ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 მაისი 2017 00:18

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

”შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მინდელის სახელობის მაღაროში, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, 4 მეშახტე შახტში ჩავარდა. 

სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულის სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. სამაშველო ღონისძიებაში, ასევე, ჩაერთნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამთო მაშველები. 

შემთხვევის ადგილზე ჩავიდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია”, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხულია 617 ჯერ

Related items

  • კახაბერ ოქრიაშვილის სპეციალური განცხადება

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.

    მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.

    სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ. 

     

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

    შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

     შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
  • შსს-მ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა. მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გეგმების შესახებ პრეზენტაციით გააცნო.

    საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის" აქტიურად გრძელდება და მისი ახალი ეტაპი იწყება. გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს მიმართულებით.

    ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხრივ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია 10.2%-ით.

    მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით: „მისასალმებელია, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ კლების ტენდენციაა 2019 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 9 თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის კლებისკენ.

    მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება".

    2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ. „ჭკვიანი კამერა" ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების რაოდენობა შეადგენს 4 318-ს: საიდანაც 2 760 - ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო 1 558 - ნომრის ამომცნობი კამერა. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

    რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მათი ნაწილი უკვე წარედგინა პარლამენტს - კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების რეგისტრაციას ეხება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის" ახალ ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მედია საშუალებებში გავრცელდება, ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი აქტიურობა სოციალურ მედიაში. კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებების და შესაბამისი აქტივობების განხორციელება რეგიონებში.

     

     
  • შსს-ს ინფორმაცია სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით განაგრძობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება.

    შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა.

    ამ ეტაპზე, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ. "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური.

    28 ოქტომბერს, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიბერშეტევა განხორციელდა ქართული ტელეკომპანიების სერვერებზეც. ამ ეტაპზე, აღნიშნული კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა, თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით.

    სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

  • განცხადება სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით

    სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მშობლების ინფორმირება მსგავსი მასალის გავრცელების საფრთხეებსა და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. აღნიშნული საჭიროებს გრძელვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, სადაც ჩართული უნდა იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

    ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ქეის-კონფერენცია გამართა.
    შეხვედრაში მონაწილე უწყებები მოუწოდებენ როგორც აღნიშნულ ოჯახს, ასევე, ზოგადად, მშობლებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ფოტოებისა და ვიდეოების დამზადებისა და გასაჯაროებისგან.
    მსგავსი მასალის ფოტო-ვიდეოგადაღება/გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა, შეაფერხოს მოზარდის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარება. ამასთან, არსებობს იმის საფრთხე, რომ ბავშვი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის, ონლაინ სივრცეში.
    ამდენად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, არასრულწლოვნის უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას და განვითარებას.
    შეხვედრის მონაწილეები აღნიშნულ ოჯახთან მუშაობის სტრატეგიასა და ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის საკითხებზე შეთანხმდნენ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური