როგორ გავაუმჯობესოთ ქალაქის ცხოვრება - ექსკურსი მსოფლიოს კულტურული ცენტრების დიზაინში

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 19 მაისი 2017 18:55

როგორ იქმნება კულტურული ცენტრები ნულიდან, როგორია მათი სტილიზაციის ძირითადი მიმართულებები და ვინ ავითარებს ქალაქის შემოქმედებით ცხოვრებას? ეს და საკითხები განიხილებოდა თბილისში, პრეზენტაციაზე წიგნისა „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“, რომლის ავტორიცაა პეტერ ლენი – მოდური სლოვაკი არქიტექტორი.
წიგნი მრავალი ფოტოთია ილუსტრირებული, ის მოგვითხრობს თანამედროვე კულტურული სივრცეების შესახებ, სადაც ერთმანეთს ხვდებიან შემოქმედი ადამიანები, ეწყობა ფესტივალები, გამოფენები და უამრავი სხვა ღონისძიება თანამედროვე კულტურის სფეროდან.
წიგნი გამოიცა ორგანიზაცია „ტრანსევროპული სივრცეების“ (Trans Europe Halles) და სლოვაკური კულტურული ცენტრის ჟილინა-ზარეჩიეს (Žilina-Záriečie) დახმარებით. ქართულ ენაზე კულტურის ცენტრების შექმნის სახელმძღვანელო ითარგმნა და საზოგაროებას წარედგინა ევროკავშირის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ხელშეწყობით. წიგნი შეგიძლიათ მიიღოთ პროგრამის კოორდინატორისგან ან ჩამოტვირთოთ ელექტრონული სახით პროგრამის საიტიდან.

პეტერ ლენი: ეს გრძელი და საინტერესო მოგზაურობა იყო
პეტერ ლენი – სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Slovak University of Technology) კურსდამთავრებული 31 წლის ბრატისლაველი არქიტექტორი და სტუდია „20-21 architects“-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. მან ბევრჯერ გაიმარჯვა სხვადასხვა კონკურსში და იყო არაერთი პრემიის ლაურეატი. 2016 წელს ჟილინას მახლობლად გორაკზე გადასახედი ნაგებობის დიზაინში აიღო სლოვაკეთის არქიტექტორთა პალატის პრემია, ხოლო ექსპერიმენტული კომუნიკაციის საშუალების – ქალაქ ჟილინას ისტორიული ცენტრის შესასვლელთან დასაყენებელი სადემონსტრაციო ეკრანის – მისეული დიზაინი ნაციონალური პრემიით აღინიშნა.
სლოვაკმა არქიტექტორმა მოისურვა, საკუთარი შთამბეჭდავი დიზაინერული გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინა წიგნით „დიზაინის სახელმძღვანელო კულტურის ცენტრებისათვის“. წიგნში თავმოყრილია „ტრანსევროპული სივრცეების“ წევრი კულტურული ცენტრების ურბანული, არქიტექტორული და დიზაინერული მახასიათებლები.
„წიგნზე სამუშაოდ მოვიწვიეთ არქიტექტორები, გრაფიკული დიზაინერები, ჟურნალისტები და დირექტორები შვეციის, იტალიისა და ესპანეთის ხუთი კულტურული ცენტრიდან. დაახლოებით ერთი კვირა ვმსჯელობდით, თუ რა უნდა მოეთხრო ჩვენს წიგნს მკითხველისთვის, ხოლო მასზე მუშაობას მთლიანად ორი წელიწადი დასჭირდა. იცით, უბრალოდ წავიყვანე სამი მეგობარი, ჩავსხედით მანქანაში და გავწიეთ ამ კულტურის ცენტრების შემოსავლელად, ერთი ქალაქიდან მეორეში. ეს გრძელი და საინტერესო მოგზაურობა იყო“, ამბობს ლენი.

წარსულის მქონე შენობების სიყვარული
ისე გამოვიდა, რომ თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელ ადამიანებს ყოველთვის იზიდავდა აურის და ისტორიის მქონე შენობები. ამიტომ შემოქმედებითი საქმიანობისთვის ადგილის შერჩევისას დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ ინდუსტრიულ სივრცეებს, კერძოდ – მიტოვებულ ქარხნებს, საწარმოებს და სამკერვალო ფაბრიკებს. იმიტომ, რომ ამ შენობებს წარსული ჰქონდათ.
რა დასამალია, რომ ამ შენობებში ქირა ყოველთვის უფრო იაფია, ხოლო დიზაინერების ამბიცია, ნანგრევებიდან ორიგინალური და თანამედროვე კულტურის ცენტრი შექმნან – უფრო მეტი. მით უმეტეს, რომ ამგვარი მრავალფუნქციური სივრცეების შექმნა შეიძლება არა მხოლოდ შენობებში, არამედ გემებზეც, მატარებლებში, გაზის საცავებში, ბუნკერებში, გვირაბებში, სარდაფებში და ეკლესიებსა და სხვა, ერთი შეხედვით, კულტურისთვის შეუფერებელ ადგილებშიც კი.
პეტერ ლენიმ თავის წიგნში შეიტანა ინგლისის, ავსტრიის, ჰოლანდიის, საფრანგეთის, შვეციის, ესპანეთის, იტალიის, უნგრეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიტვის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების სწორედ ამგვარი ცენტრები, ასევე – მათი ნულიდან შექმნის ამბები. ავტორის თქმით, იგი არ ცდილობდა, წიგნისთვის მეცნიერული ფორმა მიეცა, არამედ სურდა, უბრალოდ ეამბნა, როგორ შეიძლება, ლამის არარეალურიდან შექმნა რეალურად ლამაზი, სტილური და ფუნქციური ადგილი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
„თანამედროვე კულტურის ცენტრის საუკეთესო და ყველაზე წარმატებულ მაგალითად მიმაჩნია მანიფატურე კნოსი (Manifatture Knos) იტალიის ქალაქ ლეჩში. მის მენეჯმენტს ძალიან ინოვაციური იდეები აქვს: ის კი არა, რომ დიდად არ მართავდნენ ცენტრს; ისინი არ ადგენენ კონკრეტულ პროგრამას. ეს იმიტომ, რომ მათ ცენტრი აღიარეს ღია პლატფორმად ნებისმიერისთვის, ვინც კი მოისურვებს, მივიდეს და აქ თავისი კულტურული ღონისძიება გამართოს საკუთარი გემოვნებით. ეს ხელოვანების თავისუფლების უიშვიათესი მაგალითია“, – თქვა პეტერ ლენიმ.

მარეკ ადამოვი: მომწონს მათი თავისუფლება
მარეკ ადამოვი არქიტექტორი არ არის, ის აქტივისტია კულტურის ცენტრში, რომელიც მოქმედი სარკინიგზო სადგურ ჟილინა-ზარეჩიეს შენობაშია განლაგებული. ის სლოვაკურ ქალაქ ჟილინაში მდებარეობს და თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მოვლენებს: ფესტივალებს, სპექტაკლებს, პერფორმანსებს, სემინარებს, ჩვენებებს, გამოფენებსა და კონცერტებს აძლევს ასპარეზს.
36 წლის სპეციალისტი ადამოვი ამ არტ-გარემოში უკვე ოცი წელია ტრიალებს და მას თავის ცხოვრების პროექტს უწოდებს. „მე ძალიან დაინტერესებული ვარ ხელოვნებით და ხელოვანთა დახმარებით, იმიტომ, რომ ისინი გასაოცარ იდეებს ქმნიან, ისინი კრიტიკულად უდგებიან შეხედულებებს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. და მე მომწონს მათი თავისუფლება, რასაც ბიზნესგარემოში ვერ ნახავ“.
მარეკის თქმით, ეს უაღრესად სასიამოვნო და ამავე დროს სასარგებლო საქმეა: როცა ასეთ ეკლექტურ კულტურულ სივრცეში ერთმანეთს ხვდება მრავალი ადამიანი, რომლებიც, როგორც აქტივისტს მიაჩნია, გამოთქვამენ ახალ იდეებს, ამყარებენ შემოქმედებით კავშირებს და წყვეტენ, თუ როგორ გააუმჯობესონ ქალაქის ცხოვრება. „საშინლად მომწონს კულტურული ცენტრის შექმნის თავად პროცესი, როცა მოხალისეების და დაინტერესებული ადამიანების ერთობლივი ძალისხმევით იქმნება იდეა, გამოინახება მისი განხორციელების და ოცნების სინამდვილედ ქცევის გზები. როცა ხედავ, რა დიდია სურვილი, გაკეთდეს მართლაცდა შთამბეჭდავი სივრცე კარგი დროსტარებისთვის, საინტერესო ურთიეთობებისთვის, იდეების, აზრების და ემოციების გაცვლა-გამოცვლისთვის“.

როგორია კულტურული ცენტრების გამოცდილება საქართველოში?
საქართველოში მსგავსი ფორმატის მრავალფუნქციური კულტურის ცენტრი პირველად 2016 წლის 1 ოქტომბერს გაჩნდა. ასეთად იქცა Fabrika, რომელიც მოთავსებულია ყოფილ საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკაში, 8 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე. ცენტრ Fabrika-ის გაჩენა – ეს ძველი საწარმოო სივრცის თანამედროვე არტ-ცენტრად ქცევის გასაოცარი გამოცდილება გახლავთ.
ქართველმა არქიტექტორებმა გადაწყვიტეს, რადიკალურად არ შეეცვალათ საბჭოთა ეპოქის სულისკვეთება, მათ შეინარჩუნეს წარსულის პიკანტური ატმოსფერო და სივრცეს დაუმატეს კომფორტი, მიმზიდველი მინიმალიზმი, ურბანული ელემენტები, აგრეთვე – ერგონომიულობის და დახვეწილი ესთეტურობის დეტალები.
„იდეის ავტორი თავდაპირველად იყო ორი ახალგაზრდა Multiverse Architecture-დან: დევი ქიტუაშვილი და გოგიტა საყვარელიძე. ისინი დიდხანს ეძებდნენ შესაფერის შენობას და ბოლოს ამ ფაბრიკაზე შეაჩერეს არჩევანი. ამის შემდეგ იპოვეს პარტნიორები „აჭარა ჯგუფის“ და „გრატო მენეჯმენტის“ სახით. სწორედ ამ ჯგუფმა მშენებლებთან ერთად წელიწადნახევარში შექმნა ცენტრი Fabrika“ – გვითხრა ცენტრის ბრენდ-მენეჯერმა მარიკა კვირკველიძემ.
დღეს ცენტრში გახსნილია რესტორნები, კაფე-ბარები, ჰოსტელი, სამხატვრო სტუდიები, გალერეები, ქოვორქინგ-ზონები. აქ ტარდება სემინარები, გამოფენები, პრეზენტაციები და მრავალი სხვა კულტურული ღონისძიება. თბილისის Fabrika-ს მიიჩნევენ საქართველოს კულტურულ და შემოქმედებით სფეროში ჩაბმული ადამიანებისთვის განკუთვნილ უნიკალურ ადგილად და გამოცდილების გაზიარების, მხარდაჭერის და განვითარების შესანიშნავ საშუალებად თანამედროვე ხელოვნების ქართველი წარმომადგენლებისთვის.

წაკითხულია 137 ჯერ

Related items

  • ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც ძალიან დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა" - ნათია ფანჯიკიძე

    ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მუსიკალურ ფესტივალ GEM Fest – ზე მომხდარ საზარელ ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება.

    განჯიკიძის შეფასებით, "ფარისევლების ქვეყანას ახასიათებს გაცხადებულად ნარკოტიკებთან ბრძოლა და პარალელურად ნარკოტიკების თავისუფლად გასაღება"

    "ფარისევლების ქვეყანაში მოკვდა გოგო, რომელმაც ძალიან დიდი შანსია, ცხოვრებაში პირველად "იმატრაკვეცა", დიდი ვარ და გამბედავიო და რომელიღაც ნივთიერება მიიღო. ფარისევლების ქვეყანას ახასიათებს გაცხადებულად ნარკოტიკებთან ბრძოლა და პარალელურად ყველა თავშეყრის ადგილას ნარკოტიკების თავისუფლად გასაღება. და რადგან ასეთი "წყობისას" ნარკოტიკი და მისი მასიურად შემომზიდავი "უხილავია" სავარაუდოდ თავადვე ამ ბიზნესის მონოპოლისტი ხელისუფლებისთვის, არანაირი ზომა არაა მიღებული, ლეტალური შედეგების რისკის შემცირებისთვის. ახლომახლო სამედიცინო გაძლიერებული მეთვალყურეობაც კი, რაც მსგავს ღონისძიებებზე ნარკოტიკის სიმრავლის გარეშეც უნდა იყოს

    და კიდევ, - სიგარეტის ნაცვლად გვირილის გაღეჭვა მშვენიერია, მოწევა ჯანსაღი ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება, თუმცა სიგარეტისგან ადამიანი ისე ნელა კვდება, რომ სულო ცოდვილო, გაიფიქრებ, ადრე თუ გვიან ხომ ყველა უნდა მოვმკვდარიყავით. პირდაპირი და უშუალო მკვლელის შესახებ, იმ ნივთიერებების შესახებ, რომელიც ასე უხვად შემოედინება და მისაწვდომია ახალგაზრდებისთვის, არანაირი საინფორმაციო ბრძოლა არ შეინიშნება"- წერს ფსიქოლოგი.

    შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ანაკლიაში 22 წლის გოგონა, ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა, რომელიც მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველი ნივთიერების მიღება გახდა.

  • ცხოვრება უშგულში - ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ სოფელში

    უშგული ზღვის დონიდან  2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს  და ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ის განლაგებულია მწვერვალ შხარას ძირას, რომელიც კავკასიონის მთაგრეხილის ყველაზე მაღალი მწვერვალია. სხვა მაღალმთიანი რეგიონების სოფლებისგან განსხვავებით, უშგული საკმაოდ დასახლებული და განვითარებულია. სოფელში დაახლოებით 70-მდე ოჯახი  ცხოვრობს და მათ მოქმედი სკოლა და ამბულატორიაც აქვთ. უშგულის მდებარეობა და უნიკალური ცხოვრების სტილი ამ ადგილს ტურისტებისთვის საინტერესოს ხდის.

    უშგული ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის, ასევე კერძო სექტორის განსაკუთრებულ ყურადღებას ღირსეულად იმსახურებს. მესტიიდან უშგულამდე გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდ ნაწილს მოაგვარებს. სოფელში განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიის „მაგთიკომის“ ციფრულ პროექტს „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“. ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს SES-ის თანამგზავრის მეშვეობით მიაწოდა. პროექტი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის დროს, 2015 წელს განხორციელდა. მისი ინიციატორი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სატელიტური ოპერატორი SES, რომელიც სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის სატელევიზიო მაუწყებლებს, ინტერნეტპროვაიდერებს, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის ოპერატორებს და სხვადასხვა სამთავრობო და ბიზნეს დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოში, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში მარტივი პროცესი არ ყოფილა. SES-ის ერთჯერადი პროექტის ფარგლებში მთიანი სოფლის უშგულის გაციფრულება კი რამდენიმე დღეში მოხდა.

    სატელევიზიო მაუწყებლობის გაციფრულება საქართველოს ვალდებულება იყო. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებით, პროცესი 2015 წელს უნდა დასრულებულიყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში. მანამდე 2012 წლის დასაწყისში გაციფრულებისკენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ეს იყო საქართველოში პირველი ციფრული სატელიტური სატელევიზიო მაუწყებლობის ”მაგთისატის” გაშვება. სიახლე ქართულ სატელიტურ კომპანია ”მაგთიკომსა” და სატელიტურ ოპერატორ SES-ს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად დაინერგა. უშგულის გაციფრულება კი სწორედ ამ კომპანიის პროექტი იყო. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სოფლის ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა ”მაგთისატის” აპარატურა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება 25 ქართული თუ უცხოური არხი.

    ”უშგული ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ვითარდება. ფასდაუდებელია გზის რეაბილიტაციის პროექტი. მესტიიდან უშგულამდე მხოლოდ და მხოლოდ 45 კილომეტრია. თუმცა ამ მანძილის დაფარვას 2 საათზე მეტი სჭირდება. ეს ჩვენთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა. გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია და იმედია, მალე დასრულდება. კარგი გზა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გამარტივდება კომუნიკაცია და უშგულსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ასევე, ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას,” - განმარტავს უშგულში გამგებლის წარმომადგენელი ბესო ჩარქსელიანი.

    ”ვითარდება საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებებიც. სოფელში მოქმედი სკოლა გვაქვს. თუმცა არ გვყავს მათემატიკის, ფიზიკის და სპორტის პედაგოგები. ცოტა ხნის წინ გაიხსნა ამბულატორია, მაგრამ სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ადგილობრივად სრულყოფილი პირველადი დახმარების მიღება შეუძლებელია. უშგულის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლაც. სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ”მაგთიკომის” და კომპანია SES -ის ერთობლივი პროექტი, რომელის ფარგლებშიც 2 წლის წინ სოფელში მცხოვრებ ყველა ოჯახს საჩუქრად გადაეცა სატელიტური თეფშები. მოსახლეობა უფასოდ სარგებლობს ციფრული ტელევიზიით და თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით,” - დაამატა ჩარქსელიანმა.

    სოფელში სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების უკეთესად დანერგვა-განვითარების საჭიროებას ახალგაზრდა თაობა უკეთესად აცნობიერებს. 28 წლის ბაქარ ნიჟარაძე ოჯახთან ერთად სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს. მათთვის, სოფლის მეურნეობა ტურიზმთან ერთად ფინანური შემოსავლის წყაროა.

    ”ახლა ზაფხულია. სოფელში ხალხმრავლობა, ჟრიამული და მხიარულებაა. ზამთარი ოდნავ განსხვავებულია. ბევრი ხალხი არაა, ძირითადად ოჯახებში ვართ, დღის განმავლობაში უმეტესად ტელევიზრს ვუყურებთ და ველოდებით გაზაფხულს. უფასო ტეელვიზია სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით გარესამყაროსთან ყოველდღიურ კავშირს არ დავკარგავთ,” - ამბობს ბაქარ ნიჟარაძე.

    ტელევიზორით მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ბევრს სწავლობს. უკეთესად ითვისებენ სტუმარმასპინძლობის სტანდარტებს, უყურებენ თუ როგორ მასპინძლობენ ტურისტებს განვითარებული კურორტები, ასევე იღებენ ინფორმაციას უცხოელი მოგზაურების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ. შედეგად კი, უშგულის ახალგაზრდები მეტად და მეტად ინტერესდებიან ტურიზმით. ისინი აქტიურად არიან ჩართული მიმდინარე პროცესებში, ზრუნავენ რომ უკეთესი საოჯახო სასტუმროები შექმნან და დახვეწილი მომსახურება შესთავაზონ ტურისტებს. უშგულის ტურისტული პოტენციალის გაცნობიერებისა და არსებული შესაძლებლობების გაანალიზების შემდეგ რუსუდან რატიანმა ტურიზმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა გადაწყვიტა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ტურიზმისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი კვლავ მშობლიურ სოფელ უშგულში დაბრუნდა და ახლა 5 დასთან, 2 ძმასთან და მშობლებთან ერთად საოჯახო სასტუმროს განვითარებაზე ზრუნავს.

    ”სვანეთში ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ამ მიმართულებით განათლების მიღება. ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ადრეული შუა საუკუნეების ძეგლები - კოშკები, ადგილობრივი სამზარეულო, რეწვის ნიმუშები. მატულობს ტურისტების დაინტერესება და რაოდენობა.  ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ ესაა. უშგულში სხვა საქმის ნახვა ძალიან ძნელია. ადგილობრივებისთვის გასართობიც ბევრი არაფერია. თავისუფალ დროს ძირითადად ტელევიზოტს ვუყურებთ. ჩვენთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო სწორედ ესაა. მე პირადად ძალიან მიყვარს სიმღერა და უმეტესად მუსიკალურ გადაცემებს ვუყურებ ხოლმე. ჩემს და-ძმასთან ერთად თავადაც ხშირად ვმღერი,” - ამბობს 22 წლის რუსუდან რატიანი.

    40 წლის ლაერტი ჩარქსელიანი მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად უშგულში ცხოვრობს. მათი საოჯახო კაფე უშგულში ერთ-ერთი საუკეთესოა და ტურისტების სიმრავლითაც გამოირჩევა. ლაერტის თქმით, ტურისტების რაოდენობის მატება გზის რეაბილიტაციითა და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით არის გამოწვეული.

    ”უშგული ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი კურორტი. ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. სოფლის განვითარების ტენდენცია ცალსახააა. თუმცა კიდევ მეტია საჭირო. აქ ხშირად მოისმენთ ფრაზას -ზაფხული კარგია და ზამთარში რა ვქნათო. ზამთარში მოსახლეობა ძირითადად ოჯახებშია ჩაკეტილი და ტელევიზორის ყურებით ირთობს თავს. მიხარია, რომ  ტელევიზია გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენზე ამ კუთხითაც ზრუნავენ და ტელევიზია ყველა ოჯახს აქვს. სატელეკომუნიკაციო მიმართულება ნამდვილად ვითარდება. ეს კი ჩვენი ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია,” - აღნიშნავს ლაერტი ჩარქსელიანი.

    ასეთია ცხოვრება უშგულში. ზაფხულში ტურისტებს მასპინძლობენ, ზამთარში ტელევიზორს უყურებენ და რაც მთავარია, არ კარგავენ იმედს.. იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ ყველა დაწყებული პროექტი წარმატებით დასრულდება და ევროპის უმაღლესი დასახლებული სოფელი მალე საჭირო დონეზე განვითარდება.

    ქართულმა მობილურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომმა“ გლობალური სატელიტური ოპერატორი SES-ისდახმარებით 2015 წელს ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახი“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ”მაგთისატმა” ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი  უშგულის ყველა ოჯახს SES ASTRA 5B თანამგზავრისმეშვეობით მიაწოდა. მოსახლეობა ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითოეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. 

  • კულტურის განვითარება საქართველოში: სრულფასოვანი ინდუსტრიის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი

    საქართველოში არტ-მენეჯერის პროფესია სიახლეა. უმაღლეს სასწავლებლებში მისი სწავლება სულ რაღაც 10 წლის წინ დაიწყეს და პროფესიონალი, დიპლომიანი სპეციალისტები ჯერჯერობით არც ისე ბევრია; ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ სწავლებას. ამ თვალსაზრისით დიდი როლი შეასრულა ევროკავშირისა და დასავლეთის პარტნიორობის პროგრამამ „კულტურა და კრეატიულობა“, რომლის ფარგლებშიც პროფილურ დისციპლინებში ჩატარებულ ტრენინგებში სხვადასხვა სფეროს 30-მდე ქართველმა არტ-მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა.

    პროექტის მონაწილეებს ვკითხეთ, როგორს ხედავენ ისინი თავის პროფესიას დღეს და სამომავლოდ. 

    მაია ჯამბაზიშვილი, კულტურის მენეჯერი - „მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში კულტურის სფერო უკვე დიდი ხანია, იქცა ინდუსტრიად, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ამ ქვეყნების ეკონომიკაში, მშპ-ს და სამუშაო ადგილების შექმნაში. მე ძალიან მახარებს, რომ ეს პროცესი საქართველოშიც დაიწყო. ჩვენ გვაქვს ამოუწურავი კულტურული მემკვიდრეობა, აგრეთვე – დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. გულით მინდა, გავხდე ამ პროცესის მონაწილე, ვცდილობ, ყველაფერი ვიღონო, რაც კი ჩემზეა დამოკიდებული, და ძალიან მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო იქცეს ქვეყნად, სადაც კულტურა იქნება არა მხოლოდ ყველასთვის ხელმისაწვდომი და სიამოვნების მომტანი რამ, არამედ აქტიურ მონაწილეობასაც მიიღებს ქვეყნის განვითარებაში. ასევე, აამოძრავებს ეკონომიკის იმ მრავალ სეგმენტსა და სექტორს, რომელთა განვითარება ძირითადად კულტურაზეა დამოკიდებული“. 

    ვიდეო

    https://youtu.be/WfdkoPmdLew

     

    ინა სოხაძე, ორგანიზაცია ARTFORPUBLICINTERESTS-ის (API) ხელმძღვანელი - „რა პროექტსაც გინდა ვაკეთებდეთ, როდესაც კულტურის სფეროში ვმუშაობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ის ფართო სპექტრს სწვდება. ამიტომ კულტურის სფეროში მომუშავე ყოველი ადამიანი, რომელსაც ამა თუ იმ პროექტის წარმატებით განხორციელების პრეტენზია აქვს, მენეჯერის უნარებს უნდა ფლობდეს, სხვადასხვანაირი სამუშაოს შესრულება უნდა შეეძლოს. ასე ვთქვათ, მხოლოდ ჩემი ხელოვნებათმცოდნის დიპლომი არ კმარა ისეთი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც იქნება არა ერთჯერადი, არამედ სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული“.

    ვიდეო

    https://youtu.be/VyfgZbvdnMY

    ირინა დემეტრაძე, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი -  „კულტურა არ უნდა გვესმოდეს, როგორც წარსულის რაღაც გარკვეული მემკვიდრეობა. ამ დროს, ის ხშირად არის გაიგივებული ძეგლებთან, ფოლკლორთან, წარსულთან და რაღაც გაუგებარ და მკვდარ კულტურასთან. საჭიროა, კულტურას აღვიქვამდეთ სინამდვილის კონსტრუირების ერთ-ერთ უმთავრეს იარაღად, რომელსაც სრულიად თავისთავადი მნიშვნელობა მოეპოვება. ხომ არსებობს კულტურის ლეგიტიმური გაგება, რომლის თანახმადაც კულტურა ყველაზე დემოკრატიული საზოგადოებრივი ფენომენია.

    ჩემთვის კულტურის მენეჯმენტი ჩვენს ქვეყანაში დღეისთვის შედარებით ახალი ფენომენია. რაც მთავარია, ყველა ხელოვანს უნდა ესმოდეს, რომ იგი ამავე დროს მენეჯერიცაა. რასაკვირველია, იგი შეიძლება სარგებლობდეს დაქირავებული მენეჯერის მომსახურებით, მაგრამ თავადაც უნდა ჰქონდეს გარკვეული მენეჯერული უნარები. დღეისთვის ხომ ერთადერთი სტრატეგია არსებობისთვის ბრძოლაა. ასეთია რეალობა. და, ამავე დროს, უნდა გააკეთო რაღაც მნიშვნელოვანი, ფასეული. სწორი მენეჯმენტის გარეშე კი ეს შეუძლებელია“.

    ვიდეო

    https://youtu.be/8goNvH5_gEI

    ნინო მაჭარაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, კურატორი -  „ვფიქრობ, სამომავლოდ ახალ თაობას, ჩვენს სტუდენტებს ორიენტირების პოვნაში უნდა დავეხმაროთ. მე მიწევს ლექციების ჩატარება ქართული ხელოვნების თემაზე და ვცდილობ, რაც შეიძლება კომპლექსური სახით მივაწოდო ინფორმაცია და ნაკლებად წავიყვანო თემა თეორიული სახით, სასწავლო გეგმიდან გადახვევის გარეშე. პირიქით, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათ ისეთი უნარები შევძინო, რომლებიც ახალი ინფორმაციის გააზრებაში დაეხმარებათ, რათა სამომავლოდ თავად შეძლონ მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება“.

    ვიდეო

    https://youtu.be/j0rv6newK7c

  • შესაძლებელია თუ არა, კულტურა საქართველოს ეკონომიკისთვის მომგებიანი სფერო გახდეს?

    შესაძლებელია თუ არა, კულტურა საქართველოს ეკონომიკისთვისმომგებიანი სფერო გახდეს?

    შესაძლებელია თუ არა, კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკისთვის მომგებიანი გახდეს? და შეგვეძლება თუ არა, არცთუ შორეულ მომავალში კულტურის სფეროს მძლავრ ეკონომიკურ იარაღად განვიხილავდეთ? ეს და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს ქართული საზოგადოების წარმომადგენლებმა და კულტურის სფეროს მუშაკებმა თბილისში, სადაც ჩატარდა შეხვედრა მრგვალი მაგიდის გარშემო, სახელწოდებით „კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის“. შეხვედრა მომზადდა ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და კრეატიულობის“ კამპანიის „კულტურა მნიშვნელოვანია“ ფარგლებში.

    კულტურა, როგორც ეკონომიკის ბერკეტი − მითი თუ რეალობა?

    კულტურას შეუძლია და აუცილებელიცაა, იყოს არა მხოლოდ კულტურა, არამედ − ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მძლავრი ბერკეტიც. ასე მიაჩნია მრგვალი მაგიდის მოდერატორს, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი მაკა დვალიშვილს. მისი აზრით, მოვლენათა ასეთი განვითარების მოკრძალებული ნიშნები საქართველოში ასე თუ ისე შეიმჩნევა, თუმცა იდეალურ ვითარებამდე ჯერ კიდევ შორია.

    „ხოლო როცა რეალურ შედეგებზე და მკაფიოდ გამოხატულ წინსვლაზეა ლაპარაკი, თუნდაც ამ პროცესში სახელმწიფოსა და საჯარო დაწესებულებების ჩართვის დონეზე, სამწუხაროდ, აქ სასურველი ვითარებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. და შორს ვართ არა მხოლოდ სახელმწიფოს უმოქმედობის თვალსაზრისით: თავად საზოგადოებაც კარგად ვერ აცნობიერებს, რომ კულტურა შეიძლება სასიკეთოდ წაადგეს ქვეყნის ეკონომიკას“, − ასკვნის დვალიშვილი.

    ეკონომიკის განვითარებისთვის უზარალო ვარიანტად შეიძლება იქცეს კულტურის ნებისმიერი სფერო, იქნება ეს საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი თუ IT ტექნოლოგიები. ამას ადასტურებს ციფრებიც: ევროპის ქვეყნებში კულტურის სექტორის ყოველწლიური წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში 539.9 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ს 4.2%-ია. ამავე დროს, მოსახლეობის დასაქმება კულტურულ სფეროში მესამე ადგილზე დგას, სამშენებლო წარმოებისა და კვების ინდუსტრიის შემდეგ. ამ მხრივ ბოლო წლებში სტაბილურად ლიდერობს დიდი ბრიტანეთი.

    არ არსებობს გამოცდილებაარ არსებობს არც ციფრები

    იმის ჩვენება, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შესაძლებელი იქნებოდა ამ საკითხის გამოკვლევით და სტატისტიკური მონაცემების შეგროვებით. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამ ტიპის სამუშაოები არ ტარდება. და ეს ქვეყნისთვის სერიოზული ხინჯია, ICOMOS-საქართველოს გენერალური მდივნის ნატო ცინცაბაძის აზრით. 

    „ჩვენ არ გაგვაჩნია ამ საკითხში საქართველოს მონაცემები, შესაბამისი ციფრები. ჩინეთში, სინგაპურში, ბრიტანეთში ეს ციფრები აქვთ, ჩვენ კი − არა. არ ტარდება გამოკვლევები, ამ სფეროს სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკაც კი არ არსებობს. ვფიქრობ, საჭიროა, ვისწავლოთ პოლიტიკოსებთან, ინვესტორებთან, მენეჯერებთან საერთო ენაზე ლაპარაკი. საჭიროა, მსოფლიო საზოგადოების გამოცდილება ავითვისოთ და საქართველოს განვითარების პოლიტიკაში შესწორებები შევიტანოთ“, − ამბობს ცინცაბაძე.

    უცხოელი კოლეგებისგან სწავლა, სამომავლო განვითარებისთვის ნიადაგის მომზადება და საკუთარი გამოცდილების გაანალიზება, ასევე − კულტურის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება ის პრიორიტეტებია, რომლებიც,  ICOMOS-საქართველოს წარმომადგენლის აზრით, უნდა აღელვებდეს დაინტერესებულ მხარეებს.

    რამდენად მოქნილია საქართველოს კულტურული პოლიტიკა?

    სახელმწიფოს პოზიცია კულტურისა და ეკონომიკის კავშირის თაობაზე ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს − ამაში მტკიცედაა დარწმუნებული ორგანიზაცია „შემოქმედებითი  საქართველოს“ ხელმძღვანელი ანა რიაბოშენკო. მისი აზრით, პრობლემები, რომლებზე მუშაობის დაწყებაც დაუყოვნებლივაა საჭირო, ფართო სპექტრისაა: იქნება ეს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების დეფიციტი და არასაკმარისი ცოდნა და უნარები, თუ პროფესიონალი კადრების გადამზადების აუცილებლობა და სახელმწიფოს ხისტი კულტურული პოლიტიკის გამოსწორების საჭიროება.

     „როდესაც დასაფინანსებლად შემოგვდის პროექტი, ვთქვათ, თანამედროვე ხელოვნებაში მომუშავე ხელოვანისაგან ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის თემაზე, ეს პროექტი ზუსტად ისევე ფასდება, როგორც განაცხადი რომელიმე დაწესებულების რემონტის დაფინანსებაზე. ბუნებრივია, შეფასების კრიტერიუმები არაადექვატური და შედეგები სავალალო გვექნება. ანუ ვგრძნობთ პრაქტიკის სიმწირეს, ჩვენი კულტურული პოლიტიკის სიხისტეს. და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კულტურის ხარისხსა და დონეზე აისახება“, − მიიჩნევს რიაბოშენკო.

    ეკონომიკა და მისი მიმზიდველობის კანონები

    იმისათვის, რომ კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ესა თუ ის პროდუქტი ფინანსური თვალსაზრისით მიმზიდველი იყოს ეკონომიკისთვის, მას მახასიათებელთა გარკვეული კრებული უნდა ჰქონდეს. კერძოდ: უნდა იყო ს ინოვაციური და დაცული უნდა იყოს საავტორო უფლებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გვქონდეს გარანტირებული წარმატებისა და კულტურის მონეტიზირების იმედი − აღნიშნავს ვენეციის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

    „კულტურა და შემოქმედებითობა არ უნდა იყოს გათიშული, არამედ ისინი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ და  აქტიურად ურთიერთქმედებდნენ ეკონომიკასთან. შემოქმედებითი ინდუსტრია კომერციული თვალსაზრისით − ესაა ცალკეული ინდივიდის შემოქმედების პროდუქტის წვლილი საერთო საქმეში. საბოლოოდ, კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ეს სინთეზი იდეალურ შემთხვევაში კომერციულად მიმზიდველი და ეკონომიკური განვითარებისთვის მომგებიანი უნდა იყოს“, − მიაჩნია ყიფიანს.

    მისი კოლეგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტის, ეკონომისტ გიორგი პაპავას თქმით, საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეკონომისტები სათანადოდ ვერ აფასებენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას და მასში ვერ ხედავენ რეალურ ღირებულებას ქვეყნის ეკონომიკისთვის.

    „ჩვენ კულტურა და ეკონომიკა არ უნდა დავუპირისპიროთ ერთმანეთს, არ არის სწორი მათი გათიშვა. რასაკვირველია, რთულია კულტურის მონეტიზირება, როცა ის კომერციულ ინტერესს არ შეიცავს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია სამინისტროების მჭიდრო თანამშრომლობა, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი საერთო ძალისხმევით ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესის აწყობა“, − ამბობს პაპავა.

    რას გვეუბნება გერმანული გამოცდილება?

    ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლის პროფესორი (ჟან მონეს კათედრა) და ილიას უნივერსიტეტის ლექტორი ოლივერ რაისნერი, რომელიც უკვე 13 წელია თბილისში ცხოვრობს და ორი წელიწადია, საქართველოში ყოფილ გერმანულ კოლონიებს იკვლევს, ეკონომიკაში კულტურის წარმატებული როლის ჩამოყალიბების წანამძღვრად მიიჩნევს პროცესში როგორც სახელმწიფოს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ, და, რაც მთავარია, ადეკვატურ ჩართულობას.

    „მაგალითად, როგორ შეგვიძლია მოვიზიდოთ ქვეყანაში გერმანელი ტურისტები, ვთქვათ, იმ ისტორიულ ადგილებში, სადაც საქართველოში გერმანული კოლონიები არსებობდა? უნდა შევქმნათ მიმზიდველი სახლ-მუზეუმები და არტ-რეზიდენციები, ვისწავლოთ კულტურის ძეგლების ხარიასხიანად აღდგენა, ისე, რომ არ გავაფუჭოთ ისინი და საინტერესო იყოს ჩამოსვლა და მათი დათვალიერება“, − მიაჩნია ოლივერ რაისნერს, რომელიც ადრე საქართველოში ევროკავშირის დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში და ორგანიზაცია World Vision-ის საქართველოს ოფისში მუშაობდა.

    შერჩეული იქნეს მსოფლიო საზოგადოების მიერ აპრობირებულ მრავალ მეთოდს შორის ყველაზე ოპტიმალური, განისაზღვროს საკუთარი ქვეყნის პრიორიტეტები და ფასეულობები, და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად წარიმართოს დიალოგი კულტურული და ეკონომიკური სამყაროების წარმომადგენლებს შორის − ამაზე შეჯერდნენ მრგვალი მაგიდა „კულტურა ეკონომიკური განვითარებისთვის“ მონაწილეები. მაგრამ იმავდროულად აღინიშნა, რომ ეს გრძელი გზაა, ის მოითხოვს ღრმა ცოდნას, პრაქტიკას და საკუთარი შესაძლებლობების რეალურად გაანალიზებას.

     

  • ქალაქები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

    გსურთ სხვა ქვეყანაში ცხოვრება? თან ისე, რომ ამაში ფულს გიხდიდნენ? ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ქვეყნები, სადაც მუდმივი მაცხოვრებლები სჭირდებათ და მზად არიან ამაში ფული გადაიხადონ. 

    დეტროიტი, ამერიკა

    თითქმის დაცარიელებული ქალაქი მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ”დასავლეთის პარიზად” იწოდებოდა. ახლა იქ დიდი ძალისხმევით ცდილობენ ძველი დიდება დააბრუნონ. ადგილობრივმა მთავრობამ წარმოადგინა პროგრამა Challenge Detroit, რომელიც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს თავაზობს თვეში 2500 დოლარს, რომ მათ დეტროიტში იცხოვრონ და იმუშაონ. 

    ალასკა, ამერიკა

    თუ ზამთარი გიყვართ, თოვლიანი პეიზაჟები და ცხოვრების ნელი ტემპი, მაშინ ალასკა თქვენთვის იდეალური ადგილია. სპეციალური სახელმწიფო ფონდი სპეციალისტებს უხდის, რომლებიც თანხმდებიან რეგიონებში მუშაობაზე, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. ერთადერთი შესასრულებელი პირობა ისა, რომ ალასკაზე ერთი წელი იცხოვროთ. 

    სასკაჩევანის პროვინცია, კანადა

    კანადური პროვინცია სპეციალისტებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ რას გააკეთებენ, თავაზობს ბრწყინვალე შესაძლებლობას. ახალგაზრდა ენთუზიასტებს 20 000 კანადურ დოლარს გადაუხდიან თუ პროვინციაში შვიდი წელი იმუშვებენ და იცხოვრებენ. 

    ნიაგარას ჩანჩქერი, ამერიკა

    საოცარი წინადადებაა, ცხოვრობდე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და ამაში ფულს იღებდე. მთავრობა 7 000 დოლარს სთავაზობს უნივერსიტეტდამთავრებულებს, რომლებიც ორი წლის მანძილზე ადგილობრივ ეკონომიკურ ერთეულებში იმუშავებენ. 

    პონგა, ასტურია, ესპანეთი

    ლამაზი, პატარა სოფელი ესპანეთში ერთ-ერთი უძველესია. ახალგაზრდა მაცხოვრებლების მიზიდვის მიზნით და ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ადგილობრივი მთავრობა 3 000 ევროს გადაუხდის ყველა ახალგაზრდა წყვილს, ვინც იქ საცხოვრებლად გადავა, გარდა ამისა, ყოველ ახალ შვილზე კიდევ 3 000 ევროს დაამატებენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური