პრემიერმა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზა გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ივნისი 2017 17:39

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში სრულად შევიდა, - ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი შეემატა. 

გზის გახსნის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესა და იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრ მოტომე ტაკისავასთან ერთად მიიღო მონაწილეობა. 

მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქუთაისი გახდება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი კვანძი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს დააკავშირებს. 

"იმერეთი არის გული საქართველოსი. პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - ჩქაროსნული მაგისტრალები; ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს მესტიისა და თეთნულდის კურორტთან; მაგისტრალი, რომელიც ქუთაისს დააკავშირებს აბასთუმანსა და სამხრეთ საქართველოსთან; ქუთაისის აეროპორტის გაფართოების პროექტი,რომელიც ახლა იწყება; აღმოსავლეთ-დასავლეთის რკინიგზის სამგზავრო განშტოება, რომელიც პირდაპირ ქუთაისის აეროპორტის ჭიშკართან მივა; ქუთაისის ძალიან მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას - ეს ყველაფერი ერთად და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ის უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქუთაისს ბუნებრივად გააჩნია, გადააქცევს ამ ადგილს ჭეშმარიტ ცენტრად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, ლოგისტიკური ცენტრი განვავითაროთ ქუთაისის აეროპორტთან და სულ ერთი საათის სავალზეა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს არა მხოლოდ ამ ადგილს, არამედ მთლიანად საქართველოს. ჩვენ მომსწრე ვართ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განვითარების მონაკვეთისა", - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხორციელდება უამრავი პროექტი, რაც არასოდეს ყოფილა და მომავალი წლის მეორე კვარტლიდან ერთდროულად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება;საინვესტიციო და ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, კაპიტალური დანახარჯები გაორმაგდება, რაც პარტნიორების მონაწილეობით არის შესაძლებელი.

პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოს განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 
"გზის ეს მონაკვეთი არის შემადგენელი ნაწილი იმ მნიშვნელოვანი გარდაქმნის პროცესისა, რომლის მონაწილეც ყველა ჩვენგანია. მხოლოდ საერთო ჩართულობით არის ეს წარმატება შესაძლებელი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ისაუბრა იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა. მოტომე ტაკისავამ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგო0რც სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ავტომაგისტრალი პოზიტიურ წვლილს შეიტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის განვითარებაში.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები. პროექტის ღირებულება 71 მილიონი ლარი და 22 მილიონი ევროა და ის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

წაკითხულია 532 ჯერ

Related items

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები 12 ახალი ევროპული მიმართულებით შესრულდება

    ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ევროპული ავიამიმართულებით შესრულდება. ესენია: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ.

    საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას „ვიზ ეარი“ (Wizz Air) მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს. მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების შვიდი მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს. ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ევროპის კიდევ ხუთი ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

    საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

    შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ (Wizz Air) ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.

    „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „ვიზ ეარს“ (Wizz Air) შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და რამდენიმე წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან ოთხ თვეში, „ვიზ ეარი“ (Wizz Air) ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. 2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

    ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანიის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზ ეარს“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა – 587 643 მგზავრი.

     https://1tv.ge/news/qutaisis-saertashoriso-aeroportidan-regularuli-frenebi-12-akhali-evropuli-mimartulebit-shesruldeba/
  • "ქუთათურებმა" შაშიაშვილი ხელმეორედ მოითხოვეს

    1 სექტემბერს ქუთაისიდან დაიწყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა სიების შეგროვების პროცესი. პრეზიდენტობის კანდიდატი თავად ესწრებოდა ამ პროცესს და პარალელურად, არაოფიციალურ ფორმატში, მოქალაქეებთან შეხვედრებს მართავდა. შეხვედრებმა ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მოქალაქეთა თხოვნით, თემურ შაშიაშვილი აპირებს 6 სექტემბერს ისევ დაბრუნდეს ქუთაისში და კვლავ ჩაერთოს პროცესში, რომელიც მის გარეშე უნდა გაგრძელებულიყო. 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი 32-ე , მე-17,  38-ე სკოლების და  საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე გამართავს შეხვედრებს.

    შეგახსენებთ, რომ ქართული საზოგადოების ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად თემურ შაშიაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.  შესაბამისად, მათ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) მიმართეს და რეგისტრაციაც გაიარეს.

    წინსაარჩევნო პერიოდში თემურ შაშიაშვილი საქართველოს ყველა ქალაქისა და რეგიონის მონახულებას აპირებს. „შევხვდები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გავიგო რა უჭირთ მათ და როგორ შეიძლება მათი პრობლემების მოგვარება. მე ქართველი ხალხის პრეზიდენტი ვიქნები“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი.

  • გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. 
    გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

    "ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

    გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.

    შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. 

    ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს. 

    პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება. 

    მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება. 

  • ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ

    ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება. 

    მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. 

    როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
    მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.

    „ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი. 
    რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

  • მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგი CNCEC საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის

    საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაი ჰეგენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
    საუბარი შეეხო გარდაბანში კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი სიმძლავრის მეორე თბოსადგურის მშენებლობის პროექტს, რომელსაც CNCEC-ის შვილობილი კომპანია TCC და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ერთობლივად ახორციელებენ. თბოსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება 159 მილიონი აშშ დოლარია. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკის სისტემისთვის, ენერგოსექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის.
    შეხვედრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და მთავრობა მიესალმება ჩინური კომპანიების მზარდ ეკონომიკურ ინტერესს რეგიონში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების პერსპექტივა, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
    CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას კომპანია TCC-ის წარმომადგენლები, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური და ფინანსური დირექტორები დაესწრნენ. CNCEC პეტროქიმიური მრეწველობისა და სასუქების წარმოების სფეროში მოღვაწე 17 სახელმწიფო ჩინური კომპანიას აერთიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩინეთის ქიმიური ინდუსტრიის განვითარებაში.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური