ნარკოტიკის გასაღება ინტერნეტით - დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 13:12

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 186 შეკვრად დაფასოებული 333,15 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“, 2 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, 1 კილო და 540,25 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“; 887,74 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი; ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“-ს შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა ე.წ. ,,ბიო“.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით).

წაკითხულია 580 ჯერ

Related items

  • ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები

    ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.
    პოლონეთის მხარის ინიციატივით, ევროპისა და ამერიკის თხუთმეტმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
    „ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, ფინეთი, ჩეხეთი არ აღიარებენ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2019 წლის 25 აგვისტოს დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობენ მის შედეგებს. ანალოგიურად, ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2019 წლის 9 ივნისს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ან  შედეგებს.
    ჩვენ კვლავ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
    ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა ამ რეგიონებში, ასევე უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება.“

    შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბა და ალხაზ კვიწინია გავიდნენ.

    აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 56% მივიდა, რაც ნიშნავს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად მიიჩნევა. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების გამოქვეყნება 12 საათისთვის არის დაგეგმილი.

    „საპრეზიდენტო კანდიდატების“ შტაბების მიერ დათვლილი ხმების საფუძველზე ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელი ალხას კვიწინია.

    კვიწინიას 100-დე ხმით ჩამორჩა ოლეგ არშბა, რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება და ალხას კვიწინიას წარმატება უსურვა.

    „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 8 სექტემბერს უნდა ჩატარდეს. ამ ინფორმაციას „სპუტნიკ-აბხაზია“ ავრცელებს.

  • მეოთხე ხელისუფლება, ოლიგარქიული სტილი: ძირითადი ფაქტორები უკრაინული მედიის შესახებ

    არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტერნიუს უკრაინის“ ექსპერტებმა მოამზადეს უკრაინული მედიის სფეროს სრული მიმოხილვა ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის (EJC) მიერ დაფუძნებული «Media Landscapes» -ის პროექტის ფარგლებში, რომელიც თანამშრომლობდა ნიდერლანდების განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ შევარჩიეთ ათი ძირითადი ფაქტი ამ მიმოხილვიდან.

    1. ტელევიზია არის ყველაზე პოპულარული მედია უკრაინაში. კომპანია „InMind“-ის მიერ  „ინტერნიუს უკრაინისთვის“ ჩატარებული კვლევის თანახმად, უკრაინელების 77% უყურებს ტელევიზორს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო 74% –თვის ტელევიზიები ყოველკვირეული ინფორმაციის წყაროა.

    ონლაინ მედია მეორე ადგილზეა პოპულარობით უკრაინაში. უკრაინელთა 60% თვეში ერთხელ მაინც სტუმრობს ახალ ვებგვერდებს, ხოლო 57% იყენებს ინტერნეტს, როგორც ინფორმაციის ყოველდღიური წყაროს.

    რადიო არის ყველაზე ნაკლებად პოპულარული მედია უკრაინაში. უკრაინელთა მხოლოდ 26%  უსმენს რადიოს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო 25% იყენებს მას, როგორც ყოველდღიურ ინფორმაციის წყაროს.

    ბეჭდურ მედიას ყველაზე მცირე აუდიტორია ჰყავს ყველა დანარჩენ მედიას შორის. უკრაინელთა მხოლოდ 21% კითხულობს ბეჭდურ მედიას თვეში ერთხელ მაინც. ეს 10% -ით ნაკლებია ვიდრე 2016 წელს. და მხოლოდ უკრაინელების 16% -თვის არის ბეჭდური მედია ყოველკვირეული ინფორმაციის წყაროა.

    2. ქვეყნის ნდობის სურათი საკმაოდ ზუსტად ასახავს უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და უსაფრთხოების პრობლემებს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, უკრაინელთა 66.7% ენდობა მოხალისეობრივ ორგანიზაციებს, 64.4% -ს სწამს ეკლესიის, ხოლო 57.3% -ს სწამს უკრაინის შეიარაღებული ძალების, სხვა სამხედრო შენაერთების და დაჯგუფებების. მედიის ნდობის ფაქტორი 48.3% -ს შეადგენს.

    ტელევიზიას ენდობიან უფრო მეტად, ვიდრე ყველა სხვა მასმედიას. უკრაინელთა 56% ენდობა რეგიონალურ ტელევიზიებს, 61% კი ნაციონალურს.

