თბილისის საკრებულოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 12 აგვისტო 2017 13:18

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე, ფრაქციის „ქართული ოცნება - მრეწველები“ თავმჯდომარე ვლადიმერ ძნელაძე და ფრაქციის „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ თავმჯდომარე დავით უთმელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის ოფიციალურ დელეგაციას შეხვდნენ.

შეხვედრა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში სს „საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. მან სტუმრებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორია, მუნიციპალიტეტის სტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა გააცნო. საკრებულოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ სავაჭრო - პოლიტიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ასევე ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორმა ლი იხუანმა, რომელმაც ქართულ მხარეს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრას სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის დელეგაცია საქართველოში „საპარტნიორო ფონდის“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით დაგეგმილი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, რომელიც სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართება.

დელეგაცია საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია და მის შემადგენლობაში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან. 

წაკითხულია 31 ჯერ

Related items

  • „საპარტნიორო ფონდისა“ და ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა

    საქართველოს „საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების რიგით მეორე სემინარი გაიმართა.

    საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარი საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა და სემინარის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სემინარზე სიტყვით გამოვიდა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ძიანგსის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ლი ‘იხუანი და  ჩინეთის ელჩი საქართველოში  ძი იენჩი.

    საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მიზანი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარება, იყო. სემინარზე განიხილეს ძიანგსის პროვინციის შესაძლო როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების საკითხში; ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმა; ასევე, სტრატეგიული პროექტის “აბრეშუმის გზა", "ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფონზე ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

    სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, მუნიციპალიტეტებისა და გუბერნიების, ასევე, ქვეყნის მრეწველობის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში მოღვაწე 150-მდე ბიზნეს კომპანიის, ასევე საქმიანი წრეებისა და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ჩინური მხრიდან სემინარს ესწრებოდნენ ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და 80-მდე ბიზნეს კომპანიის წარმოადგენლები, ასევე, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები.

    „საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ჯერ ყველა შესაძლებლობა ათვისებული არ არის როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით. ჩვენ ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული პოტენციალი გაგვაჩნია. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც. საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დღეს ძიანგსის პროვინციის რამდენიმე მსხვილ კომპანიასა და ქართულ კომპანიებს შორის საერთო პოტენციურ პროექტებზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება, - განაცხადა “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

    საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე  ძიანგსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგის წარდგენა მოეწყო. გაიმართა ასევე, „საპარტნიორო ფონდის“ პროექტების პრეზენტაცია. სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გამოცდილება, მოლოდინები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

    საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი. ხელმოწერის ცერემონიალი შედგა ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოსა და კახეთის რეგიონს შორის; ძიანგსის პროვინციის ქვანახშირის გეოლოგიური ბიუროსა და საპარტნიორო ფონდს შორის; ასევე, სემინარის ფარგლებში ხელი მოეწერა ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პროექტებს.

    საქართველოს და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პირველი  სემინარი თბილისში გასული წლის 22 მარტს შედგა. საქართველოში მსგავსი ფორმატის ღონისძიებების გამართვის გადაწყვეტილება ამავე წელს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დიერქტორის დავით საგანელიძის  საქმიანი ვიზიტის დროს, ადგილობრივ მთავრობასა და რეგიონში მოქმედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გადაწყდა.

    საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ასევე, „პაბსეკის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი ოფიციალური დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძრვანელობით სექტემბრის თვეში ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის მიწვევით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიემგზავრება.

    ძიანგსის პოროვინციის შესახებ

    ძიანგსის პოროვინცია - მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე იანძის სამხრეთით. ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ნანჩანგი. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს - 45,421,600. ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში მდებარეობს ქართული კულტურის ცენტრი, სადაც  ქართული ღვინის რეალიზაცია ხდება.

  • ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში

    პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში.

    „მიმდინარე წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის მაისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა. შესაბამისად, ახლა ხელი უნდა შევუწყოთ იმ ურთიერთობების განვითარებას, რომელიც აღნიშნული შეთანხმების რეალურად კაპიტალიზაციას მოახდენს და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდას მოხმარდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა ჩინეთიდან შემდგომაში მათი აქ დასანერგად, რათა საქართველოდან მოხდეს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს იმ მიმართულებებით, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაგვაჩნია და არა მხოლოდ. ჩვენი მთავარი ამოცანა საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოხდეს გარკვეული ინდუსტრიული სიმძლავრეების გამოდმოტანა ჩინეთიდან“ - დიმიტრი ქუმსიშვილი.
    „ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს აბრეშუმის გზა აღორძინდეს, რადგანაც საქართველო ისტორიულად იყო და რჩება აბრეშუმის გზის ნაწილად. უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით სწორედ საქართველოზე გადის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
  • საქართველოს მასშტაბით საკრებულოებს კიდევ 78 მაჟორიტარი დაემატება

    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივის მიხედვით, რომელიც პარლამენტშია შესული, იმ ქალაქებს რომელთაც 35 ათასი ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავთ, საკრებულოებში დამატებით ხუთი მაჟორიტარი ეყოლებათ.

    როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინიციატივაზე მსჯელობა პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიმართება. 

    ”ეს იმ ქალაქებს შეეხებათ, რომელთაც თვითმმართველობის სტატუსი უუქმდებათ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა ქალაქზე გავრცელება. გრადაცია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა. დავუშვათ, 4 ათასიდან 10 ათასამდე ერთი მაჟორიტარის დამატება მოუწევთ, 10 ათასიდან 20 ათასამდე ორი მაჟორიტარის და ა.შ. ხუთ მაჟორიტარამდე გრძელდება. ანუ, დამატებითი ხუთი მაჟორიტარი ეყოლება ქალაქს, რომელსაც 35 ათასი, ან უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს. ეს თვითმმართველობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ვერსია არასამთავროების მხრიდან მოწონებული იყო და მხარდაჭერა გვაქვს. ინიციატივის მიხედვით, ემატება დაახლოებით 78 მაჟორიტარი და თითოეულ მაჟორიტარს ისევე როგორც პროპორციული სიით გასულს ეძლევა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის 400 ლარი. 400 ლარი 78-ზე გადაამრავლეთ და ყოველთვიური ხარჯი ემატება საქართველოს მასშტაბით, რაც მიზერული თანხაა, თუმცა ის ეფექტი, რაც მიღწეული იქნება ქალაქების განვითარებისთვის, იქნება უფრო მეტი, ვიდრე 78-ჯერ 400 ლარი", - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

    პარლამენტი მთავრობის ინიციატივაზე მსჯელობს, რომელიც 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის გაერთიანებას და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

  • თბილისის საკრებულოს წევრებმა უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და საკრებულოს წევრებმა 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

    თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

     

    საკრებულოს წევრებთან ერთად ვეტერანებს გამარჯვების დღე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. 

  • შეხვედრა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ექსპერტთან

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ექსპერტს იულია პოპოვიჩს შეხვდა, რომელიც თბილისში მიმდინარე კულტურული პროცესებითა და საშემსრულებლო ხელოვნების წინაშე მდგარი გამოწვევებით დაინტერესდა. 

    როგორც შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, თბილისის ბიუჯეტის დიდი ნაწილი კულტურის სხვადასხვა დარგის მხარდაჭერისკენ, მათ შორის  საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებისკენაა მიმართული.  

    დეპუტატმა სტუმარს დედაქალაქის საკრებულოს ხელშეწყობით განხორციელებული პროექტები გააცნო. 

    ,,კულტურათშორისი კომუნიკაცია ეროვნული იდენტობის განვითარების მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კულტურული მრავალფეროვნების დაცვისა და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების თვალსაზრისით“,- განაცხადა შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა და ყოველწლიური თეატრალური ფესტივალისა და ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ შესახებაც ისაუბრა, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება.

    თავის მხრივ, საკრებულოს დეპუტატმა ექსპერტისგან საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისა და საშემსრულებლო კუთხით ევროპული გამოცდილების შესახებ მიიღო ინფორმაცია. 

    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აგვისტო 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური