ირაკლი კობახიძე პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 მაისი 2017 16:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვარშავაში იმყოფება, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში იღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ შეხვედრა პოლონეთის სენატის მარშალთან, სტანისლავ კარჩევსკისთან გამართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სენატის მარშალს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღნიშნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

სტანისლავ კარჩევსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე, აქტიურად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას.

შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ, რომელიც 26-29 მაისს თბილისში გაიმართება და რომელსაც პოლონეთის დელეგაცია დაესწრება.

მხარეები გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

 

წაკითხულია 27 ჯერ

Related items

  • საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

    პოლონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ პირიპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

    „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად, ჩვენ - საქართველოს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტები ხელს ვაწერთ ერთობლივ დეკლარაციას:

    2017 წელს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავი აღინიშნება. ჩვენ ვზეიმობთ ამ ღირსშესანიშნავ იუბილეს და ვამაყობთ წარმატებული ორმრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობით.

    წლების მანძილზე მხარეთა შორის ჩამოყალიბებული დინამიური ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, კულტურის და განათლების საკითხებში, ხალხთაშორისი კავშირებითა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ნაყოფიერი თანამშრომლობით.

    ქართულ-პოლონური კავშირები არა მხოლოდ 25 წელს, არამედ ასწლეულებს ითვლის და მდიდარია თავისი ისტორიითა და ტრადიციებით. პოლონელები და ქართველები ყოველთვის იდგნენ ერთმანეთის გვერდით, როგორც კეთილდღეობის, ასევე განსაცდელის პერიოდში. პოლონეთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა, რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ. რთულ პერიოდში, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც, ქართველი და პოლონელი ჯარისკაცები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში პოლონეთის რესპუბლიკის დასაცავად. ჩვენი გამოცდილება, თავისუფლებისა და ღირსების საერთო იდეალები წარმოადგენს იმ მყარ საფუძველს, რომელიც აერთიანებს ჩვენს მოძმე ხალხს და გვიბიძგებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისაკენ.

    ჩვენი ქვეყნების ერთობლივი ურთიერთობების საამაყო ისტორიის 100 წლის აღსანიშნავად პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი გამოთქვამენ მზადყოფნას გაუწიონ პატრონაჟი ისტორიკოსებით დაკომპლექტებული პოლონურ-ქართული კომისიის საქმიანობას.

    საქართველო განსაკუთრებულად აფასებს განვითარებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში პოლონეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას.

    ვაცნობიერებთ რა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას ჩვენს შორის ურთიერთობების დინამიური განვითარებისთვის, ვხედავთ ამ კუთხით არსებული პოტენციალის ფართო გამოყენების აუცილებლობას. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდისთვის ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნას და მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობებსა და ინსტიტუტებს გააძლიერონ მუშაობა ამ მიზნის მისაღწევად. ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისა და განხორციელების მიზნით პოლონეთი და საქართველო გამოიყენებენ ყველა იმ არსებულ მრავალმხრივ მექანიზმს, რომლებიც გააძლიერებენ რეგიონალურ კავშირებს და ასევე ჩვენს უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

    საქართველო და პოლონეთი კიდევ ერთხელ ადასტურებენ პატივისცემას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის, ასევე ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის საერთო ხედვის მიმართ. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ამ მიმართებით, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებად განიხილავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას, ისევე როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას. საქართველო და პოლონეთი ხაზგასმით აღნიშნავენ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და მათი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობა და უსაფრთოება.

    პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით.

    საქართველო აფასებს ევროინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის განხორციელების პროცესში პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას და ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას. ორივე მხარე ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ წარმოადგენს ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საბოლოო მიზანს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში პოლონეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული წვლილისა და როლის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით სრულყოფილად შევისწავლოთ ამ ინიციატივის პოტენციალი და უზრუნველვყოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი პროგრესული განვითარება. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრაქტიკული შედეგები, ევროპული შეთავაზება და სამომავლო ხედვა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს დაახლოების კუთხით, რომელიც დამყარებული იქნება ქვეყნების ინდივიდუალურ მიღწევებსა და ინტერესებზე.

    ჩვენ ხაზს ვუსვამთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში შემდგომი ნაბიჯის აუცილებლობას. საქართველო განსაკუთრებით აფასებს პოლონეთის მიერ საქართველოს ნატოში გასაწევრიანების მხარდასაჭერად გაწეულ ძალისხმევას. პოლონეთი აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით საქართველოს ავღანეთში ნატო-ს მისიებში მონაწილეობას. ორივე ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებლად ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად

    საქართველო და პოლონეთი აღიარებენ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. საქართველო მიესალმება ნატო-ს ყოფნას შავი ზღვის რეგიონში და გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს მოკავშირეთა ძალისხმევას ამ კუთხით. პოლონეთი აღიარებს საქართველოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

    ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსა და პოლონეთის მრავალწლიანი მეგობრობა, რომელიც დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ხედვებსა და ინტერესებზე, ქმნის დამაიმედებელ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის გადასვლისათვის იმ ხარისხობრივად ახალ ეტაპზე, რომელიც სრულად უპასუხებს ჩვენი განსაკუთრებული მეგობრობის მდიდარ ტრადიციებს. ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ხალხების მშვიდობიან, უსაფრთხო და წარმატებულ მომავალს.

    ვისხსენებთ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ, 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში, წარმოთმულ სიტყვებს: "ჩვენ აქ ვართ, რათა დაგიდასტუროთ ჩვენი თანადგომა“, ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივ დეკლარაციას, რათა დავადასტუროთ პოლონეთ-საქართველოს ურთიერთთანადგომის სიმტკიცე"- აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

  • „ნუთუ ეს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ასე ღიად უნდა ითქვას“ - გიორგი აბაშიშვილი

     „უშიშროების გაუქმება ცალსახად ნეგატიური ფაქტია,“ - განაცხადა განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, ტელეკომპანია „სტარვიზიის“ გადაცემაში „აქტუალური თემა“. მისი შეფასებით, საქართველოს სამეზობლო პირობების გათვალისწინებით, უმაღლესი მთავარსარდლის დატოვება უშიშროების საბჭოს გარეშე საკმაოდ ნეგატიური გზავნილია.

    „ეს არის პირდაპირი შესუსტება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ქვეყნის უსაფრთხოების. ამავდროულად იმაზე საუბარი, რომ თურმე უმაღლეს მთავარსარდალს შეიარაღებული ძალები არ ემორჩილება, მსუბუქად რომ ვთქვათ, კომიკური განცხადებაა. ვთქვათ, დავუშვათ, რომ ეს სიმართლეა. ნუთუ ეს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ასე ღიად უნდა ითქვას იმ დროს და იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. რა მესიჯია ეს ოკუპანტისთვის, რომელიც ამ წერტილიდან 40 კილომეტრში დგას. რა მესიჯია ეს ცხინვალში, რა მესიჯია ეს სოხუმში და რა მესიჯია ეს მოსკოვში?!“ - აღნიშნა აბაშიშვილმა.

  • ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ სამმხრივი შეხვედრა გამართეს. 

    შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატების, რეგიონში არსებული ვითარებისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

    ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი, ასევე, შეეხო შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობას.

    პაოლო ალიმ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისივე თქმით, ასამბლეა მზად არის, ქვეყნებს ამ მიმართულებით მიზნის განხორციელებაში დაეხმაროს.

  • პარლამენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების პატივსაცემად მიღებას უმასპინძლა

    „სამი წარმატებული სამუშაო დღის შემდეგ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესია ხვალ ოფიციალურად დაიხურება. ამ ღირსშესანიშნავმა, შეიძლება ითქვას, ისტორიულმა მოვლენამ თავი მოუყარა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ერთი მთავარი მიზნისათვის: კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე განაცხადა. 

    ირაკლი კობახიძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მისი განაცხადებით, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გახსნა სიმბოლური და კარგად გააზრებული ჟესტი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ღირებულებებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველო იზიარებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების საერთო ხედვას სტაბილური და უსაფრთხო მსოფლიოს შესახებ.

    „ეს იყო სიმბოლური, მაგრამ კარგად გააზრებული ჟესტი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ღირებულებებს, რომლებსაც ნატო განასახიერებს და რომლებიც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. საქართველო იზიარებს ალიანსის წევრთა საერთო ხედვას სტაბილური და უსაფრთხო მსოფლიოს შესახებ. ასეთ მსოფლიოში მეზობელი ქვეყნები მშვიდობიანად თანაარსებობენ, საერთაშორისო ნორმები და ადამიანის უფლებები დაცულია, ხოლო კულტურა ხალხის გაერთიანებისკენ და არა დაპირისპირებისკენაა მოწოდებული“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

    როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვას ქართველი ხალხი ენთუზიაზმით ეგებებოდა, რაც, მისივე განმარტებით, იმიტომ ხდება, რომ ნატო ქართველი ერის არჩევანია.

    „მინდა დაგპირდეთ, რომ უფრო ძლიერი და მშვიდობიანი მომავლისათვის ჩვენ უფრო გაბედული ნაბიჯებით გავაგრძელებთ სვლას ნატოსთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისათვის და უფრო განვამტკიცებთ ჩვენს დემოკრატიას რეფორმებითა და აქტიური საგარეო პოლიტიკით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

    პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მზადყოფნა დაამტკიცა. ქართველი სამხედროები, ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ, მსოფლიოს ყველაზე საშიშ სხვადასხვა ნაწილში იბრძვიან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო გლობალურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას გააგრძელებს.

    „გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ გლობალურიუსაფრთხოებაში წვლილის შეტანა და მხარი დავუჭიროთ ალიანსის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ვიცით, რომ ამგვარი ძალისხმევით ჩვენ ჩვენივე უსაფრთხოებისა და განვითარების გრძელვადიან გარანტიას ვუყრით საფუძველს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. 
    „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის გაზაფხულის სესიის ორგანიზატორებს: საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებსა და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროცესში. გმადლობთ უამრავი საათისათვის, რომელიც ჩადეთ სესიის ოთხი დღის წარმატებით ჩატარებაში. ბოლო თვეების განმავლობაში თქვენი თავდაუზოგავი სამსახურის წყალობით ღონისძიების მონაწილეებს ყოველგვარი პირობა შეექმნათ წარმატებული მუშაობისათვის. დიდ მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისათვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

    სტუმრებს მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ და საქართველოს პარლამენტს სესიის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. პაოლო ალის განცხადებით, თბილისში გამართული სესია ერთ-ერთი საუკეთესოა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში.

    „ბატონო თავმჯდომარევ, მინდა, თქვენ და საქართველოს დელეგაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, მადლობა გადაგიხადოთ იმ არაჩვეულებრივი სტუმარმასპინძლობისთვის და საგაზაფხულო სესიის არაჩვეულებრივი ორგანიზებისთვის, რომელიც, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სესიაა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

    პაოლო ალის განცხადებით, ქართველმა ერმა, საბჭოთა ოკუპაციის წლებში და რეპრესიების მიუხედავად, სულისკვეთება და ეროვნული იდენტობის გრძნობა შეინარჩუნა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა.

    „ბატონო თავმჯდომარევ, გამოსვლაში აღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული დღესასწაული. ამ დღეს საქართველო აღნიშნავს მისი დამოუკიდებლობის აღდგენას და ყველაზე რთულ წლებში, საბჭოთა ოკუპაციის წლებში, მიუხედავად რეპრესიებისა, ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა ძლიერი სულისკვეთება, ეროვნული იდენტობის გრძნობა. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თქვენი ქვეყანა ცდილობს, კონსოლიდირება მოახდინოს თავისუფლების, სუვერენიტეტის, გაამყაროს ის. ბევრი რამ გაკეთდა მიუხედავად უამრავი გამოწვევისა“, - აღნიშნა პაოლო ალიმ.

    სიტყვით გამოსვლისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს, სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან ვიზიტმა, მას კიდევ ერთხელ დაანახა საქართველოს წინაშე არსებული რთული გამოწვევები. პაოლო ალიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო, რომელიც ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ხელს უწყობს საერთაშორისო სტაბილურობის გამყარებას. პაოლო ალიმ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 
    „ჩემმა ვიზიტმა ადმინისტრაციულ საზღვარზე დღეს დილით, კიდევ ერთხელ დამანახა ის რთული გამოწვევები, რაც დღესაც დგას საქართველოს წინაშე. კიდევ ერთხელ მსურს, განვაცხადო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, საქართველო ჩართულია საერთაშორისო დონეზე და ხელს უწყობს სტაბილურობის გამყარებას საერთაშორისო ასპარეზზეც ცხადია, რომ ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, საქართველომ მართლაც ყველაზე დიდი კონტრიბუტორია არაწევრ ქვეყნებს შორის.მსურს, გამოვხატო ჩვენი გულწრფელი აღფრთოვანება და მადლიერება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, - აღნიშნა პაოლო ალიმ. 
    ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და დეკლარაცია, რომელსაც ხვალ, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ, მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. პაოლო ალის განცხადებით, ასამბლეის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

    „ვიცით, რომ საქართველო მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. ჩვენი ასამბლეის ნებაა და მზაობა, მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას ამ მიზნისკენ მოძრაობაში.დეკლარაცია, რომელსაც მივიღებთ ხვალ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ მზაობას. ასამბლეის წევრები, წლების განმავლობაში, მხარს უჭერდნენ საქართველოს, მის პარლამენტს და მის მოსახლეობას და ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება სამომავლოდ“, - განაცხადა პაოლო ალიმ სიტყვით გამოსვლისას.

    ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე მოწვეული სტუმრებისთვის ქორეოგრაფიული, ვოკალური და ინსტრუმენტული კომპოზიციები შესრულდა. სტუმრებს, ასევე, საქართველოს ისტორიული და არქეოლოგიური ფაქტების ამოსახველი გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

     

     

     

  • ირაკლი კობახიძე - იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან მჭიდრო ინტეგრაციაში გამოიხატება

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატო-სთან  ურთიერთობას საქართველოსთვის კონკრეტული შედეგები მოაქვს.

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივან  დევიდ ჰობსტან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ  პაოლო ალისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

    ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ნატო-ს ხელშეწყობით, საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება ძლიერდება. 

    „იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე პრაქტიკული თანამშრომლობა მჭიდრო ინტეგრაციაში გამოიხატება.  დღეს, ჩვენ ნატო-ს საპარლამენტო ხელმძღვანელობასთან საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები, საკვანძო საკითხები, შემდგომი თანამშრომლობა და დაახლოების გზები განვიხილეთ. ჩვენი მეგობრების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიაობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოითქვა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობა საქართველოსთან ურთიერთობას ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, - განაცხადა კობახიძემ. 

    26-29 მაისს, საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში, ქვეყანას 600-მდე სტუმარი ეწვევა. 29 მაისს კი, საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღება მოხდება.

ბიზნეს ნიუსი

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი  რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონ...

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair...

პოპულარული

« მაისი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური

 
JoomShaper