    ონლაინ მედია თითქმის ისეთივე ნდობით სარგებლობს, რაც ტელევიზია: უკრაინელების 52% ენდობა რეგიონული ახალი ამბების გვერდებს, ხოლო 58% ენდობა ეროვნულ ვებ-გვერდებს.

    უკრაინაში ნდობა რადიოს მიმართ ყველაზე დაბალ დონეზეა: უკრაინელთა 34% ენდობა ეროვნულ რადიოს, და მხოლოდ 39% თვლის, რომ ადგილობრივი რადიოები სიმართლეს ლაპარაკობენ.

    ბეჭდური მედიას უკრაინაში ყველაზე ნაკლებად ენდობიან. უკრაინელთა მხოლოდ 35% ენდობა რეგიონალურ ბეჭდურ მედიას, ხოლო 33% ენდობა ეროვნულ გაზეთებს. 

    3. ყველაზე პოპულარულ უკრაინულ მედიას აქვს მკაფიო კავშირები პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რადგან ისინი მიეკუთვნებიან ოლიგარქებს, რომლებიც ხშირად პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ პოლიტიკაში. ეს კავშირები ყველაზე ძლიერია სატელევიზიო ინდუსტრიაში.

    უკრაინაში ყველა მსხვილი სატელევიზიო არხები სხვადასხვა ოლიგარქების საკუთრებაა: იგორ კოლომოისკი აკონტროლებს 1 + 1 არხს, რინატ ახმეტოვი ფლობს არხს „უკრაინას“, ხოლო CTB, ICTV და ახალი არხი ეკუთვნის ვიქტორ პინჩუკს, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას სიძეს. ტელე-არხი „ინტერი“ „ინტერ მედია ჯგუფის“ ნაწილია, რომელსაც დიმიტრი ფირტაში და სერგეი ლევოჩკინი ფლობენ. უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც მჭიდრო კავშირშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან (მისი ქალიშვილის ნათლია), სავარაუდოდ აკონტროლებს ტელევიზიებს - 112 და NewsOne, უკრაინაში ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო არხებს.

    4. 2014 წლის შემდეგ, უკრაინის სატელევიზიო სექტორი ძირითადად განვითარდა ინფორმაციულ სფეროში. ახალი სატელევიზიო არხებს, როგორიცაა ტელეარხი „გრომადსკე“, Espreso 112, NewsOne და პირდაპირი აქცენტი აქვთ ექსკლუზიურად ახალი ამბებსა და თოქ-შოუებზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებაზე. ამასთან, ყველა ეს არხი, „გრომადსკეს“ გარდა, რომელიც არსებობს გრანტებითა და ხალხის მიერ გადახდილი ფინანსებით, კერძოა და აქვს გაუმჭვირვალე საკუთრების სტრუქტურა. იმავდროულად, დამოუკიდებელი მედია, როგორიცაა ტელევიზია „გრომადსკე“, რადიო „გრომადსკე“, სპეციალურ გავლენას ახდენს სხვადასხვა სეგმენტებზე, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ვერ უწევენ კონკურენციას ოლიგარქიურ ტელეარხებს.

    5. უკრაინაში არ არსებობს ისეთი გავლენიანი მაუწყებელი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ოლიგარქიულ მედიას. 2017 წლის 19 იანვარს შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებელი «Суспильне мовлення». მისი მიზანი იყო მიეწოდებინა მიუკერძოებელი ინფორმაცია, მოპოვებული დამოუკიდებელი წყაროებიდან  სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ან ადმინისტრაციული ზეწოლის გარეშე.

    ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს პრობლემა არ მოგვარებულა და პირველი ხელშესახები პროგრესი 2014 წელს განხორციელდა „საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ამასთან, მისი განხორციელება შეფერხდა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, აგრეთვე მუდმივი დაფინანსების არარსებობის გამოც.

    6. მას შემდეგ, რაც ცარისტულ და საბჭოთა პერიოდში უკრაინული ენის გამოყენება იზღუდებოდა, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას. ასე რომ, დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინული ენის როლის გაძლიერებას მედიაში. ამისათვის დაინერგა ენის კვოტები ტელევიზიებისთვის და რადიოსადგურებისთვის.

    ლიცენზირებული სატელევიზიო და რადიო კომპანიებისთვის, ევროპული, ისევე როგორც ამერიკული და კანადური პროდუქციის მაუწყებლობა უნდა იყოს მთლიანად ყოველკვირეულ ეთერში არანაკლებ 70%, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე. მათ შორის, ყოველკვირეული მაუწყებლობის მინიმუმ 50%, უნდა იყოს უკრაინული პროგრამები.

    ხოლო რადიოსადგურებს დაევალათ სიმღერების მინიმუმ 30%-ის უკრაინულ ენაზე გადმოცემა.

    7. Freedom House- ის მოხსენებაში "პრესის თავისუფლება 2019", უკრაინული მედიის სფერო აღწერილი იყო "ნაწილობრივ თავისუფალი".

    ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ უკრაინაში ხდება შეტევები მედიასა და ჟურნალისტებზე. 2016 წლის 20 ივლისს ცნობილი ბელორუს-უკრაინული ჟურნალისტი პაველ შერემეტი მოკლეს. სამწუხაროდ, დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

    ასევე არსებობს მანიპულაციები მედიასთან მიმართებაში. 2018 წლის 29 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არკადი ბაბჩენკო, რუსი ჟურნალისტი, რომელიც უკრაინაში გადავიდა, მოკლეს. მეორე დღეს, აღმოჩნდა, რომ ბაბჩენკო ცოცხალი იყო და მისი „მკვლელობა“ უსაფრთხოების სამსახურების დაგეგმილი იყო, სავარაუდოდ, ეს ასოცირდება რუსული სადაზვერვო სამსახურების უფრო ფართო გეგმასთან, რათა გამოემჟღავნებინათ ჟურნალისტები და უკრაინაში მოქმედი სხვა აქტივისტები.

    8. ინტერნეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინელების ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2018 წლის „Factum Group Ukraine“- ის კვლევის თანახმად, უკრაინის 21,35 მილიონი მოქალაქე (ქვეყნის მოსახლეობის 65%) ინტერნეტის რეგულარული მომხმარებელია. 21.9 მილიონ ადამიანს (67%) ინტერნეტი აქვს სახლში.

    ამ გამოკვლევის შედეგად მიღებული ტიპიური ინტერნეტმომხმარებლის პორტრეტი ასეთია: ქალი (52%), 25-34 წლის (28%), ცხოვრობს ქალაქში, სადაც ცხოვრობს ასი ათასი ან მეტი ადამიანი (44%). უკრაინული ინტერნეტ მომხმარებლების 27% სოფლად ცხოვრობს, ხოლო 28% - პატარა ქალაქებში. ერთადერთი სოციალური ჯგუფი, რომელიც იშვიათად იყენებს ინტერნეტს, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც უკრაინული ინტერნეტმომხმარებლების მხოლოდ 4% -ს შეადგენს.

    9. უკრაინაში დღეისათვის გაბატონებულია სოციალური ქსელი „ფეისბუქი“, რომელსაც რეალური კონკურენტები თითქმის არ ჰყავს. ადრე ყველაზე პოპულარული იყო რუსული სოციალური ქსელები «ВКонтакт» და «Одноклассники», მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2017 წლის მაისში, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სანქციები დააწესა გარკვეულ რუსულ ინტერნეტ სერვისებზე, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 

    კომპანია „InMind“-ის მიერ „ინტერნიუს უკრაინის“ -თვის ჩატარებული კვლევის თანახმად, სოციალურ ქსელებში უკრაინელი მომხმარებლების 57% -ს „ფეისბუქის“ ანგარიშები აქვს (2016 წელს 37%), «ВКонтакт» - ზე 21% (2016 წელს 49%), 15% «Одноклассники»-ში (2016 წელს 40%). Twitter-ს იყენებს  უკრაინელთა მხოლოდ 8% -ი (12% в 2016 году). უკრაინელთა 42% -მდე იყენებს „ფეისბუქს“ სიახლეების მისაღებად, მაშინ როცა მხოლოდ 8% ღებულობს სიახლეებს «ВКонтакт» -დან, 4% «Одноклассники», - დან და 2% Twitter- დან.

    10. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის კანონმდებლობა მედიის სფეროში შედარებით ბუნდოვანია, მისი პრაქტიკული განხორციელება შეიძლება შეფასდეს როგორც სპონტანური, მრავალმხრივი, არათანმიმდევრული, გაუწონასწორებელი და გაუმჭვირვალე. არსებული კანონები, ძირითადად, დეკლარაციური ხასიათისაა და, შედეგად, მათი მარეგულირებელი ფუნქცია არასაკმარისია, შესაბამისად, ისინი კონკრეტულ ეფექტურ პოლიტიკაში არ არიან ჩართულნი. სინამდვილეში, ეს დეკლარაციული კანონები ხშირად ფარავს ერთმანეთს, რაც საუკეთესო შემთხვევაში იწვევს არაეფექტურობას, ხოლო უარეს შემთხვევაში კი, სამართლებრივ კონფლიქტებს.

    კანონების უმეტესობა შემუშავდა საბჭოთა პროტოტიპების საფუძველზე და, შესაბამისად, არ ითვალისწინებს ინდუსტრიაში ახალ ტენდენციებს. პრაქტიკულად არ არსებობს კანონმდებლობა ონლაინმედიასთან დაკავშირებით. შედეგად, ეროვნული კანონმდებლობის დიდი ხარვეზი არსებობს, რის გამოც ონლაინმედია არც რეგულირდება და არც არის დაცული.

    უკრაინული მედია-ინდუსტრიის შესწავლისა და მხარდაჭერის მიზნით, „ინტერნიუს უკრაინა“ ეხმარება მედიას შექმნას ძლიერი და აყვავებული საზოგადოება. ჩვენი საქმიანობა შედგება არა მხოლოდ მედიის მონიტორინგისა და ანალიტიკური მასალების მომზადებისგან, არამედ ითვალისწინებს ეროვნულ და საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობას, საკომუნიკაციო და ინფორმაციული სტრატეგიების შემუშავებას და მედია კამპანიებთან თანამშრომლობის ორგანიზებას.

     

    ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა «UkraineWorld»-ში.

    ავტორები“ ვიტალი რიბაკი და მაქსიმ პანჩენკო

    ანალიტიკოსები და ჟურნალისტები «Интерньюз-Украина» -სა და «UkraineWorld» - ში.

  • ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს

    საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართულმა მხარემ დასძინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.
     
    სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ანდორა, სან-მარინო, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.
     
    გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკანონოა როგორც ამ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარება, ასევე, მისი შედეგები, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. განცხადებებში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. დელეგაციებმა, ასევე, დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი.
     
    ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
     
    ევროკავშირის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, როგორც ეს გათვალისწინებულია მისიის მანდატით.
     
    პოლონეთის დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობისა და დიალოგის გაღრმავებას. მეგობართა ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
     
    კანადის დელეგაცია მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მიღებას და აღნიშნა რომ კანადა გახდა ამ რეზოლუციის თანა-სპონსორი.
     
    უკრაინის დელეგაციამ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების, ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ. აგრეთვე, უკრაინის დელეგაცია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარებისა და დეოკუპაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

  • პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა, რომლებიც „მეტრომანის“ ბარათების მეშვეობით თანხებს უკანონოდ ითვისებდნენ

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშულთან ეფექტიანი ბრძოლა. ამჯერად, სამინისტრომ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ერთ-ერთი კომპანია 136 ათასი ლარით დააზარალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1986 წელს დაბადებული რ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ხ., 1988 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1992 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1960 წელს დაბადებული დ.ს.

    დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

    დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია "მეტრო სერვის +"-ს ქონებრივ ზიანს აყენებდა.

    აღსანიშნავია, რომ "მეტრო სერვის +" მოქალაქეებს სთავაზობს სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობისთვის განკუთვნილ "მეტრომანის" ბარათებს და ახდენს მათ მიერ გადახდილი თანხების შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადარიცხვას.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და "მეტრომანის" ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს - ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ.

    აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს დანაშაულებრივი ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. კერძოდ, ჯგუფის ორგანიზატორები - დ.ს. და რ.ა. დანაშაულის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ და ჯგუფის წევრებს შორის თანხებს ანაწილებდნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიენტებს იზიდავდნენ და მათგან თანხებს იღებდნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბარათებზე თანხის ვირტუალურად ასახვას ახდენდა.

    აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მ.კ

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში, დღემდე, სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

    გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ.კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

    პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

    სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.

    შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ.

    დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური