დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკს რეფორმების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 10:42

„რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს არაერთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას უჭერს მხარს. ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი გამოირჩევა როგორც საქართველოს მხარდამჭერი. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს აღნიშნული მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკთან სამთავრობო რეფორმების მხარდამჭერი ახალი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) 44.6 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით განვითარების პოლიტიკის მეორე პროგრამული ღონისძიებისთვის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

„მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ბიზნეს გარემოს მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების წახალისებას,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

“აღნიშნული ღონისძიებით მხარდაჭერილი რეფორმების პაკეტი მკაფიოდ მიუთითებს მთავრობის განზრახვაზე დანერგოს პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად,“ - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი თემბონმა.

განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების სერია ხელს უწყობს საქართველოს თავის სწრაფვაში გახდეს დინამიკური განვითარებადი ბაზარი, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული გლობალური ღირებულების ჯაჭვში. ეკონომიკური განვითარების ამ მომდევნო ფაზისთვის მთავრობა ფოკუსირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე, რაც შეამცირებს ეკონომიკის დამოკიდებულებას სახელმწიფო ინვესტიციებზე. რეფორმები გაამყარებს პროდუქტულობის გრძელვადიან ზრდას და ხელს შეუწყობს სარგებლის მიღებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) და ასოცირების ხელშეკრულებებიდან (AA).

მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და გათვალისწინებულია ქვეყანასთან მსოფლიო ბანკის 2014 – 2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში. განვითარების პოლიტიკის დღეს დამტკიცებული ღონისძიება ეფუძნება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც განხორციელდა განვითარების პოლიტიკის პირველი ღონისძიების ფარგლებში. მიმდინარე ღონისძიება უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული რეფორმებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიმართულებით და გააძლიერებს მის გავლენას სიღარიბის დაძლევაზე და საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე. ის არის მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო რეფორმების პაკეტის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 2017 წლის აპრილში დამტკიცებული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიებას ინკლუზიური ზრდის შესახებ და ფოკუსირებულია სახელმწიფო დაწესებულებების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებაზე და ჯანდაცვის და განათლების სექტორების დაფარვის და ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული პროექტი 2017 წლის 31 ივლისს დაამტკიცა. განვითარების პოლიტიკის ეს ღონისძიება რიგით მეორე და იმავდროულად დასკვნითი პროგრამაა უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად კერძო სექტორის პროდუქტიულობის ამაღლების ხელშემწყობი პოლიტიკის, გრძელვადიანი დანაზოგების და ინვესტიციების სტიმულირების, ფინანსური და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერების და სამართლიანი ბიზნესგარემოს შექმნის საშუალებით, რაც შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის და ახალი ფირმების განვითარებას.

წაკითხულია 705 ჯერ

Related items

  • მსოფლიო ბანკი COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მლნ დოლარს გამოყოფს

    მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო, რათა დაეხმაროს მთავრობას ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში COVID-19 -ით გამოწვეული შედეგების შერბილებასა და მათზე რეაგირებაში. აღნიშნული დაფინანსება მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF). მსოფლიო ბანკი, ასევე, თანამშრომლობს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან თანადაფინანსების ხელშეკრულებით დამატებით 100 მლნ. აშშ დოლარის მოსაზიდად.

    პროექტის მიზანია იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს COVID-19 -ის პანდემიით გამოწვეული საფრთხის პრევენციას, გამოვლენას და მასზე რეაგირებას, ასევე, დაუყოვნებელი სოციალური დახმარების უზრუნველყოფას ყველაზე მოწყვლადი ფენისთვის. მოსალოდნელია, რომ პროექტი სარგებელს მოუტანს მოსახლეობის ფართო სპექტრს, კერძოდ კი მოსახლეობის ინფიცირებულ და რისკის ქვეშ მყოფ იმ ნაწილს, როგორებიც არიან მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, და ასევე, საგანგებო სიტუაციებზე მომუშავე და სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მიმართულებით COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებები მოიცავს დაავადების შემთხვევების გამოვლენას და დადასტურებას, ტესტირების ზრდას, ისევე როგორც შემთხვევების სამართავად ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.

    ამასთან ერთად, პროექტი გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ღარიბ და მოწყვლად შინამეურნეობებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოებით და დროებითი ფულადი ტრანსფერების უზრუნველყოფით იმ პირებისთვის, რომელთაც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგეს.

  • ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

    სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთი კვლავაც რჩება სახელმწიფო უწყების გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში წლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში.

    ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების (სულ 52 ობიექტი) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე შეადგენს. ამას გარდა, შექმნილ ვითარებაში, COVID_19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფოს და 52-ვე ობიექტს პირველადი საჭიროების მედიკამენტსა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ინვენტარს უსასყიდლოდ გადასცემს.

    „მნიშვნელოვანია კერძო სექტორისა და სახელმწიფო უწყების პარტნიორული თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვებისა და მოხუცების მიმართ, მითუმეტეს, როცა ინიციატივა კერძო სექტორიდან მოდის და მხარდაჭერა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. ბანკმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ბიზნესის კეთილი ნება, რომ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარების პროცესში. დიდი მადლობა ლიბერთის გვერდში დგომისთვის,“- განაცხადა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

    „ჩვენი მხარდაჭერა, მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრებისთვის მხოლოდ კომუნალური ხარჯების ანაზღაურებით არ შემოიფარგლება და პრიორიტეტს ამ სახლების ბინადრებზე ზრუნვა და მათი უსაფრთხოება წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიზრუნოთ მათზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და თანადგომა,“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

     2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 322 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 57 შშმ პირი.

    მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრისა და დღის ცენტრებში ყოველდღიურ მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 168 ბავშვი იღებს.

  • კონფერენცია თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“

    22 იანვარს, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“ თბილისში, 12:00 სთ -დან 15:00 სთ-მდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში  და მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ , თემაზე: „ჩინეთის გამოცდილება საქართველოსთვის“  ერთობლივ  კონფერენციას  გამართავენ.

    კონფერენციის მიზანია  - საზოგადოებას გააცნოს ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესები. ასევე, ჩინეთში  გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგები, იქაური გამოცდილება მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში, კორუფციასთან ბრძოლასა და იმ წარმატებების მიზეზებში, რამაც ჩინეთის სწრაფი განვითარება უზრუნველყო.

    კონფერენციას დაესწრებიან  - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი,  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე,  წამყვანი ჟურნალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები და ბიზნესმენები.

    ნაწილი პირველი

    • ზოგადი მოხსენება - მალხაზ გულაშვილი - მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, პოლიტოლოგი
    • მისასალმებელი სიტყვა - ძი იენჩი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
    • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ხვთისიაშვილი
    • სიტყვით გამოსვლა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილე - აკაკი საღირაშვილი
    • მომხსენებელი -  ჩინეთის გეოპოლიტიკურ გავლენაზე - ვახტანგ მაისაია -  პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი. თემა: როგორ შეიძლება საქართველომ ეს გავლენები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს
    • მომხსენებელი სიმონ კილაძე, პოლიტოლოგი. თემა: ჩინეთის გამოცდილება შრომითი პერსონალის მართვაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში
    • ზოგადი დისკუსია - ჩინეთის ეკონომიკური როლი საქართველოსთვის, კითხვა-პსუხი

     ნაწილი მეორე

     დამსწრე საზოგადოებისთვის ჩინეთში ყოფნის შთაბეჭდილებების გაზიარება

    აქცენტები გაკეთდება ჩინეთის საპენსიო რეფორმაზე, მის ეკონომიკურ მოდელზე, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ კონცეფციაზე, ჩინური ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მოდელზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე და სხვა

    • რა შეიძლება ისწავლოს ჩინეთის გამოცდილებიდან საქართველომ?
    • როგორ შეიძლება გააძლიეროს ჩინეთის როლი საქართველომ საკუთარი ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად? 

     სწორედ ამ საკითხებს შეეხება კონფერენცია.

    შეგახსენებთ, რომ ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - დღემდე, 26 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩინათმა გიგანტური ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფო გამხდარიყო. ჩინეთის ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ახალი ტექნოლოგიები, საპენსიო რეფორმა, გეოპოლიტიკური როლის ზრდა, სამხედრო რეფორმა - იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს გავლენიანმა ქვეყნებმა ანგარიში გაუწიეს მის ინტერესებს. ამის შედეგად კი, ჩინეთმა ნელ-ნელა დაიწყო თავისი დაკარგული ტერიტორიების მშვიდონიანად დაბრუნება. ჩინეთი წარმატებულად ებრძვის სიღატაკეს და განსაკუთრებულად ზრუნავს საკუთარ მოხუცებზე. ცნობისათვის, დღეს საქართველოს ჩინეთთან აქვს თავისუფალი ვაჭრობა და მთელი რიგი კომპანიები უკვე ამ ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უფრო ინტენსიურ მოქმედებებზე გადასვლა ჩინეთის ახალი კონცეფციიდან - „ერთი გზა-ერთი სარტყელი“ -გამომდინარე.

  • "ჩვენი რეფორმების განხორციელება თანამედროვე დასავლური სტანდარტების წარმატებით დანერგვას ნიშნავს"

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და უმნიშვნელოვანესი უწოდა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რასაც სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას აჭებს.

    მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ერთობლივ პროექტებზე და ხაზი გაუსვა სისტემის რეფორმირების პროცესს, რომელიც სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების არსებით განახლებას და ეფექტიან განვითარებას გულისხმობს.

    მინისტრის თქმით, 2019 წლიდან სამინისტრო იწყებს კულტურის სფეროს საჯარო დაფინანსების ევროპული ტიპის მოდელზე ეტაპობრივ გადასვლას, რომლის მიზანს სამართლიანი, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემის ფორმირება წარმოადგენს. რაც შეეხება სპორტს, მინისტრის თქმით, სპორტული მიღწევები ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ სპორტის განვითარებაზე ზრუნვა ხელისუფლებისა და უწყების ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება.

    „ამ რეფორმათა წარმატება გულისხმობს თანამედროვე დასავლური სტანდარტების დანერგვას. ამიტომ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათი გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და ყურადღება გაამახვილა ნოემბერში პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე, სადაც ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ფინანსურ შეთანხმებას. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ხაზი გაუსვა არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპაში იმავე საფასურით სწავლის მექანიზმის შექმნას, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია.

    მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის პროგრამა ERASMUS პლიუსზე, რომელშიც საქართველოს სერიოზული მიღწევები აქვს; გარდა ამისა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ზე, რომელიც ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებს, მცირე და საშუალო საწარმოებსა თუ მსხვილ კომპანიებს ევროპული დონის მეცნიერების, კვლევითი/ინოვაციური პროდუქტისა თუ სერვისების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

    მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალზე, რომელსაც საქართველომ წარმატებით უმასპინძლა; ამათან, საერთაშორისო ასპარეზზე სამინისტროს კიდევ ერთი წარმატებას, რომლის თანახმად, UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მინისტრის აზრით, განუზომელია კულტურის მნიშვნელობაც, რომლის საუკეთესო მაგალითს ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა წარმოადგენს.

    „სწორედ ამ მიზნით ჩვენი სამინისტრო 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავს საქართველოში ევროპის კულტურის დღეების განხორციელებას და ვიმედოვნებთ თქვენს ჩართულობას ამ პროექტში, რაც ევროპის ქვეყნების კულტურათა სრულფასოვნად წარმოდგენის გარანტი იქნება,“ - განაცხადა მინისტრმა.

  • ლელა ჩიქოვანმა აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას უმასპინძლა

    საქართველოში აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია იმყოფება. საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს აშშ-ის დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა.

    ლელა ჩიქოვანმა ამერიკელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმებს.

    მხარეებმა აშშ-საქართველოს სტარტეგული პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი და ყურადღება გაამახვილეს აშშ-სთან ერთად ყველაზე ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე, რაც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენ და ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის უზრუნველყოფისკენაა  მიმართული. 

    დღესვე აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური