შსს-სა და ლიტვის ეროვნულ პოლიციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 მაისი 2017 17:48

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ლინას პერნავასმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას დანაშაულის პრევენციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის და საპოლიციო განათლების მიმართულებით. ამ მიზნით, ჩატარდება ერთობლივი სემინარები და განხორციელდება სასწავლო ვიზიტები.

ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიტველი სამართალდამცველები შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოს ესტუმრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები განიხილეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

დელეგაციის წევრები ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის მუშაობით დაინტერესდნენ და პროგრამის ფარგლებში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ შორის, ინციდენტთა აღრიცხვის საინფორმაციო სისტემას, ასევე, გორის რაიონული სამმართველოს ანალიტიკოსების მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ პროექტს გაეცნენ.

ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

წაკითხულია 115 ჯერ

Related items

  • საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

    გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ტაილანდის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დონ პრამუდვინაიმ ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. 
    ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე. გამოთქვეს მზადყოფნა განავითარონ ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის საერთო დაინტერესების სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ხალხთაშორისი ურთიერთობები, ინოვაცია და ა.შ. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების - მათ შორის გაერო-ს ფარგლებში.
    როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

  • ცესკოსა და შსს-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს 2017 წლის ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, უსაფრთხო საარჩევნო გარემო - ის პრიორიტეტი და აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია, რომლის უზრუნველყოფაც აუცილებელია არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

    „მშვიდობიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი საფუძველია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელშეწყობით, ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით უფრო ეფექტური მომსახურება გაგვეწია ამომრჩევლებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არჩევნების უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა დონეზე, აკმაყოფილებდეს მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ასპექტი და არსებული გამოცდილება. დღეს აქ სწორედ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ მემორანდუმის გაფორმებით კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ამ პრიორიტეტის მნიშვნელობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ საკითხისადმი სისტემური, პროფესიული მიდგომა და მკვეთრად გამიჯნული ფუნქციები უწყებებს შორის იყო შედეგის მომტანი. დღეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მზაობას უზრუნველვყოთ ყველასათვის საარჩევნო უფლების თავისუფლად განხორციელება  და უსაფრთხო საარჩევნო გარემო“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

    დოკუმენტი არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ასევე ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს და ამ სამუშაო პროცესს მხარდაჭერას უწევს  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

    „არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად გასულ წელს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრებიც გამართეს.

     

     

  • ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

    "შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს.

    პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ორი მჭიდი და 15 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

    დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ხანძრები საქართველოში - შსს განცხადებას ავრცელებს

    ხანძრები საქართველოში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს:

    „ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ქრობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი.

    ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში, სადაც შსს-ს ასობით თანამშრომელია მობილიზებული. ადგილზე ცეცხლის დაქრობით სამუშოებს აწარმოებს 3 ერთეული საჰაერო ტექნიკაც.

    თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში, ამ ეტაპზე ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით, ცოცხალი ძალა ახორციელებს.

    ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება, ასევე, შილდის ტყეში, სადაც შსს-ს მეხანძრე-მაშველები ნახანძრალი ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახდენენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

    დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

    „ეს გახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციის მიზნით შემუშავებული შეთანხმება, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდდა. რამდენიმე არჩევნებზე დავნერგეთ მსგავსი პრაქტიკა და შედეგიც სახეზეა. შემცირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების რაოდენობა, რომლებიც ამ ტიპის დარღვევების შემთხვევაში დგებოდა. შესაბამისად ეს არის ძალიან კარგი პრევენცია არსებული პრობლემების გადასაჭრელად და ბუნებრივია ამ თვითმმართველობის არჩევნებზეც მემორანდუმი ძალაშია.“- განაცხადა თამარ ჟვანიამ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    საარჩევნო პროცესში თავისუფალი და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი მემორანდუმზე საუბრისას  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმაც. მისი თქმით „უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან ხელს ვაწერთ მემორანდუმში გაწერილ პრინციპებს და ვამბობთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე იქნება მკაცრი რეაგირება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პარტიებმა ისევე როგორც მერობისა და გამგებლობის კანდიდატებმა შეძლონ თავისუფალი კონკურენცია. “

    მემორანდუმზე ხელმოწერა და ამით მის პრინციპებთან მიერთება შეუძლია იმ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ვინც იზიარებს მემორანდუმის მუხლებში მითითებულ განმარტებებს. უკვე დღეს მემორანდუმს რესპუბლიკური პარტია შემოუერთდა.

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საარჩევნო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრების საფუძველზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით შემუშავდა. IFES-ი მსგავსი მემორანდუმის გაფორმებას უკვე ბოლო რამდენიმე საარჩევნო ციკლია უწევს ფასილიტაციას, რაც საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

    დოკუმენტს ხელს აწერენ:

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;     

    თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია;

    არასამთავრობოორგანიზაციები:

    საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

    სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

    საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო;

    დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი;

    სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;

    საზოგადოებრივი დამცველი;

    სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;

    დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;

    ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი.

    პოლიტიკურიპარტია, რომლიცდღესშემოუერთდმემორანდუმს:

    „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური