საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 10:29

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში “ვიზიტი” წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის გამიზნული პოლიტიკის გაგრძელებას. 

აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსგავსი ქმედება ემსახურება სამხედრო აგრესიის, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის გზით სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილების დაკანონებას რუსეთის მხრიდან. ამ ნაბიჯით კრემლი ასევე უშედეგოდ ცდილობს თავისი საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით რუსეთის პრეზიდენტის “ვიზიტს” ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს მოსკოვის აგრესიულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

წაკითხულია 534 ჯერ

Related items

  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

    საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

    მათივე მონაცემებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. 
    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. 

    სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 
    საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს? - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის

    2020 წლის 6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იტყობინება.

    დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის და საქართველოში ვიზიტის განხორციელებისათვის, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში პირველ მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენს.

    მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პანდემიის დროს საქარათველოსა და უნგრეთს შორის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას. მინისტრებმა აღნიშნეს არსებული პოზიტიური სურათის შენარჩუნების აუცილებლობას და ფრთხილ მიდგომებს.

    “საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში; ევროპაში ინფიცირებულების ყველაზე მცირე რაოდენობა სწორედ საქართველოზე მოდის. მინდა საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. უნგრეთიც წარმატებულია პანდემიასთან ბრძოლაში და ვფიქრობ, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს ეს მიღწევა, ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა არის უმთავრესი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ საზღვრის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. სავსებით გვესმის, რომ საქართველომ გაახანგრძლივა ამ მხრივ შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანას წარმატებები გვაქვს ამ სფეროში, ორივე ქვეყანა ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ბევრი უნგრელია ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა. შევთანხმდით,რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად გაცვლის ინფორმაციას ამ მიმართულებით” - აღნიშნა პიტერ სიიარტომ შეხვედრის შემდგომ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

    მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთის მხრიდან საქართველოს ღია და მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა აფიქსირებს ყველა მნიშვნელოვან საკითხში, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებზე.
    თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა მადლიერებით აღნიშნა, რომ უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. არ არსებობს არცერთი მაღალი დონის კონფერენცია, ღონისძიება, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ბოლო პერიოდში ამის ნათელი მაგალითებია ნატოს მინისტერიალი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი.
    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.
    შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მინიჭების თვალსაზრისით და კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

  • შვეიცარიის საელჩოს ოფიციალური განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

    შვეიცარიის საელჩომ საქართველოში დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელსაც "ნიუსდეი საქართველო უცვლელად გთავაზობთ.

    "შვეიცარიის საელჩო საქართველოში მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას და მიიჩნევს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის ახალ შემადგენლობაში. შვეიცარია დაეხმარება საქართველოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომელიც დაეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ კომპრომისს, და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას თავი შეიკავოს პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.

     

  • პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით

    დღეს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება საარჩევნო სისტემის ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით. "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ ამ განცხადებას:

    "გულითადად ვულოცავთ საქართველოს პარლამენტს დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

    ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

    8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

    დაბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას", - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

  • ლიბერთი ბანკის განცხადება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

    რამდენიმე კვირის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი. ამის შესახებ 'ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    "დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმ,ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ლიბერთი ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია). ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საეჭვო გარიგების ინციდენტი აღმოჩენილ იქნა ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის და რაც მთავარია, ამ დანაშაულებრივი ქმედებით არ დაზარალებულა ლიბერთი ბანკის არცერთი მომხმარებელი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას მყისიერი და ოპერატიული დახმარებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური