‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონაზე კაპიტნები საუბრობენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 29 მაისი 2017 11:25

 სასტუმრო ‘ბილტმორში’ 2017 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის იმ ჯგუფების კაპიტნების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელთა გუნდებიც თბილისში ითამაშებენ.

 20-წლამდელთა ჩემპიონატს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. „ბ“ ჯგუფის (ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, იტალია) შეხვედრები ქუთაისში, ‘აია არენაზე’ გაიმართება, ხოლო ‘ა’ (ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა) და ‘გ’ (არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, საქართველო) ჯგუფის შეხვედრებს ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.

 ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი ოფები და ფინალები 13 და 18 ივნისს ‘მიხეილ მესხისა’ და ავჭალის სტადიონებზე გაიმართება.

 

პრესკონფერენცია

 რის ჰიუეთი (ავსტრალია) : „საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. რაგბი კარგად ვითარებდა და მჯერა, ტრიბუნებზეც გათვითცნობიერებული ქომაგი იქნება. ტურნირის მონაწილეებს წარმატებას ვუსურვებ და იმედია, შეჯიბრით ყველა ისიამოვნებს.

ჩემი გუნდის იმედი ნამდვილად მაქვს. ავსტრალიაში კარგი თაობა მოდის და რამდენიმე მათგანს ზე-რაგბში თამაშის გამოცდილება აქვს. ცხადია, ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა, დანარჩენი კი შეჯიბრის მიმდინარეობისას გამოჩნდება”.

 

ვილ ჯოუნზი (უელსი): „მძიმე ტურნირის მოლოდინში ვართ. ჯგუფურ ეტაპზე მოქმედ ჩემპიონ ინგლისს, ავსტრალიასა  და სამოას ვეთმაშებით და ცხადია, რომ იოლ გამარჯვებას ვერავისთან დავგეგმავთ”.

 ივან ფეპულეაი (სამოა): „ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე პლანეტის 12 უძლიერესი ნაკრებია შეკრებილი და ეს თავისთავად მეტყველებს რა დონის შეჯიბრს უნდა ველოდეთ. ბიჭების სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინასწარი გათვლებით, ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა, ტურნირის სტარტი ძალთა ბალანსს კარგად გამოაჩენს. პირველივე მატჩში მოქმედ ჩემპიონ ინგლისს ვეთამაშებით და გავიაზრებთ, რისი იმედი უნდა გვქონდეს”.

 ზექ მერსერი (ინგლისი): „მსოფლიო თასისთვის ნაყოფიერი მზადება გავიარეთ და წინდაწინვე შეგუებულნი ვართ იმას, რომ ტურნირზე სუსტი მეტოქე არ გვეყოლება. ნათელია, რომ ჩვენი მიზანი ტიტულის შენარჩუნება იქნება, რისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”.

 ილია სპანდერაშვილი (საქართველო): „ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი დონის ტურნირი საქართველოში ტარდება. ცხადია, რომ ურთულესი მატჩები გველის. მეტოქეები ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად არიან მომზადებული. ჩვენც ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩეს, ჩვენ კი მინდორი თავაწეულებმა დავტოვოთ. ცხადია, მიზანი ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება და შემდეგ პლეიოფში მაღალი დონის თამაშის ჩვენებაა”.

 ტომას ალვორნოსი (არგენტინა): „საქართველოზე პირველი შთაბეჭდილება ყოველმხრივ დადებითია. ვეცდებით, საუკეთესო თვისებები წარმოვაჩინოთ. პირველივე მატჩში მასპინძელ საქართველოს ვეთამაშებით და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ქართველებს შარშან მოსამზადებელ მატჩებში გავეჯიბრეთ და მახსოვს, როგორი რთული სპარინგები იყო. საქართველოს ნაკრები განსაკუთრებით კარგი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევა და ახლაც დიდ ბრძოლას ველით”.

 ფლორიან ვერეგე (საფრანგეთი): „საქართველოში პირველად ვარ და აქაურობა ძალიან მომწონს. ჩვენ მკაფიო გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომლის თანახმადაც მატჩიდან მატჩამდე წინ უნდა ვიაროთ. საქართველოს ნაკრებთან თამაშის გამოცდილება ჩვენც გვქვს და კარგად გვახსოვს, რომ გასულ მსოფლიო თასზე მცირე სხვაობით ვიმარჯვეთ. ახლა, ჯგუფში ერთად ვართ და იმედია, უფრო დამაჯერებლად მოვიგებთ”.

 ერნსტ ფან’რეინი (სამხრეთი აფრიკა): „შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. არგენტინის, საფრანგეთისა და საქართველოს სახით, ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს, მიზანი კი, ცხადია, პირველობა იქნება. საწყის შეხვედრაში საფრანგეთთან გამარჯვება ძალიან წაგვწევს წინ”.

წაკითხულია 514 ჯერ

Related items

  • შალვა გოგოლაძე - „ვიმედოვნებთ, მსოფლიო რაგბი ჩვენთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს“

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მონაწილეობა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში - „8 ერი“, ისტორიული გადაწყვეტილება იქნება, რადგან საქართველოს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იასპარეზოს ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, რაგბის გულშემატკივრის და სპორტული საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შალვა გოგოლაძემ კომენტარი ასევე რაგბის ეროვნული ჩემპიონატის განახლებასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

    შალვა გოგოლაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე: „ბოლო წლებში, „ფონდ ქართუსა“ და სახელმწიფოს მხრიდან ქართული რაგბის მიმართ განხორციელებულმა უპრეცედენტო მხარდაჭერამ და ჩვენი მორაგბეების წარმატებულმა თამაშმა, მოგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და სამინისტროს მხარდაჭერით, საშუალება გვაქვს განაცხადი გავაკეთოთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში - „8 ერში“ მონაწილეობაზე.

    ვიმედოვნებთ, რომ როგორც „მსოფლიო რაგბი“, ასევე ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი მიიღებს საქართველოსთვის სასარგებლო და ისტორიულ გადაწყვეტილებას და პირველად მოგვეცემა საშუალება ვიასპარეზოთ ასეთი მაღალი რანგის ტურნირზე, რაც ქართული რაგბისთვის და ჩვენი გულშემატკივრისთვის უდიდესი მონაპოვარი იქნება.

    როგორც ცნობილია, მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა იქონია სპორტული მიმართულებითაც. მარტის თვეში საქართველოში შეჩერდა ყველა მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, მათ შორის რაგბის ეროვნული ჩემპიონატი - დიდი ათის გათამაშებაც. მუდმივად მიმდინარეობდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლებოდა მიმდინარე ჩემპიონატის დასრულება და ახალი სეზონის დაწყება.

    რაგბის კავშირის გამგეობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო 2019/2020 წლის ჩემპიონატი და ყველანაირი ძალისხმევა მიმართულიყო ახალი - 2020/2021 წლის სეზონის დაწყებაზე. სახელმწიფოს მხარდაჭერით, დღეისათვის აღდგენილია საწვრთნელი პროცესი და ყველა გუნდი გადასულია აქტიური შეკრებების და ვარჯიშების ფაზაში. გუნდები ემზადებიან იმისთვის, რომ მიმდინარე თვის ბოლოს განახლდეს რაგბის ეროვნული ჩემპიონატი.“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რაგბის კავშირის თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება „მსოფლიო რაგბისთან“ და „6 ერის“ საორგანიზაციო კომიტეტთან, საქართველოს ნაკრების პრესტიჟულ ტურნირზე ოფიციალურად დაშვების საკითხებთან დაკავშირებით.

    ორგანიზატორთა ოფიციალური თანხმობის შემთხვევაში, 5 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „6 ერის“ ქვეყნებთან (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) და ფიჯისთან ერთად, პირველად იასპარეზებს ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება.

  • ჩემპიონი მორაგბე 24 წლის ასაკში გარდაიცვალა

     21 მაისს 24 წლის ასაკში გარდაიცვალა "ლელო სარასენსის" და მზარდი საქართველოს მორაგბე, საქართველოს ოთხ გზის ჩემპიონი, გუჯა სურგულაძე. საქართველოს რაგბის კავშირისა და სარაგბო ოჯახის სახელით თნავუგრძნობთ გუჯას ოჯახსა და მეგობრებს, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    newsday.ge მწუხარებას გამოთქვამს უჯას გარდაცვალების გამო და ტანაგრძნობას უცხადებს, ქართულ სარაგბო ოჯახს, გუჯას მეგობრებსა და ახლობლებს.

  • 13 წლის მორაგბე სიცოცხლისთვის იბრძვის - დავეხმაროთ ლუკას!

    13 წლის ლუკას ჩვენი დახმარება სჭირდება. პატარა მორაგბეს თავში ანევრიზმა გაუსკდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ლუკას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია თურქეთში ან ავსტრიაში უნდა გაკეთდეს, რადგან საქათველოში სათანადო აპარატურა არ არსებობს.

    პატარა მორაგბის გადასარჩენად თითოეული წამი მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ლუკა გადავარჩინოთ.

     

    ლუკას გადასარჩენად თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:

    ანგარიშის ნომერი: GE81TB7734545061100045
    მიმღები: ია ნემსიწვერიძე.
    დანიშნულება: ვერთიანდებით ლუკასთვის

  • რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

    2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები „დ“ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსის, ზღვისრეთის ზონის გამარჯვებულთან და ამერიკის მეორე გუნდთან ითამაშებენ.

     ავსტრალიასა და უელთან ბორჯღალოსნებს აქამდე არასდროს უთამაშიათ, მაგრამ ‘ურჩხულებს’ ტესტის გასამართად წელსვე, 18 ნოემბერს, კარდიფში ვეწვევით.

     ზღვისრეთის შესარჩევს პირველი წრის შემდეგ 8 ქულით ფიჯი ლიდერობს, სამოას 4 ქულა აქვს, ხოლო ტონგას 1. მეორე წრე ამა წლის ივნისში გაიმარებთა და გამარჯვებული იაპონიის მსოფლიო თასზე ჩვენი მეტოქე იქნება.

     ამა წლის ივნისში შტატები და კანადა ორ-რაუნდიან რკენაში ამერიკა1-ს გაარკვევენ, ხოლო დამარცხებული მეორე საგზურისთვის და „დ“ ჯგუფში მოხვედრისთვის სამხრეთი ამერიკის ფალავანს, სავარაუდოდ ურუგვაის შეერკინება.

     კიოტოში გამართული წილისყრის შედეგად 2019 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდები ასე დაწყვილდნენ. 

     ა ჯგუფი - ირლანდია, შოტლანდია, იაპონია ,ევროპა 1 ,ევროპა 2  - ზღვისრეთი 3

     ბ ჯგუფი - ახალი ზელანდია ,სამხრეთი აფრიკა ,იტალია ,აფრიკა1 რეპეშაჟი

     გ ჯგუფი -ინგლისი ,საფრანგეთი ,არგენტინა ,ამერიკა1 ,ზღვისრეთი 2

     დ ჯგუფი - ავსტრალია ,უელსი ,საქართველო ,ზღვისრეთი ,ამერიკა 2

  • მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის

    "ბორჯღალოსანთა" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის.

    მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:

    "ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

    უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს. 

    მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

    ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

    ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე, წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს" - თქვა მამუკა გორგოძემ.

    4-ჯერ საუკეთესო მსოფლიო თასზე

    გორგოძემ "ბორჯღალოსნების" კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.

    მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე - 2007, 2011 და 2015 წლებში - და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის "ბორჯღალოსნების" კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია - ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.

    "ნაკრებში პირველად 2003 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ ვითამაშე. შეცვლაზე 10 წუთით შევედი. ამ პერიოდში ბურთიც მივიღე და რაღაცები კარგად გამომივიდა. მას შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართით არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩავატარე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები 2015 წლის მსოფლიო თასზე გვქონდა.

    მოგება ისე არასდროს გამხარებია, როგორც ტონგასთან ბოლო მსოფლიო თასისას. კარიერის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი თამაში მოგვიგია, მაგრამ ეს მაინც გამორჩეული იყო. ასევე ძალიან მაგარი იყო ახალ ზელანდიასთან შეხვედრა. მსოფლიოს ჩემპიონი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სტადიონი "მილენიუმი" და მე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

    ძალიან მაგრად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება საქართველოში, გადაჭედილ "დინამოზე" ჩატარებული თამაშები, განსაკუთრებით კი, წელს რუსეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განათებული ტრიბუნები. საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში, "ნოუ კამპზე" 93 ათასი მაყურებელი იყო, მაგრამ იქაც არ იყო ისეთი ატმოსფერო, როგორც ჩვენთან 54-ათასიან "დინამოზე".

    ნაკრებიდან დამარცხებული არ წავალ!

    გორგოძემ რაგბის თამაში 2000 წელს,  16 წლის ასაკში, "ლელოში" დაიწყო და 2004 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2005 წლიდან 2014 წლამდე ის ტოპ 14-ის "მონპელიეს" ღირსებას იცავდა და სწორედ იქ თამაშისას გაითქვა სახელი. გავიდა ტოპ 14-ის ფინალში, 2010/11 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/13 წლების სეზონში აღიარეს ტოპ 14-ისა და "ჰაინეკენის თასის" (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.


    2014 წლიდან "ტულონში" გადავიდა და გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში "რასინგს" 93 ათასი მაყურებლის წინაშე ლელო დაუდო, მაგრამ მისი გუნდი დამარცხდა და გორგოძე ჯერჯერობით ფრანგული ოქროს გარეშეა.

    "ბორჯღალოსნების" კვართით 69 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 11 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

    მამუკამ ნაკრების კვართით ბოლო თამაში წელს მარტში, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბუქარესტში რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარა, კოჭი და მუხლი დაიზიანა და მოედანს ახლახან დაუბრუნდა. ის თამაში რუმინეთმა 8:7 მოიგო და ამან გორგოძე ნაკრებში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებაზე დააფიქრა:

    "არ მინდოდა, გამოსათხოვარი მატჩი მეთამაშა. ძალიან ბევრი დიდი მორაგბე ისე წავიდა ჩვენი ნაკრებიდან, რომ გამოსათხოვარი მატჩი არ ჰქონია და მეც ჩვეულებრივ წავიდოდი. მაგრამ არ მინდა, წაგებული წავიდე. რუმინეთთან რომ მოგვეგო, ასე არ ვიფიქრებდი, ახლა კი, საქართველოში ერთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებ!"

    ერთად გავიზარდეთ

    ზემოთნახსენები ტიტულების გარდა, მამუკა გორგოძე გულშემატკივრების გამოკითხვისას არაერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი ქომაგის სიყვარულს ყოველთვის გრძნობდა და მათ მიმართ თავადაც მუდამ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა:

    "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს იმ თანადგომისთვის, სიყვარულისთვის, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი. ბევრი დიდი სარაგბო ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ისეთი გულშემატკივრით, როგორიც ჩვენ გვყავს. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ქომაგები მუდამ გვამხნევებდნენ და რაგბი ხელში ჰყავთ აყვანილი.

    პირველივე დღიდან მახსოვს მათი თანადგომა. საქართველოს ნაკრები და მისი ქომაგები, ფაქტობრივად, ერთად ვიზრდებოდით. როგორც ჩვენ მივიწევდით წინ, ისე მატულობდა ტრიბუნაზე გულშემატკივარი და რაც მთავარია, იზრდებოდა მათი სარაგბო განათლება. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნამდვილი პროფესიონალები არიან და მინდა მათ უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, რასაც პირადად მე და ნაკრების თითოეული წევრი ყოველთვის გრძნობდა". 

    ახალი თაობა უფრო მეტს მიაღწევს

    იმ 14 წლის განმავლობაში, რაც მამუკა გორგოძემ ნაკრებში გაატარა, "ბორჯღალოსნებმა "არაერთი მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს და ქართულ რაგბის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვეს სახელი. თუ ადრე პორტუგალიასა და ესპანეთთან გვიწევდა ჭიდილი და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ პირველი დონის გუნდებს მსოფლიო თასს მიღმა შევხდებოდით, ახლა სიტუაცია შეცვლილია და საუკეთესოებთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ტესტ-მატჩები გვაქვს.

    გორგოძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო წლებში ეს წინსვლა გაგრძელდება და ამის იმედს ის თაობა იძლევა, რომელმაც "ბორჯღალოსნების" რიგები უნდა შეავსოს:

    "იმ 14 წლის განმავლობაში, რაც ნაკრებში გავატარე, ჩვენი გუნდი ძალიან წინ წავიდა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდით, ასეთი თამაშები თუ გვექნებოდა. საშუალო დონის გუნდების წინააღმდეგაც კი, ერთგვარი რიდით გავდიოდით, დაძაბულები ვიყავით, არ გვინდოდა, შევრცხვენილიყავით. ახლა ასე აღარაა და დიდ გუნდებსაც თამამად ვეთამაშებით, შიში აღარ გვაქვს. შესაძლოა, მათთან მოგებას ჯერ ვერ ვახერხებთ, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ შანსი გვექნება და რაღაცას მაინც ვატკენთ.

    მაგრამ ახლა ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ძალიან ბევრი საგარეო მტერი გვყავს, რომლებსაც ჩვენი ადგილის დაკავება უნდათ და მაქსიმალურად ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ. ჩვენი მიზანი მიღწეულის შენარჩუნება და ნელ-ნელა წინსვლა უნდა იყოს, რადგან დიდ ნახტომს აუცილებლად ვარდნა მოჰყვება. სადაც ვართ, იმ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ძალიან მაგარი ბიჭები მოდიან და მათ უფრო მეტის მიღწევაც შეუძლიათ.

    მაქვს ერთი სურვილი - ვნახო საქართველო ექვსი ერის ღირსეულ წევრად და მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი გადავლახოთ, პლეი ოფში გავიდეთ. მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა ამას მოახერხებს". 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური