აბრეშუმის გზის ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 17:22

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ჩინეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფონდის წარმომადგენლებთან საუბრისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას და ისაუბრა იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რასაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოუტანს ჩინეთსა და საქართველოს ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. მინისტრის განცხადებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საინვესტიციო გარემო ქვეყანას საშუალებას აძლევს გაზარდოს არსებული პოტენციალი, გახდეს რეგიონალური მნიშვნელობის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი და აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ტვირთების უმოკლეს დროში ტრანსპორტირებისას შეასრულოს მნიშვნელოვანი ფუნქცია. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც განსაკუთრებულ როლს შეიძენს აბრეშუმის გზის სატრანსპორტო კორიდორის სწრაფ განვითარებაში.

 მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას და ამ მიმართულებით დამატებითი ბარიერების აღმოფხვრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყელი და გზის“ ინიციატივის განხორციელებისთვის.

 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აბრეშუმის გზის ფონდის მნიშვნელობაზე „სარტყელი და გზის“ პროექტის მონაწილე ქვეყნების ინფრასტრუქტურული და ენერგოდერეფნების განვითარების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის აქტიურად მონაწილე ქვეყანა, დაინტერესებულია ფონდთან თანამშრომლობით, რათა მისი საშუალებით მოხდეს საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით განსახორციელებული პროექტების განვითარების ხელშეწყობა, სატრანზიტო პოტენციალისა და „სარტყელისა და გზის“ პროექტში საქართველოს როლის გაზრდა.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაზეც მხარები შეთანხმდნენ, იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონკრეტული პროექტების განვითარების მიმართულებით იმუშავებს. აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობას გიორგი გახარიამ ინფორმაცია მიაწოდა 2017 წლის ნოემბერში საქართველოში დაგეგმილი თბილისის ფორუმის „სარტყელი და გზა“ შესახებ და ფონდის წარმომადგენლები ღონისძიებაზე მიიწვია.

აბრეშუმის გზის ფონდი პროექტის „სარტყელი და გზა“ ხელშეწყობისთვის ჩინეთის ინიციატივით შეიქმნა და მისი კაპიტალი 40 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. 14 მაისს პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „სარტყელი და გზა“ ჩინური მხრიდან ცნობილი გახდა, რომ ფონდს კიდევ 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაემატება.

წაკითხულია 595 ჯერ

Related items

  • შვეიცარია და საქართველო მიგრაციის კუთხით აძლიერებენ თანამშრომლობას

    შვეიცარია და საქართველო აძლიერებენ ძალისხმევას არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად. 2019 წლის 16 სექტემბერს თბილისში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. 2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მე-5 ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების თითქმის არანაირი შანსი არა აქვთ. თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად, შვეიცარიამ და საქართველომ განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიებები და ამ მიმართულებით განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.

    ორშაბათს, 16 სექტემბერს, სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი (2018 წელს 2016 წელთან შედარებით 87%-ით გაიზარდა).

    ეს განაცხადები შვეიცარიის მხრიდან არ დაკმაყოფილდება (ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა: 0%). გარდა ამისა, თავშესაფრის მაძიებელ ზოგიერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რაც  მათ საქართველოში დაბრუნებას კიდევ უფრო ართულებს. ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ შვეიცარიამ ქართულ მხარეს მიმართა თხოვნით მიეღო გარკვეული ზომები. შვეიცარია,თავის მხრივ, ატარებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების სწრაფ და თანმიმდევრულ პოლიტიკას.

    მიმდინარე წლის მაისში მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნომ, საქართველოში შვეიცარიის საელჩომ  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომდაიწყესთანამშრომლობასაქართველოდან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით. აღნიშნულითანამშრომლობა ამარტივებს საქართველოში სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობების სწრაფ მოძიებას და, შესაბამისად, პირის ქვეყანაში დაბრუნების შეფასებას. ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეხვედრის შემდეგ, მარიო გატიკერი თბილისში არსებულ ონკოლოგიურკლინიკას ესტუმრა, რათა თავად ენახა საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობის დონე.

    კიდევ ერთი ზომა შვეიცარიისა და საქართველოს მიერ საზღვრების კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება. ივნისში,Frontex-ის (საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტო) ფარგლებში,შვეიცარიამ ქუთაისის აეროპორტში შვეიცარიელი მესაზღვრე ერთი თვით განათავსა, რომელიც ადგილობრივ მესაზღვრეებს ტექნიკურ დახმარებას უწევდა.

    28 აგვისტოს ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშიშეეყვანა. 2019 წლის 1 ოქტომბერს საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა დაბრუნება გონივრულია.

     სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი დასრულდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრით, შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

     საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საპასუხოდ, შვეიცარიამ და საქართველომ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღეს ზომები, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა. კერძოდ, შვეიცარიამ გააძლიერა გარე საზღვრები და შემოიღო შესვლის აკრძალვა თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების შემთხვევაში. თავის მხრივ, საქართველო ეცადა გაეძლიერებინა საზღვრების კონტროლი და ჩაატარა რამდენიმე საინფორმაციო კამპანია შენგენის ზონაში მოგზაურთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. საქართველომ, ასევე, გაამკაცრა სისხლის სამართლის კოდექსი არალეგალური მიგრაციის საპასუხოდ.

     

     

  • გემი „TCG SANCAKTAR (L-403)“, 9-12 სექტემბერს ეწვევა საქართველოს ბათუმის ნავსადგურს

    თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სკოლის პირველი კურსის კურსანტების სანაოსნო პირობებთან შეჩვევის, პროფესიული ცოდნის ამაღლების, მისი პრაქტიკაში გამოყენების, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ნავსადგურებში ვიზიტებთან დაკავშირებული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებისა და წარმომადგენლობითი თვისებების განვითარების მიზნით 2019 წლის 02-21 სეტემბერს იგეგმება საზღვაო სწავლებების ჩატარება. აქედან გამომდინარე, მოეწყობა ვიზიტები თურქეთის ერეღლის,  საქართველოს ბათუმის, რუმინეთის კონსტანტასა და ბულგარეთის ვარნას  ნავსადგურებში.

    კურსანტები საზღვაო სწავლების ფარგლებში გაივლიან მომზადებას სამეზღვაურო, საკრუიზო, ტაქტიკური მანევრების, ტექნიკური, სახანძრო და გემის დაზიანებისაგან დაცვის სფეროებში.  

    სასწავლო ფლოტილიის მეთაურის, პირველი რანგის კაპიტნის ეროლ ქუჩუქის მეთაურობით გემი „TCG SANCAKTAR (L-403)263 კურსანტთან  ერთად, 2019 წლის 09-12 სექტემბერს, ეწვევა საქართველოს ბათუმის ნავსადგურს.  ვიზიტის პერიოდში მოეწყობა ექსკურსიები ისტორიულ და ტურისტულ ადგილებში. 

    გემი „SANCAKTAR (L-403) ბათუმის ნავსადგურში ვიზიტისას, 2019 წლის 10 სექტემბერს, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე  მიიღებს დამთვალიერებლებს.

    საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრესრელიზი

     

  • თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

    თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

    შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

    ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
    ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

    შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

  • "2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა"

    რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

    „ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის.  კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იქნებოდა ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი იყო რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა.

    „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, ის 100 პროცენტით ასრულებს ამ დავალებას. რეგიონული განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

    „ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

    პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარადგინა მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

    ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  • 2022 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „ევროპალია“ საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება

    შეთანხმებას ბრიუსელში, ეგმონტის სასახლეში ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და "ევროპალიას" თავმჯდომარემ ქაუნთ ჟორჟ ჟაკობ დე ჰახენმა.

    "ევროპალია საქართველოს" ფესტივალის ფარგლებში, ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიმართება გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები და კინოჩვენებები, სადაც სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი აქტივობის სახით, საქართველოს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება სრული მრავალფეროვნებით იქნება წარმოდგენილი.

    „ევროპალია“ 1969 წლიდან ბელგიის სამეფოში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მაღალი დონის შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებებით გამოირჩევა. ფესტივალების ციკლი 1,5 მილიონამდე დამთვალიერებელს იზიდავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური