საქართველოს პრემიერი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 ივნისი 2017 12:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

საუბარი შეეხო მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუციის შექმნას ემსახურება. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე შეიმუშავა, საქართველოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს; უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მთავრობას; კიდევ უფრო მეტად აკონკრეტებს პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციებს; უზრუნველყოფს ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, რაც 2024 წლიდან იგეგმება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებით ხდება, რაც დიდი მიღწევაა და ეს საკითხი არც ერთი ხელისუფლების პირობებში, დღის წესრიგშიც არ დამდგარა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეხვედრა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.

წაკითხულია 506 ჯერ

Related items

  • მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ვენეციის კომისიის კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რომელიც წარმატებით ვითარდება.

    აღინიშნა, რომ ვენეციის კომისია მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში და ხელისუფლება კომისიის მოსაზრებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

    ყურადღება გამახვილდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების როლზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტის დახვეწის პროცესში და გამოითქვა იმედი, რომ ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

    შეხვედრას ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პრემიერის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბახტაძის თქმით, საქართველო აღმავლობის გზაზეა. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში გამოსვლისას ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

    „მან ხაზი საკონსტიტუციო რეფორმას, ასევე სასამართლო სისტემის მეტ დამოუკიდებლობას და ადამიანის უფლებების დაცვას გაუსვა. მან მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოს ინსტიტუტებისა და საზოგადეობის რეფორმებში ეხმარებიან, ბახტაძის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და მან განათლების სისტემაში მეტი რესურსების ჩადების პირობა დადო“, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „ჩემი ქვეყნის წარმატება, რომელსაც მან უკანასკნელ 20 წელიწადში მიაღწია, ეკუთვნის ორივეს საქართველოსა და ევროსაბჭოს. ჩვენ ორივეს შეგვიძლია ვიამაყოთ. საქართველომ შეძლო დრამატული ტრანსფორმაცია მოეხდინა და დღეს ქვეყანა აღმავლობის გზაზეა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, მთავარ გამოწვევად ბახტაძემ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე არსებულ სერიოზულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

    „ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის“ – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

    ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

     

  • ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

    პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. 

    შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა დეტალურად გააცნო.

    დელეგაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის საერთო მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და მისი პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა. ვენეციის კომისიის წევრებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

    ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ვენეციის კომისია ეწვია

    შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია გამოძიების ხარისხის გაზრდა.

     ამ მიზნით, სისტემის შიგნით საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების გამიჯვნასთან ერთად, სამინისტრომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა დაიწყო, რაც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების მკვეთრად გამიჯვნას გულისხმობს.
     
    სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომელსაც ვენეციის კომისია შეაფასებს. ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და პარლამენტის დეპუტატებთან 2019 წლის 11-12 თებერვალს გამართავს.
     
    შინაგან საქმეთა სამინისტროში ვენეციის კომისიის დელეგაციას მინისტრის მოადგილეებმა - ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ უმასპინძლეს.
  • საქართველოს პრემიერი დავოსში China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

    ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

    CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

    შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

    CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ქვეყნებში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური