ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ მერიას, წინასაარჩევნო მაიმუნობებს მოეშვას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 13:38

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, #2 ავტობუსების პარკში 50-მდე ლურჯი ავტობუსი მერიას ტყუილად ჰყავს გაჩერებული. 

ელისაშვილი ავტოპარკთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტობუსებს მერია წინასაარჩევნოდ, სექტემბრისთვის გამოსაყვანად ინახავს. 

„ამ ავტობაზაზე რამდენიმე ათეული ლურჯი, MAN-ის ავტობუსი დგას. თბილისის მერიას ამ უბედურ სიცხეში გამოჰყავს მხოლოდ ამ ავტობუსების ნაწილი და საერთოდ არ ადარდებს, რომ ადამიანები იხრუკებიან სამარშრუტო ტაქსებში, რომლებშიც, ძირითადად, კონდინციონერიც კი არ არის ჩართული. ეს ავტობუსები დაყენებეულია მხოლოდ იმიტომ, რომ სექტემბრის ბოლოს გამოიყვანონ და წინასაარჩევნოდ მოიწონონ თავი. ხალხზე მზრუნველი მერია ავტობუსებს არ შეინახავდა, ქუჩებში გამოიყვანდა და მგზავრების ნაწილიც კომფორტულად იმგზავრებდა. მოვუწოდებ მერიას, მოეშვას წინასაარჩევნო მაიმუნობებს და თავისი სამარცხვინო ვადის დასასრულს დავით ნარმანიამ ერთი ნორმალური საქმე გააკეთოს - მისცეს სატრანსპორტო კომპანიას დავალება, რომ გამოიყვანონ ავტობუსები ქუჩაში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მერიისგან ოფიციალურად აქვს ინფორმაცია, რომ ავტობუსებს ადაპტირება სჭირდება, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, თუმცა მერობის კანდიდატი ყველა აღნიშნულ მიზეზს ტყუილს უწოდებს.

წაკითხულია 529 ჯერ

Related items

  • თბილისის მერიამ ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა

    თბილისის მერიამ დღეს ტელეანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათა. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით მერიაში რამდენიმე ოფიციალური წერილი იყო შესული.

    „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსული იყო რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოა, დღეს აღნიშნავს კონსტიტუციისა და ნაციონალური დროშის დღეს.

     

  • თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

    თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. როგორც  დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. 

    მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

    კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

    ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

    ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

    ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით. 

    როგორც მერიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. 

  • ალეკო ელისაშვილი - პროკურატურას ეს თუ შერჩება მაშინ მას უნდა ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის დუქანი

    მთავარ პროკურატურასთან, სადაც ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ალეკო ელისაშვილი მივიდა. მისი თქმით ის მზად არის ყველა იმ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა, რასაც ზაზა სარალიძე დაგეგმავს. 

    „შვილები მყავს და არ მინდა ჩემ შვილებს სკოლაში ისეთი რამ დაემართოთ, რაც მოხდა და მეორეც არ მინდა სახელმწიფო და პროკურატურა აი, ესე სრესდეს ერთ კონკრეტულ მშობელს. რას ვსაყვედურობდით სააკაშვილს? ეს უარესი არ არის რაც ხდება? ადამიანს შვილი მოუკლეს და აბუჩად იგდებს მთელი პროკურატურა,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ პროკურატურას ეს თუ შერჩება მაშინ მას უნდა ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის დუქანი.

  • თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს

    თბილისში, ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო, მძღოლები აღნიშნულ წესს არღვევენ.

    „თუ არ ვცდები, დღეს ჯარიმა არის 20 ლარი. დარღვევების აღსაკვეთად, ვფიქრობთ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს უკვე გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ცხადია, ყველა ის ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობ, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პარლამენტთან და რაც მთავარია, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული სტანდარტების ეტაპობრივად დამკვიდრებაა.

    „თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ. ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად, ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდეს იმგვარად, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    კახა კალაძის განცხადებით, ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით გეგმავს.

    „ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ეფექტიანი და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის. თბილისი აუცილებლად იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

  • ლევან ხაბეიშვილი - მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია

    ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. 

    როგორც ლევან ხაბეიშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, თბილისის მერიასთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მოხდა მისი გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა. 

    ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი არასრულია და მოითხოვს გაავრცელონ ის ჩანაწერები, თუ რატომ აღმოჩნდა ის თბილისის მერიაში.

    ”თბილისის მერიას ის ვიდეოჩანაწრები არ აქვს გამოქვეყნებული, თუ რატომ გავხდი მე იქ შეუძლოდ. მე მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ეს ცხადია. შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. მე მოვითხოვ ამას მიეცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია. ასევე არ არსებობს ოქმი, რის გამო მომიტაცეს”, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

    ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მას შეუძლია ყველა პირის ამოცნობა და იდენტიფიცირება, ვინც საპროტესტო აქციის დროს მისი გატაცება მოახდინა. 

    თბილისის პროკურატურაში ლევან ხაბეიშვილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს. 

    გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური