გივი ბერიკაშვილის ბიუსტის გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 მაისი 2017 10:38

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის „უკვდავთა ბაღში" გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

"ძნელია გივი ბერიკაშვილზე ისაუბრო წარსულ დროში. იგი არის ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე და ადამიანი, რომელმაც სიყვარულის განსაკუთრებული სტანდარტი დაამკვიდრა. გივი ბერიკაშვილმა შექმნა დაუვიწყარი სახეები კინოსა და თეატრში. მისი გმირების სიტყვებით ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ. ეს ფრაზები ჩვენს გონებაში არის ჩაბეჭდილი და ძალიან დიდხანს იცოცხლებს,"-განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გივი ბერიკაშვილის სკულპტურული პორტრეტი მოქანდაკე თემურ ჭყონიამ შექმნა. ქანდაკება, თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბრინჯაოში გოგი ჟღენტმა ჩამოასხა.

წაკითხულია 116 ჯერ

Related items

  • "რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას" - გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, მან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ხელისუფლების მიერ ბოლო 5 წელიწადში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს:

    "გამოწვევებით, მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, სახელმწიფოთა და სხვათა მხრიდან აგრესიით აღსავსე დღევანდელ მსოფლიოში არც საქართველოა გამონაკლისი. და აქაც ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ჩვენი მოქალაქეები დავაყენეთ. გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას.

    2017 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა. მან გააფორმა ე.წ. „შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ“ და ხელი მოაწერა „ხელშეკრულებებს“ დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაცია.

    რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა საოკუპაციო ხაზების განმტკიცება მავთულხლართების, სანგრების, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით. მავთულხლართები კი ზოგიერთის კარ-მიდამოს უბრალოდ შუაზე ჰყოფს.

    დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე.

    საქართველო მტკიცედ ემხრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. საქართველოს მთავრობა ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს. მან არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება. რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ჯერ არ ჰქონია.

    საქართველოს მუდმივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზების მოძიებისკენ, დამოწმებულია არაერთი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭიროა დაჩქარდეს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება, და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

    ყოველ წელს გაეროს გენერალური ასამბლეა იღებს რეზოლუციას, სადაც კიდევ ერთხელ აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა უფლებას, დაბრუნდნენ შინ. საქართველო მადლობას მოახსენებს გაეროს ამ მხარდაჭერისთვის, მაგრამ ყოველივე ეს ჯერ ვერ იქცა რეალობად ასობით ათასი ჩემი თანამემამულისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან შინ დაბრუნებას და მაინც ვერ ბრუნდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაეროს მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო უარს ამბობს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

     

  • "ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას" - გიორგი კვირიკაშვილი გაეროს 72-ე ასამბლეაზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს 72-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა, მან საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ხელისუფლების მიერ ბოლო 5 წელიწადში გადადგმულ საბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის სამართლებრივ სფეროზეც:

    "ჩვენ სასტიკი ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას. Heritage Foundation-ის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველო 31-ე ადგილზეა, ანუ მისი პოზიციები 38 ადგილით გაუმჯობესდა 2012 წელთან შედარებით. იმავეს ადასტურებს Transparency International-ის 2016 წლის მონაცემები - საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონში.

    ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ კერძო საკუთრების დაცვას. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა.

    ჩვენ ურყევად ვიცავთ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას. ამ მხრივ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა და დღეს ჩვენ 63-ე ადგილზე ვართ მაშინ, როცა სულ ახლახან 91-ე ადგილზე ვიყავით.

    რაც შეეხება სამართალდაცვასა და ფიზიკურ უსაფრთხოებას, ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება 41 ადგილით.

    ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ. ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია.

    საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

  • გიორგი კვირიკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა. შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-მოლდოვას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი არსებობს, გამოითქვა ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მზადყოფნა.

    საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებმა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმატებში განსახილველ საკითხებზე ქვეყნებს შორის სრული თანხვედრა არსებობს. საუბარი მომავალ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც შეეხო, აღინიშნა, ის პოზიტიური ფაქტორები, რაც ვიზა-ლიბერალიზაციამ ორ ქვეყნას მოუტანა.

    გიორგი კვირიკაშვილმა და პაველ ფილიპმა საქართველოსა და მოლდოვაში არსებული ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებაც განიხილეს.

    საუბრის დასასრულს, პაველ ფილიპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოლდოვას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

  • პრემიერი მოსწავლეებს და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

    საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსწავლეებს და სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

    „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს!

    პირველკლასელებისა და პირველკურსელებისთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, ემოციებით აღსავსე. ვუსურვებ მათ, საინტერესო და სიახლეებით სავსე ყოფილიყოს სკოლისა და სტუდენტობის წლები.

    ჩვენი შვილები ჩვენი ქვეყნის მომავალია. მჯერა, რომ ჩვენი პედაგოგები მათ სამაგალითო მოქალაქეებად აღზრდიან. ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მასწავლებლებს.

    კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!“- აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორდოს მერს შეხვდა

    საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორდოს მერი ალან ჟუპე დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ალან ჟუპემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

    პრემიერმა ბორდოს მერს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში ქართული ღვინის განსაკუთრებულ სახეობებს მსოფლიოს წარუდგენს. გიორგი კვირიკაშვილმა ალან ჟუპე საქართველოში მიიწვია.

    ბორდოს მერმა საუბრისას, ასევე გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი "ღვინის ცივილიზაციის ქალაქის" ინაუგურაციაზე და მას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

    შეხვედრა ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, ქართული გამოფენის - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი" გახსნის შემდეგ გაიმართა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2017 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შ.პ.ს.ნიუს დეი
ვაჟა-ფშაველას 16.
მე - 12 სართ.

ტელ: (+ 995) 32 237 80 00

მობ:  577 42 43 31

ფოსტა: news@stargroup.ge

 

 

სოციალური