ნოემბერში საქართველო "აბრეშუმის გზის ფორუმს“ უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 ივნისი 2017 16:23

28-29 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის დეტალები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იანჩიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის ძირითად თემას  საქართველოში დაგეგმილი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და მისი მოსამზადებელი სამუშოები წარმოადგენდა.

ჩინეთის ელჩთან საუბრისას, გიორგი გახარიამ, ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა, რომელიც „სარტყელი და გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა. პეკინში ვიზიტის დროს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ელჩთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთახმება ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაბზე გადაიყვანს, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ვიზიტის დროს მინისტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მათ შორის, შეხვედრა გაიმართა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, სადაც მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ ჩინური მხარე თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამართვას მხარს დაუჭერს.

"აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში მეორედ გაიმართება, რომელიც ჩინეთში ჩატარებული „სარტყელი და  გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

"ბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში პირველად  2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 30 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.

წაკითხულია 756 ჯერ

Related items

  • „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით“- აცხადებს ჩინეთის ელჩი

    „ტრადიციული მეგობრობის განმტკიცებით ერთად უკეთეს მომავალს შევქმნით", - აცხადებს ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ლი იენი.

    დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წელი შესრულდა. ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ტრადიციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი აბრეშუმის გზა ჩინელი და ქართველი ხალხის მეგობრული კავშირის მოწმეა. ჩინეთი მე-12 საუკუნის ცნობილი ქართველი პოეტის შედევრში - „ვეფხისტყაოსანშიც“ არის ნახსენები. 1992 წლის 9 ივნისს, ორი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებმა თბილისში „ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეს“ ხელი მოაწერეს. ამ მომენტიდან ჩინეთ-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. 28 წლის მანძილზე, ორი ქვეყნის მთავრობების ყურადღებიანი ხელმძღვანელობისა და ორი ერის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდა, ხოლო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო.

    ჩინეთი და საქართველო მუდამ თანასწორუფლებიანი და ერთმანეთის მიმართ ნდობით გამსჭვალული, მეგობარი სახელმწიფოები იყვნენ. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ კი, მუდამ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ ერთმანეთის მიერ არჩეულ საზოგადოებრივ წყობილებასა და განვითარების გზას, თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპზე დაყრდნობით ვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას, ერთად ვქმნით დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანი მოპყრობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითს.

    ჩინეთი და საქართველო კარგი პარტნიორები არიან, რასაც სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს. ჩვენი ქვეყნები ენერგიულად თანამშრომლობენ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობაში. ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ელექტროენერგიის, ინდუსტრიული ზონების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროების მშენებლობაში. მათ საქართველოში არა ერთი მაღალხარისხოვანი პროექტი განახორციელეს რკინიგზის, საავტოობილო გზების, გვირაბების, ხიდების მშენებელობის მიმართულებით და დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩინეთი მზად არის საქართველოს საჭიროებებს უპასუხოს. განხორციელდა უსასყიდლო დახმარების პროექტები, მაგალითად საბაჟო კონტროლის დანადგარების, ბოსტნეულის სათბურების, ფაროსანას საწინააღმდეგო აღჭურვილობის და სხვა პროექტები. ქართული მხარის ორგანიზებით სამჯერ წარმატებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი, სადაც მთელი მსოფლიოს მოაზროვნეებმა მოიყარეს თავი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ თანამშრომლობის განვითარებისთვის რჩევები და გეგმები შეიმუშავეს. ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ამ სახის პირველი შეთანხმებაა ჩინეთსა და ევრაზიის რეგიონის სხვა ქვეყანას შორის. მან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა თუ სულ რაღაც 3.68 მილიონი აშშ დოლარი იყო, ამ მაჩვენებელმა დღეს უკვე 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ჩინელი მომხმარებელი სულ უფრო მეტ ხარისხიან ქართულ ნაწარმს ეცნობა და იძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს ეპიდემიის გამო საქართველოს საგარეო ვაჭრობის კლების ფონზე, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა პირველი ოთხი თვის მონაცემებით 8.9%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა.

    ჩინეთი და საქართველო ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ. ჩინეთი და საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ბრწყინვალე ცივილიზაციის მქონე უძველესი ქვეყნებია. ჩვენს ხალხებს ერთმანეთის ცივილიზაციისა და ისტორიის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. დღეს ჩინეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ლიტერატურული და სამხატვრო დასები ხშირად ახორციელებენ ურთიერთვიზიტებს. თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, სპორტის, კინოსა და ტელევიზიის, ახალი ამბების, გამომცემლობის და სხვა სფეროებში უწყვეტად ღრმავდება. ჩინეთის მიერ დაარსებული ორი კონფუცის ინსტიტუტი საქართველოში ჩინური ენის ბრწყინვალე სპეციალისტებს ამზადებს. ყოველწლიურად ათობით ქართველ სტუდენტს ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიის და კონფუცის ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებისა და ჩინეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოს მთავრობა ჩინური ენის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შეტანას აპირებს, რაც ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „ღვთის მიერ ნაბოძები მიწა“, „ღვინის სამშობლო“ - ეს მეტსახელები უფრო და უფრო მეტ ჩინელ ტურისტს იზიდავს. 2019 წელს საქართველოში თითქმის 50 ათასმა ჩინელმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც წინა წელთან შედარებით 50.9%-ით მეტია.

    წელს, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო უკეთ წარმოჩინდა და გაიზარდა. ჩინეთმა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და თანაგრძნობა მოიპოვა. საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, ჩინეთმა საქართველოსთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა აქტიურად დაიწყო, ეპიდემიის პრევენციის, კონტროლისა და მკურნალობის გამოცდილება ქართულ მხარეს უანგაროდ გაუზიარა; ქართული მხარისთვის ექსპერტთა ვიდეო კონფერენცია სამჯერ მოაწყო; ნიღბები, რეაქტივების ნაკრებები, ხელთათმანები, დამცავი სამოსი და სხვა აუცილებელი სამედიცინო ნივთები საჩუქრად გადასცა. საქართველოში ჩინეთის მოქალაქის მხრიდან ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩინეთის მოქალაქეებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოში ეპიდემიის წარმატებულ პრევენციასა და კონტროლში. ამავდროულად, ორ ქვეყანას შორის საქმიანი თანამშრომლობის ხელშეწყობით ვცდილობთ ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას. ჩინურ კომპანიებს, რომლებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში არიან ჩართულნი, გაძლიერებული დამცავი ღონისძიებების პირობებშიც კი, ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, ისინი რეალური მოქმედებებით ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას. ჩვენ გვაქვს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეპიდემიის წინააღმდეგ მხარდამხარ ბრძოლაში შედუღებული ჩინეთ-საქართველოს მეგობრობა, ეპიდემიის დასრულების შემდეგ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ნაყოფიერ შედეგს მოიტანს.

    „ორ ნაპირს შორის წყალუხვი სივრცე გაშლილა, აფრების ასაშვებად სწორედაც, რომ საუკეთესო დროა“. გასული წლის მაისში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო ყოველმხრივ ღია სავაჭრო პარტნიორები, თანასწორუფლებიანი და ურთიერთსარგებლიანი საინვესტიციო პარტნიორები და ურთიერთდაკავშირებული სატრანსპორტო პარტნიორები უნდა იყვნენ, რასაც საქართველოს მეთაურებმა მხარი დაუჭირეს. ჩინეთი მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად სისრულეში მოიყვანოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება და თანასწორუფლებიანობის, ურთიერთსარგებლობისა და თანამშრომლობის საფუძველზე გააგრძელოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება; მზადაა მტკიცედ გამოიყენოს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" პროექტის ისტორიული შესაძლებლობები და „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ პრინციპზე დაყრდნობით უფრო მეტად განამტკიცოს პოლიტიკური ურთიერთნდობა, სრულად გამოიყენოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ბოლომდე აითვისოს საქმიანი თანამშრომლობის პოტენციალი, გააფართოვოს თანამშრომლობის წყაროები, გააღრმავოს კულტურული ურთიერთობები, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, ყველაფერი იღონოს ორი ქვეყნის ხალხებისათვის უფრო მეტი კეთილდღეობისა და ჩინურ-ქართულ ურთიერთობებში უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის სენატორ ლინდსი გრემს ესაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორთან, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრ ლინდსი გრემთან სატელეფონო საუბარი შედგა.

    მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შემდგომი განვითარების გზები.

    პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და მათ შორის ლუგარის ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა ლუგარის ლაბორატორიის განსაკუთრებული მნიშვნელობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის წარმატებაში. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ ფრთხილ ნაბიჯებზე, რომლებიც იდგმება ქვეყნის გახსნისა და ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით. 

    მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის" პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება.

    მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მოკავშირეებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შემდგომი გაღრმავების, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერის კუთხით. 

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორი ლინდსი გრემი თბილისში მოიწვია.

     

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური  
  • ჩინეთის ელჩი საქართველოს საგარეო და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ჩინური მხარის მიერ საქართველოსთვის სამედიცინო ნივთების ჩუქების ცერემონიას დაესწრო

    29 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის მიერ საქართველოსთვის სამედიცინო ნივთების ჩუქების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დაესწრნენ.

    ჩინეთის ელჩმა ლი იენმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსული ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად, ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას აქამდე დახმარების სახით უკვე გადასცა ვირუსის დასადგენი

    რეაქტივების ნაკრები და ამის საფუძველზე გადაწყვიტა, ქართულ მხარეს კიდევ აჩუქოს სამედიცინო ნივთები, რომელშიც შედის რეაქტივების ნაკრებები, ნიღბები, სამედიცინო ხელთათმანები, ბახილები, სიცხის საზომი შუბლის თერმომეტრები და სხვა ნივთები. 

    საქართველოში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფციაზე დაყრდნობით, ქართულ მხარეს უანგაროდ უზიარებს პრევენციისა და კონტროლის გამოცდილებას და სამედიცინო დახმარებას უწევს. ამ დრომდე, ჩინეთს ჯამში საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული აქვს 200,000 ცალი ერთჯერადი ნიღაბი, 24,000 ცალი რეაქტივების ნაკრები, 100,000 წყვილი ერთჯერადი ხელთათმანი, 3,000 ერთეული დამცავი ტანსაცმელი და სხვა სამედიცინო ნივთები. 

    შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი გააგრძელებს ექსპერტთა ვიდეოკონფერენციების ჩატარებას და შესაძლებლობის ფარგლებში საქართველოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევას. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობისა და ქართველი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი მეგობარი საქართველო მალე შეძლებს ეპიდემიის დამარცხებას.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა მადლობა გადაუხადეს ჩინეთს საჭირო სამედიცინო ნივთების საქართველოსთვის უანგაროდ გადაცემის გამო, და აღნიშნეს, რომ ეს ჩინეთ-საქართველოს ძლიერი მეგობრობის ნათელი გამოხატულებაა. ჩინური მხარის მიერ გადმოცემული ნივთები მნიშვნელოვნად გაზრდის ვირუსის გამოვლენისა და კონტროლის შესაძლებლობებს. საქართველო მზადაა ჩინეთთან მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გასაგრძელებლად და ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის მხარდამხარ სამუშაოდ.

    ჩინეთის საჩუქარი საქართველოს მიერ ჩინეთში შეძენილი სამედიცინო ნივთებისთვის გაგზავნილი ჩარტერული რეისით 29 აპრილს გამთენიისას ჩამოვიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და მას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.

  • EBRD-ისა და ADB-ის პრეზიდენტებმა გიორგი გახარიასთან დაადასტურეს მზაობა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპის დაბრუნებაში დაეხმარონ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტებთან ვიდეოკონფერენცია გამართა იმ შესაძლო დახმარებასა და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი საქართველოს გლობალური პანდემიის გამოწვევებიდან გამომდინარე გამოუყოფენ.

    ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებზე. განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ისა და ADB-ის მიერ საქართველოს კერძო სექტორისთვის, ქართული ბანკებისა და სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.

    მხარეებმა ასევე განიხილეს პოსტკრიზისული ზომები და დახმარება, რომელიც შეიძლება საქართველომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღოს, რათა მთავრობამ შემდგომშიც შეძლოს იმ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების გაგრძელება, რომლებიც დღესაც ხორციელდება მოქალაქეებისა და კერძო ბიზნესის მხარდასაჭერად.

    აღინიშნა, რომ სამთავრობო გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც EBRD-ისა და ADB-ის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ისე სათავო ოფისებთან, რათა ერთობლივად შემუშავდეს იმ ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მიზნობრივად ორიენტირებული იქნება მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებაზე.

    საფინანსო ინსტიტუტების პრეზიდენტების შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველო კრიზისს წარმატებით უმკლავდება, იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ქვეყანა ძალიან სწრაფად დაიბრუნებს ეკონომიკური განვითარების იმ ტემპსა და პოზიციებს, რომელიც ქვეყანას 2020 წლის დასაწყისში ჰქონდა. სუმა ჩაკრაბარტიმ და მასაცუგუ ასაკავამ დაადასტურეს მზადყოფნა ამ მიმართულებით საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის.

    ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ EBRD-ი და ADB-ი საქართველოსთვის ძალიან ძლიერი და სერიოზული პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში ასობით მილიონი დოლარის ღირებულების უმნიშვნელოვანესი პროექტები დააფინანსა, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში. აღინიშნა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისის მიუხედავად, დღესაც განხორციელების აქტიურ ფაზაშია.

    მთავრობის მეთაურმა EBRD-ს და ADB-ს აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობდნენ.

  • საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაეხმაროს მოქალაქეებს
    საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ყველას, ვინც ერთი თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს კომუნალურ გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „ამაში შედის როგორც დასუფთავების, ასევე, მოხმარებული წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“ – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური