კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა სამტრედიაში

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 მაისი 2017 17:26

საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები სამტრედიის მოსახლეობას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. მან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება: „ყველა ვთანხმდებით, რომ მოქმედი კონსტიტუცია არ არის ქმედითი, ამიტომ შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც ოთხთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოამზადა პროექტი“.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება. მან ისაუბრა ადამიანის უფლებების ახალ ნორმებზე, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში ჩაიწერა. კერძოდ, კონსტიტუციას ემატება ახალი ძირითადი უფლებები, რომელიც მანამდე არ იყო გარანტირებული ან არაპირდაპირ იყო გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით: ფიზიკური ხელშეუხებლობის ძირითადი უფლება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ძირითადი უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ძირითადი უფლება, ინტერნეტის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა.

„კონსტიტუციაში ყველა მიმართულებით ხორციელდება პროგრესული და ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ დონეზე გამყარებას ითვალისწინებს. ასევე ცვლილებები მმართველი სისტემის ძირითად ინსტიტუტებსაც შეეხება. საუბარია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მიმართ გატარებულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძემ პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი პარლამენტის მიმართ. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებად მან ოპოზიციის როლის გაძლიერება დაასახელა. „უმცირესობას ექნება საგამოძიებო კომისიების შექმნის შესაძლებლობა. დღეს მხოლოდ უმრავლესობას შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით შექმნას საგამოძიებო კომისია. უმრავლესობის ეს უფლება იქცევა უმცირესობის უფლებად, რაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს პარლამენტის შიგნით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო სისტემის მხრივ განსახორციელებელ ცვლილებაზე, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უპირატესობაზე, ბონუსის სისტემის დადებით მხარეებზე.

„არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დანამატის სახით ეძლევა ე.წ. ბონუსი, რათა დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, სერგო რატიანმა და აკაკი ბობოხიძემ ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება ხორციელდება, რომელიც მისთვის მისაღებია, თუმცა დეპუტატისთვის მიუღებელია ბონუს სისტემა. „ჩვენთვის მიუღებელია, რომ გამარჯვებული პარტია სრულად ითვისებს გაუნაწილებელ მანდატებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იგი მიწის გასხვისების საკითხსაც შეეხო და მისი განკარგვის წესის განსაზღვრა კონსტიტუციურ დონეზე მოითხოვა. ბონუს სისტემის საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმაც გააკრიტიკა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების რიგ საკითხებთან დაკავშირებით პლებისციტი უნდა ჩატარდეს. აკაკი ბობოხიძემ ახალი რედაქციით შემოთავაზებული პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი გააპროტესტა. დეპუტატის მიერ ხელისუფლების კრიტიკას მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

უმრავლესობის წარმომადგენლის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, კანონმდებლების მიზანია შეიქმნას ისეთი სისტემა, როდესაც ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ მანდატი მისცენ იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში დააკომპლექტებს მთავრობას. მან, ასევე, ისაუბრა პოლიტიკური ბლოკების გაუქმების თაობაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გაძლიერების და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

კონსტიტუციის გადასინჯვის ახალი რედაქციით შემოთავაზებულ წესზე, პრეზიდენტის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა.

„კონსტიტუციის შინაარსი თქვენთან შეხვედრით ყალიბდება, რადგან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხოლოდ პროექტი მოამზადა, ხოლო საბოლოო ვერსია მოსახლეობასთან შეხვედრით და მოქალაქეების მოსაზრებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატებმა უპასუხეს მოსახლეობის კითხვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისების წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, საბანკო კრედიტები.

კონსტიტუციური კანონის პროექტის შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა 22 მაისს, ხულოში და სიღნაღში გაიმართება.

წაკითხულია 25 ჯერ

Related items

  • არჩილ თალაკვაძე - თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში უფრო ძლიერდება

    თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში უფრო ძლიერდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    მისი განმარტებით, თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება ხელისუფლების მრიდან ინტენსიურად მოხდება. თალაკვაძის განცხადებით, თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ოპონენტები ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.

    "ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა და რაც ამ ცვლილებების გარშემო არსებობს, ყველა საკითხი განვიხილეთ. თვითმმართველობასთან დაკავშირებით ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში კიდევ უფრო ძლიერდება. ის მიმდინარე პროცესები, რასაც მთავრობა ახორციელებს, არის მმართველობის რეფორმის ნაწილი, რომელიც წინასწარ იყო ჩვენს პოლიტიკურ პროგრამაში განსაზღვრული. რეალურად თვითმმართველობის გაძლიერება ხდება და არსებული დაფინანსება უნარჩუნდება. ადმინისტრაციული სისტემის კონსოლიდაცია ხდება თვითონ თვითმმართველობის ფარგლებში. არჩეული მერი რჩება ყველგან, თვითმმართველობა და ქალაქი რჩება ყველგან. ის სპეკულაციები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ მათ ზეწოლა მოეხდინათ ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებებზე. საზოგადოებას რეალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ თვითმმართველობის რეფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

    ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმონადგენლებმა და ადგილობრივებმა საკონსტიტუციო ცვლილევებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

  • აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა კონსტიტუციური კანონის პროექტის ცვლილებებს გაეცნო

    კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციას ხულოს, შუახევის და ქედის მოსახლეობა გაეცნო. აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას, ქვეყნის უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებების მთავარი არსი და მნიშვნელოვანი სიახლეები, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააცნო.

    „კონსტიტუცია - ქვეყნის უზენაესი კანონი, განკუთვნილია სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს მობრძანდით საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მის დემოკრატიულ განვითარებაში არიან ჩართულნი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

    პარლამენტის წევრმა ადგილობრივებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგები გააცნო და კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2010 წელს მომზადებულმა ცვლილებებმა, როდესაც საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტო სისტემაზე გადასვლით შეიცვალა, უამრავი ფუნდამენტური და იურიდიულ -ტექნიკური ხარვეზი დატოვა, რაზეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც არსებობს. წარმოდგენილი ცვლილებებით კი სრულყოფილ ფორმას იღებს მმართველობითი სისტემა, რომელიც ოთხ ძირითად პრინციპს - ზეპარტიულ პრეზიდენტს, ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს წარმოადგენს.

    არსებით ცვლილებებზე საუბრისას, დავით მათიკაშვილი კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულ ადამიანის ძირითად უფლებებს შეეხო და კონსტიტუციით გარანტირებული მიმართულებები განმარტა. მანვე ადგილობრივ მოქალაქეებს, პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესში მომზადებული ცვლილებები გააცნო. პარლამენტის წევრმა შერეული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პრინციპებზე ისაუბრა და ყურადღება 5% - იანი ბარიერის დაწესებაზე, ე.წ. ბონუსის სისტემაზე და საარჩევნო ბლოკების გაუქმებაზე გაამახვილა. დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის ძალაუფლებას შორის არსებული დისბალანსის შედეგები განმარტა.

    კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების" შეხედულებები ფრაქციის წევრებმა ლელა ქებურიამ და აკაკი ბობოხიძემ წარმოადგინეს. ისევე როგორც ყველა გამართულ განხილვაზე, ხულოშიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის არჩევის წესი, პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5% - იანი ბარიერი და ე.წ. ბონუსის სისტემის შემოღება გააპროტესტეს.

    ლელა ქებურიას განცხადებით, იგი სრულად იზიარებს მმართველობის სისტემის ოთხ შემოთავაზებულ პრინციპს, თუმცა იგი წარმოდგენილი საკონსტიტუციო პროექტით, მათ შესრულების უზრუნველყოფას ვერ ხედავს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტის გამართვა და ხალხის პოზიციის გაცნობა მოითხოვეს.

    ოპოზიციონერი გამომსვლელების პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კიდევ ერთხელ განმარტა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა და ერთნიშნა დანამატის - ე.წ. ბონუსის შემოღების აუცილებლობა. მისი განცხადებით, ყოველივე ეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც კოალიციური მთავრობების შექმნასთან დაკავშირებულ რისკებს გამორიცხავს.

    მისივე შეფასებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონში და ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით შეინიშნება, საქართველოსთვის სტაბილური გარემოს შექმნა და დემოკრატიული განვითარება, მნიშვნელოვანი ფაქტს წარმოადგენს და არ შეიძლება სტაბილურობის მიმართ ზოგადი და ცინიკური განცხადებების გაკეთება. გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო ბლოკების გაუქმების და პოლიტიკური პარტიების განვითარების მნიშვნელობასა და პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა და საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა. გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მომზადების პროცესზე ისაუბრა. „შეხვედრებზე ჩვენ ვისმენთ მოსახლეობის აზრს, შემდეგ ვაანალიზებთ მათ. პარალელურად ვმართავთ კონსულტაციებს და ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მომზადდება კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

    მაღალმთიანი რეგიონის განვითარებისთვის კონსტიტუციური ჩანაწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა. მისი განცხადებით, ახალ კონსტიტუციურ პროექტში ქვეყნის და ადამიანის უფლებების განვითარების უზრუნველსაყოფად არაერთი ჩანაწერი გაკეთდა და მთელი რიგი უფლებები და თავისუფლებები კონსტიტუციურ დონეზე გამყარდა. „მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციამ უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, დაიცვას მათი პირადი სივრცე და თავისუფალი განვითარება, სწორედ ამ მიდგომებს ითვალისწინებს კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც საყოველთაო განხილვისთვის თქვენთვის წარვადგინეთ. ჩვენ მოვისმენთ თქვენს მოსაზრებებს და ყოველივე ამის გათვალისწინებით, შევქმნით საქართველოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ ქვეყნის უზენაეს კანონს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

    აჭარის მაღალმთიან მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ადგილობრივი მოსახლეობა როგორც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებით, ასევე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე კითხვები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის კონსტიტუციასა და მის სტატუსზე, მაღალმთიანი რეგიონების კანონმდებლობაზე, უცხოელ მოქალაქეებისთვის ქართული მიწის განკარგვის რეგულაციებზე, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და შეჭირვებული ოჯახების დახმარებაზე გაკეთდა.

    საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს და გარკვეულ თემებზე დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

    კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო განხილვა საქართველოს რეგიონებში, მიმდინარე კვირის ბოლომდე, გაგრძელდება

  • დღეს ბერლინში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

    დღეს ბერლინში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონსტიტუციურ კანონის პროექტზე იმსჯელებენ.

    მმართველი გუნდი მნიშვნელოვან შენიშვნებს არ ელოდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, თუ იქნება კონკრეტული კრიტიკული შენიშვნა, შესაბამისი ცვლილება აღარ განხორციელდება.

    „რაიმე კონკრეტულ კრიტიკულ შენიშვნას ვენეციის კომისიისგან არ ველით, თუმცა არის საკითხები, რომელთა გარშემო იქნება დისკუსია ამ დღეების განმავლობაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება დადებითი, მათ შორის, ყველა საკითხთან მიმართებით, მაგრამ თუ იქნება რაიმე კონკრეტული შენიშვნა უარყოფით კონტექსტში, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე ვამბობთ უარს. ეს წინასწარვე დავაანონსეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი განსაკუთრებულად კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება მანდატების გადანაწილების მოდელთან დაკავშირებითაც.

    „ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მიერ გაცხადებული იქნება, თეორიულ რისკებს გამოვრიცხავთ და შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციის პროექტში. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე განსაკუთრებული კრიტიკა არ მგონია იყოს, თუმცა, თუ ასეთი იქნება, ბუნებრივია, განვიხილავთ შემდეგ სხვა წინადადებებსაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    კონფერენციას, რომელიც 22-23 მაისს ბერლინში გაიმართება, მისასალმებელი სიტყვით ირაკლი კობახიძე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსი დირკ შატშნაიდერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი მიხაელ ზიბერტი და ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი გახსნიან. გაიმართება დისკუსიაც.

    კონფერენცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება და მას საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

     

  • საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

    „მივესალმები შესაძლებლობას თქვენთან ერთად განვიხილო მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. 

    გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საკუთარი შეხედულებები გააცნო, მათი მოსაზრებები მოისმინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 
    ქვეყნის პირველმა პირმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით არსებული აქტიური ჩართულობა და აღნიშნა, რომ სწორედ კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც მთელ საზოგადოებას ერთიან პროცესში აერთიანებს და მნიშვნელოვანია, ყველა იყოს მიმდინარე პროცესის თანამონაწილე. 
    „მე კანონპროექტის დადებამდე ჩავერთე ჩავერთე ამ თემის აქტუალიზაციის საკითხში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით შეხვედრა ჩვატარეთ. ეს შეხვედრები კვლავ გრძელდება.
    ასევე, ჩავები კამპანიაში, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია ატარებდა და მათთან ერთადაც მივიღე მონაწილეობა საყოველთაო განხილვებში.
    მიმაჩნია, რომ, რაც უფრო ფართოდ გაიშლება დისკუსია, მით უფრო შინაარსობრივი იქნება ჩვენი მსჯელობა ქვეყნის უმაღლეს კანონზე. რამდენიმე პრინციპი, რომელიც ჩემთვის იყო და ახლაც ამოსავალია, არის ის, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს თანხმობის დოკუმენტი და ამ დოკუმენტმა, გარდა იმისა, რომ შექმნის ქვეყნის განვითარების სამართლებრივ ბაზას, გარკვეულწილად უნდა შექმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პრეცედენტიც, რაც ამ სამართლებრივ პროცესს და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს ნორმალურ ჭრილში წარმართავს. 
    მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც მე განვიხილავ ამ პროცესში, ქვეყნის დაცულობისა და უსაფრთხოების საკითხებთან კონსტიტუციის კავშირში მდგომარეობს. ამ თვალსაზრისითაც, კონსტიტუცია არის არა მარტო მოქმედი კანონი ქვეყნის ყოველდღიური სამართლებრივი ცხოვრებისათვის, ან პოლიტიკური თამაშის წესებისთვის, არამედ ეს არის კანონი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურდება და აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის კრიზისი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება კონსიტუცია.
    დაბოლოს, მთავარი ამოსავალი პრინციპი ჩემთვის, სხვადასხვა მოდელების, ან ფუნქციების განხილვის თვალსაზრისით არის ის, რომ კონსტიტუცია იყოს დაბალანსებული. მისაღებია ნებისმიერი მოდელი, რომელიც დაბალანსებულია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მზად ვარ მოვისმინო თქვენი შეხედულებები და ხედვები“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
    „ეროვნულ პლატფორმაში“ გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლებიც ესწრებოდენენ.

  • ონსტიტუციაში შესატან ცვლილებების პროექტს ზესტაფონისა და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო

    საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებების პროექტს ზესტაფონის და თერჯოლის მოსახლეობა გაეცნო. საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართული შეხვედრის მონაწილეებს, კონსტიტუციური ცვლილებების ძირითადი არსი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააცნო. 

    საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები 2010 წელს განხორციელდა, რომელიც მმართველობის სისტემის მრავალ ხარვეზს და იურიდიული ტექნიკის გაუმართავ ნორმებს შეიცავს. მამუკა მდინარაძემ დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად მომზადდა და ძირითადი ყურადღება არსებით სიახლეებზე გაამახვილა.

    ძლიერი პარლამენტი ეს არის საპარლამენტო ქვეყნების მოწყობის ფუნდამენტი. ამიტომ, წარმოდგენილი ცვლილებებით ძლიერდება პარლამენტის როლი, რაც ოპოზიციისთვის საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებით და მთავრობის პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდით გამოიხატება“, - აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

    მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის ე. წ. ბონუსის მინიჭებას, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას და პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო. ფრაქციის თავმჯდომარე მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მიწას განსაკუთრებულ რესურსად მიიჩნევს და შესაბამისად, მისი განკარგვისთვის სპეციალურ ორგანულ კანონს აწესებს. მანვე შრომითი უფლებების გარანტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შრომითი ინსპექცია, რომელიც 2006 წელს გაუქმდა, 2015 წლიდან ისევ  აგრძელებს მუშაობას და ხელისუფლება ზრუნავს შრომითი უფლებების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით დამატებითი ღონისძიებები გაატაროს.

    საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ირმა ინაშვილმა, გიორგი წერეთელმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრეს. გამომსვლელების ძირითადი კრიტიკა ე. წ. ბონუსის სისტემის შემოღებას და მისი გაუქმების მოთხოვნას უკავშირდებოდა. გიორგი წერეთელმა კონსტიტუციური პროექტის ერთ-ერთ დადებით სიახლეზეც ისაუბრა და ამ მხრივ ყურადღება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე გაამახვილა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციაზეა საუბარი.

    ირმა ინაშვილმა თავისი პოზიცია საყოველთაო-სახალხო განხილვების მნიშვნელობაზეც გამოხატა და განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრების შედეგი კონსესუსის მიღწევას და პოზიციების შეჯერებას უნდა ემსახურებოდეს.

    ზესტაფონში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმაც მიმართა. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს მოსახლეობის დაკვეთით მომზადდა, რათა ქვეყანის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება არ შეფერხდეს და უკეთესი მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. ანრი ოხანაშვილი კონსტიტუციის მეორე თავს და იქ მოცემულ მნიშვნელოვან სიახლეებსაც შეეხო, რომლებიც ადამიანის ძირითად უფლებებს კონსტიტუციურ დონეზე განამტკიცებს. მისივე განცხადებით, კონსტიტუციაში ცალკე მუხლად გაიწერება სოციალური სახელმწიფოს არსი, რაც სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიდგომის მაღალ ხარისხზე მეტყველებს.

    გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ადგილობრივები მაჟორიტარული სისტემის გაუქმების, უცხოელ მოქალაქეებზე მიწის პრივატიზების, პრეზიდენტის არჩევის და საპარლამენტო მმართველობის ძირითად პრინციპებით დაინტერესდნენ. დასმულ კითხვებთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა მოსახლეობას საკუთარი პოზიციები გააცნეს და დამატებითი განმარტებები გააკეთეს.

    კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ სამტრედიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი  რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონ...

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair...

პოპულარული

« მაისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper