პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 12:18

მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, პარკირება გაუქმდეს. ამის შესახებ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, შესაძლოა პეკინის ქუჩა ცალმხრივიც გახდეს. 

„პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტ-ენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო დროებითი სატრანსპორტო სქემა შედგა და აღმოჩნდა, რომ ეს სქემა კარგად მუშაობს. თუმცა, მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება. 

ამიტომ 10 აგვისტოსთვის მზად გვექნება პეკინზე, შარტავა-კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებზე შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციური სქემა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც რეალურს 80%-ის სიზუსტით უახლოვდება, ამ სქემის ეფექტიანობის შეფასებას შევძლებთ. 

პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტებთან ვიმსჯელებთ. თუმცა, საუკეთესო ექსპერტი, ალბათ, ეს რამდენიმეთვიანი პერიოდი იქნება, როცა ქუჩებზე შეცვლილია მოძრაობის მიმართულება და საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორ მუშაობს დროებითი სქემა. 

ასევე გადასაწყვეტი იქნება, დარჩება თუ არა პარკირების ადგილები პეკინის ქუჩაზე. დღეს იქ საერთოდ შეზღუდულია პარკირება, ასევე ავტომობილების გაჩერება შეზღუდულია ბექას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან; დღის საათებშია შეზღუდული ავტომობილების პარკირება შარტავასა და ბულაჩაურის ქუჩებზეც. ეს შეზღუდვები დროებითი სქემის ნაწილია, მაგრამ იმაზეც ვმუშაობთ, როგორ მოეწყობა პარკირების სისტემა - გზის ორივე მხარეს დარჩება, მხოლოდ ერთი ზოლი იქნება და სხვ. როცა პეკინის ქუჩას ვაკვირდებოდით, ღამის საათებში თითო-ოროლა ავტომობილი იდგა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია შევეგუოთ პარკირების ადგილების შეზღუდვას, თუმცა ესეც მსჯელობის საგანია,“ - განაცხადა მუმლაძემ.

წაკითხულია 734 ჯერ

Related items

  • ქართველი სინოლოგი, რომელიც ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში ლექციებს ჩინურ ენაზე კითხულობს

    თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველი სინოლოგი მარინე ჯიბლაძე, რომელიც ასევე არის პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ჩინურ ენაზე უკითხავს ლექციებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის პეკინის ენების უნივერსიტეტში, პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტში.

    ამჯერად კი, იგი მიიწვიეს სამაგისტრო ონლაინ ლექციის წასაკითხად პეკინის  მასობრივი მედიისა და კომუნიკაციის უნივერსიტეტში, რომლის კურსდამთავრებულები არიან ჩინეთის ცნობილი ჟურნალისტები, მათ შორის, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV-ის ახალი ამბების წამყვანებიც. ლექციის თემა იყო „ჩინური ენის სწავლება და ჩინური ენის პედაგოგი“, სადაც შეეხო ჩინური ენის ფონეტიკის, გრამატიკის, ლექსიკისა და იეროგლიფიკის სწავლების სპეციფიკას, ასევე ისაუბრა სწავლების მიდგომებზე, მუდმივ კვლევებსა და ახალ აღმოჩენებზე.

    ჩინეთში არაერთხელ აღინიშნა, რომ ქალბატონი მარინე საუბრობს სალიტერატურო ჩინურ ენაზე ყოველგვარი აქცენტის გარეშე, ყველა ტონის ზედმიწევნით დაცვით, რაც ჩინეთის წამყვან გაზეთ „China Daily”-შიც კი აღნიშნეს „Georgian Sinologist Marine Jibladze, who speaks Mandarin like a native Chinese TV news anchor...“ (ქართ. ქართველი სინოლოგი, მარინე ჯიბლაძე, რომელიც ჩინურ ენაზე  საუბრობს როგორც სატელევიზიო ახალი ამბების ჩინელი წამყვანი). მარინე ჯიბლაძე ასევე  მრავალჯერ მიიწვიეს ჩინეთში საერთაშორისო სტუდენტური კონკურსის ფინალური ტურის ჟიურის წევრად ჩინეთის ცნობილ პროფესორებთან, მსახიობებთან და წამყვანებთან ერთად. 

    მარინე ჯიბლაძემ სადოქტორო ხარისხი დაიცვა ჩინეთში ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩინური ენის სპეციალობით, რა დროსაც მან გამოაქვეყნა სტატიები ჩინეთის სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის რეფერირებად ჟურნალებში. მისი სადოქტორო ნაშრომის ნაწილი ჩინური ენის გრამატიკის შესახებ გამოქვეყნდა ცნობილ სამეცნიერო პერიოდულ ჟურნალში „ლინგვისტიკა“, რაც საკმაოდ რთული იყო არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ჩინელი მეცნიერებისთვისაც კი.

    მარინე ჯიბლაძემ, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩინური ენის ექსპერტმა, მოამზადა ეროვნული სასწავლო გეგმა და საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად შეიმუშავა ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები. იგი მუშაობს როგორც ჩინური ენის, ისე ჩინეთის ისტორისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე.

  • საქართველოში სპეცრეისით 40 000 PCR ტესტი და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

    დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 52 ტონა ტვირთი ჩამოიტანა. მათ შორის: 40,000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები.

    იგივე რეისით ჩამოფრინდა, დამატებით ანტისხეულების 20,000 ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო ჩინეთში.

    ტვირთს აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

    „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა ტვირთი და ამ ტვირთში ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს 40 ათასი PCR ტესტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით.

    ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავით ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი. დანარჩენ ტვირთს კი წარმოადგენს პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.

    გაწერილია ალგორითმი, ეს ალგორითმი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფი. ამ ეტაპისთვის ეს ტესტები ხმარდება მიზნობრივად იმ ჯგუფებს, რაც დღემდე იყო გაწერილი: ეს გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები, ასევე კარანტინში მოთავსებული პაციენტები და ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კოვიდ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    PCR ტესტები და ექსტრაქციის ნაკრები შეძენილი იქნა ჩინეთის მთავრობის მიერ ავტორიზირებული კომპანიებისგან.

    ჩარტერული რეისი, შეღავათიან ფასად  განახორციელა ავიაკომპანია „ჯეოსქაი“-მ.

  • მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

    საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

    ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილი მონაწილეობას მიიღებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფორუმში და  სიტყვით გამოვა „ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე“. 

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენგი ხელს მოაწერენ 2019 წლის 5-6 მარტს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

    დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან. 

    ვიზიტისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე. 

    ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

  • საქართველოს ელჩმა ჩინეთში რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩინეთის პრეზიდენტს

    2018 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიამ ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის სასახლეში (ჩინეთის პარლამენტი) პეკინში, რწმუნებათა სიგელების ორიგინალები გადასცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ჩინეთში საქართველოს საელჩოში შეატყობინეს, სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა, სადაც მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა.
    აღინიშნა მაღალ დონეზე არსებული კონტაქტების გააქტიურების მნიშვნელობა და ასევე, ჩინეთის პრეზიდენტის "სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.
    ჩინეთის პრეზიდენტმა არჩილ კალანდიას ელჩის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

  • თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

    თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. როგორც  დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. 

    მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

    კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

    ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

    ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

    ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით. 

    როგორც მერიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური