ახალი რეისი ლონდონის მიმართულებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 10:12

საერთაშორისო ფრენებს ახალი, პირდაპირი მიმართულების რეგულარული რეისი დაემატა - „თბილისი-ლონდონი-თბილისი", რომელსაც ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ახალი რეისის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს საქართველო-დიდ ბრიტანეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ხალხთა შორის კავშირის გაძლიერებას, ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე შესაძლებელია გამგზავრება ევროპის 13 ქვეყანაში 21 მიმართულებით. 2017 წლის მხოლოდ ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადმა 47%-ით მოიმატა.

„ასევე უმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, სასტუმროების ქსელი და არაერთი ტურისტული მიმართულება ვითარდება საქართველოში. გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას ვუხდი საქართველოს ავიახაზებს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს რეისები გაგრძელდება ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგაც. დარწმუნებული ვარ, ეს ავიაკომპანია კიდევ იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას საქართველოს ტურიზმის განვითარებაში. დღეს ვიზალიბერალიზაციის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ უნიკალური საშუალება, რომ დამღლელი პროცედურების გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი ლონდონის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ბრიტანელ ხალხს.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავ სამძიმარს ლონდონის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახების, ბრიტანეთის მთავრობისა და ბრიტანელი ხალხის მიმართ. ტერორიზმს,სამწუხაროდ, არ აქვს საზღვრები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით შეძლებს დაამარცხოს ეს უდიდესი სენი, რომელიც მსოფლიოს შეეყარა ამ ბოლო პერიოდში"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო. ელჩმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს მხრიდან გამოხატული მხარდაჭერისთვის.

წაკითხულია 509 ჯერ

Related items

  • მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

    ფორუმის ფარგლებში მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მსოფლიო ბრენდების - HP-ისა და Microsoft-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრაცია. მიხეილ ჩხენკელმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სკოლებში, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის დანერგვაზე და ამ მიმართულებით მომავალი ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

    საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით განხორციელდა.

  • გიორგი გახარია როვნაგ აბდულაევს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

    საუბრისას ხაზი გაესვა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

    აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თერჯოლასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას, სადაც უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

    შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. 

  • პრემიერ-მინისტრის განცხადება 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით

    ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

    პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.  

    პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.

    რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს: 

    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული. 

    ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.
    შესაბამისად, ვავალებ: 


    •  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.


    • ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.


    • იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.


    საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. 

    მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

  • "მიუხედავად მიმდინარე დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ბიზნესგარემო იყოს სტაბილური და პოზიტიური"

    თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია, როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც  ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურმა  შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარადგინა და ხაზი გაუსვა, რომ ის იქნება ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

    „ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი და სწრაფი კავშირი, რაც მიხეილ დაუშვილს აუცილებლად ექნება და თითოეული პრობლემა, რომელიც მასთან მივა, რამდენიმე წუთის, ან საათის განმავლობაში მოხვდება ჩემთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

    პრემიერის შეფასებით,  სტაბილური გარემო ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

    „მსურს დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა ადგილებში, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური განჭვრეტადი და რაც მთავარია, პოზიტიური. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საარჩევნო წელიწადი, წყნარად, მშვიდად, ინვესტიციების, ახალი სამუშაოს ადგილების შექმნის და კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით, პირველ რიგში, თქვენთვის იყოს პროგნოზირებადი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება ის გარკვეული ბიუროკრატიული გამოწვევები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესის წინაშე იდგა, დავები საბჭოს, ქონების მართვის, თუ სხვა მიმართულებებით.

    „უახლოესი წლების გამავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალზედ დიდი მნიშვნელობა.  ამას ექნება ქმედითი, სწრაფი, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, პრინციპებზე დაყრდნობილი მუშაობის ხასიათი. ბიზნესისა და  ეკონომიკისთვის პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო უნდა იყოს ძირითადი ამოცანა. მთავრობა და მე ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თქვენი აღქმები და ის გადაცემის ეფექტი, რომელიც გაქვთ თქვენ, აქ მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ  უნდა ვიყოთ პარტნიორები და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, გვყავდეს უფრო მეტი ძლიერი ქართული კომპანია და ერთად გავზარდოთ ქართული ეკონომიკა. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ბევრი სამუშაო გვექნება, წარმატებებსაც მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

  • გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

    საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხილვა იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მთავარი თემა.

    აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას ეფუძნება.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრისას ასევე განხილული იყო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.

    ხაზი გაესვა დღემდე არსებული სამოქმედო გეგმების მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ მომავალ პროგრამასაც კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ექნება.

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და იმ პროცესებს, რომელიც ევროპის საბჭოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პრემიერმა გენერალურ მდივანს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მტკიცე მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური