შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 11:02

საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის შონ ო სალივანის შეხვედრის მთავარი თემები.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას - სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას და აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მიმართულებით აქვს.

გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ასევე - საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას, რომლის თანახმად აზიის განვითარების ბანკი საქართველოს "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" განსახორციელებლად 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. პროექტის ფარგლებში, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზისა დასარკინიგზო სადგურებსა და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია განხორციელდება.

შონ ო სალივანმა განაცხადა, რომ აზიის განვითარების ბანკი სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

წაკითხულია 644 ჯერ

Related items

  • აზიის განვითარების ბანკმა ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა

    აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.

    ბანკის ცნობით, პროექტი ქვეყნის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია და სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და საქართველოს, როგორც რეგიონის, სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

    „ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის. ახალი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც არსებულ გზაზე გამუდმებით ფერხდებიან, განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ზამთრის პირობებში ზვავსაშიშროების მაღალი დონეა“, – აღნიშნულია ADB-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მათივე ცნობით, შემოვლითი გზა ხადას ხეობაზე გაივლის და ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხასიათდება, როგორიცაა საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბი (9 კმ) და თაღოვანი ხიდი ხადისწყალის მდინარეზე. გზა ხეობის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებებსა და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

    ამასთან, არსებული 35-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ყოველდღიურად 3 500 ავტომობილი სარგებლობს, წელიწადში 40 დღეზე მეტხანს, უმეტესად ზამთრის პერიოდში, იკეტება, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

    „მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ზრდისა და განვითარებისთვის; ქვეყანა ხომ ევროპისა და აზიის ტრანზიტული და სავაჭრო დამაკავშირებელი მიმართულებების ცენტრშია“, – აცხადებს ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი ვერნერ ლიპახი.

    მისი თქმით, ახალი შემოვლითი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ დერეფანს და ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობასა და კავშირებს, და გაზრდის რეგიონში ვიზიტორთა რიცხვს, რადგან აქ მრავლადაა მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

    ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ტრანზიტის საერთო მოცულობამ 2015 წელს 1,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სატრანზიტო ვაჭრობის 12%-ია, მაშინ, როდესაც ტურიზმი ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტი დაახლოებით 7%-ია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქალაქები – გუდაური და სტეფანწმინდა კი ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებები. შემოვლით გზაზე სატვირთო ტრანსპორტის გუდაურის გვერდის ავლით მოძრაობა ქვეშეთი-კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობას შესძენს გუდაურის ინფრასტრუქტურას, რათა ის საერთაშორისოდ აღიარებული ზამთრის კურორტი გახდეს.

    პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონი აშშ დოლარია და თანადაფინანსება $60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და $83.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოს მთავრობისგან არის მოსალოდნელი. გზა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული, ყოველი მიმართულებით მიმავალი ერთზოლიანი მოძრაობითა და აღმართში მიმავალი მძიმე ტრანსპორტისათვის დამატებითი ხაზით. კავკასიის მთებში არსებული რთული რელიეფის გამო, საჭირო იქნება 5 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 11 კილომეტრს შეადგენს და ექვსი ხიდი, საერთო 1,6 კილომეტრი სიგრძით.

    პროექტის მომზადებისას, საქართველოს გზების დეპარტამენტმა, ADB-მა და EBRD-მა ჩაატარეს სიღრმისეული შეფასება და ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები გამართეს. გათვალისწინებულ იქნა გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის შემცირებისა და შემსუბუქების ღონისძიებები, ხადას ხეობის ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის მიზნით.

    ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა შემოვლითი გზის გარდა 5-კილომეტრიანი მისასვლელი გზის გაკეთება ხადას ხეობაში ზამთრის პერიოდში მაღალთოვლიანობით იზოლირებული მოსახლეობისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ტურისტული და ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ცენტრი გახდება.

    „შემოვლითი გზა და მისასვლელი გზები მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის საავადმყოფოებში, სკოლებში მიმოსვლასა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე წვდომას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ტრანსპორტის სპეციალისტი, კამელ ბუჰმადი.

    მისი თქმით, მრავალფუნქციური სივრცე ტურიზმზე ორიენტირებული იქნება, რათა კიდევ უფრო გაზარდოს გზით შემოსული სარგებელი.

    გზის მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი.

    ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აზიის განვითარების ბანკი, რომელიც 1966 წელს დაარსდა, 68 წევრ ქვეყანას აერთიანებს, რომელთაგან 49 რეგიონის წევრია.

    https://www.adb.org/news/adb-approves-415-million-loan-improve-georgias-north-south-road-corridor

  • პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს უმასპინძლა.

    შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობაზე.

    მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ქართველი და ფრანგი ხალხის ურთიერთობის მრავალწლიან ისტორიას და აღნიშნა, რომ საფრანგეთი რთულ წლებში ყოველთვის გვერდით ედგა საქართველოს, რასაც ქართველი ერი არასოდეს დაივიწყებს.

    საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავრობის მეთაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო სამართალდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მინისტრ კასტანერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

    პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთთან ნაყოფიერი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

  • გიორგი გახარია ევროკომისიის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ევროკომისიის საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს, სიმონ მორდიუს შეხვდა.

     შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

     მინისტრმა ევროკომისიის წარმომადგენელს უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო. გენერალური დირექტორის მოადგილემ დადებითად შეაფასა Frontex-სა და Europol-თან არსებული თანამშრომლობა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოვება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელება.

     ეფექტიანი უვიზო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, მხარეები ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით, სიმონ მორდიუმ შინაგან საქმეთა მინისტრს ევროკავშირის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისთვის.

     შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის.

  • შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს კიმ სე ვუნგს შეხვდა.

    შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ჩარტერული ავიარეისების მნიშვნელობას.

    მაისის ბოლოდან სამხრეთ კორეის ავიაკომპანია Korean Air სეული-თბილისის მიმართულებით ჩარტერეულ ავიარეისებს განაახლებს.

    ავიაკომპანია Korean Air მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 127 ქალაქში ასრულებს რეისებს.

    სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ კორეიდან საქართველოში +15.3%-იათ მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

  • დავით ზალკალიანი არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ქ. ბუენოს-აირესის საელჩოში შეხვდა არგენტინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად სიმცირისა, არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საქართველოსა და არგენტინის ურთიერთობების განვითარებასა და არგენტინაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაში. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მისი ვიზიტის, არგენტინაში გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

    საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის განვითარების ხედვას, აღინიშნა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ოკუპირებულ რეგიოენბზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება.

    დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს ცალკეული ინიციატივები და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს არგენტინაში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართულ დიასპორას საქმიანობის განვითარებაში. 
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური