ქართველების პირველი შეხვედრა 20 წლამდელთა ჩემპიონატზე

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 12:52

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კლასით უფრო ძლიერ არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართეს და თამაშში ბოლომდე დარჩნენ, მაგრამ ასეთი დონის შეხვედრების ნაკლებობამ გამარჯვების საშუალება არ მოგვცა - 26:37.

ეს იყო სამხრეთ ამერიკული ტემპერამენტისა და კავკასიური ხასიათის დაპირისპირება, რომლის დროსაც გამოჩნდა, რომ ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს და ტოლსწორად თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. იყო ეპიზოდები, როდესაც უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას ფლობდნენ და თითქოს ლელოც ლოგიკური ჩანდა, თუმცა პატარ-პატარა შეცდომების გამო ქულების აღება ვერ მოხერხდა.

მთლიანობაში, ‘პუმიტასმა’ გამარჯვება დამსახურებულად იზეიმა, მაგრამ მინიმუმ ქულას უმცროსი ბორჯღალოსნებიც იმსახურებდნენ. სამწუხაროდ ბოლო ლელოს დადება ვერ მოხერხდა, თუმცა იმ ბიჭებმა, რომლებმაც არგენტინასთან მთელი 80 წუთი თავდადებულად იომეს, ქომაგისგან აპლოდისმენტები დაიმსახურეს და მოედანი თავაწეული დატოვეს.

 საქართველო 26:37 არგენტინა

საქართველოსა და არგენტინის შეხვედრებისთვის ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონი თითქმის პირთამდე შეივსო. ტრიბუნებზე ბორჯღალოსნებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამერიკული ტურნესთვის ემზადებიან. ასევე იყვნენ არგენტინელი ქომაგები, რომლებიც სამხრეთ ამერიკელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებლივ ქომაგობდნენ. ტრიბუნაზე იყო ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტი ბილ ბომონტი და ის ქართველთა თავდადებული თამაშით კმაყოფილი დარჩა.

 ‘პუმიტასმა’ ჰიმნი არგენტინელთათვის ტრადიციულად, ემოციურად შეასრულა. მერე იყო ჩვენი ჰიმნი და თამაში პირველსავე წუთებიდან გახურდა. უმცროსი ბორჯღალოსნები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, მაგრამ ღია თამაშში, სწრაფმა არგენტინელებმა რამდენჯერმე შეძლეს ხაზის გაჭრა და უპირატესობის მოპოვება. ქართველები ბურთზე კონტროლის დამყარებას და ფორვარდების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ჩასაფრებული არგენტინელები მცირე შეცდომას არ გვპატიობდნენ.

 ანგარიში გელა აფრასიძემ ჯარიმით გახსნა, რომელმაც შესვენებამდე კიდევ სამი შანსი მიიღო და ყველა გამოიყენა, აქედან ორი დარტყმა საკუთარი ნახევრიდან შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ამ პერიოდში მეტოქემ 3 ლელოს დადება მოახერხა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახა და შესვენებისას სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო - 12:17.

 მეტოქე მიხვდა, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს იოლად ვერ გაუმკლავდებოდა და მეორე ტაიმის დასაწყისში აღარ გარისკა, ჯარიმა ორჯერ კარში დაარტყა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ქართველებმა ფაზები გადააბეს და წითელ ზოლს უწიეს, ლელოც თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეტოქემ იერიში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. 3 ქულის აღება ძალიან მარტივი იყო, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოზე თამაში არჩიეს და სამწუხაროდ, უქულოდ დარჩნენ.

 61-ე წუთზე მატიას სოსემ ინდივიდუალური გარღვევით არგენტინელთა მე-4 ლელო დადო და საკუთარ გუნდს ბონუს ქულა მოუტანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 5 წუთში უპასუხეს: კარგი მოლი მეტოქემ ჩააქცია, ამას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა, შეტევა ხაზზე გაიშალა, გიორგი გოგოლაძემ ბურთი გიორგი კვესელაძეს ამოუგდო და მან 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი ქართული ლელო მიითვალა.

 სოსეს კიდევ ერთ სწრაფ გარღვევას არგენტინელთა მორიგი ლელო მოყვა, მაგრამ 72-ე წუთზე ქართველებმა მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარეს და უშანგი ჭეიშვილის ლელო გოგოლაძემ გარდასახა. დრო კიდევ საკმარისი იყო და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 15-ფაზიანი შეტევა განახორციელეს, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა მოახერხა და პრემიალური ქულის აღება არ დაგვანება.

 

 

წაკითხულია 326 ჯერ

Related items

  • უმცროსი ბორჯღალოსნები გაისადაც 12-გუნდიან ელიტაში ითამაშებენ

    უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფში ‘პუმიტასი’ 26:25 დაამარცხა და გაისადაც 12-გუნდა ელიტაში ითამაშებს.

    რეალობიდან გამომდინარე ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბი გათვლას თავიდანვე მეოთხე თამაშზე აკეთებდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ სავარაუდო მეტოქეებს ავცდით და მე-9 ადგილის ნახევარფინალში არგენტინა გვერგო. ‘პუმიტასი’ საქართველოში საჩემპიონოდ ჩამოვიდა, თუმცა ჩვენზე მეტად არ გაუმართლა და სამი თამაშის შემდეგ ქვედა ოთხეულში მოხვდა.

    სიტუაციის შემობრუნების მიუხედავად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გეგმას არ გადაუხვიეს, ‘მიხეილ მესხზე’ მეტოქეს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 26:37 ჩამოვრჩით დიდი ბრძოლა გავუმართეთ, ანგარიშში თავიდანვე დავწინაურდით და ეს უპირატესობა საფინალო სასტვენამდე შევინარჩუნეთ. ეს იყო იმ თამაშის და ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ შეხვედრაში აჩვენა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უფრო ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმეს, ამ დღეს იღბალიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდა და საფინალო სასტვენმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

    ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა: შერკინებიდან არსენ მაჩალაძემ შეუტია და იერიში გელა აფრასიძემ გააგრძელა, შეტევაში შუამარბი გიორგი კვესელაძე ჩაერთო, რომელმაც ბურთი ბექა საღინაძეს ამოუგდო და ჩვენმა მეორეხაზელმა მცველი ერთი-ერთზე დაჯაბნა. აფრასიძე გარდასახვიდან არ შეცდა. სტუმრებმა მალე გვიპასუხეს და ლელო გარდაუვალი ჩანდა, თუმცა შემტევს დამიწებამდე ბურთი ხელიდან გაუსხლტა. არგენტინას ჯარიმის უპირატესობა ჰქონდა და ტომას ალბორნოზმა ახლოდან გაიტანა - 7:3.

    მე-12 წუთზე მეორე ლელო დავდეთ. არგენტინელებმა 22-ში შეტანილი ბურთი პირდაპირ აუტში დაარტყეს და ჩვენი დერეფანი დარტყმის ადგილას დაინიშნა, მოლიც კარგად დადგა, დაახლოებით 12 მეტრი იარა და გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა. აფრასიძე კვლავ ზუსტი იყო. ორიოდე წუთში რეფერიმ ლაშა ტაბიძე საკამათო ეპიზოდში სახიფათო ბოჭვაში დაადანაშაულა და მეტოქემ მეტობა 1 წუთში ლელოში ასახა. ალბორნოზს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა მალევე ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა.

    შესვენებამდე დარჩენილ 20 წუთში ბურთს უმეტესად უმცროსი ბორჯღალოსნები აკონტროლებდნენ და რამდენჯერმე ჰქონდათ კარგი შეტევა, მაგრამ მეტოქე ჯარიმდებოდა და აფრასიძემაც ზუსტი დარტყმებით მონაგარს კიდევ 9 ქულა შემატა. ამ პერიოდში ერთი კარგი შეტევა მეტოქესაც ჰქონდა, თუმცა დავით მესხის ბოჭვის შემდეგ არგენტინელს ჩვენს 5-მეტრიანთან ბურთი წინ დაუვარდა - 23:11.

    მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებმა ლელო დადეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს (გარდასახვა არაზუსტი იყო). უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და ძალიან დიდი დრო შეტევაში გაატარეს. დაახლოებით 10 წუთი მეტოქის წითელ ზოლს ვუტრიალეთ, 3-ჯერ არ დავარტყით ჯარიმა, მაგრამ ლელოს დადება ვერ შევძელით. 67-ე წუთზე მეტოქის შეცდომის შემდეგ ლელო მირიან მოდებაძემ დაამიწა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ მანამდე გვერდით ხაზს შეეხო.

    თამაშის ბოლო ახლოვდებოდა, სხვაობა ისევ 5 ქულა იყო და ცხადია, დაძაბულობაც მატულობდა. საბედნიეროდ, სიტუაცია აფრასიძემ დააწყნარა, რომელმაც თავისი ნახევრიდან ჯარიმა კი ააცილა, თუმცა, 76-ე წუთზე დაახლოებით 43 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა და საქართველო 26:18 დააწინაურა.

    გადამწყვეტი მომენტი სწორედ ეს გახლდათ. სამხრეთამერიკელებს 8-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრისთვის უბრალოდ დრო აღარ რჩებოდათ და უკვე გაწითლებულ დროზე დადებული ლელოთი მხოლოდ გულები გაიგრილეს.

    26:25 და 18 ივნისს მე-9 ადგილისთვის ირლანდიას ვეთამაშებით, რომელმაც სამოა 52:26 დაამარცხა. გვაქვს შანსი, რომ შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესოთ და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ, თუმცა უმთავრესი ისაა, რომ 2018 წელს კვლავ ელიტაში ვიქნებით (ჩემპიონატს შოტლანდია მასპინძლობს) და 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ვითამაშებთ.

    პრესკონფერენცია

    ილია მაისურაძე (მთავარი მწვრთნელი): „გასაგებ მიზეზთა გამო, ტურნირის დასაწყისიდანვე გათვლა მე-4 მატჩზე გვქონდა და ვიცოდით, რომ მის მოსაგებად მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა.

    მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მხოლოდ მეორედ ვიღებთ მონაწილეობას და ცხადია, რომ უპირველესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ძლიერი მეტოქეები გვერგო, ამდენად, შეჯიბრზე ძალების გადანაწილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

    მატჩი ცუდად ნამდვილად არ დაგვიწყია, ფაქტობრივად, საწყისი 20 წუთი ვდომინირებდით და კარგი შეტევები გქვონდა, თუმცა, განსაკუთრებით დაცვით ხაზში ხარვეზებიც შეინიშნებოდა. არგენტინელებმა ეს ჩინებულად გამოიყენეს და რამდენიმე ეპიზოდში ლელოსთან ახლოს იყვნენ.

    აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით და ალბათ, მეტი ქულის გაკეთებაც შეგვეძლო, თუმცა, მთავარია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა და ვერავინ იტყვის, რომ ეს დაუმსახურებელი იყო. მატჩის მიწურულს აფრასიძის მიერ გატანილმა ჯარიმამ ამოგვასუნთქა. კარში დარტყმა მანამდეც შეიძლებოდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ლელოზე გვეთამაშა. არგენტინამ განვლილ მატჩებში დიდი ენერგია დახარჯა, მათ მოთამაშეებს დიდი სათამაშო დრო დაუგროვდათ და გახშირებული ჯახებით მათი დაღლა გვსურდა. 

    ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია და ბიჭებს ეს დამატებით ენერგიას შესძენს. მომდევნო მატჩისთვის მათ 1-2 დღეს აუცილებლად დავასვენებ და შემდეგ ირლანდიასთან შეხვედრისთვის დავიწყებთ მზადებას”.

    ილია სპანდერაშვილი (კაპიტანი): „დღეს დავამტკიცეთ, რომ დანარჩენ თამაშებშიც შეიძლებოდა წარმატების მიღწევა. მაგრამ ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება, ეს გამოცდილება სწორედ განვლილ სამ შეხვედრაში მივიღეთ და შედეგიც სათანადო დადგა“.

  • ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონაზე კაპიტნები საუბრობენ

     სასტუმრო ‘ბილტმორში’ 2017 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის იმ ჯგუფების კაპიტნების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელთა გუნდებიც თბილისში ითამაშებენ.

     20-წლამდელთა ჩემპიონატს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. „ბ“ ჯგუფის (ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია) შეხვედრები ქუთაისში, ‘აია არენაზე’ გაიმართება, ხოლო ‘ა’ (ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა) და ‘გ’ (არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საქართველო) ჯგუფის შეხვედრებს ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.

     ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი ოფები და ფინალები 13 და 18 ივნისს ‘მიხეილ მესხისა’ და ავჭალის სტადიონებზე გაიმართება.

     

    პრესკონფერენცია

     რის ჰიუეთი (ავსტრალია) : „საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. რაგბი კარგად ვითარებდა და მჯერა, ტრიბუნებზეც გათვითცნობიერებული ქომაგი იქნება. ტურნირის მონაწილეებს წარმატებას ვუსურვებ და იმედია, შეჯიბრით ყველა ისიამოვნებს.

    ჩემი გუნდის იმედი ნამდვილად მაქვს. ავსტრალიაში კარგი თაობა მოდის და რამდენიმე მათგანს ზე-რაგბში თამაშის გამოცდილება აქვს. ცხადია, ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა, დანარჩენი კი შეჯიბრის მიმდინარეობისას გამოჩნდება”.

     

    ვილ ჯოუნზი (უელსი): „მძიმე ტურნირის მოლოდინში ვართ. ჯგუფურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ ინგლისს, ავსტრალიასა  და სამოას ვეთმაშებით და ცხადია, რომ იოლ გამარჯვებას ვერავისთან დავგეგმავთ”.

     ივან ფეპულეაი (სამოა): „ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე პლანეტის 12 უძლიერესი ნაკრებია შეკრებილი და ეს თავისთავად მეტყველებს რა დონის შეჯიბრს უნდა ველოდეთ. ბიჭების სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინასწარი გათვლებით, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა, ტურნირის სტარტი ძალთა ბალანსს კარგად გამოაჩენს. პირველივე მატჩში მოქმედ ჩემპიონ ინგლისს ვეთამაშებით და გავიაზრებთ, რისი იმედი უნდა გვქონდეს”.

     ზექ მერსერი (ინგლისი): „მსოფლიო თასისთვის ნაყოფიერი მზადება გავიარეთ და წინდაწინვე შეგუებულნი ვართ იმას, რომ ტურნირზე სუსტი მეტოქე არ გვეყოლება. ნათელია, რომ ჩვენი მიზანი ტიტულის შენარჩუნება იქნება, რისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”.

     ილია სპანდერაშვილი (საქართველო): „ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის ტურნირი საქართველოში ტარდება. ცხადია, რომ ურთულესი მატჩები გველის. მეტოქეები ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებული. ჩვენც ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩეს, ჩვენ კი მინდორი თავაწეულებმა დავტოვოთ. ცხადია, მიზანი ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება და შემდეგ პლეიოფში მაღალი დონის თამაშის ჩვენებაა”.

     ტომას ალვორნოსი (არგენტინა): „საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ყოველმხრივ დადებითია. ვეცდებით, საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. პირველივე მატჩში მასპინძელ საქართველოს ვეთამაშებით და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ქართველებს შარშან მოსამზადებელ მატჩებში გავეჯიბრეთ და მახსოვს, როგორი რთული სპარინგები იყო. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებით კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და ახლაც დიდ ბრძოლას ველით”.

     ფლორიან ვერეგე (საფრანგეთი): „საქართველოში პირველად ვარ და აქაურობა ძალიან მომწონს. ჩვენ მკაფიო გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომლის თანახმადაც მატჩიდან მატჩამდე წინ უნდა ვიაროთ. საქართველოს ნაკრებთან თამაშის გამოცდილება ჩვენც გვქვს და კარგად გვახსოვს, რომ გასულ მსოფლიო თასზე მცირე სხვაობით ვიმარჯვეთ. ახლა, ჯგუფში ერთად ვართ და იმედია, უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ”.

     ერნსტ ფან’რეინი (სამხრეთი აფრიკა): „შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. არგენტინის, საფრანგეთისა და საქართველოს სახით, ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს, მიზანი კი, ცხადია, პირველობა იქნება. საწყის შეხვედრაში საფრანგეთთან გამარჯვება ძალიან წაგვწევს წინ”.

  • ჩემპიონი მორაგბე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

     21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა "ლელო სარასენსის" და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხ გზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე. საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თნავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    newsday.ge მწუხარებას გამოთქვამს უჯას გარდაცვალების გამო და ტანაგრძნობას უცხადებს, ქართულ სარაგბო ოჯახს, გუჯას მეგობრებსა და ახლობლებს.

  • 13 წლის მორაგბე სიცოცხლისთვის იბრძვის - დავეხმაროთ ლუკას!

    13 წლის ლუკას ჩვენი დახმარება სჭირდება. პატარა მორაგბეს თავში ანევრიზმა გაუსკდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ლუკას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია თურქეთში ან ავსტრიაში უნდა გაკეთდეს, რადგან საქათველოში სათანადო აპარატურა არ არსებობს.

    პატარა მორაგბის გადასარჩენად თითოეული წამი მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ლუკა გადავარჩინოთ.

     

    ლუკას გადასარჩენად თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:

    ანგარიშის ნომერი: GE81TB7734545061100045
    მიმღები: ია ნემსიწვერიძე.
    დანიშნულება: ვერთიანდებით ლუკასთვის

  • გორში “ჯიქის“ ჩემპიონობა აღნიშნეს

    ორში გაიმართა საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის "დიდი 10"-ის გამარჯვებული გორის "ჯიქის" დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან  - შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ქალაქის მერთან ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად გორელ მორაგბეებს ჩემპიონობა მიულოცა. 

    გორის "ჯიქმა" საქართველოს ჩემპიონატში დამაჯერებლად ითამაშა და რეგულარული სეზონი, 61 ქულით დამაჯერებლად მოიგო. მეორე ფინალისტი გუნდი "ბათუმი" რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილზე გავიდა და დიდ ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ "ლელო-სარასენსს" 11:9 აჯობა. 

    "ჯიქმა" დიდი 10 ტოიოტას ფინალში, რომელიც 14 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა ბათუმის "ბათუმს" 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. გორელებმა დიდი 10 ტოიოტას ფინალის მოგებით დამატებით 70 ათასი ლარი მიიღეს. "ჯიქის" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე პალიკო ჯიმშელაძეა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური