ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 10:47

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპებს „აწარმოე საქართველოში“, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით იმუშავებენ. კერძოდ, ბიზნესის განვითარების პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირების მიზნით პროექტის სამიზნე რეგიონებში, შეისწავლიან სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობებს და გამოწვევებს. პროექტის ფარგლებში მხარეები ითანამშრომლებენ სამიზნე რეგიონებში “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ბენეფიციარებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის DCFTA-ის ტექნიკური მოთხოვნების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. 

ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი ხელს შეუწყობს “აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს განახლებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ კერძო სექტორის ინფორმირებულობას. მხარეები ასევე განიხილავენ ექსპორტისა და ინვესტიციების პოტენციალის მქონე ბიზნეს სექტორების, პროდუქტებისა და მომსახურების სფეროების განვითარებისა და ხელშეწყობის მექანიზმებს.

როგორც სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ზვიად ქვლივიძემ აღნიშნა მემორანდუმი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა კერძო და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.  

"აღნიშნული მემორანდუმი 2 წლიან პროექტს გულისხმობს. კონკრეტულად, ეს ურთიერთთანამშრომლობა კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას  ეხება,  რადგან მოვახდინოთ მეტი სინერგია და ერთობლივად ვიმუშაოთ სხვადასხვა რეგიონებში. პირველ რიგში, ხელშეკრულება კერძო სექტორისთვის ევროპასთან  თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ბარიერებზე და მოთხოვნებზე არსებული ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. რათა ხელი შევუწყოთ ექსპორტის პოტენციალის გაზრდას, როგორც მცირე, საშუალო და მიკრობიზნეს სფეროში, ასევე ,,აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციართა  ჯგუფში ინფორმაციის შეტანას, “ - განაცხადა ზვიად ქვლივიძემ.

"ეს გახლავთ "აწარმოე საქართველოში“, "საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების“ სააგენტოს და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ამ მემორანდუმის მიზანია ევროკავშირის დახმარებით რეგიონებში ინფორმაციის გავრცელება, რაც ზოგადად ხელს შეუწყობს, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ასევე  მეწარმეობის სულის განვითარებას საქართველოში. რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა არასახელმწიფო ორგანიზაციების  ჩართულობა ამ ერთიანი სისტემის  შექმნაში ძალიან მნიშნელოვანია,“ - ასე შეაფასა მხარეებს შორის გაფორმებული მეომორანდუმი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ზვიადაძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის თქმით, პროექტი გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს კერძო, საშუალო და მიკრობიზნესის წარმომადგენლებს. 

"დღეს გაფორმებული ხელშეკრულება  მომავალი ორი წლის განმავლობაში ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში მცირე, საშუალო და მიკრობიზნესის განვითარების ხელშეწყობას. ასევე თანამშრომლობას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორცილებაში. ეს ხელს შეუწყობს ამ რეგიონებში ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგლების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას“ - აღნიშნა ნინო ევგენიძემ.   

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიმართულია ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ ამოცანას, ქვეყნის მასშტაბით, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს. 

წაკითხულია 37 ჯერ

Related items

  • შსს-სა და ლიტვის ეროვნულ პოლიციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

    შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ლინას პერნავასმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    აღნიშნული დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას დანაშაულის პრევენციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის და საპოლიციო განათლების მიმართულებით. ამ მიზნით, ჩატარდება ერთობლივი სემინარები და განხორციელდება სასწავლო ვიზიტები.

    ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიტველი სამართალდამცველები შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოს ესტუმრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები განიხილეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

    დელეგაციის წევრები ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის მუშაობით დაინტერესდნენ და პროგრამის ფარგლებში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ შორის, ინციდენტთა აღრიცხვის საინფორმაციო სისტემას, ასევე, გორის რაიონული სამმართველოს ანალიტიკოსების მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ პროექტს გაეცნენ.

    ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

  • სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    22 მარტს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
    მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 50-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო.
    მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი 322 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 25 შშმ პირია. მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და დღის ცენტრებში ყოველდღიურად მომსახურებას ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე 157-მდე ბავშვი იღებს. ბავშვები საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, ასევე იღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური დახმარება, ფორმალურ განათლებაში ხელშეწყობა, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში ჩართვა, პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარება.
    „მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს მხარდაჭერისთვის! ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით შევძელით 53 მცირე საოჯახო ტიპის სახლის და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა. გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები კი საშუალებას მოგვცემს ვიზრუნოთ ამ ცენტრების ბენეფიციარების სხვა პრობლემების და საჭიროებების მოგვარებაზე,“ - აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.
    “ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდამ ცდილობს იზრუნოს დაუცველ ბენეფიციარებზე. მოხარული ვარ, რომ 2017 წელსაც გვაქვს შესაძლებლობა დავაფინანსოთ 50-ზე მეტი მცირე საოჯახო ტიპის სახლისა და მიუსაფართა თავშესაფრის კომუნალური გადასახადები.” - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

     

  • ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა

    ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში, წარმატებით დასრულდა, - შესაბამისი მემორანდუმი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა.
    დოკუმენტს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მოაწერეს ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
    მემორანდუმის ხელმოწერამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის, გაო ხუჩენის შეხვედრა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება იყო.
    ძალიან დიდი, ისტორიული ნაბიჯი, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლის კუთხით, რომელიც, ორივე ქვეყანაში, ბიზნესსა და ვაჭრობის მოცულობას წაახალისებს, - ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რაც უახლოეს მომავალში იგეგმება. მთავრობის მეთაურმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
    პრემიერის განცხადებით, ჩინეთი უკვე არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველო ამაყობს, რომ პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, მოლაპარაკებები წამოიწყო და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაასრულა.
    მხარეების შეფასებით, საქართველო-ჩინეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება. საუბარი შეეხო ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის დინამიკას და აღინიშნა, რომ, 2016 წლის 8 თვის მონაცემებით, ჩინეთში უკვე ექსპორტირებულია 3,5 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 158%-იანი ზრდაა.
    შეხვედრისას, ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, ახალი აბრეშუმის გზის პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის" მიმართულებით პარტნიორობის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა - ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანზიტი და ლოგისტიკური მიმართულება.

  • წინასაარჩევნო მემორანდუმზე ხელმოწერები დღესაც გაგრძელდება

    წინასაარჩევნო მემორანდუმზე ხელმოწერები დღესაც გაგრძელდება. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, დოკუმენტი რამდენიმე დღეში საბოლოოდ გაფორმდება.

    მმართველი გუნდი წინასაარჩევნო პერიოდში მემორანდუმის მიღებას მნიშვნელოვნად თვლის და კიდევ ერთხელ მოუწუოდებს ყველა პარტიას თანამშრომლობისკენ. წინასაარჩევნო მემორანდუმზე ხელმოწარას არ გეგმავს ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, ეროვნული ფორუმი და პაატა ბურჭულაძის გაერთიანება. 

  • წინასაარჩევნო მემორანდუმი

    წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ არასმთავრობო ორგანიზაციებს, არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად.ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ფიქრობენ, რომ ოპონენტების ნდობის მოსაპოვებლად, სწორედ მსგავს ფაქტებზე დროული და ადეკვატური რეაგირებაა საჭირო.სამოქალქო სექტორში აცხადებენ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა პოლიტიკურმასუბიექტებმაც უნდა აიღონ თავიანთი აქტივისტების ქმედებებზე.„დაპირისპირების რისკები ნამდვილად არსებობს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების დღეს. ამიტომ, ჩვენ არასამთავრობო სექტორი მივესალმებით ნებისმიერი ტიპის შეთანხმებას. პასუხისმგებლობა ეს არის ხელისუფლებაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე. ალბათ იმისათვის, რომ ყველა პარტიას გაუჩნდეს ნდობა, რომ ეს შეთანხმება მართლაც გულწრფელია, პირველ რიგში აუცილებელია, რომ ასეთი ტიპის დარღვევებზე არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამ.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გი...

პოპულარული

« აგვისტო 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური