"ქართველი ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება" - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 14:06

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ არის აღიარებული.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გასული 26 წლის განმავლობაში, საქართველოში თვისებრივად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, გაძლიერდა დემოკრატიული ინსტიტუტები. „ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების როლი, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ. საქართველო და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ერთგული არიან დემოკრატიული ფასეულობების მიმართ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფოებრიობის 26-წლიანი გამოცდილების საფუძველზე, ქვეყანა დემოკრატიული კონსოლიდაციის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის და საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება.

„საქართველოში ამჟამად მიმდინარე ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა სწორედ ამ ისტორიულ ამოცანას ემსახურება. მისი მიზანია, ქვეყნის ძირითადი კანონის სრულ შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრინციპებთან, სახელმწიფო მმართველობის ფორმის დახვეწა, საქართველოს გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და შედეგად, ევროპულ ოჯახში საქართველოს ადგილის დამკვიდრება. კონსტიტუციური დემოკრატია არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა ემყარებოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობა რეგიონული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას.

„დემოკრატიული სახელმწიფოები საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისათვის ყველაზე ნაკლებად ირჩევენ ომსა და ძალადობას. მათ სჯერათ, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით მოქმედება უფრო წარმატებული და შედეგიანია. „ისინი, ვისაც არ ახსოვთ წარსული, განწირული არიან მისი გამეორებისთვის“ - ესპანელი ფილოსოფოსის ჯორჯ სანტაიანას ეს ფრაზა, ალბათ, არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ, ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თანამშრომლობის პირობებში უსაფრთხოების ხარისხი იზრდება და პირიქით, თანამშრომლობაზე უარის თქმას ყოველთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ისტორიული გამოცდილებით შეიარაღებულებს ჩვენ მყარად გვწამს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ თანამშრომლობით, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის უზრუნველყოფით. ამრიგად, რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი განზომილება რეგიონული თანამშრომლობაა. გულწრფელი, მჭიდრო და კონსენსუსზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობა იძლევა ერთმანეთის ინტერესების გაზიარების, პოზიციების დაახლოებისა და კონფლიქტების პრევენციის საუკეთესო საშუალებას. ევროკავშირი ამ მიდგომის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიღწევაში ევროკავშირის დამსახურებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიღწევას გაფრთხილება სჭირდება და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას.

„ევროპულმა პროექტმა ბევრ ისტორიულ ქარტეხილს, გამოწვევასა და სირთულეს გაუძლო და უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვითარდება. სწორედ ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭროება. ამისათვის, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების დეესკალაციას და ახალი კონფლიქტების პრევენციას. მართალია, საქართველოში ამჟამად არ გვაქვს კონფლიქტების ე.წ. ცხელი ფაზა, თუმცა, როგორც თანამედროვე ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი იტყოდა - „მშვიდობა უფრო მეტია, ვიდრე ომის არარსებობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში კვლავ მიმდინარეობს ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ხელისუფლების ისტორიული მისიაა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს ეზღუდება ფუნდამენტური უფლება - არ ცხოვრობდეს დევნილობაში საკუთარ სამშობლოში. მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე მის ევროპულ გზაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ოცნება, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, აუცილებლად ახდება. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენი ხელისუფლების ისტორიული მისია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე 13-14 ივლისს ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ იღებს მონაწილეობას. 

წაკითხულია 26 ჯერ

Related items

  • „ყველაფერს აკეთებენ, რომ აამონ ივანიშვილს" - ოპოზიცია კობახიძე-მარგველაშვილის დაპირისპირებაზე

    „ნაციონალური მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ თავდასხმები პრეზიდენტზე, არაფორმალური მმართველობის „მახინჯ ფორმას“ უკავშირდება.

    „ყველაფერს აკეთებენ, ვგულისხმობ პარლამენტის სპიკერს და მის მორჩილ უმრავლესობას, რომ აამონ ივანიშვილს. ეს ყველაფერი არის გამომდინარე მახინჯი არაფორმალური მმართველობის მოდელიდან. ამიტომ, არიან ახლა ამ თავდასხმებით დაკავებული პრეზიდენტზე, იმის მაგივრად, რომ იმუშაონ დეოკუპაციაზე,“ - აცხადებს ნიკა რურუა.

    „ევროპული საქართველო“ კი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დიპლომატიური კორპუსისთვის მიცემულ დავალებაზე ამახვილებს ყურადღებას.

    „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიზირებული ინსტრუქციები შეიძლება იყოს მიცემული დიპლომატიური კორპუსისთვის. იმედია, რომ ეყოფათ კეთილგონიერება და ისინი არ წარმოადგენენ მარტო ერთი პარტიის პოზიციას და ექნებათ სახელმწიფოებრივი პოზიცია,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

  • ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე გუშინ ერთი საათი დავკარგე

    გუშინ დაახლოებით, ერთი საათი დავკარგე მე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას აღნიშნა. 

    კობახიძის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ რატომ არიდებს პრეზიდენტი თავს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ღია ეთერში დისკუსიაში მონაწილეობას.

    „კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ვესაუბროთ ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ პრეზიდენტს ძალიან კარგ ფორმატს ვთავაზობთ. ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე და ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება ძალაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ფორმატი შედგება“, - განაცხადა კობახიძემ. 

  • ირაკლი კობახიძე - ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მიმართულებით ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი

    ჩვენი ამბიციური მიზანი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში გულისხმობს იმას, რომ მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ვიზიტისას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურ მდივან ვოიცეხ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    კობახიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტსა და PACE-ს შორის თანამშრომლობას, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას.

    „ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე საქართველოს პარლამენტსა და საპარლამენტო ასამბლეას შორის, ასევე, განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საკონსტიტუციო რეფორმას, დეტალებში მიმოვიხილეთ ეს საკითხი. ასევე, გვქონდა საუბარი სხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობასთან და ეს ამბიციური გეგმა გულისხმობს იმას, რომ გვინდა, მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადავიდეთ. ამისთვის ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. ამასაც ემსახურება ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და წარმატებით იქნება მიყვანილი ბოლომდე შემოდგომაზე

    საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და წარმატებული რეფორმის შეჩერება იქნება არასწორი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან ვოიცეკ სავიცკისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

    როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც საპარლამენტო და პოლიტიკურ ჯგუფებთან, სადაც დეტალურად განიხილავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებს. 

    ”ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს ძალიან წარმატებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე გვექნება დეტალური საუბარი ჩვენ ევროპელ მეგობრებთან”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

    რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და მისი შეჩერება იქნება არასწორი. 

    ”შეჩერება წარმატებული რეფორმის იქნება არასწორი. ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება წარმატებით და რომელიც წარმატებით იქნება მიყვანილი ბოლომდე შემდგომაზე”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

  • ირაკლი კობახიძე - გადაწყდა, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით

    გადაწყდა, რომ წარმოდგენილი იყოს ჩანაწერი, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ადამიანის უფლბათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ცვლილების მთავარი ამოცანა არის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ მიეცეთ საშუალება ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობის გაღვივებისთვის. 

    "იურიდიული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქორწინების დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სოციალურ აღქმას და სოციალური აღმქა ზუსტად არის ასახული პირველ პუნქტში. ეს არ ნიშნავს დისკრიმინაციის რაიმე ფორმით წახალისებას, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჯგუფის, მათ შორის უმცირესობების ულებებს და ინტერესებს. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ვერ გახდება დისკრიმინაციის საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

    პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომიტეტის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ მონაკვეთს აცნობს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

PSP-ს საფეხბურთო კლუბი უკვე მეორედ გახდა სუპერლიგა A-ს ჩემპიონი!

საფეხბურთო კლუბი “PSP” ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 20...

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

შეხვედრა B’nai B’rith International-ის დელეგაციასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი B...

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპან...

პოპულარული

« ივლისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper