საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 მაისი 2017 15:52

13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ჟონგ შანი.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. 13 მაისიდან მათ სიას საქართველოც დაემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი,  ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.

 

წაკითხულია 656 ჯერ

Related items

  • საქართველოში მეხსიერების ჩემპიონატი 2019 ჩატარდა

    პირველ დეკემბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საქართველოს მეხსიერებითი სპორტის ფედერაციის, მეხსიერების აკადემიისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, ინოვაციური გონებრივი შეჯიბრი - მეხსიერების ჩემპიონატი ჩატარდა.

    ინტელექტუალური შეჯიბრი ახალგაზრდული ცენტრების ასოციაციისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
    გამარჯვებულები კატეგორიებისა და საერთო შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით.
    მეხსიერების ჩემპიონატის გამარჯვებული საერთო შედეგების გათვალისწიებით გახდა მე-11 კლასის მოსწავლე სერაფიმე მეტრეველი, რომელმაც 201 ქულა დააგროვა.

    მეხსიერების ჩემპიონატი წარმოადგენს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებიან ციფრების, სიტყვების, ადამიანების სახელებისა და სახეების, გეომეტრიული ფიგურებისა და თარიღების დამახსოვრებაში.

    მეხსიერების ჩემპიონატის ფარგლებში დამყარდა ეროვნული რეკორდი ტელეფონის ნომრების ზეპირად დასახელებაში. გივი კაველიძემ 3 წუთში 23 ნომრის დასახელება შეძლო. 2-გზის მსოფლიო რეკორდსმენმა, ვაკო მარჩილაშვილმა კი მასტერკლასი ჩაატარა რუბიკის კუბის ბრმად (დამახსოვრებით) აწყობაში.

    აღსანიშნავია, რომ მეხსიერების ჩემპიონატი 1991 წლიდან იღებს სათავეს და ამჟამად უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული - ყოველწლიურად იმართება ეროვნული, კონტინენტური, საერთაშორისო და მსოფლიო ჩემპიონატები.მეხსიერების ჩემპიონატი საქართველოში წელს მეორედ ჩატარდა.

  • ლაშა დარსალია საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

    2019 წლის 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ლი იანთან.
    შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომლობის საკითხები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი ასპექტების მნიშვნელობას, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს გააჩნიათ მარავალხრივი ფორუმების ფარგლებში და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქა.
    გარდა აღნიშნულისა, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთოებების გაღრმავებას და მნიშვნელოვან მიღწევებს.
    ქალბატონმა ლი იანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
    ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჩინეთის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
    შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავების იმედი როგორც საერთაშორისო და რეგიონულ, ასევე ორმხრივ დონზე.

  • საქართველო და იაპონია განათლების სფეროში მჭიდროდ ითანამშრომლებენ

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, იაპონიის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას (JICA) შეხვდა, სადაც მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საქართველოს განთლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი სწორედ განათლების სისტემას მოხმარდება.

    ორმხრივ შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ამასთანავე, ზოგადი განათლების მიმართულებით უზარმაზარი როლი ენიჭება მასწავლებლის პროფესიას, მისი პრესტიჟის ამაღლებას და მათ პროფესიულ განვითარებას, რაც ასევე განათლების რეფორმის პრიორიტეტია.

    შეხვედრაზე მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ განათლების სისტემის დახვეწის პროცესში ქართული მხარისთვის იაპონელი ექსპერტების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ქართული ენის შესწავლის მიზნით, მიხეილ ჩხენკელმა იაპონურ მხარეს იაპონიაში ქართული ცენტრების დაარსება შესთავაზა. იაპონური ენის სწავლებისათვის კი, განიხილეს ინიციატივა საქართველოში მოხალისე მასწავლებლების ჩამოსვლის თაობაზე.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებთან მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს ფუნქციონირებას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მიხეილ ჩხენკელმა მასპინძელ მხარეს იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა შესთავაზა.

    იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელობამ (JICA) რომელიც საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობით დაინტერესებულია, შეხვედრის დასასრულს მზაობა გამოთქვა აქტიურ თანამშრომლობაზე როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორების გაცვლითი პროგრამების მიმართულებებით.

  • საქართველოს ჩინეთის სიჩუანის პროვინციიდან ეკონომიკური და კულტურული გაცვლითი დელეგაცია ეწვია

    6–8 ნოემბრს საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციიდან ეკონომიკური და კულტურული გაცვლითი დელეგაცია  ეწვია.

    დელეგაციას სიჩუანის პროვინციაში კომუნისტური პარტიის მუდმივი კომიტეტის წევრი (პროვინციის გუბერნატორის დონე ჩინეთში)  ბატონი ვანგ იანფეი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: სიჩუანის სახელმწიფო ქონების კონტროლისა და მართვის კომიტეტი (SASAC); სიჩუანის ვაჭრობის დეპარტამენტი, სიჩუანის პროვინციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტი;  სიჩუანის საინვესტიციო კორპორაცია; სიჩუანის ენერგეტიკული ინვესტიციის კორპორაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუქციის  მწარმოებელი ჯგუფი - უ ლიანგიე (WuLiangye Group).

    7 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ლიქიორის პროდუციის მთავარი მწარმოებელი ჯგუფის - უ ლიანგიე (WuLiangye Group) მიერ ორგანიზებულ საღამოზე, ჩინურ-ქართული მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებზე და იდეებზე ისაუბრეს. ასევე, სტუმრებმა და დამსწრე საზოგადოებამ „უ ლიანგიე“ მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნა.

    აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მთავრობის წევრებიც მონაწილეობდნენ.

  • ჩინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრები ტვირთების მონიტორინგის პროცესს გაეცნენ

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების გასაცნობად და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისთვის,  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ვანგ ქსიაოტაო ხელმძღვანელობს.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობის ტექნიკური დახმარების ერთ-ერთი მიმართულება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის აღჭურვასა და საინსპექციო სისტემების გაძლიერებას ითვალისწინებს. 

    დღეს სტუმრებმა ერთ-ერთი ასეთი აღჭურვილობა - სატვირთო საავტომობილო სტაციონალური რენტგენო სკანერი და ტვირთების მონიტორინგის პროცესი  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაათვალიერეს.

    ინსპექტირების სისტემის გაცნობის შემდეგ, საუბარი სამუშაო შეხვედრის ფორმატში გაგრძელდა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ქალბატონი ლი იანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

    შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა და ეკონომიკური პარტნიორობის განმტკიცების მექანიზმები. 

    შეხვედრის მსვლელობისას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ სტუმრებს საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

    მისი თქმით, თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, უზრუნველყოფს მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

    „საქონლის ფიზიკურ დათვალიერებას სჭირდება საშუალოდ 5 საათზე მეტი დრო. საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დათვალიერება შესაძლებელია რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. ტვირთის ამდენი ხნით, დაყოვნება წარმოუდგენლ ზიანს მიაყენებს გლობალურ ვაჭრობას და მასში ჩართულ ყველა სატრანსპორტო კომპანიას. დათვალიერების თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა  მნიშვნელოვნად შემცირდეს საბაჟო კონტროლისთვის აუცილებელი დრო, საშუალოდ 4 წუთიდან - 7 წუთამდე, ნაცვლად 2 საათისა ან რამდენიმე დღისა. ამასთან, რენტგენო ინსპექტირება მნიშვნელოვნად ამცირებს დათვალიერბისთვის საჭირო ადამიანურ რესურსს და ამაღლებს რისკის შემცველი ტვირთების იდენტიფიცირების პროცესს“,  - აღნიშნა ვახტანგ ლაშქარაძემ.

    შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ხელმოწერილია ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, 5 საბაჟო გამშვები პუნქტის  უახლესი სტაციონარული რენტგენის სკანერით აღჭურვისთვის ითვალისწინებს 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას.

    ამჟამად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე (სარფი, ვალე, ნინოწმინდა, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, ყაზბეგი, ფოთის პორტი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა, ასევე სარკინიგზო ინსპექტირების სისტემები ფოთის პორტსა და გარდაბანში) 46 სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური სკანერი ფუნქციონირებს. ამასთან, 5 წლიანი გრანტის ფარგლებში, იგეგმება კიდევ 9 ერთეული ახალი რენტგენო სკანერის გადმოცემა.

    აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი.

     ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური