"მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები" - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 15:43

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ზუგდიდის რაიონის სოფლების - ხურჩისა და შამგონას მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების ფაქტს.

მიმდინარე წლის აპრილში საოკუპაციო ძალებმა აღნიშნულ პერიმეტრზე ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და დაამონტაჟეს ხის ბოძები, რის შესახებაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ოპერატიულად იქნენ ინფორმირებული. 9-11 აგვისტოს ზემოხსენებული სეგმენტის 800-900 მეტრიან მონაკვეთზე გავლებულ იქნა მავთულხლართები.

აფხაზეთის რეგიონში ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების გავლების პროცესი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის გამიზნული პოლიტიკის ნაწილს, მეტ იზოლაციაში მოაქციოს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა და ნებისმიერი ხერხით შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ეს ქმედება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს მათ თავისუფალ გადაადგილებასა და განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უფლებას, რაც კიდევ უფრო გაართულებს აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნაკისრ ვალდებულებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და მოახდინოს შესაბამის რეაგირება რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ და აზიანებს როგორც უსაფრთხოების გარემოს, ასევე, საერთაშორისო წესრიგს”- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წაკითხულია 229 ჯერ

Related items

  • საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება - რუსეთის საგარეო უწყება

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას თავისი შედეგი მოჰყვება.


    „ჩვენ ვამბობდით, რომ ალიანსში იმ ქვეყნების შესვლამ, რომლებიც მისი წევრები არ არიან, შეუძლებელია მთელ სურათზე არ აისახოს, ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება.

    როდესაც ცვლილებები ხორციელდება ერთი მხრიდან, ამას მოჰყვება შედეგები სხვა მხრიდან. ჩემი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

     

    რუსეთის საგარეო უწყების აღნიშნული განცხადება, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლენბერგის განცხადეას მოჰყვა. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ალიანსის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ეს სამიტზე დადასტურდა და ორგანიზაცია ამ პროცესისთვის მომზადებას განაგრძობს.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის მუდმივ მდივანს და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელს სერ საიმონ მაკდონალდს შეხვდა. 

    მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო, მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც დინამიკურად ვითარდება „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში. ამასთან, პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად მიმდინარე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

    შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ყურადღება დაეთმო ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადებას, ქართული მხარის მოლოდინებს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს. ასევე ხაზი გაესვა ნატო-ში წარმატებული ინტეგრაციის კუთხით ალიანსის წევრი ქვეყნების, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს შემდგომი, აქტიური მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

    საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილი მძიმე მდგომარეობა. მან კონკრეტულად ყურადღება გაამახვილა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატურ დარღვევებზე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“, რომელიც არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო დამძიმების პრევენციას ემსახურება, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებსა და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.
    სერ საიმონ მაკდონალდმა, თავის მხრივ, დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

  • ირაკლი კობახიძე - საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან

    საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან - ამ მხრივ ნულოვანი შედეგია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.


    როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმთავრესი ეროვნული გამოწვევა ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. პარლამენტის თავმჯდომარემ პრაგმატულ პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს და განაცხადა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, პოლიტიკური პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

    “ვახორციელებთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით. ამ პოლიტიკას ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ვიყენებთ დიალოგის ორ სხვადასხვა ფორმატს. მოვახერხეთ, რომ გარკვეული პროგრესისთვის მიგვეღწია ჰუმანიტარული ურთიერთობების მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ვიტყოდი, რომ ამ მხრივ ნულოვანი შედეგია. საკმაოდ რთულია პოლიტიკური პროგრესის მიღწევა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების მხრივ პრობლემები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, გვაქვს ჰუმანიტარული პრობლემები, ცოტა ხნის წინ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე ცხინვალის რეგიონში, ციხეში მოკლეს და ამ შემთხვევამ ცხადყო, რომ ეს არ არის მხოლოდ გაყინული კონფლიქტი, მას მოაქვს სიკვდილი ადამიანებისთვის, ადამიანის უფლებების მუდმივი ხელყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას საერთაშორისო საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ მათი ყურადღება ამ პრობლემების მიმართ, ოკუპირებული რეგიონების მიმართ. ჩვენი ძალისხმევა საკმაოდ წარმატებულია, გვაქვს საკმაოდ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი გარანტორია.

    “საგარეო პოლიტიკის თაობაზე საპარლამენტო რეზოლუციის მიხედვით, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე ურთიერთობა გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი გარანტორი. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ მოახდინა აშშ-ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ამ მხარდაჭერისა და მეგობრობისა, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობით და მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში თანამშრომლობის დონე გაიზარდა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გამოწვევებისა და სირთულეების მიუხედავად, ქვეყანა განვითარებას განაგრძობს.
  • რუსეთი სომხეთში ახალი იარაღის გადაზიდვას მიმდინარე წელს დაიწყებს

    რუსეთის საბრძოლო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელმძღვანელის თანაშემწის, ვლადიმერ დროჟოვის განცხადებით, მოსკოვი სომხეთში ახალი საბრძოლო იარაღის გადაზიდვას მიმდინარე წელს დაიწყებს. ამის თაობაზე TRT-ქართული იუწყება.

    ვ. დროჟოვმა ამის შესახებ, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე,  შეიარაღების და თავდაცვითი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა “ArmHiTec–2018”-ში მონაწილეობის დროს პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    რუსეთსა და სომხეთს შორის გასული წლის 24 ოქტომბერს მთავრობათაშორისი სესხის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც რუსეთმა, სომხეთში განთავსებულ რუსულ ბაზაზე სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად 100 მილიონი დოლარის კრედიტი უნდა გამოყოს.

  • დგას თუ არა ჩინეთის ენერგეტიკული კომპანიის უკან რუსეთის ინტერესები?!

    სააგენტო ,,როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთის კერძო ენერგო კომპანია - CEFC -ის თავმჯდომარე, რომელიც თანახმა იყო შეეძინა რუსული ნავთობ გიგანტის, - ,,როსნეფტის“ 10 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქციები, სავარაუდოდ, ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებით დაიკითხა. ამ ამბავს უშუალოდ საქმესთან კავშირში მყოფი პირი ირწმუნება.

    ,,იე იამინგის დაკითხვა  მიმდინარე წელს განხორციელდა“, - აცხადებს ზემოაღნიშნული პირი, თუმცა არ აკონკრეტებს იმ ორგანოებს, რომლებიც დაკითხვაში მონაწილეობდნენ და არც იმას აცხადებს, -  გრძელდება თუ არა კვლავ გამოძიება. აღნიშნულ პირს, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურს.

    ჩინეთის ენერგო კომპანია CEFC, რომელიც ორიენტირებულია ენერგეტიკის სფეროზე და ასევე ახორცილებს ინვესტიციებს საზღვარგარეთ, წარმოდგენს სწრაფად მზარდ ნავთობ და ფინანსურ კონგლომერატს, რომელსაც უკავია ნავთობით ვაჭრობის მთავარი ნიშა, ფლობს აქტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აქვს ამბიცია, რომ გახდეს ჩინეთის ენერგო გიგანტი. სექტემბრის თვეში მიღწეულ იქნა შეთანხმება ,,როსნეფტის“ 14.16% წილის შესყიდვის თაობაზე, რაც ჯამში 9.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

    ჩინური ჟურნალი „Caixin“ წყაროს გამჟღავნების გარეშე იუწყებოდა, რომ ჩინეთის ენერგო კომპანია CEFC არ პასუხობდა თხოვნას, ზემოთ ხსენებულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა.

    საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ ,,როსნეფტის“ გარიგების დასრულების ვადას.

    გარიგებასთან პირდაპირ კავშირში მყოფმა სანდო წყარომ ,,როიტერს“ განუცხადა, რომ მისი მოლოდინით, გარიგება ამ წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულებულიყო.

    გამოძიებასთან დაკავშირებული სიახლეები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გასულ კვირას, ჩინეთის მთავრობამ კონტროლი გაამყარა მზღვეველი კომპანია ,,ანბენგ“-ის სადაზღვეო ჯგუფზე და განაცხადა, რომ მისი თავმჯდომარის მიმართ მიმდინარეობს დევნა ეკონომიკური დანაშაულისათვის. მან  ხაზი გაუსვა პეკინის მზაობას, - შეამციროს დიდი ხარჯების მქონე კონგლომერატების რაოდენობა, რაც შესაბამისად, ამცირებს ფინასურ რისკებს.

    როგორც გამოძიება იუწყება, აქციების რაოდენობა ჩინეთის ენერგო კომპანიის შვილობილ კომპანია ,,ანჰუი ინთერნეშენალ ჰოლდინგში“ 10 %-მდე  დაეცა.

    აღსანიშანვია ის ფაქტი, რომ აქციათა ამგვარი ვარდნა ბოლოს 2014 წლის სექტემბრის თვეში დაფიქსირდა.

    აღნიშნული ჩინური კომპანია CEFC Energy Company Limited უკვე საქართველოში და კერძოდ, ფოთშიც შემოვიდა, სადაც 100 ჰექტარი მიწა შეისყიდა. მისი რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად კი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა.

    ხომ არ არის საშიშროება იმისა, რომ ჩინეთის მსგავსად, საქართველოშიც, რუსეთის ინტერესების მატარებელმა კომპანიამ ხელი შეუშალოს, შეაფერხოს და საბოლოოდ, დაძიროს ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა?!

    ზემოთ ხსენებული თემის დეტალებზე სასაუბროდ, ,,ჯორჯიან თაიმსმა” სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორს, - პაატა ცაგარეიშვილსა და საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორს, პროფესორ გიორგი ცუცქირიძეს მიმართა.

    პაატა ცაგარეიშვილმა ჩვენთან საუბარში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საფრთხის საკითხი  დაადასტურა და მსგავსი მაგალითებიც მოიყვანა:

    ,,მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს ადრეც  ჰქონდა ადგილი, როდესაც, ირიბად ხდებოდა საქართველოს მსხვილი სატრანასპორტო ობიექტების ბლოკირება. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი, ბათუმში, ნავთობის გადაზიდვებს უკავშირდება, როცა ბათუმის ნავსადგურის მეშვეობით, ერთ-ერთ ყაზახ ინვესტორს 5 მლნ ტონა ნავთობი უნდა გადაეზიდა და რუსეთის ირიბი ზემოქმედებით, ეს ნაკადი რუსეთის მიმართულებით გადავიდა. ტვირთის არ ქონის გამო კი, ბათუმის პორტი  ფაქტიურად,  დაიძირა...

    მეორე მაგალითი 2006 წელს მოხდა: როდესაც წინა მთავრობამ საქართველოს რკინიგზის  1 მლიარდი დოლარად გაყიდვისთვის მზადყოფნა გამოცხადა, გამოჩნდა უცხოური კომპანია, რომლის უკან რუსული ინტერესები იკვეთებოდა და მაშინ, საქართველოს მთავრობამ რკინიგზის სრული პრივატიზაცია შეაჩერა. ამ მაგალითების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მყარად ითქვას, რომ რუსეთს მსხვილი ობიექტების ბლოკირების "შეპარული" პოლიტიკა გააჩნია.

    ამ კონკრეტულ შემთვევასთან დაკავშირებით, ზემოთ ხსენებული მაგალითებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეფერხების ირიბი რისკი, რუსეთის მხრიდან  ნამდვილად არსებობს და არ არის გამორიცხული, რომ ის საქართველოში რომელიმე სხვა კომპანიის საფარ ქვეშ შემოვიდეს და დამკვიდრდეს.

     დასკვნისთვის:

     1. ბათუმის მაგალითი

     2. საქართველოს რკინიგზის მაგალითი

     გვაფიქრებინებს, რომ ეს რისკი დასაშვებია. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ძნელად წარმოსადგენი იყო, იმ ვითარებაში რუსეთი თუ საქართველოს რკინიგზას შეიძენდა. საბოლოოდ გამოდის ისე, რომ სომხეთის რკინიგზა მას ეკუთვნის, აფხაზეთი მისია და თუ ღმერთმა დაგვიფაროს და ანაკლიის პორტიც მან მიითვისა, პრაქტიკულად სატრანსპორტო "მარყუჟს" შემოაკრავს საქართველოს!“ - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

    გიორგი ცუცქირიძემაც,  ჩვენთან საუბარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საფრთხის საკითხი დაადასტურა და არსებული გარეომოება ეჭვქვეშ დააყენა:

    „როიტერის" ეს ინფორმაცია კომპანიის ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირბით თუ დადასტურდა, ეს ბუნებრივია ეჭქვეშ დააყენებს ჩინური უმსხვილესი კონგლომერატის „როსნეფთთან" 10 მილიარდიანი გარიგების შესაძლებლობას, თუმცა ამ გარიგების მიზანი შეიძლება ყოფილიყო კომპანიის სურვილი კიდევ უფრო გაზარდოს თავისი კაპიტალიზაცია და  გახდეს ჩინეთის ენერგო გიგანტი. თუმცა თავად ეს ფაქტი თავისთავად საყურადღებოა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთის ახალი კოცეფცია -,,ახალი გზა  ახალი სარტყელი"ფარგლებში, ითვალისწინებს, ქვეყნიდან, ერთი ტრილიონი დოლარის სასაქონლო ტვირთბრუნვის ნაკადებს  როგორც ევროპის ბაზარზე, ასევე,  ევროპიდან - ჩინეთშიც, ხოლო ამ გზის ათვისების ერთ-ერთ ვექტორს  ჩინეთი-ყაზახეთი- აზერბაიჯანი- საქართველო  წარმოადგენს, რაც საქართველოდან,  ტვირთის თურქეთში, რუმინეთში და ბულგარეთში შეტანას ემსახურება.

    ნიშანდობლივია, რომ -,,ახალი გზა - ახალი სარტყელი" ფარგლებში, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განიხილება ტვირთბრუნვის ევროპაში გადატანა რუსეთის გავლით,  ანუ რუსეთიდან ციმბირის რკინიგზის და ნოვოროსიისკის პორტის ფართო გამოყენებით. აქ საინტერესო სხვა ფაქტორიც არის. ანაკლიის პორტს აქვს შესაძლებლობა კონკურენცია გაუწიოს ნოვოროსიისკისპორტს, და თურქული პორტების საკონტეინერო ტვირთნაკადის ნაწილსაც ჩვენსკენ გადმოიტანს, რადგან საქართელოს დერეფანიყველაზე მოკლეა.

    აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ იქნება რუსეთი არ იყოს დანტერესებული ალტერნატიული დერეფნის პერსპექტივებით, და შეეცადოს მის „ჩაძირვას", მით უმეტეს საქართველოსთან არსებული კონფლიქტის პირობებში.

    რაც შეეხება თავად ჩინურ კომპანიას, კითხვები აქაც არსებობს. საინტერესოა, თუნდაც ინვესტიციის ალტერნატიული ღირებულებიდან გამომდინარე, რატომ არ მოინდომა ჩინურმა კომპანიამ მონაწილეობა ანაკლიის პროექტში, რომელიც გაცილებით დიდ შესაძლებლობებს იძლევა გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით? მე ადრეც აღვნიშნე, ეს პროექტი უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მას არა აქვს სივრცითი შეზღუდულობის პრობლემა იგივე ფოთის პორტთან შედარებით. ხოლო იმისათვის, რომ პორტი მაქსიმალურად იყოს დატვირთული, რაც არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ანაკლია სითიში, უნდა გაშენდეს ლოგისტიკური ცენტრები და ინდუსტრიული პარკი,რაც გაზრდის როგორც ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელს რეგიონში, ასევე ამ ზონაში რეგისტრირებული კომპანიების მომგებიანობასაც, რადგან საქართველოს დერეფნით საზღვაოგადაზიდვები უფრო იაფი და რენტაბელური გახდება.“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

    ,,ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე, - თქვენი აზრით, რა საჭიროებამ მოითხოვა რუსეთის ინტერესების გამტარებელი აღნიშნული ჩინური კომპანიის რეგიონული პროექტების მართვის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ- ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა? -  ორივე რესპოდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.

    შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდ პროექტად დაასახელა. ის რეალურად, აბრეშუმის გზის რუკაზე საქართველოს პოზიციის განამტკიცების უმთავრეს ბერკეტს წარმოადგენს. ანაკლიის  პორტი ჩვენს  ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს მიიღოს ყველაზე დიდი გემები; რეგიონის მაცხოვრებლებისთვის კი, სრულიად ახალი საქმეების, ბიზნესების დაწყების შესაძლებლობა გაჩნდება, რაც, საბოლოო, ქვეყნის ეკონოკური ზრდის მასშტაბაბებზე აისახება.

    /თამუნა დუღაშვილი/

    ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

ლიბერთი ბანკი პენსიონერებისთვის ახალ პროგრამას იწყებს

„ლიბერთისა“ და „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ურთიერთთანამ...

პოპულარული

« ივლისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური