სპორტკომპლექსში არენა2 საბავშვო სპორტული ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 მაისი 2017 13:36

პორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, სპორტკომპლექსში „არენა 2", ახლადგახსნილი საბავშვო სპორტული ცენტრი დაათვალიერა. მინისტრთან ერთად საბავშვო ცენტრს, ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ასევე თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი სტუმრობდნენ. 

„შეიძლება ითქვას, რომ უკვე ტრადიციად იქცა კერძო სექტორის მონაწილეობა სპორტული მიმართულებით, რაც ძალიან მახარებს.  განსაკუთრებით კარგია, რომ ეს პროექტი ბავშვების ჯანსაღად აღზრდას ემსახურება და ხელს უწყობს მათ პირველ ნაბიჯებს სპორტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვარჯიშები და პირველი გაკვეთილები დაეხმარებათ მოზარდებს კონკრეტულად სხვადასხვა სპორტის სახეობაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილის ათვისებაში. 

ეს პროექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ხორციელდება და სასიხარულოა, რომ მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა.  სამომავლოდ, პროექტმა შესაძლოა არა მხოლოდ თბილისი, არამედ რეგიონებიც მოიცვას და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ცენტრი საუკეთესო ადგილი იქნება, როგორც ჩვენი პატარებისთვის, ასევე მშობლებისთვის და ზოგადად ყველა მსურველისთვის." - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

საბავშვო სპორტული ცენტრი, როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მცირეწლოვანი პატარების, ასევე მოზარდების და ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდის ცენტრია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფიზიკური აქტივობის სხვადასხვა პროგრამებს, ასევე პერსონალურ და საოჯახო ვარჯიშებს.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილობებით,  სპორტული სავარჯიშოებით სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვის - ბატუტებით, გასაბერი აკრობატული ბილიკით, პარალონის ორმოთი, ლეიბებით და სხვადასხვა სავარჯიშო დანადგარებით. ცენტრში მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო პირობებია შექმნილი და სავარჯიშო გარემო სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ცენტრში მუშაობენ პროფესიონალი მწვრთნელ-მასწავლებლები, რომლებიც ტესტებისა და დაკვირვების შედეგად შეძლებენ განსაზღვრონ მოზარდთა ფიზიკური შესაძლებლობები და სპორტული მიდრეკილებები სამომავლოდ სპორტის კონკრეტული სახეობის არჩევისას.

საბავშვო ტანვარჯიშის ცენტრის შექმნის მთავარი მიზანია მოზარდ თაობაში ფიზიკური კულტურის როლის ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება  და ბავშვთა სპორტის განვითარება საქართველოში.

წაკითხულია 1108 ჯერ

Related items

  • მიხეილ ყაველაშვილი სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

    26-27 ივლისს ქალაქ ჟენევაში, გაეროს ოფისში, სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის (SPORT INTEGRITY GLOBAL ALLIANCE, SIGA) ფორუმი და ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა. ღონისძიებებში, საპატიო სტუმრის სტატუსით, მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თამჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, რომელიც SIGA-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო სპორტული მოძრაობისა და უცხო ქვეყნის სპორტზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. 

    ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე და პარლამენტის როლზე, ასევე ისაუბრა სპორტის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტებზე. 

    სპორტში კარგი მმართველობის უზრუნველყოფა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა გამოვხატო ჩვენი ინტერესი დავამყაროთ და განვავითაროთ თანამშრომლობა SIGA-სთან. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა ახალ იმპულსს მისცემს სპორტში კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას არამარტო საქართველოში, არამედ მთლიან რეგიონში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

    კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციაზე და 17-18 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში, 18 ოქტომბერს, თბილისში „სპორტში კარგი მმართველობის და სპორტული მთლიანობის პარლამენტთაშორის ალიანს“ ჩაეყრება საფუძველი.
    ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი SIGA-ს აღმასრულებელ დირექტორს ემანუელ მასედო დე მედეიროსს შეხვდა.

    SIGA - დამოუკიდებელი, ნეიტრალური და მრავალი სუბიექტის საერთაშორისო კოალიცია, რომელიც აერთიანებს სპორტული მოძრაობის, სახელმწიფო ინსტიტუციების, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ცნობილ სპორტსმენებს. ალიანსის მისიას სპორტული ინდუსტრიის მრავალ ასპექტში კარგი მმართველობის უნივერსალური სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადენს.

  • მიხეილ გიორგაძემ ლეილა მესხი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

    საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პირველ მოადგილე კახი კანდელაკთან ერთად, 15 თებერვალს, სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, ლეილა მესხის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრო.  

    სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონიაზე,  მინისტრმა ლეილა მესხი 50 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩოგბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. 

    სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ლეილა მესხის სახელობის საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე აშენდა. კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა, საჩოგბურთო აკადემიის ბაზაზე კეთილმოეწყო ახალი, საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტუქტურა, აშენდა თანამედროვე სასტუმრო და საცურაო აუზი, ასევე სავარჯიშო დარბაზები, გასახდელები, საშხაპეები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. 

    ახალი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსი საერთაშორისო დონის საჩოგბურთო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. 

    სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიას ჩოგბურთის ფედერაციისა და ლეილა მესხის აკადემიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

  • ხელბურთი: მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის პრესკონფერენაცია

    ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიამ უმასპინძლა. 19-წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს 8-20 აგვისტოს თბილისის ახალი სპორტის სასახლე მიიღებს.

    მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც 21-22 ივნისს თამაშების მასპინძელი არენა შეამოწმეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები - პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი.

    პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ისაუბრეს.

    „პირველ რიგში მსურს მადლობა გადავუხადო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას ასეთი დიდი ნდობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ნამდვილად არაა იოლი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია, ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი ამ დიდ ნდობას გაამართლებს და დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევს თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, 2017 წელი კი ამ კუთხით უდავოდ გამორჩეულია. საქართველოში სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის გუნდისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება და კარგ მოგონებად იქცევა. ასევე ვიმედოვნებ, რომ ბევრ მათგანს საქართველოში დაბრუნების და ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილი ექნება. საქართველოს მთავრობა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ქართული სპორტის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩვენი ხელბურთის მთავარი პარტნიორია და მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. ჩვენი სურვილია, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიო ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. და ბოლოს, მსურს მივმართო გულშემატკივრებს, რომ 8-20 აგვისტოს მობრძანდნენ ახალ სპორტის სასახლეში, ისიამოვნონ ამ ლამაზი სახეობით და მხარი დაუჭირონ ჭაბუკ ხელბურთელებს", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

    „მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანის დროს იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მინისტრს მადლობა გადავუხადო იმ დიდი ყურადღებისთვის, რასაც პირადად ის და მთლიანად სამინისტრო იჩენს მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისადმი. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბატონ ზურაბ კაკაბაძის და მისი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ეს ბოლო საკონტროლო ვიზიტი იყო. ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული", - განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ პერ ბერტელსენმა.

    ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის ქეთევან კობერიძის თქმით, მონაწილე გუნდებთან ყველა საკითხი შეთანხმებულია, საერთაშორისო ფედერაციასთან კი კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობს. A ჯგუფში მოხვდნენ: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია; B ჯგუფი: გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი; C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა; D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

    8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩები გაიმართება; 16-17 აგვისტოს მერვედფინალები და მეოთხედფინალები, ასევე „პრეზიდენტის თასი" მე-17-24 ადგილებისთვის;  19 აგვისტოს ნახევარფინალები და მატჩები მე-5-8 ადგილებისთვის, 20 აგვისტოს, ფინალურ დღეს კი ჩემპიონი, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილოსნები გამოვლინდებიან.

    18-20 აგვისტოს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართება. თბილისს მსოფლიო ხელბურთის ელიტა ესტუმრება: პრეზიდენტი, დოქტორი ჰასან მუსტაფა, ასევე ვიცე-პრეზიდენტები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და ხუთივე კონტინენტური კონფედერაციის ხელმძღვანელები.

    საქართველომ ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს მოიპოვა.

  • ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატმა უმაღლესი შეფასება მიიღო

    20 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში" საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თბილისში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი პრესკონფერენციაზე შეაჯამა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა მჭედლიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.ზაზა მჭედლიძემ აღნიშნა, რომ ევროპის ფარიკაობის კონფედერაციამ თბილისში ჩატარებულ ჩემპიონატს უმაღლესი შეფასება მიანიჭა. მისივე თქმით, მომავალში დაგეგმილია მსოფლიო ფარიკაობის კონგრესის ჩატარება ჩვენს დედაქალაქში.

    ფარიკაობის ნაკრების წევრებს წარმატებული გამოსვლა მიულოცა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართულ ფარიკაობას და წარმატებები უსურვა სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებზე.

    ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა. თეოდორა კახიანმა ქართული ფარიკაობის ისტორიაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი სანდრო ბაზაძე გახდა. ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი, რომელზეც დავით სახვაძე კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

  • საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების მე-15 საიუბილეო სესიას უმასპინძლებს

    2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს. ქართველი სპორტსმენების წარმატების საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალება  - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საიუბილეო სესიის გამართვა თბილისში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების რუკაზე.

    „ეს ასევე ძალიან კარგი იქნება საქართველოს, როგორც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებისთვის საინტერესო მიმართულების შესახებ საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური