ტირის ახალი დარბაზი - 12 პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრიდან სასროლი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 15:35

15 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის 49ა, სპორტის სამინისტროს შენობა) გაიხსნა განახლებული ნინო სალუქვაძის ტირი, რომელსაც დაემატა ახალი სასროლეთი.

ღონისძიებას დაესწრო მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ოლიმპიური კომიტეტის და სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით (ლერი ხაბელოვი, ელგუჯა ბერიშვილი, ემზარ ზენაიშვილი და მამუკა ხაბარელი) და სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კახა სიხარულიძე

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი სასროლეთი დამოუკიდებლობის შემდეგ, რომელიც თბილისში გაიხსნა და მხოლოდ მეორე დარბაზი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ დრომდე რეგიონებში სასროლეთი თელავს შეემატა. 

ახალი დარბაზი სროლის სახეობათა ფედერაციას მთავრობის დადგენილებით 10 წლის ვადით გადაეცა. შედეგად, ნინო სალუქვაძის ტირი და ახალი დარბაზი გაერთიანდა და შეიქმნა საერთო სივრცე, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები ბევრად კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ.  ძველ ტირში განთავსებულ 10 სასროლეთ ადგილს, საიდანაც 5  - 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სასროლეთია და 5-იც 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეთით, ახალი ფართის დახმარებით დაემატა 12 პნევმატური პისტოლეტით 10 მეტრიდან სასროლი ადგილი, რაც ფედერაციას საშუალებას აძლევს გაცილებით მეტი სპორტსმენი მოამზადოს. 

ახალი დარბაზი მთავრობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო. მთლიანობაში კეთილმოეწყო როგორც ძველი, ასევე ახალი დარბაზი. ეს ყველაფერი ფედერაციას ნაკრების წევრების სრულფასოვნად მომზადების გარდა, საშუალებას აძლევს მცირე მასშტაბის საერთაშორისო ტურნირებსაც უმასპინძლოს. დაბაზის გახნის შემდეგ  სპორტულ ჟურნალისტებს პნევმატური პისტოლეტით სროლის საშუალება მიეცა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" ეს არის მთავრობის მორიგი საჩუქარი. სასიხარულოა, რომ ინიციატივა ფედერაციისგან მოდიოდა. წლების განმავლობაში პრობლემა გადაუჭრელი იყო, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება შევძელით. აქ გაიზრდებიან მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები. სასიამოვნოა რომ თაობების ოცნება ასრულდა. მთავრობის და ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, ფედერაციის სწორი მენეჯმენტის და სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტი შეგვემატა, სადაც ჩვენი ტყვიის მსროლელები, ასაკობრივი თუ ეროვნული ნაკრების წევრები გაცილებით კომფორტულ პირობებში ივარჯიშებენ. ამასთან, ფედერაციას საშუალება ექნება დარბაზში ბევრად მეტი ახალგაზრდა მიიღოს და მოამზადოს.

ეს კი თავის მხრივ მასობრიობის გაზრდას უზრუნველყოფს, რაც სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ასევე, სამინისტროს უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რისი დასტურიც დღევანდელი დღეა. ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ ამ კუთხით და მაქსიმალურად დავეხმარებით სპორტულ ფედერაციებს, რათა გადავჭრათ ინფრასტრუქტურული პრობლემები და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი თაობის, მომავალი ჩემპიონების აღზრდას".

წაკითხულია 2632 ჯერ

Related items

  • ნინო სალუქვაძეს სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვ. ლისინმა სპეციალური ჯილდო გადასცა

    კვიპროსში გაიმართა ევროპის სროლის კონფედერაციის არჩევნები, სადაც იმყოფებოდნენ სეოკ-ის და სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თამაზ იმნაიშვილი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    მათი ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ საღამოზე ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონს ნინო სალუქვაძეს ცხრა ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის და აბსოლუტური რეკორდისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ლისინმა.

    ეროვნულ ფედერაციაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა თამაზ იმნაიშვილს. საქართველოში სროლის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ასევე დაჯილდოვდა საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაცია.

    კონფედერაციის ახალ პრეზიდენტად ალექსანდრე რატნერი აირჩიეს.

  • 23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები
    23 ივლისს ტოკიოში ოფიციალურად გაიხსნება ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც 35 ქართველი სპორტსმენი სპორტის 11 სახეობაში იასპარეზებს. როგორც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იტყობინება, ქართველი ოლიმპიელების ძირითადი ნაწილი უკვე ტოკიოშია და შეჯიბრებების დაწყებამდე ოლიმპიადისთვის მოწყობილ არენებზე ვარჯიშობს.
    ️დღეს ტოკიოში „Asaka shooting” არენაზე მორიგი ვარჯიში გამართა ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, რომელიც მეცხრე ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. ნინო სალუქვაძე 23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე, კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონთან ძალოსან ლაშა ტალახაძესთან ერთად საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იქნება. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე წარდგება.
    საქართველოს ოლიმპიური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 25 ივლისს, ამავე არენაზე 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში წარდგება. 29 ივლისს კი 25 მეტრიდან სპორტული პისტოლეტით სროლაში იასპარეზებს. ოლიმპიურმა რეკორდსმენმა, საქართველოს ოლიმპიური გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოში გამართული ვარჯიშის შემდეგ სამინისტროს პრესსამსახურთან მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა.
    ნინო სალუქვაძე (ოლიმპიური ჩემპიონი): „დამღლელი გზის და საზღვარზე არსებული მკაცრი რეგულაციების გავლის შემდეგ იაპონიაში შემოვედით და აკლიმატიზაციის პროცესს გავდივართ. ჩვენი ექიმები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ რომ ეს რთული ეტაპი წარმატებით დავძლიოთ და შეჯიბრებებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ, თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩება. ეს ოლიმპიადა რიგით მეცხრეა ჩემთვის და ალბათ ყველაზე რთული. პანდემია სავარჯიშო და საშეჯიბრო პროცესს სერიოზულ ზიანს აყენებს, თუმცა ამ თვალსაზრისით ყველა ერთნაირ პირობებში ვართ.
    ოლიმპიური გუნდის მედროშეობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე პირველად 2012 წელს ლონდონში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ვიყავი. მეორედ ეს პატივი ტოკიოში ურთულეს ოლიმპიურ თამაშებზე მერგო. საქართველო იაპონიაში გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდების გუნდით არის წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს.
    გუნდში ყველა ჯანმრთელადაა. სავარჯიშო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები და დანარჩენი უკვე უშუალოდ თამაშებზე გამოჩნდება. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ“.
  • ქართული სპორტის ვარსკვლავების ტოპ–8

    საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ“ რიო–დე–ჟანეიროს საზაფხულო ოლიმპიადის წინ პორტალზე ლონგრიდი „დიდებული რვიანი“ ჩაუშვა, რომელიც ბოლო ნახევარი საუკუნის ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენებსა და მათ უმთავრეს გამარჯვებებზე მოგვითხრობს. ქართული სპორტის ვარსკვლავების ტოპ–8, რომელმაც „Sputnik–საქართველოს“ აზრით, მსოფლიო სპორტის მრავალ სახეობაზე მოახდინა გავლენა, ასე გამოიყურება:
    - ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე — დიდი მოჭადრაკეები, რომლებიც მსოფლიო ჭადრაკში თითქმის 30 წლის განმავლობაში დომინირებდნენ;
    - ვიქტორ სანეევი — მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთადერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამმაგ ხტომაში;
    - კახა კალაძე — ერთადერთი ქართველი, რომელმაც ორჯერ მოიპოვა გამარჯვება უეფას ჩემპიონთა ლიგაში;
    - ნინო სალუქვაძე — ყველა ხარისხის ოლიმპიური მედლის მფლობელი, შვიდი ოლიმპიადის მონაწილე, მიზანში მსროლელი;
    - ზურაბ ზვიადაური — დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი;
    - შოთა არველაძე — საუკეთესო ბომბარდირი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში;
    - საფეხბურთო კლუბი „დინამო“ თბილისი — თასთა თასის მფლობელი (1981 წ.).
    დასასრულ, ლონგრიდი წარმოგიდგენთ ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც რიოს ოლიმპიურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. წელს ბრაზილიაში ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები მიემგზავრება — ბევრს სულ ახლახან შეუსრულდა 20 წელი, ბევრი კი კიდევ უფრო უმცროსია. სწორედ ეს ახალგაზრდები არიან ქართული სპორტის იმედი.
    „საქართველო ამაყობდა და კვლავაც ამაყობს თავისი სპორტსმენებით, რომლებმაც წარმოუდგენელ გამარჯვებებს მიაღწიეს სპორტულ ბატალიებში მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში. ამ პროექტით „Sputnik–საქართველოს“ სურს წარმატება უსურვოს ახალგაზრდა ქართველ ოლიმპიელებს, რომლებიც რიო–2016–ზე მედლებისთვის იბრძოლებენ“, — აცხადებს რესურს „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა.
    მალე საიტი Sputnik-ი ლონგრიდის ქართულ ვერსიასაც შემოგთავაზებთ.
    Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო — მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ახალი ამბების ლენტები 24 საათის განმავლობაში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. სააგენტოს მულტიმედიური კონტენტი და რადიოპროგრამები 30 ენაზე გადაიცემა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური