თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 02 ივნისი 2017 14:14

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიებს: შპს ,,FLY ADJARA”-ს და შპს ,,ავიატორს“ დაუბრუნდებათ 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ თვითნებურად და უკანონოდ დაუფლებული საფრენი აპარატები: ვერტმფრენები და 2 თვითმფრინავი.
"დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ დაუფლების მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,FLY ADJARA”-ს 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა 10 ცალი „EXEC162F“ საფრენი აპარატის კომპლექტი, ხოლო შპს ,,ავიატორს“ 2010 წლიდან კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ერთი comp air 8“ მოდელის 6-8 ადგილიანი თვითმფრინავი და ერთი „comp air 10“ მოდელის 7-10-ადგილიანი თვითმფრინავი, ასევე 3 ერთეული „EXEC162F“ საფრენი აპარატი.
2012 წლის გაზაფხულზე, აღნიშნული საფრენი აპარატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ინტერესის ქვეშ მოექცა და მათი უკანონოდ დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ავიატორის“ ანგრებიდან ხსენებული საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენების და დაუფლების მიზნით ქ.თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა.
პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,FLY ADJARA”-ს წარმომადგენელს ნოდარ კაკაბაძეს და შპს ,,ავიატორის“ წარმომადგენელს ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული 2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული „EXEC162F“ ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, მათ მიმართ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება."- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

დაზარალებულები ქონების ჩამორთმევის საქმეში ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მეგის ქარდავას ადანაშაულებენ.

წაკითხულია 642 ჯერ

Related items

  • თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის ვალდებულებას 2020 წელს სრულად შეასრულებს
    სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის მინისტრის ახალი სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
     
    2020 წლის ბოლოს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში და გორში, ბინას 667 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითიც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს. გათვალისწინებულია კორპუსების დასრულებული ფასადით, მოპირკეთებული სადარბაზოთი, სარდაფით, ლიფტებით, შესასვლელი რკინის კარით, ელექტროენერგიის ცენტრალური ქსელითა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება საცხოვრებელი ბინების მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსების მოწყობა.
     
    სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფის პროცესი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს დაიწყო და დღემდე როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან მიმდინარეობს. დღემდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ფართით 1700-ზე მეტი ოჯახი უზრუნველყო.
     
    სამხედრო ქალაქში მინისტრთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე იმყოფებოდნენ.
  • პრეზენტაცია „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით

    თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2019“ დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და აღნიშნა, რომ   დიდი პატივია ჩავერთოთ სწავლებების იმ ციკლში, რომელსაც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა ევროპის სამხრეთ ნაწილში პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად ატარებს. „ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობისაა. ყველა წლის დინამიკა არის მაქსიმალურად მიმართული იმისკენ, რომ გაიზარდოს როგორც უშუალოდ ჩვენი თავდაცვის  ძალების, ისე ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. სწორედ, ეს არის უზრუნველყოფა იმ პრინციპისა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ - მეტი ნატო საქართველოში,“ - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას.

    „Agile Spirit 2019“-ის  კონცეფციაზე კი, მოწვეულ სტუმრებს სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

    პრეზენტაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური და მისი მოადგილეები, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

    მრავალეროვნულ სწავლებას „Agile Spirit 2019“ საქართველო 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. სამხედრო წვრთნები საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპის სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება. სწავლება როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს მოიცავს.

    სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

    „Agile Spirit 2019“ სამ ლოკაციაზე პარალელურად გაიმართება - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მრავალმხრივია სწავლების სცენარიც, რომელიც სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების ჩართულობას ითვალისწინებს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას „LOGDEV 2019“ საქართველო პირველად მასპინძლობს

    სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019“  ოფიციალურად დაიწყო. გახსნის ცერემონიალზე „არმიჰოლში“ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თავდაცვის  ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და  აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 წარმომადგენელმა, ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა მიმართეს.

    სიტყვით მიმართვისას თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სწავლების მნიშვნელობასა და მის მიზანზე გაამახვილა. „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ  სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ  შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

    სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. „LOGDEV 2019“-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ,  ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.  

    სწავლების მიზანი ნატოს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატოს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე,  ქვედანაყოფების ფორმირების,  გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

    სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის  (ODC) წარმომადგენლები და  სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაესწრო.

    მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკური სწავლება 17 მაისს, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე დაიხურება.

  • ქართველი მშვიდობისმყოფელების დაჯილდოება ავღანეთში

    ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში IV მექანიზებული ბრიგადის ქართველმა სამხედროებმა კეთილსინდისიერი საქციელით თავი გამოიჩინეს.

    კაპრალმა ნიკოლოზ ფარცვანიამ სპორტულ დარბაზში ვარჯიშის დროს საფულე დიდი ოდენობის თანხით იპოვნა. იმავე დღეს მან თავად მოძებნა საფულის პატრონი და დაკარგული ნივთი დაუბრუნა. კეთილსინდისიერად და სამაგალითოდ მოიქცნენ ასევე, უფროსი სერჟანტი მამუკა მელაძე, კაპრალი გიორგი მღებრიშვილი და უფროსი ლეიტენანტი არჩილ შავდათუაშვილი. მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ადგილას განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა აღმოაჩინეს და მესაკუთრეებს დაუბრუნეს.

    საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის სახელით, ავღანეთის დედაქალაქში დისლოცირებულ IV მექანიზებული ბრიგადის მშვიდობისმყოფელებს მადლობა გამოეცხადათ, ხოლო ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურეები ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

    დღესვე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში „პირადი მცველის“ ორკვირიანი კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალიც გაიმართა. პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა და ავღანეთში თავდაცვის ძალების წარმომადგენლობის მთავარმა სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

  • საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი დასრულდა

    საქართველოს თავდაცვის ძალებში ტურნირი მკლავჭიდში დასრულდა. ჩემპიონატში სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. 

    ასპარეზობა 7 წონით კატეგორიაში (მარცხენა და მარჯვენა ხელი) 60, 70,80, 90,100,100+  და აბსოლუტურ კგ-ში ჩატარდა. თითოეულ კატეგორიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა.  დღეს საინჟინრო ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტი არმენ არუთინიანი სამი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ის მკლავჭიდის შეჯიბრში რვა გზის გამარჯვებულია. 

     გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ეროვნული გვარდიის,  გენერალი შტაბის სპორტული ღონისძიებების სამსახურისა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა გადასცეს. აღნიშნულ ტურნირს საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები აკვიდრებოდნენ. დაჯილდოებას მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში რევაზ ლუტიძეც დაესწრო. 

    საქართველოს თავდაცვის ძალებში მკლავჭიდში ტურნირი ყოველწლირად იმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური