გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 ივნისი 2017 11:44

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს ეიმუტის მისიუნასს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი მღებრიშვილმა ლიტვის შს მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შს მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის საპოლიციო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი პარტნიორია.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ეიმუტის მისიუნასს უწყებაში ბოლო პერიოდში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები, ასევე, შსს-ს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის საერთაშორისო ტრენინგ-პროექტზეც, რომლის ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის, ერთიანი მიდგომის შემუშავებას, ასევე, მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა და ეიმუტის მისიუნასმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტის თანახმად, ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, ევროპული მისწრაფებების კონტექსტში. ქართველი და ლიტველი სამართალდამცველები ერთმანეთს გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ასევე, საზღვრის ინტეგრირებული მართვის, მიგრაციის რეგულირების, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების, სამოქალაქო თავდაცვისა და საექსპერტო–კრიმინალისტიკური მიმართულებებით.

წაკითხულია 316 ჯერ

Related items

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

    გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

    სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

    ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია ვებ გვერდის სათაური - What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს - რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death - რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

    2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide - რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე - გვერდზე მიწერილი აქვს სათაური - Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

    დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

    აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილს.

     

     
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით

    შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ.

    "მოგესალმებით, პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს და გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

    გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 18 ივლისს, საღამოს შემოვიდა შეტყობინება თამარ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო თამარ ბაჩალიაშვილის ძებნის ღონისძიებები, ხოლო 19 ივლისს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით.

    სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილის ფოტოსურათი დაიგზავნა საქართველოს მასშტაბით ყველა დანაყოფს, ასევე, ძებნაზე გადაეცა მისი ავტომანქანა. კამერების დათვალიერების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა ბოლოს დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის "ჭკვიან" კამერაზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას იგი თავად მართავდა. აღნიშნულის შემდგომ, პოლიციის მიერ საძიებო სამუშაოები გაგრძელდა ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, გამოიკითხა ადგილობრივი მოსახლეობა.

    აღსანიშნავია, რომ დაკარგული გოგონას სამძებრო ღონისძიებებში, პოლიციელებთან ერთად, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ მეხანძრე-მაშველები, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დრონები, სხვა სპეციალური ტექნიკური საშუალებები და ვერტმფრენი.

    თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივლისს აღმოჩენილ იქნა მისსავე ავტომანქანაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას.

    გარდაცვლილის აღმოჩენისთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, ასევე, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული ექსპერტი.

    პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები.

    გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად მოვახდენთ", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

    გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

    მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა.
    კერძოდ:
    2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
    ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.
    ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
    გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.
    ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.
    ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
    საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით.
    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.; სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ; სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.; 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.
     
     
  • მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს

    4 დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-ცენტრში განუცხადეს.

    ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორციელებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

    როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოებს.

    მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობის მონიტორინგი, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე თერმული დრონის საშუალებით. მუშაობას განაგრძობდა საველე შტაბი. ადგილზე მობილიზებული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფი - 7 გასაბერი ნავით. საძიებო პროცესში ჩართულია 2 ექოლოტი, რომლებითაც ხდება წყლის ფსკერის დათვალიერება. ადილზე, ასევე, მობილიზებულია ყველა სხვა საჭირო ტექნიკა.

    შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო და საძიებო სამუშაოები.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.

    მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური