად იჭიდავა და კარგი იქნება თუ მომავალში ასე გააგრძელებს ასპარეზობას".

    შეგახსენებთ: მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ბუდაპეშტის ტატამზე ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა, თუმცა ის ნაადრევად გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.

    დღეს, 30 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს ნაკრების ორი წევრი იბრძოლებს: ვაჟებში ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), გოგონებში კი მარიამ ჯანაშვილი (57კგ).

  • თავისუფალი ჭიდაობა: მსოფლიოს ორი ქართველი ჩემპიონი ჰყავს!

    საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ორი ოქროს მედლით დაასრულა: მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ზურაბ იაკობიშვილმა (65კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) მოიგეს!

    ჩვენმა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით პირველად მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი! ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახალ წონაში - 61კგ - ბრინჯაო მოიპოვა. მესამე ადგილისთვის იჭიდავეს ზურაბ ერბოწონაშვილმა (70კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ), თუმცა მედლის მოპოვება ვერ მოახერხეს და ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულეს.

    25 წლის ზურაბ იაკობიშვილი პირველად ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდ ტურნირზე მისი დებიუტი შარშან, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე შედგა, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე კი მან ბრინჯაო მოიპოვა. და აი, ახლა მსოფლიოს ოქრო!

    ფინალში ზურაბმა პოლონეთის სახელით მოჭიდავე დაღესტნელი მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიისას ჩემპიონთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ისევე, როგორც იაკობიშვილისგან ძლეულმა ბრინჯაოს პრიზიორმა, რუსმა ალან გოგაევმა...

    პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილიც, რომელმაც დიდ ტურნირებზე კარიერაში მეორე ოქრო მოიგო. შარშან, ლატვიის დედაქალაქ რიგაში პეტრიაშვილმა ევროპის უძლიერესი ფალავნის სახელი მოიპოვა.

    პარიზული ოქრო ქართველი მძიმეწონოსნის კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული მესამე მედალია. 2013 წელს ბუდაპეშტში, ორი წლის წინ კი ლას ვეგასში პეტრიაშვილი მესამე იყო.

    ფინალურ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა უძლეველად შერაცხული თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა - 10:8! მეტოქე უძლიერესი რომ იყო, ამას მისი ტიტულებიც მოწმობს: ოლიმპიური, მსოფლიოს ორგზის, ევროპის ოთხგზის, ევროპის პირველი თამაშების და უნივერსიადის ჩემპიონი! აკგულმა, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონის ტიტული (მათ შორის 2013 წელს თბილისში), მეოთხე მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე: ორი ოქროს გარდა მის აქტივშია ბრინჯაო და ახლა უკვე ვერცხლიც.

    საქართველოს ნაკრების სხვა წევრებიდან ბექა ლომთაძე (57კგ) და ჯუმბერ ყველაშვილი (74კგ) პირველივე წრეში დამარცხდნენ, დავით ხუციშვილმა (86კგ) კი მხოლოდ პირველი პაექრობა მოიგო.

  • საქართველოს ნაკრები პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებს

    საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მსოფლიოს მე-7 ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის მეხუთე ტურში ჩილესთან 24:29 დამარცხდა. ბექა ორჯონიკიძის გუნდმა B ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა, 1/8-ფინალში ვერ გავიდა და 16 აგვისტოდან პრეზიდენტის თასისთვის იბრძოლებს. საქართველოსთან ერთად ითამაშებს ჯგუფის მეექვსე ადგილოსანი ალჟირი და სხვა ჯგუფებში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები.

    ძალიან ცუდი დასაწყისი, უხეში, უყურადღებო თამაში დაცვაში და ბევრი წუნი შეტევაში. ისევე, როგორც წინა ორ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ჩილესთან მატჩის დასაწყისიც ჩააგდო. ამის დასტურად თამაშის ოქმს მოვიშველიებთ: მე-6 წუთისთვის მასპინძლები 1:6-ს აგებდნენ, მე-16 წუთისთვის ანგარიში 4:10 იყო ჩილეს სასარგებლოდ, 25-ე წუთზე კი სამხრეთამერიკელები პირველად დაწინაურდნენ რვა გოლის სხვაობით. კლაუდიო ლირას გუნდმა ტაიმი 10:18 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისი აშკარად უკეთესი გამოდგა: შედარებით კარგი დაცვა და შედეგიანი თავდასხმები. ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა ოთხ ბურთამდე, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა – 24:29.

    საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიდან, პირველ რიგში, მეკარე სანდრო ხანდოლიშვილი უნდა გამოვარჩიოთ. პირველი ტაიმის შუაში, როცა დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, მან ზედიზედ სამჯერ მოიგერია 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, მეორე ტაიმში კი კიდევ ორჯერ არ გაატანინა ჩილელებს პენალტი. ხუთი 7-მეტრიანის გარდა ხანდოლიშვილმა არაერთი სახიფათო დარტყმაც უკუაგდო. ის სამართლიანად დასახელდა საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ. ორჯონიკიძის გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მე-18 ნომერი, მარჯვენა შუამარბი გიორგი ცხოვრებაძე გახდა – მან შვიდჯერ დაარტყა ზუსტად.

    ჩილეს ნაკრებიდან მე-6 ნომერი ბაუმან დე ლა ბარერა და მე-13 ნომერი რეინალდო გომეს დრაგო უნდა ვახსენოთ. პირველმა ათი, მეორემ კი ექვსი ბურთი გაუტანა ხანდოლიშვილს. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ყველაზე სასარგებლო მოთამაშის პრიზი სწორედ ბაუმან დე ლა ბრერას გადასცა.

    „ძალიან ცუდად დავიწყეთ, რამაც განაპირობა კიდეც მარცხი. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, აშკარად ჩანდა, რომ გამოვასწორეთ შეტევები, თუმცა ჩაგდებულმა პირველმა ტაიმმა დამღუპველად იმოქმედა“, – ასეთი იყო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების თავკაცის ბექა ორჯონიკიძის კომენტარი.

    „მძიმე, დაძაბული თამაში გადავიტანეთ. საქართველომ მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწია, განსაკუთრებით შესვენების შემდეგ, თუმცა კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა შევძელით. მიხარია რომ მოვიგეთ, ფლეი-ოფში გასვლა ჩვენთვის დიდი წარმატებაა“, – განაცხადა გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო ლირამ.

    1/8-ფინალში, 16 აგვისტოს, ჩილეს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. თამაში 16:15 საათზე დაიწყება.

  • ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 28:24 ალჟირი

    8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

    მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა, საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

    გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

    „ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად", - ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

    როდესაც 10 მაისს, ბაზელში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალჟირის გუნდი იქნებოდა და თან მათთან სასტარტო შეხვედრაში მოგვიწევდა დაპირისპირება ყველანი სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აფრიკელებთან იოლი მატჩი რომ არ გველოდა ეს ისედაც ცხადი იყო. შეხვედრა ორივე გუნდმა თავიდანვე ფრთხილად დაიწყო და ალბათ, ამიტომაც იყო ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა სამი წუთის მანძილზე რომ ვერ მოახერხა, ბოლოს კი ნავსი ლუკა ბულბულაშვილმა გატეხა და აქედან მოყოლებული ალჟირის ნაკრები მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა.

    საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ ბიჭები მაინც ღელავდნენ. ნელ-ნელა ნერვიულობამაც იკლო და ჩვენმა გუნდმაც მარწუხებს მოუჭირა. მე-18 წუთისთვის უკვე 8 ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმი 7 ბურთიანი ჰანდიკაპით დავასრულეთ.

    მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც მეთოდურად ვიმტკიცებდით. გუნდის ლიდერობა ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა იტვირთეს. მეტოქეს პირველმა 9, ხოლო მეორემ 7 ბურთი გაუტანეს. ერეკლე არსენიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულადაც დასახელდა.

    საქართველოს ნაკრებს მცირე ჩავარდნა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოუვიდა, როდესაც ალჟირს 9 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მოდუნდნენ, უხეშობასაც უმატეს და ერთდროულად ორი მოთამაშეც ორი წუთით გაგვიძევეს. აფრიკელებმა ამით ისარგებლეს და სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირეს.

    ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური