გიორგი მარგველაშვილი ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 13:23

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ენერგოუსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა

ბათუმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საქართველოს ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, საქართველოს როლი ენერგოთვალსაზრისით მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის.

„ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოება დიდწილად სწორედ საქართველოს როლზე დგას, იმ სატრანზიტო როლზე, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს.

შესაბამისად, განვიხილეთ ყველა ის შესაძლებლობები, რომელიც რეგიონში არსებობს, იმისათვის, რათა ერთის მხრივ, საქართველო და რეგიონი, მეორე მხრივ, ევროკავშირი იყოს უფრო მეტად უსაფრთხო ენერგოთვალსაზრისით“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების მიმართულებით გაჩენილ შესაძლებლობებს და იმ პროექტებს, რომლითაც საქართველო ენერგოსისტემის გაძლიერებას შეძლებს.

წაკითხულია 118 ჯერ

Related items

  • საქართველოს პრეზიდენტმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

    საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ალოისიო ნუნეს ფერეირას საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის გაწეული სამსახურისათვის.
    "განსაკუთრებული მადლობა მინისტრს იმ როლისთვის, რომელსაც ის თამაშობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს მნიშვნელობის და საქართველოს პრობლემატიკის წარმოჩენისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამყარების მხარდაჭერაში.  მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს გლობალური სტაბილურობის წინაპირობაა, რომ ყველა ასე ერთგულად ვემსახუროთ საერთაშორისო ურთიერთობების ცივილურ ღირებულებებს",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოს გადაცემისას.
    დაჯილდოების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრაზილიასთან ურთიერთობების გაღრმავებით.
    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას.
    საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალოისიო ნუნე ფერეირა ფილიოს ბრაზილიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერისათვის.
    შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის დინამიკის ზრდაზე, განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

  • გიორგი მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს ულოცავს:

    "დღეს უდიდესი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. 
    კაცობრიობის განვითარების ხანგრძლივ პროცესში, მუდმივად ცვალებად მსოფლიოში, ნებმისმიერი ერის ცხოვრებაში დგება გარდამტეხი მომენტი, როდესაც მისი წინსვლა თუ გაქრობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აუწყობს ფეხს ახალ გამოწვევებს, რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს საუკეთესო, რისთვისაც საკუთარი ისტორიის განმავლობაში მიუღწევია, და ამავდროულად, წარუვალ ტრადიციათა და კულტურულ მონაპოვართა სიმაღლიდან განჭვრიტოს მომავლის კონტურები, შეიძინოს ხვალინდელი დღის ახალი, მკაფიო ხედვა, რომელიც შინაგანი განახლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ტრანსფორმაციის ახალ ენერგიასა და ენთუზიამს მისცემს ადამიანებს. 
    ისტორიაში იშვიათად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ეს მისია დიდწილად ერთმა ადამიანმა იტვირთა და წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა მოახმარა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის საფუძველის ჩაყრას. ილიას მოღვაწეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში - კულტურაში, განათლებასა და მეცნიერებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში დასახა გზა საქართველოს განვითარებისა, რომელსაც დღესაც მივყვებით, ჩაუქრობელი იმპულსი მისცა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას, გზა გაუკვალა მომავალ თაობებს, დაგვისახა მოქალაქეობისა და ზნეობის ურყევი ორიენტირები. 
    გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და წმინდა ილია მართლის გზით - ქვეყნის მსახურებისა და სიმართლის გზით სიარულს გისურვებთ ყველას"- ნათქვამია პრეზიდენტის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

  • გიორგი მარგველაშვილი - ესტონეთი საქართველოს ძლიერი პარტნიორია

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაში, რომელიც ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართეს და საქართველოს და ესტონეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
    "ეს მართლაც განსაკუთრებული ვიზიტია; ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურული თანამშრომლობა.
    ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერია; მხარდამჭერი საქართველოსი და ასევე იმ ერთ-ერთი მთავარი ღირებლების, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს აერთიანებს - თავისუფლება და თავისუფლებისათვის თავდადება.
    ეს ვიზიტი ასევე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ, რომელიც ცნობილია საკუთარი სტუმართმოყვარეობის ტრადიციით მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო ესტონელი მეგობრებისგან ამ განსაკუთრებული მიღებით. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს გამოცდილებაში, როდესაც სტუმრები მასპინძლობენ მასპინძელს. ნება მიბოძეთ გაგიმხილოთ დიპლომატიური საიდუმლო - გუშინდელ სადილს მთლიანად ესტონური მხარე უძღვებოდა, რომელმაც იცის საქართველოს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ჩვენზე უკეთესადაც.
    ქალბატონო პრეზიდენტო, ეს იქნება დაუვიწყარი ვიზიტი. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე.
    პრეზიდენტებმა საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

  • საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების შეხვედრა

    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
    პრეზიდენტებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს და გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს წარმომადგენლობითი დელეგაციის თანხლებით საქართველოში პირველი ვიზიტისათვის, რომელიც საქართველო - ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს დაემთხვა.
    გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
    საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა პირადად ესტონეთის პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ადვოკატირებისათვის და საქართველოს მხარდასაჭერად გაკეთებული განცხადებებისათვის.
    საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტი კალიულაიდი, ყველა შესაბამის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აქტიურად აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხს.
    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებაში ესტონეთს საკუთარი წვლილი შეაქვს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას.
    შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ კონტექსტში 2018 წელს ნატო-ს სამიტი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში პოლიტიკური პროგრესის დემონსტრირებისათვის.
    მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ 2018 წელს ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების მოსამზადებელი სამუშაოებისათვის კონკრეტული ნაბიჯების კოორდინაციის თაობაზე.
    საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში. ამჟამად საქართველო ჩართულია საერთაშორისო სამშვიდობო  მისიებში.
    გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნატო-საქართველოს მაღალი დონის შეხვედრებს, რადგან ეს აშკარად აჩვენებს საქართველოს ევროატლანტიკური პროცესისადმი ნატო-ს ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას.
    საქართველოს პრეზიდენტმა ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მოიწვია, რომელიც 2018 წლის 26 მაისს გაიმართება.

  • "როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, მისი ფასი დავაგდეთ"- პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩანაწერის გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებს

    მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს აკრიტიკებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით კონსტიტუციაში პათეტიკური თუმცა უშინაარსო ჩანაწერი გაკეთდა და არ იქნა გათვლილი ის შედეგები, რომელიც მიწის გასხვისების აკრძალვას მოჰყვებოდა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა გუშინ, ფერემერებთან შეხვედრის დროს გააკეთა

     

    "„იყიდება საქართველო“ - ამ პათეტიკით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს. მე მგონია, რომ კონსტიტუციაში, აი ამ რაღაც უშინაარსო, პრანჭია ფრაზის ჩაწერით, ჩვენს სოფლის მეურნეობას სირთულე შეუქმენით.

    მიზანი იყო დიადი, ნათელი, რომ კონსტიტუცია მიგვეღო, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ მიღებული კონსტიტუციის პირობებში როგორ შევამციროთ ის ზიანი, რომელიც ჩვენ მივაყენეთ, ამა თუ იმ სექტორს.

    ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი რაც აქ, ამ შემთხვევაში გასაკეთებელია ეს არის სახელმწიფო გარანტიების უზრუნველყოფა იმისთვის, რომ მიწის ბაზარი შედგეს.

    როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, შესაბამისად ბანკებთან ჩვენ მისი საგარანტიო ფასიც დავაგდეთ, აი ეს უნდა იქნას კონპენსირებული რაღაც ფორმით.

    თუ აი ამ ლექსის ჩაწერა გინდა კონსტიტუციაში და ჩაწერე ეს პათეტიკა, ახლა მიდი, დაუბრუნდი ფერმერს და ჰკითხე: რამდენად იოლად მიდის სოფლის მეურნეობაში ფული, რამდენად მზად არიან ბანკები სესხების გაცემაზე? თუ ეს, ასე არ არის, მაშინ კეთილი ინებე და ეს სადღეგრძელო აიღე და დააბალანსე ფინანსური ნაკადებით იმისთვის, რომ რაღაცნაირად ქვეყანაში მიწის ბაზარი ამა თუ იმ ფორმით შედგეს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური