დღეს ბერლინში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 22 მაისი 2017 11:02

დღეს ბერლინში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონსტიტუციურ კანონის პროექტზე იმსჯელებენ.

მმართველი გუნდი მნიშვნელოვან შენიშვნებს არ ელოდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, თუ იქნება კონკრეტული კრიტიკული შენიშვნა, შესაბამისი ცვლილება აღარ განხორციელდება.

„რაიმე კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვენეციის კომისიისგან არ ველით, თუმცა არის საკითხები, რომელთა გარშემო იქნება დისკუსია ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი, მათ შორის, ყველა საკითხთან მიმართებით, მაგრამ თუ იქნება რაიმე კონკრეტული შენიშვნა უარყოფით კონტექსტში, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე ვამბობთ უარს. ეს წინასწარვე დავაანონსეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი განსაკუთრებულად კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება მანდატების გადანაწილების მოდელთან დაკავშირებითაც.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მიერ გაცხადებული იქნება, თეორიულ რისკებს გამოვრიცხავთ და შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციის პროექტში. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე განსაკუთრებული კრიტიკა არ მგონია იყოს, თუმცა, თუ ასეთი იქნება, ბუნებრივია, განვიხილავთ შემდეგ სხვა წინადადებებსაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კონფერენციას, რომელიც 22-23 მაისს ბერლინში გაიმართება, მისასალმებელი სიტყვით ირაკლი კობახიძე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსი დირკ შატშნაიდერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი მიხაელ ზიბერტი და ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი გახსნიან. გაიმართება დისკუსიაც.

კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მას საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

 

წაკითხულია 463 ჯერ

Related items

  • ბერლინში პირველად ჩატარდება ფორუმი, გამორჩეული თავისი რევოლუციური და ინოვაციური ფორმატით

    გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პირველად ჩატარდება ფორუმი, გამორჩეული თავისი რევოლუციური და ინოვაციური ფორმატით – უცხოური ინვესტიციების და უძრავი ქონების ბერლინური კონგრესი

    უცხოური ინვესტიციების და უძრავი ქონების ბერლინური კონგრესის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დაანგრიონ ჩვეული სტერეოტიპები და გასცდნენ ტრადიციული კონფერენციების ჩატარების ჩარჩოებს!

    2019წლის 18 თებერვალს გერმანიის დედაქალაქში პირველად გაიმართება ფორუმი,  გამორჩეული თავისი რევოლუციური და ინოვაციური ფორმატით – უცხოური ინვესტიციების და უძრავი ქონების ბერლინური კონგრესი. მისი ორგანიზატორის, რუსეთში კონგრესის წარმომადგენლის ნატალია პასტუხოვას თქმით, ფორუმი უნიკალურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ:

    –        იგი ჩატარდება განასაკუთრებულ ადგილას – Berlin Capital Club-ში (ექსკლუზიურ, საქმიან „მილიონერთა კლუბში“), რომელიც მდებარეობს მოედანზე GendarmenMarkt, სადაც თავს იყრიან მხოლოდ ისინი, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, მიეღო საწევრო ბარათი: გავლენიანი ინვესტორები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომლებიც მოდიან კლუბში, რათა დატკბენ სიგარით, მოდუნდნენ გოლფის თამაშით და იმისთვისაც, რომ გამართონ საქმიანი მოლაპარაკებები შესატყვის გარემოში;

    –        კონგრესის თითოეულ მონაწილეს შეუძლია, გახდეს Berlin Capital Club–ის სტუმარი;

    –        კონგრესი ამჯერად ახალ ადგილას – გერმანიის დედაქალაქში იმართება. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბერლინი და გერმანიის ჩრდილოეთის სხვა ქალაქები განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესისთვის, რადგანაც საფასო პოლიტიკა ივესტიციებისთვის აქ საკმაოდ მოქნილია, ხოლო შემოსავლიანობა მაღალია;

    არამედ გამოირჩევა ასევე გაბედული, კრეატიული ფორმატით, რომელიც აერთიანებს როგორც საქმიან ფორმატსა და „ნეთვორქინგს“, ისე პრესკონფერენციას და საზეიმო კონცერტს, გოლფის ტურნირში მონაწილეობას და შემეცნებით ტურს ბერლინის შემოგარენში. 

    უძრავი ქონებისა და ინვესტიციების საერთაშორისო კონგრესი ყოველწლიურად 2016 წლიდან ტარდება. ახლახანს, 2018 წლის 7 ოქტომბერს, იგი მიუნჰენში გაიმართა და მან 19 ქვეყნის 440 მონაწილეს მოუყარა თავი. მის შედეგებს სხვადასხვა ქვეყნების მასმედიაში გამოქვეყნებული 79 პუბლიკაცია მიეძღვნა. მიუნჰენის კონგრესი–2018–ის მუშაობაში ათასზე მეტმა ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა. აქტუალური თემები, რომლებიც მისი მსვლელობისას იქნა განხილული, უამრავი მედია–საშუალების ყურადღების ცენტრში მოექცა – ბრიფინგს, რომელიც ბავარიის უმსხვილეს პრეს–კლუბში გაიმართა, მსოფლიოს 83 მედია დაესწრო.

    კონგრესი იმართება ინვესტიციების სფეროში მსოფლიო ლიდერების აქტიური მხარდაჭერით – საულიუს კაროსასის (ნავთობთრეიდერი, კონგრესის საპატიო წევრი და სპონსორი), სერგეი ბაბურინის (რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი), ვალერი ცეპკალოს (სახელმწიფო მოღვაწე ბელარუსიდან, „სილიკონის ველის“ და კომპანია Stankevicius MGM–ის დამფუძნებელი), აგრეთვე პაულიუს სტანკევიჩიუსის, რომელიც თავად კომპანიის ხელმძღვანელია (Stankevicius MGM კონსულტაციებს უწევს კომპანიებს, რომლებიც Fortune 500–ში შედიან და მცირე და საშუალო ზომის საერთაშორისო საწარმოებს. მან წარმატებული PR-კამპანიები განახორციელა იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გავიდნენ ICO–ზე და შედეგად, მოიზიდა 300 მლნ დოლარზე მეტი ბლოკჩეინ–პროექტებისთვის). 18 თებერვალს შედგება ინვესტიციების სფეროში მსოფლიო ექსპერტების გამოსვლები და განიხილება საერთაშორისო ბიზნესის განვითარების გზაზე არსებული ძირითადი პრობლემები, ტენდენციები და პერსპექტივები; ხელსაყრელ კაპიტალდაბანდებებთან, ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები.

    უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მომავალი საერთაშორისო კონგრესის ორგანიზატორები ამჯერად მიზნად ისახავენ შემდეგ ამოცანებს:

    დაეხმარონ თითოეულ ბიზნესმენს, ინვესტორს, ყველას, ვინც აპირებს ამა თუ იმ ახალი ტერიტორიის ათვისებას, დადონ საქმიანი გარიგება კონკრეტულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მათთვის წინაღობები ამ კუთხით;

    დაძლიონ ყველა ის დაბრკოლება თუ მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიან გარიგების გაფორმებას;

    უზრუნველყონ თითოეული მონაწილისთვის საწყისი ეტაპიდან ბოლო ეტაპამდე პროცესის მარტივად აღქმა და  ხელმისაწვდომობა მათ მშობლიურ ენაზე, დევიზით – „ნებისმიერ კონტინენტზე ისე, როგორც საკუთარ სახლში“.

    2019 წლის 18 თებერვალს Berlin Capital Club-ში ყველ შეძლებს საკუთარი მიზნის მიღწევას. ინვესტორებს ექნებათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა დაბანდებების შემოსავლიანობა – უძრავ ქონებაში და კრიპტოვალუტაში, ფასიან ქაღალდებში და ძვირფას ლითონებში, ანტიკვარიატში თუ კინოინდუსტრიაში და ეს ყველაფერი – ერთ სივრცეში. განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე კომპანიები, რომლებიც ინვესტიციებს საჭიროებენ, შეძლებენ, გამართონ საკუთარი საქმიანობის პრეზენტაცია და მოიძიონ მომხმარებლები და ინვესტორები.

    ოფიციალური და კულუარული ურთიერთობის ფარგლებში გამართული დიალოგი კონგრესის მონაწილეებს და სტუმრებს საშუალებას მისცემს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ფორუმისგან. ხოლო მსოფლიოს საუკეთესო სომელიეების მიერ წარმოდგენილი ექსკლუზიური სასმელების დეგუსტაცია, ფურშეტი შეფ–მზარეულებისგან, რომლებსაც მიშლენის ვარსკვლავები აქვთ მინიჭებული, აგრეთვე გოლფის ტურნირში მონაწილეობა და ელიტური სიგარებით ტკბობა გერმანიის დედაქალაქის საქმიან კლუბში არსებული სასიამოვნო ატმოსფეროს ფონზე დაეხმარება მათ ახალი, საინტერესო კონტაქტების დამყარებაში.

    უძრავი ქონების და ინვესტიციების ბერლინური კონგრესი ჩატარდება 2019 წლის 18 თებერვალს, Berlin Capital Club-ში, მისამართი – GendarmenMarkt, MohrenstraBe 30, Berlin.

    დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ტელ.: +7 985 927 77 00

    გერმანიაში: +49 162 232 8 333 

    http://congress-realty.com

     

     

  • სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია

    თელავში დღეს საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე და მან ინაუგურაციის სტუმრებსა და საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

    საქართველოს თავდაცვისუნარიანობა დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების პროფესიონალიზმზე, მზადყოფნაზე, თანამედროვე აღჭურვილობაზე, მტკიცე სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, მე ვუცხადებ სრულ ნდობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის მისი მიზანი. „გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი ჯარისკაცებისა და ვეტერანების მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებული, რომ მთლიანად ვიქნები ჩართული შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში. ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი. როგორც მთავარსარდალმა, აუცილებლად უნდა განვაცხადო, რომ ჯარის იდეოლოგიური და პოლიტიკური ნიშნით დაყოფის მცდელობები, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში, არის სრულიად მიუღებელი. ეს აზარალებს სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მე ჩავალ ავღანეთში ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებთან, რომლებიც ღირსეულად და ზოგჯერ სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი პარტნიორების გვერდით. ისინი ებრძვიან გლობალურ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება მშვიდობას მსოფლიოში, რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობა და სტაბილურობა არის უმთავრესი პირობა კაცობრიობის წინსვლისთვის”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

  • მედიაკონფერენცია - MEDIA CONVENTION Berlin და Re:publica 2018

    2-დან 4 მაისის ჩათვლით გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პროექტის OPEN Media Hub-ის ფარგლებში ჩატარდა მედიაკონფერენცია Re:publica 2018. კონფერენციაში მონაწილე ჟურნალისტებს (საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და მაროკოდან) Thomson Media-ს ბერლინის ოფისმა უმასპინძლა. ბერლინის მედიაკონფერენცია (MEDIA CONVENTION Berlin) სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებების რედაქტორების მონაწილეობით უკვე მეხუთედ გაიმართა და მან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონგრესის სახელი დაიმკვიდრა. 2018 წლის მედიაკონფერენცია ციფრული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ფესტივალს Re:publica 2018 დაუკავშირეს და იგი ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 9 ათასმა ადამიანმა მსოფლიოს 71 ქვეყნიდან. გამომსვლელებს შორის იყვნენ 65 ქვეყნის წარმომადგენლები, მათგან 47% ქალები, და 800-ზე მეტი ჟურნალისტი.

    ამ რამოდენიმე დღემ, რომელიც  ბერლინში გავატარე ჩემს კოლეგებთან ერთად, შესაძლებლობა მომცა შემეძინა ახალი გამოცდილება და უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან დამენახა დიდ პოლიტიკაში და მედიაში მიმდინარე პროცესები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო ის ფაქტი, რომ შესაძლებლობა მქონდა პირადად შევხვედროდი და მესაუბრა ძალიან ბევრ საინტერესო და თავისი საქმის ნამდვილ პროფესიონალთან. რაღა თქმა უნდა მე მხედველობაში მაქვს შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, ასევე პროექტში მონაწილე ექსპერტებთან და იმ ხალხთან, რომლებიც ერთმანეთს  საინტერესო და თანამედროვე პროექტმა OPEN Media Hub-მა დააკავშირა. 

    ღონისძიების პირველ დღეს Thomson Media-ს ბერლინის ოფისში ჟურნალისტებისთვის გაიმართა ბრიფინგი, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი გაე დეგენი და უფროსი ექსპერტი მედიისა და გამოცდილების გაზიარების დარგში პეტკო გეორგიევი უძღვებოდნენ. მათ მონაწილეებს გააცნეს მედიასფეროში მიმდინარე სიახლეები და ისაუბრეს გერმანული წამყვანი მედიაშაუალებების მუშაობის სტილზე და სარეკლამო ბაზრის თავისებურებებზე.

    გარდა ამისა OPEN Media Hub-ის გუნდმა ჟურნალისტებს გააცნო მედიაპროფესიონალებისთვის ახალი შესაძლებლობები: გრანტების მეორე კონკურსი  #Being20 (http://bit.ly/2HbVYPp და მომავალი კონკურსი სომხეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების თაობაზე. მომდევნო დღეები ჟურნალისტებმა ფესტივალ Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში გაატარეს, სადაც პარალელურად იმართებოდა საჯარო ლექციები მასმედიის სფეროში არსებულ სიახლეებსა და მიღწევებზე.    

    Re:publica არის შეხვედრის ადგილი მოყვარულთათვის და პროფესიონალებისათვის გლობალური ვებ-საზოგადოების, მეცნიერების, პოლიტიკისა და კულტურისა და გამოცდილების გაზიარება ციფრულ სფეროში. Re:publica 2018 ასევე არის ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა ევროპაში.

    Re:publica 2018-ის ლოზუნგი გახლდათ "POWEROFPEOPLE", რომლის ძირითადი ასპექტები იყო პრესის თავისუფრლება და ადამიანის უფლებათა დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ძალადობას, სიძულვილს და უსამართლობას თანამედროვე საზოგადოებაში. კონფერენციის მონაწილეებმა გააშუქეს ევროპული ციფრული საზოგადოების თემები სხვადასხვა თვალსაზრისით, ინდივიდუალურ ქვეყნებსა და ტენდენციებზე დაყრდნობით.

    Re:publica 2018-ის საგამოფენო ცენტრში საერთაშორისო და გერმანულმა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებებმა (ARD, ZDF) წარმოადგინეს ციფრულ სფეროში დანერგილი სიახლეები და თანამედროვე ტექნოლოგიები. მათი მიღწევები აშკარად მიუთითებდა იმ ტენდეციებზე, რომლებიც ფართოდ არის წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში, მედიასა თუ ინტერნეტ-სივრცეში.

    შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების მიღწევები თვალსაჩინო და სამაგალითოა. პრესის თავისუფლება სათანადო დონეზეა დაცული და მას საფრთხე არ ემუქრება. ამ ფონზე ნათლად სჩანს ის განსხვავება, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა და აზერბაიჯანი) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. თუმცა მათი გამოცდილების გაზიარება და მათ მიერ განვლილი გზის სწორად აღქმა, შეგვაძლებინებს,  ჩვენს ქვეყნებში განვითარების იმ დონეს მივაღწიოთ, როგორიც ამჟამად არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. 

    ავთანდილ ოთინაშვილი

    თბილისი-ბერლინი-თბილისი

  • ანა დოლიძე - დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, ვერ უძლებს საათებს

    დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის პრეზიდენტისადმი შეთავაზებას. დოლიძის თქმით, შეთავაზებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. 

    "უნდა დავფიქრდეთ რა ვითარებასთან გვაქვს საქმე. დოკუმენტი, რომელიც უნდა უძლებდეს საუკუნეებს, ვერ უძლებს საათებს. მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში. თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი, ბუნებრივია, გავმართავთ კონსულტაციებს მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლებლობას",- განაცხადა დოლიძემ. 

    მისივე თქნით, ვითარება, რომელიც შექმნილია კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოუდგენელია. 

    "ამ ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ ამ პროცესს, რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან. ეს ვითარება არის, რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება. კონსტიტუცია არ არის ვინმეს ანგარიში, ეს არის დოკუმენტი, რომელმც უნდა გაუძლოს საუკუნეებს",- აღნიშნა დოლიძემ.

    გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და მხოლოდ იმ შენიშვნების ასახვა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების ბონუსების სისტემის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. 

    „ბონუსის გაუქმებასა და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას რაც შეეხება, ამას ესაჭიროება ახალი კანონპროექტის ინიცირება და ეს პროცედურა დაიწყება აუცილებლად მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. თუმცა არსებობს ერთი ალტერნატივა. პრეზიდენტს შეუძლია ერთხელ მაინც შეასრულოს კონსტრუქციული როლი ამ პროცესში. 6 თვის განმავლობაში, ის ასრულებდა დესტრუქციულ როლს ამ პროცესში, თუმცა ახლა შეუძლია პირველად შეასრულოს კონსტრუქციული როლი, ვეტო დაადოს კანონპროექტს იმ დაპირებების შესაბამისად, რომელიც ჩვენ მივეცით ვენეციის კომისიას. ვეტომ შეიძლება გაითვალისწინოს ბონუსის გაუქმება და ერთჯერადად ბლოკების დატოვება და ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ორი კვირის თავზე ავამოქმედოთ დოკუმენტი, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • ბერლინი-ქუთაისის რეისის მგზავრის ინფორმაციით, მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს

    ბერლინი-ქუთაისის რეისის მგზავრებმა მთელი ღამე აეროპორტში გაატარეს და ფრენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. 

    ამის შესახებ  ბერლინში მყოფმა ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომელიც სამშობლოში გუშინ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა რეისის გადადების გამო საქართველოში გამომგზავრებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

    ”მთელი ღამე აეროპორტში გავატარეთ. სასტუმროშიც კი არ გადაგვიყვანეს. გვეუბნებიან, რომ 2 საათში გავფრინდებით და ასე გრძელდება ამ დრომდე. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს”, - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

      ”აეროპორტების გაერთიანების” განმარტებით ფრენის გადადება უამინდობას უკავშირდება.

    მათი განმარტებით, მემინგემი-ქუთაისის ავიარეისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, თვითმფრინავის ბორტი დედაქალაქში იმყოფება და სწორედ ამიტომ, ბერლინში ფრენა ვერ შესრულდა, ბერლინიდან ფრენის გადადება სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება.

    ”ავიაკომპანია ვიზეაირის რეისი (W66409) მემინგენი - ქუთაისი, უამინდობის გამო დაჯდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

    მგზავრების ნაწილი დარჩა თბილისში, ნაწილი ავტობუსით გაემგზავრა ქუთაისის მიმართულებით.

    რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო.

    ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში. 

    აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია ვიზეარის გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით.

    სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით”, - თავის მხრივ, ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა ფილიალმა მუშაობა განაახლა

ლიბერთი ბანკის ცენტრალურმა, თანამედროვე სტანდარტებ...

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური